Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 11 April 2018


"თავისუფლების დიდი ქარტია"


     თავდაპირველად ინგლისის მეფეები შეზღუდულნი იყვნენ  ადათითა და “ჩვეულებითი სამართლით”. ამ სამართლის აღსრულებაში “ბრძენთა საბჭო” მონაწილეობდა, რომელიც სამეფო დიდგვაროვნებისაგან შედგებოდა. 
      XI-XII სს “ბრძენთა საბჭოდან” წარმოიშვა “სამეფო საბჭო”.  ამასთანავე თანდათან ჩამოყალიბდა სხვა ინსტიტუტებიც. ისეთი მაგალითად როგორიცაა: “სასამართლო”, “საიდუმლო საბჭო” და “ლორდთა პალატა”. ჰენრი II-ის მეფობისას ინგლისში განვითარდა ე.წ. “საერთო სამართალი”, რომელიც სასამართლო პრეცენდენტებისა (სასამართლოს პრეცენდენტი _ სასამართლოს ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიმუშად სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს) და საღ გონებას ემყარებოდა. ამასთანავე იწვევდნენ სანდო მოწმეებს, რომელთა რიცხვი ჩვეულებრივ 12 იყო, ყოველივე ამან კი საფუძველი ჩაუყარა 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობას სასამართლო პროცესში. XII-XIII სს ინგლისში ასე ჩამოყალიბდა სწავლულ იურისტთა წოდება, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა სამართლის და არა მეფის წინაშე.
     მას შემდეგ რაც ჰენრი II-ის ვაჟი, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული გარდაიცვალა ინგლისში გამეფდა მისი ძმა ჯონი, რომელსაც მოგვიანებით ჯონ უმიწაწყლო (1199-1216 წწ) უწოდეს. ჯონ უმიწაწყლომ საფრანგეთის მეფესთან ბრძოლაში დაკარგა თავისი მამა-პაპის მიერ მემკვიდრეობით თუ ომებით მოპოვებული თითქმის ყველა ფრანგული სამფლობელო. რომის პაპმა ინგლისის მეფე ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა რადგანაც, ჯონ უმიწაწყლომ სცადა ომით დაცარიელებული ხაზინის შევსება კათოლიკური ეკლესიის ხარჯზე.  ჯონ უმიწაწყლო ბოლოს შეურიგდა ეკლესიას და ცნო  თავი რომის პაპის ვასალად. ინგლისის მოსახლეობა აღშფოთებული იყო საფრანგეთთან წარუმატებელი ომით, რასაც თან სდევდა გადასახადების უზომოდ გაზრდა.
     ასე, რომ ჯონ უმიწაწყლოს მიერ წარმოებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამო მეფის ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო საზოგდოების ყველა ფენა, მათ შორის ეკლესიაც.
    1215 წელს ინგლისში მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ბარონებმა აჯანყება მოაწყეს. მათ შეუერთდნენ რაინდები და მოქალაქეები. აჯანებულებმა გაიმარჯვეს და  ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ბარონების მოთხოვნით 1215 წელს 15 ივნისს ბეჭედი დაესვა “თავისუფლების დიდი ქარტიისათვის”, რომელიც შედგებოდა 63 მუხლისაგან.
“თავისუფლების დიდი ქარტია” მოითხოვდა თავისუფალი ადამიანების თვითნებური დაპატიმრებების აკრძალვას, ინგლისში ერთიანი ზომა-წონის დაწესებას, თავისუფალი საგარეო ვაჭრობის შემოღებას, ბარონების წარმომადგენლების მიერ მეფეზე მეთვალყურეობის დამყარებას. 
მიუხედავად თანხმობისა, ჯონ უმიწაწყლო არ აპირებდა პირობების შესრულებას. ამის გამო ინგლისში სამოქალაქო ომი დაიწყო, სადაც დაიღუპა ჯონ უმიწაწყლო. მიუხედავად ამისა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თავისუფლების დიდმა ქარტიამ ჩაუყარა საფუძველი შემდგომში ინგლისში დამკვიდრებულ თავისუფლებებს.


ინგლისის პარლამენტის წარმოშობა

   ჯონ უმიწაწყლოს ვაჟი მეფე ჰენრი III მამამისის მსგავსად შეეცადა გაეძარცვა მოსახლეობა გაზრდილი გადასახადებითა და იძულებითი სესხებით, რასაც 1263 წელს სამოქალაქო ომი მოჰყვა.
   მეფის მოწინაღმდეგეთა ბანაკს სათავეში ჩაუდგა გრაფი სიმონ დე მონფორი. მის მხარეზე იბრძოდნენ წვრილი მიწათმფლობელი რაინდები და მოქალაქეები, აგრეთვე ბარონების ნაწილი. ამ დახმარების გამო მონფორმა(რომელიც 1264 წლიდან, კერძოდ მეფის ჯარების დამარცხების შემდეგ, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა) მეფის ტყვედ ჩაგდების შემდეგ, 1265 წელს, მოიწვია ბარონთა “საერთო საბჭო”, რომლის მოწვევის წესი განისაზღვრული იყო 1215 წლის “თავისუფლების დიდი ქარტიით” და მას “დიდი პარლამენტი” ეწოდა. სწორედ 1265 წელი ითვლება ინგლისის პარლამენტის მუშაობის დაწყების თარიღად.
    პარლამენტში მოსახლეობის თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი იყო გლეხობისა და ხელმოკლე ქალაქელების გარდა. ახალი პარლამენტი შედგებოდა ორი პალატისაგან _ ლორდთა პალატისაგან, სადაც შედიოდნენ პერები (დიდებულები) და ეპისკოპოსები და თემთა პალატისაგან, სადაც შედიოდნენ ორ-ორი რაინდი თითოეული საგრაფოდან და ორ-ორი მოქალაქე ყველა თვითმმართველი ქალაქიდან.
    1265 წელს ტახტის მემკვიდრემ ედვარდმა ბრძოლაში მოკლა სიმონ დე მონფორი, მაგრამ 30 წლის შემდეგ, 1295 წელს, იგივე ედვარდმა, ახლა უკვე ედვარდ I-მა, აღადგინა პარლამენტი იგივე სახით, როგორიც მონფორმა შექმნა. ეს პარლამენტი ისტორიაში შევიდა "სანიმუშო პარლამენტის" სახელით, თუმცა, მიუხედავად ამ რეფორმებისა, ძირითადი  ძალაუფლება მაინც მეფის ხელში რჩებოდა. პარლამენტის შექმნით ინგლისის გადაიქცა ფეოდალურ, წოდებრივ-წარმომადგენლობით მონარქიად. 
   1679 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც უნდა თავიდან აეცილებინა მეფის მხრიდან მართლმსაჯულების საქმეში უხეში ჩარევა ან მისი უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევები. ამ კანონს ეწოდა “ჰაბეას კორპუს აქტი”. 
1689 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო “ბილი უფლებათა შესახებ”. ამ კანონის თანახმად ინგლისის მეფეს თემთა პალატასთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა. 
    უნდა აღინიშნოს, რომ “თავისუფლების დიდი ქარტია” (1215), “ჰაბეას კორპუს აქტი” (1679) და “ბილი უფლებათა შესახებ” (1689) თანამედროვე დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციის შემადგენელი დოკუმენტებია.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -