Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday, 11 April 2018


ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობები და საქართველო

    დასავლეთ ევროპაში ქართველთა პირველი ელჩობა ალექსანდრე I-ის დროს მოეწყო, 1438-1439 წლებში, მაშინ როდესაც ჯერ ფერარაში, ხოლო შემდეგ ფლორენციაში მიმდინარეობდა საეკლესიო კრება და რომელსაც ესწრებოდნენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების წარმომადგენლები. როგორც გვახსოვს ამ კრების მიზანი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა გაერთიანება და მან მიიღო "ფლორენციის უნია". კრებას ესწრებოდნენ საქართველოდან გაგზავნილი ელჩებიც. როგორც ვიცით ბიზანტიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ ხელი მოეწერათ ეკლესიათა გაერთიანებისათვის. ქართველმა დესპანებმა არათუ ხელი მოაწერეს "ფლორენციის უნიას", არამედ კრების მიმდინარეობისას გამოდიოდნენ ეკლესიათა გაერთიანების წინააღმდეგ. ქართველი ელჩების ყოფნას ამ საეკლესიო კრებაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართველები უშუალოდ გაეცვნენ ევროპაში არსებულ ვითარებას და კარგად შეეძლოთ დაენახათ, თუ რა დახმარების გაწევა ძალუძდა ევროპას.
    საქართველო მაინც არ წყვეტდა ბიზანტიასთან ურთიერთობას, რადგან ბიზანტია წარმოადგენდა საქართველოსათვის გასასვლელს დასავლეთ ევროპისაკენ. XV საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში მოვიდა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის კონსტანტინე XI-ეს ელჩი, რომელსაც იმპერატორისათვის საცოლე უნდა შეერჩია. გადაწყდა, რომ კონსტანტინე XI ცოლად უნდა შეერთო გიორგი VIII-ის ასული, მაგრამ მოსალოდნელი ქორწინება იმპერიის დაცემამ ჩაშალა. იმპერატორი კონსტანტინოპოლის დაცვისას დაიღუპა. 

    კონსტანტინოპოლის დაცემისთანავე დაიწყო მისი გათავისუფლებისათვის მზადება. ინიციატორად ამ საქმეში რომის პაპები გამოდიოდნენ, მაგრამ ჯვაროსნული ომის მოწყობა მხოლოდ ევროპის ძალებით შეუძლებელი იყო. ამიტომ რომის პაპის პიუს II-ის გეგმით ჯვაროსანთა ომში აღმოსავლეთის ხალხებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა, რომლებიცთურქ-ოსმალებს აღმოსავლეთის ფრონტს გაუხსნიდნენ. ეს კი ევროპელებს შესაძლებლობას მისცემდა დასავლეთიდან წარმატებით მოეწყოთ შეტევა. ამ მიზნით 1459 წელს საქართველოში მოვიდა პიუს II-ის ელჩი ლუდოვიკო ბოლონელი.
    მტრის წინააღმდეგ საერთო მიზანმა ქართველი მეფე მთავრები შეაკავშირა და მას უფრო ფართო გეგმა წარუდგინეს: თურქები არა მარტო კონსტანტინოპოლიდან, არამედ, საერთოდ, მცირე აზიიდანაც უნდა განედევნათ, რათა მათგან მოსალოდნელი საშიშროება საბოლოოდ აღმოფხვრილიყო, ამასთანავე იერუსალიმიც უნდა დაეხსნათ “უსჯულოების” ხელიდან. ქართველმა პოლიტიკოსებმა განიზრახეს თურქთა წინააღმდეგ ომში ჩაებათ ტრაპიზონის სამეფო, მცირე სომხეთი და თვით მაჰმადიანი ქვეყნებიც, რომლებიც მიუხედავად ოსმალებთან რჯულის ერთიანობისა, მათთან მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ.
   ქართველებმა საომარი მოქმედებების დაწვრილებითი გეგმაც შეიმუშავეს და მის დასაზუსტებლად და შესათანხმებლად 1459 წელს მოკავშირეები ელჩებთასნ ერთად, ლუდოვიკო ბოლონელის ხელმძღვანელობით, თავიანთი ელჩებიც გაგზავნეს ევროპაში. 
ვენეციაში რესპუბლიკის სენატმა საზეიმო ცერემონიით მიიღო ელჩობა, აქედან რომს ჩასულ ელჩიბას ასევე დიდი პატივით დახვდნენ. 1460 წელს ხუთივე ევლჩი რომის პაპს პიუს II წარუდგა. პაპმა ელჩობას მოუსმინა და საპასუხოდ სამწუხარო ამბავი აცნობა, რომ მან მიუხედავად დიდი მონდომებისა, დასავლეთის მმართველები ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ვერ დაიყოლია.
   იმედგაცრუებული ელჩობა პაპისავე რჩევით 1461 წელს საფრანგეთის მეფეს კარლოს VII-ეს ეახლა, მაგრამ ისიც ვერ დაითანხმეს ოსმალეთთან ბრძოლაზე. საფრანგეთის მეფე მათი იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა, ქართველები დაესწრნენ ახალი მეფის ლუდოვიკო XI-ის კორონაციას (მეფედ კურთხევას). როგორც ჩანს ელჩებმა ვერც ამ ახალ მეფისაგან და ვერც სხვა სამთავროებისაგან მოიპოვეს მხარდაჭერა. ცხადი იყო მიზეზიც: დასავლეთს მაშინ ოსმალთა სიძლიერე დიდად არ აშფოდებდა. 
   არადა ვითარება კატასტროფული გახდა მას შემდეგ, რაც 1475 წელს ოსმალებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიკავეს. შავი ზღვა მათ "ოსმალთა ტბად" აქციეს, რითაც ევროპასთან ყოველგვარი კონტაქტები შეწყდა. ევროპელებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება აღმოსავლეთისაკენ, ინდოეთისაკენ.
   ასე, რომ ანტიოსმალური კოალიციის შექმნა, რომლის ინიციატორი თავდაპირველად რომის პაპი იყო, ხოლო შემდეგ საქართველოს ელჩობა არ შედგა. ამის შემდეგ საქართველო ხანგრძლივი დროით მოწყდა დასავლეთ ევროპის დიდ პოლიტიკას. სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა, საქართველოს მეფე და მთავრები ერთმანეთს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა დაარღვია.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -