Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 12 April 2018
აღორძინება (რენესანსი) და ჰუმანიზმი
ევროპულ კულტურაში ახალმა მიმდინარეობებმა _ რენესანსმა და ჰუმანიზმმა _ დასაბამი მისცა ახალ ეპოქას. რენესანსი სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად, მაგალითად ისეთი, როგორიცაა: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, თანამედროვე ფულად-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბება, განხეთქილება დასავლურ ქრისტიანობაში (იგივე რეფორმაცია) _ წარმოადგენს იმ მიჯნას, საიდანაც იწყება შუა საუკუნეების ეპოქიდან ადრეულ ახალ დროში გადასვლა.
რენესანსი ჩაისახა იტალიაში და შემდეგ მთელ ევროპაში გავრცელდა. ქრონოლოგიურად რენესანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს XV საუკუნის შუა ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე. რენესანსი _ ეს ტერმინი დაამკვიდრა XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ.
“რენესანსი” ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების აღორძინებას, ასევე დაინტერესებას ანტიკური კულტურული მემკვიდრეობით. რენესანსის მიზანს წარმოადგენს ანტიკური კულტურული მემკვიდრების აღდგენისაკენ სწრაფვა. იტალიურად მას ეწოდება "რინაშიმენტო", რაც ნიშნავს ანტიკური ხელოვნების აღორძინებას.
ჰუმანიტას _ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ადამიანურობას. "ჰუმანიზმი" იყო აღორძინების კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იგი ქადაგებდა ანტიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული განათლების გზით ადამიანის თავისუფალ განვითარებას.
აღორძინებას დიდად შეუწყო ხელი საბეჭდი დაზგის გამოგონებამ. იგი გამოიგონა გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა, რომელმაც დაახლოვებით 1455 წლისათვის რამდენიმე წიგნი დაბეჭდა. მათ შორის პირველი იყო ბიბლია. XV საუკუნიდან აღორძინება უფრო ფართოდ გავრცელდა ევროპაში. ბიზანტის განადგურებისა (1453 წელი) და ისლამური ესპანეთის დაცემის შემდეგ, როგორც ბიზანტიელი, ასევე მაჰმადიანი სწავლულები დაიძრნენ ევროპისაკენ და თან გაიყოლეს მრავალი ხელნაწერი.
ის ფაქტი, რომ აღორძინება იტალიაში დაიწყო, სულაც არაა შემთხვევითი. XIV საუკუნეში იტალია პატარ-პატარა სახელმწიფოებად იყო დაყოფილი. მათ შორის წამყვან როლს ასრულებდნენ ქალაქ-სახელმწიფოები _ ფლორენცია, ვენეცია და რომი. ამ ქალაქების მოქალაქეებმა ვაჭრობითა და ხელოსნობით მოახერხეს მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება. ყველაზე დაწინაურებული ქალაქი იყო ფლორენცია, რომლის გნვითარებასაც მისმა მმართველმა ლორენცო მედიჩიმ შეუწყო ხელი. ის მფარველობდა მეცნიერებს, მწერლებს, ფილოსოფოსებსა და ხელოვანებს. ასე გახდა ფლორენცია ევროპული კულტურის ცენტრი.
აღორძინების ხანის მეცნიერება და ხელოვნება გამოვიდა ბნელი შუა საუკუნეების" თეოლოგიური მსოფმხედველობის ჩარჩოებიდან. მან მთელი თავისი ყურადღება მიაპყრო ადამიანს. რენესანსის ეპოქაში ადამიანი ცდილობს შეიმეცნოს სამყარო საკუთარი გონებით, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ანუ ემპირიულად. სიცოცხლით ტკბობამ გააქრწყლა წარსულის პირქუში გამოცდილება.
აღორძინეის ხანის თანამედროვეებმა გამარჯვება იზეიმეს "ბნელ საუკუნეებზე". ისინი აკვიდებოდნენ ბუნებას, სწავლობდნენ ანატომიას და პროპორციებს, რამაც შესაძლებელი გახადა სინამდვილე ზედმიწევნით ზუსტად გამოეხატათ ფერწერასა და ქანდაკებაში. აღორძინების ხანის ოსტატებმა კარგად შეისწავლეს ოპტიკა და გეომეტრიის კანონები, რის შედეგადაც მხატვრებმა შეძლეს ზუსტად გამოესახათ სივრცე.
როგორც დავინახეთ რენესანსის კულტურის მოღვაწეები _ მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები _ დაუბრუნდნენ ანტიკურ ტრადიციებს, სადაც მთავარი იყო ადამიანი თავისი გარეგნული სრულყოფილებით და შინაგანი ბუნების მრავალფეროვნებით. ამ პერიოდის მწერალთაგან უნდა გამოვყოთ დანტე ალიგიერი ავტორი (XIII ს _ XIV ს )_ ავტორი "ღვთაებრივი კომედიისა",, პეტრარკა, რომელსაც ჰუმანიზმის მამასაც უწოდებდნენ და ბოკაჩო (XIV ს), ავტორი "დეკამერონისა". ისინი ადამიანებს წარმოაჩენდნენ მიწიერი ვნებებით, რაც ქრისტიანულ ლიტერატურაში წარმოუდგენელი იყო.
აღორძინების ხანის მწერლობას კომედიური ხასიათიც ჰქონდა და წარმოადგენდა არსებული რეალობის მწვავე კრიტიკას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია XVI საუკუნის ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის შემოქმედება, კერძოდ "დონ კიხოტი" და ფრანგი მწერლის ფრანსუა რაბლეს შემოქმედება, კერძოდ "გარგანტუა და პანტაგრუელი".
რენესანსის ოსტატები ხოტბას ასხამდნენ სრულყოფილ ადამიანს.ხშირად არა მარტო აღორძინების ხანის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ერთერთ გენიალურ პიროვნებად მოიხსენიება უდიდესი მხატვარი და მეცნიერი ლეონარდო და ვინჩი (XV ს ბოლო XVIს დასაწყისი). საზოგადოებამ ლეონარდოს ღვაწლი მოგვიანებით დააფასა, როდესაც მის მემკვიდრეობისა და ხელნაწერების გაცნობა და შესწავლა დაიწყო. ლეონარდოს მიერ შექმნილი ტილოებიდან აღსანიშნავია ფლორენციელი ქალის პორტრეტი მონა ლიზა (ჯოკონდა, რომელიც პარიზში, ლუვრის მუზეუმშია), ასევე "საიდუმლო სერობა", რომელიც მილანის სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის სატრაპეზოს ამშვენებს. ლეონარდო და ვინჩი იყო მოქანდაკეც, მუსიკოსიც, ინჟინერის, გამოკვლევები ჰქონდა მედიცინაშიც და მეცნიერების სხვა დარგებშიც.
მიქელანჯელო ბუენაროტი _ XV ს-ის ბოლო _ XVI ს-ის I ნახევარი _ იყო მოქანდაკე, ფერმწერი, არქიტექტორი, სამხედრო ინჟინერი და პოეტი. მან მარმარილოსაგან გამოაქანდაკა ბიბლიური მეფე დავითი. მიქელანჯელოს გამორჩეული ნამუშევარია პიეტა ანუ ჯვრიდან გადმოხსნილი იესოს დატირება ღვთისმშობლის მიერ, რომელიც რომის წმინდა პეტრეს ტაძარში დგას.
რაც შეეხება რაფაელო სანტის _ XV ს ბოლო და XVI ს დასაწყისი _ მისი ნამუშევრები ამკობს ფლორენციას.
ევროპულ ქალაქებში დაარსდა თეატრები, რამაც ხელი შეუწყო დრამატურგიის განვითარებას. ამ პერიოდის ყვლაზე ცნობილი დრამატურგები იყვნენ ესპანელი ლოპე დე ვეგა და ინგლისელი უილიამ შექსპირი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად ითვლება. მისი პიესები "მეფე ლირი", "ჰამლეტი", რომეო და ჯულიეტა", "ოტელო" და სხვა.
რენესანსის ეპოქაში ასევე გარდატეხა მოხდა მეცნიერებასა და ტექნიკის განვითარებაში. ამის მაგალითია ნიკოლაი კოპერნიკი, რომელმაც შეიმუშავა ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია, რითაც ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრში მზეა და ყველა პლანეტა მის გარშემო ბრუნავს. კოპერნიკის ამ თეორიას იზიარებდა იტალიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი გალილეო გალილეი, ამის გამო მას ერეტიკოსობაში ე.ი. მწვალებლობაში დასდეს ბრალი, გაასამართლეს 1615 წელს და აიძულეს უარი ეთქვა თავის მოსაზრებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია ქრისტეფორე კოლუმბისა და ფერნანდო მაგელანის გეოგრაფიული აღმოჩენები,რითაც დადასტურდა რომ დედამიწა მრგვალია. გეოგრაფებმა კი, მათემატიკური მიღწევების გამოყენებით შეძლეს დედამიწის სფერული ზედაპირის რუკების ორგანზომილებიან სიბრტყეში გადატანა.
ჰუმანიზმის გავრცელება ევროპაში
როგორც უკვე ავღნიშნეთ ჰუმანიტას _ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ადამიანურობას. "ჰუმანიზმი" იყო აღორძინების კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი ქადაგებდა ანტიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული განათლების გზით ადამიანის თავისუფალ განვითარებას.
ევროპის უნივერსიტეტებში ჰუმანისტი მეცნიერები აქტიურად იკვლევდნენ ძველი ბერძენი და რომაელი მწერლების, ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების ნაწარმოებებს. ინტენსიურად სწავლობდნენ ძველ ორიგინალურ ტექსტებსა და წყაროებს.
ჰუმანისტი მეცნიერების მფარველ და თავად ჰუმანისტმა პაპმა ნიკოლოზ V-ემ ანტიკური ხელნაწერების დასაცავად დაარსა ვატიკანის ბიბლიოთეკა. როგორც უკვე ავღნიშნეთ თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ბევრი ბერძენი მეცნიერი ბიზანტიიდან იტალიაში გაიქცა და თან ანტიკურ ავტორთა წიგნები ჩაიტანა. სწორედ ეს წიგნები მოხვდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში.
დევიზი “ად ფონტეს” - “მიმართეთ წყაროებს” -გამოხატავდა ევროპელ ჰუმანისტ მეცნიერთა მისწრაფებას, მოეპოვებინათ ჭეშმარიტი მეცნიერული ცოდნა მხოლოდ და მხლოდ გაუყალბებელი პირველწყაროდან. სწორედ ჰუმანისტმა მეცნიერმა ლორენცო ვალამ (XV ს) შეისწავლა ცნობილი დოკუმენტი "კონსტანტინეს ნაბოძები" და დაადგინა მისი სიყალბე. სწორედ ძველი ტექსტების შესწავლის პროცესში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ახალ დარგს _ ენათმცნიერებას.
"ჰუმანისტური კვლევებით" სახელი გაითქვეს ნიდერლანდელმა ერაზმუს როტერდამელმა და გერმანელმა იოჰანეს როიხლინმა. ერაზმუს როტერდამელმა შეისწავლა და გამოსცა სახარების ძველი ბერძნული ტექსტი, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ახალი აღქმის ნაკლებად სარწმუნო ლათინური თარგმანი.
იოჰანეს როიხლინმა ძველი ბერძნულის გარდა შეისწავლა ძველი ებრაული ენაც და შეადგინა ებრაული ენის გრამატიკა, რომლის დახმარებითაც თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შეეძლოთ ძველი აღთქმის ებრაული ტექსტის წაკითხვას.
აღორძინების ხანის ეკონომიკა
აღორძინების ხანის ჩამოყალიბების ერთერთ საფუძველს წარმოადგენდა ადრეკაპიტალისტური ურთიერთობები, რომელიც განვითარდა იტალიაში და გამოიხატა როგორც ფინანსურ, ასევე კომერციულ და სამრეწველო სფეროებში.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მეწარმეები ძირითადად საქმიანობდნენ საფეიქრო და სამთამადნო მრეწველობაში. მათ შექმნეს პირველი დიდი მანუფაქტურული საწარმოები. მანუფაქტურა არის მცირე ზომის საწარმო, სადაც შრომა დანაწილებულია და მიმდინარეობს ხელით. მანუფაქტურებში გამოიყენებოდა თავისუფალი დაქირავებული შრომა. ასეთი საწარმოები უკვე XIV საუკუნიდან კონკურენციას უწევდა შუა საუკუნეების ამქარს.
ფლორენციელმა მედიჩებმა და გერმანელმა ფუგერებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ უმსხვილეს მაგნატებს, შექმნეს საერთაშორისო სავაჭრო სისტემა, რომლებსაც მართავდნენ საკუთარი ფილიალების საშუალებით. მათვე შექმნეს საერთოევროპული საბანკო სისტემა. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანეს გამოგონებას წარმოადგენს თანამედროვე საბუღალტრო აღრიცხვა და და უნაღდო ანგარიშსწორება ჩეკებისა და თანხის გადარიცხვის საშუალებით. ამ პროცესს უწოდებენ "კომერციულ რევოლუციას". მან დასაბამი მისცა მეურნეობის ახალ მოდელს, რომელიც ცნობილია ადრეული კაპიტალიზმის სახელით.
ადრეული კაპიტალიზმის ცენტრებად იქცნენ იტალიისა და ფლანდრიის ქალაქები. ეკონომიკური საქმიანობისა და ცხოვრების ახალ წესზე გადასვლლის სიმბოლოდ მიიჩნევენ XIV საუკუნის დასაწყისში გირებიანი საათის გაჩენას.. საათმა ძირეულად შეცვალა როგორც ადამიანის ფსიქიკა და აზროვნების წესი, ისე დროის აღქმა. ადრე სამუშაო დროს განსაზღვრავდნენ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, საათის გამოგონების შემდეგ კი დაიწყეს დროის ზუსტი რაციონალური განაწილება. ეს ახალი დამოკიდებულება ნათლად აისახა ამერიკელი პოლიტიკოსის და გამომგონებლის ბენჯამენ ფრანკლინის გამონათქვამში "დრო ფულია".