Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018

Henri_IV_à_la_bataille_d'Arques_21_septembre_1589.jpeg
რელიგიური ომები საფრანგეთში.

   რელიგიურმა საკითხმა საფრანგეთში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო XVI საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთის მეფე ანრი II ვალუას (1547-1559 წწ) მმართველობის ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა სამეფო გადასახადები.  იგი მკაცრად სდევნიდა ჰუგენოტებს, 1559 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 
   ანრი II-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ყმაწვილი და ავადმყოფი ვაჟის ფრანსუა II-ის დროს (1559-1560 წწ) ქვეყანაში დაიწყო გამოსვლები გადასახდების შემცირების მოთხოვნით. ამ გამოსვლებს ჰუგენოტები ხელმძღვანელობდნენ. ანრი II-ის მემკვიდრეები ძლივს უმკლავდებოდნენ დაპირისპირებას კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის და სხვა წინააღმდეგობებს ქვეყანაში, კერძოდ _ ადგილობრივ დიდებულთა დაუმორჩილებლობას მეფისადმი, მოქალაქეთა უკმაყოფილობას სამეფო მოხელეთა მიმართ მძიმე დაბევრის გამო, გლეხთა გამოსვლებს გადასახადებისა და საეკლესიო მიწათმფლობელობის წინააღმდეგ. იმავდროულად გამძაფრდა ბრძოლა ხელისუფლებისათვის კაპეტინგების ძველი დინასტიის ორ გვერდით განშტოებას _ გიზებსა (კათოლიკეები) და ბურბონებს (ჰუგენოტები) შორის. საქმე ის იყო, რომ ანრი II-ის ვაჟებს მემკვიდრე არ ჰყავდათ, მათი გარდაცვალების შემდეგ კი ვალუების სამეფო დინასტია არსებობას წყვეტდა. 
   1560 წელს გამოაშკარავეს შეთქმულება გიზების წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე და ამის გამო დაიწყო პროტესტანტების დასჯა. ამან კი გამოიწვია შეტაკება მმართველ დინასტიასა და გიზებს შორის. გენერალურმა შტატებმა, რომელიც მოიწვიეს მეფის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ვერ შეძლო მხარეების შერიგება. 
   ფრანსუა II-ის მცირეწლოვანი ძმის შარლ IX-ის დროს ხელისუფლება ფაქტობრივად ხელში აიღო დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ. იგი ჯერ კიდევ მეუღლის ანრი II-ის დროს აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. 1562 წელს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა საფრანგეთის სამეფო კარზე ფრანსუა გიზმა ღვთისმსახურების დროს ათეულობით ჰუგენოტი დახოცა. საპასუხოდ პროტესტანტებმა შეიარაღებულ გამოსვლებს მიმართეს. დაქირავებულ მკვლელს მოაკვლევინეს ფრანსუა დე გიზი. 1562 წელს ასე დაიწყო რელიგიური ომები ჰიგენოტ და კათოლიკე თავადაზნაურობის ორ ბანაკს ( გიზებისა და ბურბონების მომხრეებს) შორის.
    1572 წლის აგვისტოში პარიზში ჩავიდა მრავალი ჰუგენოტი დიდგვაროვანი, ისინი მათი, ჰუგენოტების წინამძღოლს ანრი ნავარელს (ბურბონს) ახლდნენ თან მის ქორწილში. ანრი ნავარელი ცოლად ირთავდა მეფის დას მარგარიტა ვალუას. ეს ქორწილი დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობა იყო. პროტესტანტები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საფრანგეთის მეფე შარლ IX დაზავებაზე. გარდა ამისა სურდათ მეფე დაეთანხმებინათ დახმარებოდა ნიდერლანდებს ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს საფრანგეთისათვის მომგებიანი იქნებოდა. 
   ამ დროს კი პარიზში პროტესტანტების წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა ანრი გიზის (ფრანსუა გიზის ვაჟის) მეთაურობით. მამის მკვლელობის შემდეგ იგი პროტესტანტიზმის დაუძინებელ მტრად გადაიქცა. ანრი გიზმა დაარწმუნა დედა-დედოფალი ჰუგენოტებთან ანგარიშსწორებისათვის ამ მომენტით ესარგებლათ. წმინდა ბართლომეს დღესასწაულის (24 აგვისტო) წინა ღამეს კათოლიკეებმა მონიშნეს პროტესტანტთა სახლები და დათქმულ ნიშანზე მათი სასტიკი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. 
კათოლიკურმა პარიზმა უარი თქვა ჰუგენოტი ანრი ნავარელის ქალაქში შეშვებაზე. გადმოცემით, ანრი ნავარელმა მაშინ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები:”პარიზი მესად ღირსო” (მესა კათოლიკური წირვაა). 1589 წელს მან კათოლიკობა მიიღო და ამით შემოირიგა კათოლიკეები.  იმავე წელს იგი ეკურთხა საფრანგეთის მეფედ ანრი IV-ის სახელწოდებით. ასე დამთავრდა 1562 წელს დაწყებული რელიგიური ომები საფრანგეთში და დაიწყო ბურბონთა მმართველობის ხანა.
   1598 წელს ანრი IV-ემ ქალაქ ნანტში გამოსცა ედიქტი _ კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ. “ნანტის ედიქტით” საფრანგეთში სახელმწიფო რელიგიად ცხადდებოდა კათოლიზიცმი, მაგრამ ჰუგენოტებმა მიიღეს აღმსარებლობის თავისუფლება და თანაბარი უფლებები კათოლიკეებთან.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -