Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday, 12 April 2018
აცტეკები
ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში აცტეკები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაიძრნენ და საბოლოოდ XIV საუკუნის დასაწყისში დღევანდელი მეხიკოს მახლობლად დასახლდნენ. მათი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი (მეხიკო) მდებარეობდა კუნძულზე, დიდი ტბის შუაგულში. ქალაქში აღმართული იყო დიდებული სახლები და ტაძრები, რომლებიც შესანიშნავად იყო მორთული. ქალაქის მთავარ ნაგებობას წარმოადგენდა პირამიდის ფორმის ტაძარი, რომლის წვერზე აცტეკებს მოწყობილი ჰქონდათ ღმერთების აკლდამები. მასზე მოსახვედრად ქვის კიბეები იყო გამართული.
აცტეკ წარჩინებულთა შვილებს სპეციალურ განათლებას აძლევდნენ, ყველაზე დაფასებული იყო ქურუმებისა და მეომრების პროფესია. ერთ-ერთი უმთავრესი საგანი იყო აცტეკთა ისტორია, რომელიც პიქტოგრაფებით იყო ჩაწერილი სპეციალურ გრაგნილებზე. აცტეკები ეთაყვანებოდნენ 60-ზე მეტ ღმერთს, ღმერთები ბუნების სდს ძალებს განასახიერებდნენ. მთავარი ღმერთი იყო ომის ღმერთი. აცტეკებს სწამდათ, რომ ღმერთებს არსებობისათვის სისხლი ესაჭიროებოდათ, ამიტომ ხშირად მიმართავდნენ მსხევრპლშეწირვას. რელიგიური ცერემონიების მსხვერპლი ხდებოდნენ ომიდან წამოყვანილი უცხო ტომელი ტყვეები. აცტეკებს მრავალი მეზობელი ტომი ჰყავდათ დამორჩილებული. მოგვიანებით ეს ტომები ევროპელთა მოკავშირეები გახდნენ საძულველი აცტეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. საბოლოოდ XVI საუკუნის დასაწყისში აცტეკების იმპერია დაიშალა.
1519 წ ესპანელმა კონკისტადორი ერნენდ კორტესი აცტეკების ქვეყანას მიადგა. თავდაპირველად აცტეკებმა ჩათვალეს, რომ კორტესი ღმერთი იყო და კეთილგანწყობით მიიღეს ესპანელები, თუმცა მალე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და 1520 წელს აჯანყდნენ ესპანელების წინააღმდეგ. აცტეკებს თავიანთი შუბებით არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ცხენებზე ამხედრებული ესპანელებისათვის. აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა ბრძოლაში დაიღუპა. კორტესმა ტენოჩიტოტლანს სახელი შეუცვალა და მეხიკო დაარქვა. 1521 წელს აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.