Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 11 April 2018
ოსმალთა სახელმწიფოს წარმოქმნა
თურქული მოდგმის ხალხები სელჩუკთა დაპყრობების შემდეგ მყარად დამკვიდრდნენ მცირე აზიაში. სელჩუკთა იმპერიის დაშლის შედეგად მათ აქ და საერთოდ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნეს მცირე სახელმწიფოები, რომლებსაც ერთმანეთთან ყოველთვის ქიშპი ჰქონდათ. ამ სახელმწიფოებს სათავეში ედგნენ ძირითადად თურქული წარმომავლობის დინასტიები. როგორც გვახსოვს მცირე აზიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ბიზანტიას უკვე დაკარგული ჰქონდა. ამ რეგიონში შეიქმნა რამდენიმე წვრილი სამთავრო _ ბეილიქები იგივე საემიროები. ერთ-ერთ ბეილიქს სათავეში ედგა ოსმანი, (1258-1326 წწ) სწორედ ეს ბეილიქი დაწინაურდა და დაიმორჩილა სხვა თურქული ბეილიქები. ოსმანი გახდა დინასტიის ფუძემდებელი. ამ დინასტიამ კი შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელსაც ქართულად ოსმალეთს ვუწოდებთ (მისი დამაარსებლის სახელიდან გამომდინარე), ხოლო მოსახლეობას _ ოსმალებს.
ევროპაში ოსმალთა იმპერიას ოტომანების იმპერიად მოიხსნიებენ, ხოლო მის მთავრობას _ ბრწყინვალე პორტად. ბრწყინვალე პორტა ეწოდებოდა სტამბოლში, დიდი ვაზირის კანცელარიის შესასვლელს. ეს სახელი მომდინარეობს სასახლის ეზოში შესასვლელი მთავარი კარიბჭის სახელწოდებიდან. ოსმალეთის სახელმწიფოს დაარსების თარიღად ითვლება 1299 წელი. ეს იმპერია დიდხანს არსებობდა _ 1923 წლამდე (შემდეგში მას ეწოდა თურქეთის რესპუბლიკა).
უკვე ოსმანის ზეობის ხანაში თურქებმა კიდევ უფრო შეავიწროვეს ისედაც დასუსტებული ბიზანტია. 1301 წელს ოსმალებმა პირველი გმარჯვება მოიპოვეს ბიზანტიის არმიაზე.
.
ოსმალთა დაპყრობები
1338 წელს ოსმალებმა უკვე მიაღწიეს ბოსფორის სრუტეს და მალე თვით ბიზანტიელთა თხოვნით გადალახეს კიდეც, ამ დროს ბიზანტიაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და ბიზანტია ცდილობდა მოკავშირეთა მოძიებას. ასეთ პირობებში თურქებმა ადვილად დაიკავეს გალიპოლის ნახევარკუნძული. აქედან კი დაიწყო ოსმალების ევროპული დაპყრობების პერიოდი.
თავდაპირველად მზერა ოსმალებმა სამხრეთ ევროპას _ ბალკანეთის ნახევარკუნძულს მიაპყრეს. ოსმალთა იმპერიის შემდგომ გაფართოებაში დიდი როლი შეასრულა კოსოვოს ბრძოლამ 1389 წელს, რომელშიც ოსმალებს დაუპირისპირდნენ სერბი და ბოსნიელი მეფეები. ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სერბები ოსმალების ვასალები გახდნენ. 1395 წლისათვის შეძლეს მთელი ბულგარეთის დაპყრობა.
ოსმალეთის გაძლიერებას შიშით უყურებდნენ გენუა და ვენეცია, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ საფრთხე დაემუქრებოდა მათ აღმოსავლურ სავაჭრო ცენტრებს. შიშობდნენ სხვა ევროპელი მეფე-მთავრებიც. ისინი ფიქრობდნენ _ ვაითუ ოსმალეთი დასავლეთ ევროპაშიც დაიწყებდა ლაშქრობებს. ამის გამო 1396 წელს მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ოსმალეთის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობა მიიღეს უნგრელმა, ჩეხმა, პოლონელმა, ფრანგმა და სხვა ევროპელმა რაინდებმა. თუმცა, ჯვაროსანთა ლიდერებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ და გაუმართავმა სტრატეგიამ ეს კამპანია მარცხით დაასრულა. ოსმალთა სულთანმა ბაიაზეთ I-მა ქალაქ ნიკოპოლთან (თანამედროვე ბულგარეთშია) სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები.
ნიკოპოლისთან გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს კონსტანტინოპოლი, 1400 წელს ბაიაზეთ I-მა ალყა შემოატყა კონსტანტინოპოლს და შტურმისათვის მოემზადა. ჩანდა, რომ ქალაქის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ამ დროს ოსმალებს აღმოსავლეთში ახალი მტერი გამოუჩნდათ. სწორედ ამ დროს მცირე აზიაში შეიჭრა თემურ-ლენგის არმია. ბაიაზეთი იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და თემურ-ლენგთან სამბრძოლველად მომზადებულიყო.
ბრძოლა თემურ-ლენგსა და ოსმალებს შორის გაიმართა 1402 წელს ანგორასთან იგივე, ქალაქ ანკარასთან. ოსმალები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ, ბაიაზეთი კი, ტყვედ ჩავარდა და მომდევნო წელს ტყვეობაში გარდაიცვალა.