Posted by : ლელა კაკაშვილი
Sunday 22 April 2018
ვენის კონგრესი
1814 წლის მარტში ნაპოლეონის გადადგომით დასრულდა ომების ხანა. 1814 წლის სექტემბერში კი გამარჯვებული სახელმწიფოების წამომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ. ვენის კონგრესი დასრულდა 1815 წლის 9 ივნისს.
კონგრესი მიზნად ისახავდა ნაპოლეონის მიერ შექმნილი იმპერიის გადანაწილებას და საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებას. ავსტრიის დედაქალაქში ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მაჰმადიანური ოსმალეთი კონგრესზე არ მიუწვევიათ. გამარჯვებულმა ქვეყნებმა მიიჩნიეს, რომ მათთან ომში დამარცხდა ნაპოლეონი და არა საფრანგეთი, სადაც ბურბონთა დინასტია იქნა აღდგენილი. ამიტომ კონგრესზე საფრანგეთის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ტალეირანიც მიიხმეს. შეკრებილი ხელმწიფეების, მინისტრებისა და ელჩებისათვის ყოველდღიურად იმართებოდა ნადიმები, სპექტაკლები, ნადირობა, სეირნობა, მეჯლისები. თანამედროვენი ოხუნჯობდნენ: კონგრესი სხდომებს კი არ აწყობს, ცეკვავსო. სინამდვილეში ვენაში კონგრესის მონაწილეთა შორის ფარულად გააფთრებული დიპლომატიური ბრძოლა მიმდინარეობდა.
ვენის კონგრესს თავმჯდომარეობდა ავსტრიის კანცლერი კლემენტ ფონ მეტერნიხი. კონგრესში მონაწილე ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესბი ჰქონდა.
რუსეთი ცდილობდა თავისი ტერიტორიები გაეფართოვებინა აღმოსავლეთ ევროპის ხარჯზე. მისი მიზანი იყო ოსმალეთის დანაწევრება და ბოსფორ-დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება. რუსეთს ასევე სურდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის მართლმადიდებელი სლავებით დასახლებულ ნაწილში გავლენა მოეპოვებინა და ავსტრია შეევიწროვებინა.
რუსეთის ინტერესები კონფლიქტში მოდიოდა ბრიტანეთის მიზნებთან, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა შავ ზღვაზე ბატონობა, შეეზღუდა რუსეთის წინსვლა ცენტრალურ აზიაში და პრუსიის საშუალებით არ დაეშვა რუსეთის გაძლიერება ევროპაში.
პრუსიას სურდა აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების მიღება და ბრიტანელთა მხარდაჭერით პოზიციების გაძლიერება. ასევე გერმანულ მიწებზე პირველობის მოპოვება, სწორედ ამ მიწების გაერთიანების სურვილი ჰქონდა პრუსიას.
რუსეთს ასევე დაუპირისპირდა ავსტრია, რომელსაც თავისი ინტერესები ჰქონდა ბალკანეთზე. მას ასევე მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი.
ამგვარ ვითარებაში დამარცხებული საფრანგეთი, რომელსაც კონგრესზე საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოცდილი დიპლომატი, ტალეირანი წარმოადგენდა, ცდილობდა გამოეყენებინა გამარჯვებულთა ერთმანეთში არსებული წინააღმდეგობები და შეემცირებინა საფრანგეთის დანაკრგები. მან ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან, რომელიც პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. დიდი ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, დამარცხებულმა საფრანგეთმა მიაღწია საკუთარი საზღვრების დაკანონებას 1792 წლისათვის არსებულ ფარგლებში.
ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად შეიქმნა გერმანიის კონფედერაცია, რომელიც დაყოფილი იყო 39 “სახელმწიფოდ” (1792 წლისათვის არსებობდა 350 “სახელმწიფო”). გერმანიის კონფედერაცია სუსტი იყო, რაც უპირველესად დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედიოდა.
ავსტრიამ თითქმის მთლიანად დაიბრუნა ნაპოლეონთან ომების დროს დაკარგული ტერიტორიები. მართალია ავსტრიამ დაკარგა ბელგია, მაგრამ მიიღო გერმანული მიწებისა და იტალიის ნაწილი
პოლონეთი მეოთხედ გაიყო და ამით ყველაზე მოგებული რუსეთი დარჩა. ცენტრალურმა პოლონეთმა, რომლის დედაქალაქი ვარშავა იყო, რუსეთთან ერთად შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა ვიცე-მეფე _ რუსეთის იმპერატორის ძმა კონსტანტინე. ამასთან ერთად პოლონეთმა მიიღო ფართო ავტონომია.
დიდ ბრიტანეთს არაფერი მოუთხოვია ევროპაში, მაგრამ მან შეძლო ნიდერლანდის სამეფოს შექმნა, რაც ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის ინტერესებს. ამასთან ერთად ინგლისმა მიიღო ახალი კოლონიები და განიმტკიცა ზღვებზე ბატონობა. საბოლოო ჯამში ვენის კონგრესით ყვლაზე მეტი სარგებელი დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრიამ ნახეს, რადგან მათ მოახერხეს ევროპაში ნაპოლეონის ჰეგემონიამდე არსებული “ძალთა წონასწორობის” აღდგენა.
მიჩნეულია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ეტაპი სწორედ ვენის კონგრესი დაიწყო. ამ ეტაპს “ვენის სისტემას” უწოდებენ, ასევე უწოდებენ “ევროპის კონცერტის” სისტემას, ასევე “კონგრესის სისტემას”. ევროპული სახელმწიფოებისათვის უმთავრესი გახდა ევროპაში წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნება. პასუხისმგებლობა კი თავად დიდმა სახელმწიფოებმა: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, პრუსიამ, ავსტრიამ და რუსეთმა ანუ პენტარქიამ იკისრეს. ვენის სისტემამ დაამკვიდრა საერთაშორისო სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. საერთაშორისო პრაქტიკაში პირველად დაინერგა მოლაპარაკებები შეიარაღების შეზღუდვისა და შემცირების შესახებ. ვენის სისტემა მდგრადი აღმოჩნდა.
“საღვთო კავშირი”: 1815 წელს, ევროპის მონარქებმა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის ინიციატივით ხელი მოაწერეს “საღვთო კავშირის” შექმნას, რომლის მიზანი იყო: შეეჩერებინა ევროპაში ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბება და შეენარჩუნებინა ევროპის სახელმწიფოებში ფეოდალურ-აბსოლუტური რეჟიმი. “საღვთო კავშირში” არ შესული ინგლისი, მაგრამ აქტიურად უჭერდა მხარს მის რეაქციულ ღონისძიებებს. 1830 წელს, საფრანგეთში ბურბონების ხელისუფლების საბოლოოდ დამხობა, ოსმალეთისაგან საბერძნეთის გამოყოფა და ნიდერლანდებისაგან ბელგიის გამოყოფა ნიშნავდა “საღვთო კავშირის” აღსასრულს.