Posted by : ლელა კაკაშვილი
Sunday 22 April 2018
ბრძოლა ვატერლოოსთან. 1815 |
ნაპოლეონის ომები
საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ევროპის სახელმწიფოებმა რამდენჯერმე შექმნეს კოალიცია (სულ 7 ასეთი კოალიცია შეიქმნა), თუმცა მათ 1812 წლამდე წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1800 წელს ნაპოლეონმა ავსტრია დაამარცხა მარენგოსთან ბრძოლაში. 1805 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ინგლისი, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია და სიცილიის სამეფოები. მათ სურდათ გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან ფრანგული ჯარის ნაწილების განდევნა და იქ მონარქიული რეჟიმების აღდგენა.
თავის მხრივ ნაპოლეინი ინგლისში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ფრანგულ-ესპანური ფლოტი ინგლისელებმა ადმირად ნელსონის (1758-1805 წწ) მეთაურობით დაამარცხეს. მხოლოდ ამ დამარცხების გამო ნაპოლეონმა უარყო თავისი თავდაპირველი გეგმა, რომელიც ითვალისიწნებდა ლა-მანშის სრუტით ბრიტანეთში შეჭრას.
სამაგიეროდ ფრანგულმა ჯარმა კონტინენტზე მოიპოვა წარმატებები. 1805 წ რუსეთის იმპერატორმა ავსტრიაში გაგზავნა ლაშქარი კუტუზოვის მეთაურობით, რომელსაც თან ახლდა პეტრე ბაგრატიონი. შენგრაბენთან ბრძოლის დროს ავსტრიელებმა უღალატეს ბაგრატიონს და ისინი უბრძოლველად დანებდნენ ნაპოლეონს. ფრანგი გენერლის მიურატის 30 000 ცხენოსანმა ალყა შემოარტყა ბაგრატიონის 6 000 არმის შენგრაბენთან, მაგრამ ბაგრატიონმა ღამით თავი დააღწია ალყას და კუტუზოვის არმიას შეუერთდა. შემდეგში აქ გამარჯვებული ჯარისკაცები მკლავზე ატარებდნენ წარწერას “ერთი ხუთის წინააღმდეგ”. 1805 წელს ნაპოლეონი ვენაში შევიდა.
ფრანგების დიდი ძალების მოწოლის გამო რუსეთის არმია უკან იხევდა. დიდი ბრძოლა მოხდა სოფელ აუსტერლიცთან 1805 წლის 21 ნოემბერს (ახ. სტ. 2 დეკემბერს), ვენის ჩრდილოეთით 100 კმ-ზე. ამ ბრძოლას “სამი იმპერატორის ბრძოლა”საც უწოდებენ. საფრანგეთის არმია იბრძოდა რუსეთისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ. კუტუზოვს არ უნდოდა აქ გენერალური ბრძოლის გამართვა, მაგრამ იმჟამად იქ იმყოფებოდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I, რომელმაც კუტუზოვს მისცა განკარგულება, რომ სწორედ აქ გაემართა დიდი ბრძოლა ფრანგებთან. ფაქტიურად ალექსანდრე I კუტუზოვი ჩამოაცილა მთავარსარდლის ფუნქციას. აუცტერლიცის უკან გაყინული ტბები იყო. ნაპოლეონმა 80 000 არმიით შეუტია რუსებს, მან ზარბაზნების ყუმბარებით ჩაამტვრია ტბებზე ყინული, რის გამოც ბევრი ჯარისკაცი ტბებში ჩაიხრჩო. აუსტერლიცთან ბრძოლა რუსებისა და ავსტრიელების მარცხით დასრულდა.
ნაპოლეონმა 1805 წელს ზავი შეკრა ავსტრიასთან, რის შედეგადაც ავსტრიამ ცნო საფრანგეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები და აღიარა “რაინის კავშირის” შექმნა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ, ასევე იკისრა დიდი კონტრიბუციის გადახდა.
1806 წელს, იენასთან და აურშტედტთან პრუსიის დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონმა ბერლინი დაიკავა. გერმანელი მწერლის ჰაინრიხ ჰაინეს გამოთქმით “ნაპოლეონმა სული შეუბერა და პრუსია გაქრა”.
1807 წელს ნაპოლეონის არმიამ პროისიშეილაიუსთან უკან დაიხიეს, სამაგიეროდ ფრიდლანთან დაამარცხეს რუსები. ნაპოლეონი გრძნობდა, რომ რუსეთი ჯერ ისევ ძლიერი იყო და მის წინააღმდეგ ბრძოლას ჯერ ვერ გააგრძელებდა.
მაგრამ ნაპოლეონისათვის მთავარ მეტოქედ ინგლისი რჩებოდა. ტრაფალგარის ბრძოლაში წარუმატებლობის შემდეგ, ინგლისის დასამარცხებლად ნაპოლეონმა ახალი ტაქტიკა აირჩია. 1806 წლის 21 დეკემბერს ბონაპარტმა ბერლინში ხელი მოაწერა დეკრეტს “კონტინენტური ბლოკადის” შესახებ. ეს დოლუმენტი საფრანგეთზე დამოკიდებულ ყველა სახელმწიფოს ინგლისთან ვაჭრობას და ბრიტანული საქონლის ევროპაში შეტანას უკრძალავდა. ნეიტრალური სახელმწიფოების გემებს უფლება არ ჰქონდათ ინგლისის პორტებში შესულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ უნდა შეეშვათ კონტინენტურ ნავსადგურებში. ამავე დროს უნდა მომხდარიყო ინგლისური საქონლის კონფისკაცია და ინგლისელი მოქალაქეების დაპატიმრება. ამით ნაპოლეონი ფაქტობრივად მთელს ევროპაში უკეტავდა გზას ინგლისს და მისთვის ეკონომიკური დარტყმის მიყენებას ცდილობდა.
თავის მხრივ ინგლისმაც გამოუცხადა საფრანგეთს ბლოკადა: ყველა ნეიტრალურ ხომალდს, რომელიც საფრანგეთისაკენ საქონლით დატვირთული მიემართებოდა, აკავებდა და საფრანგეთამდე არ უშვებდა.
1807 წელს, ფრიდლანთან რუსეთის დამარცხების შემდეგ, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I იძულებული გახდა საფრანგეთთან ტილზიტში ზავი დაედო, რომლის მიხედვითაც რუსეთი ცნობდა ევროპაში მომხდარ ყველა ტერიტორიულ-პოლიტიკურ ცვლილებას და უერთდებოდა კონტინენტურ ბლოკადას. ამავე მიზნით 1807 წელს საფრანგეთმა პორტუგალია, ხოლო 1808 წელს ესპანეთი დაიკავა.
ლაშქრობა რუსეთში
რუსეთის შეერთებამ კონტინენტურ ბლოკადასთან რუსი თავად-აზნაურებისა და ვაჭრების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შეწყდა ინგლისში ხორბლის გატანა. ამ ბლოკადამ რუსეთს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, შემცირდა სავაჭრო ბრუნვა. ამ ფაქტს ასე აფასებდნენ:”ინგლისთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა მაშინდელი რუსეთისათვის ვაჭრობის სრულ განადგურებას ნიშნავდა.” კონტინენტური ბლოკდა მაინც ირღვეოდა. ინგლისი და რუსეთი ფარულად ვაჭრობდნენ ერთმანეთთან. ნეიტრალური ქვეყნების ალმებიანი გემებით შემოდიოდა რუსეთში ინგლისური საქონელი და ასევე რუსეთიდან გაჰქონდათ პური და სხვა ნედლეული. ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკოსები წერდნენ:” სავაჭრო ბლოკადა აუტანელი ხდებოდა. ეკონომიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დიპლომატია და მეფე ერთად.” ასე რომ ინგლისთან სავაჭრო ურთიერთობა აღდგენილი იქნა, ტილზიტის ზავის პირობები დაირღვა, ყოველივე ამას კი შედეგად მოჰყვა 1812 წ ნაპოლეონის არმიის ლაშქრობა რუსეთში.
თუმცა არსებობდა სხვა მიზეზიც: ნაპოლეონი მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა, მისი “დიდებისაკენ მიმავალი გზა კი რუსეთზე გადიოდა”. ნაპოლეონი ევროპაში თავისი მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ომისათვის მზადებას შეუდგა. ტილზიტის ზავის დადების შემდეგ იგი ამბობდა:”ხუთი წლის შემდეგ მე ვიქნები მსოფლიოს მბრძანებელი, მრჩება მხოლოდ რუსეთი, მაგრამ მე მას გავსრესო”. ასევე:”მან არად ჩააგდო პოლონელების რჩევა, მაინც გაილაშქრა მოსკოვზე და სწორედ ამით მიიყვნა რუსები პარიზშიო”.
რუსეთმა იცოდა ნაპოლეონის სამზადისის შესახებ. რუსთა არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი. I არმია სამხედრო მინისტრ ბარკლაი დე ტოლის სარდლობით მდ. ნემანთან იდგა ლიტვაში; II არმის გენერალ პეტრე ბაგრატონის სარდლობით იდგა ბელორუსიაში, ხოლო III არმის გენერალ ტორმასოვის მეთაურობით იდგა უკრაინაში.
საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი 1812 წლის 11 (24) ივნისს შემოიჭრა რუსეთში 600 000-ზე მეტი არმიით. როცა ფრანგებმა მდინარე ნემანი გადმოლახეს, რუსეთის არმიებმა სწრაფად დაიწყეს უკანდახევა. რუსეთის I და II არმიები სმოლენსკში შეერთდნენ. 4-6 აგვისტოს გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ბარკლაი დე ტოლის ბრძანებით უკან დაიხიეს. გაერთიანებული არმიის მთავარსარდლად დანიშნული ბარკლაი დე-ტოლი ვითარებას სწორად აფასებდა. ის ნაპოლეონის რუსეთის სიღრმეში შეტყუებას და ომის გაჭიანურებას ზამთრის დადგომამდე აპირებდა. რუსული ცივი ზამთრის დადგომისთანავე კი ფრანგულ არმიას პატარ-პატარა დარტყმებით გაანადგურებდა, თუმცა, რადგან რუსული შენაერთები უკან იხევდნენ, ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მთავარსარდლობა გენერალ მიხეილ კუტუზოვს ჩააბარა, რომელიც ამ დროს 67 წლის იყო.
კუტუზოვი არმიაში ჩავიდა სმოლენსკის დატოვების შემდეგ. მისი აზრით უპირველესი ამოცანა იყო რუსთა არმიებს უკანდახევის შეწყვეტა და ნაპოლეონისათვის გენერალური ბრძოლის გამართვა. გენერლური ბრძოლის ადგილად კუტუზოვმა შეარჩია ბოროდინო. მარცხენა ფრთაზე პეტრე ბაგრატიონის II არმია განალაგა, მაგრამ აქ ბუნებრივი ხელსაყრელი საფარი ბრძოლისათვის არსად იყო. ამიტომ ბრძოლის დაწყების წინა ღამეს ბაგრატიონმა თავის ჯარისკაცებს სახელდახელოდ ააგებინა საველე სიმაგრეები _ ფლეშები, რომელსაც შემდეგ “ბაგრატიონის ფლეშები” უწოდეს. სულ იყო სამი ფლეში.
ბოროდინოს ბრძოლა გაიმართა 1812 წლის 26 აგვისტოს განთიადისას. ნაპოლეონმა თავისი საუკეთესო სარდლები დავუ, ნეი, მიურატი, ჟიუნო და სხვანი პეტრე ბაგრატიონის არმიას დაუპირისპირა. ბრძოლა დიდი მსხვერპლით წარიმართა. განადგურებული ნაწილების მაგივრად ნაპოლეონი ახალახალ რეზერვს აბამდა ბრძოლაში. მარშლები სთხოვდნენ ნაპოლეონს, რომ ბრძოლაში ჩაება თავისი გვარდია, მაგრამ გამწარებული ნაპოლეონი პასუხობდა:”როცა მე ჩემი სამშობლოდან თითქმის 3 000 კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, არ შემიძლია გავწიო რისკი და ბრძოლაში ჩავაბა გვარდია _ ჩემი უკანასკნელი რეზერვი”. ბოროდინოს ბრძოლა 15 საათი გაგრძელდა, სწორედ აქედან დაიწყო ის გზა, რომელმაც ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულებამდე მიიყვანა.
ფრანგებმა მოწინააღმდეგის არმიის განადგურება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, კუტუზოვმა ბრძოლის განახლებისაგან თავი შეიკავა და მოსკოვისაკენ დაიხია. მან არმიის გადარჩენის მიზნით მოსკოვის უბრძოლველად დატოვება გადაწყვიტა. ნაპოლეონის არმია ქალაქში შევიდა. ბონაპარტს თავი გამარჯვებულად მიაჩნდა და რუსეთის იმპერატორის ელჩებს ელოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსებმა მცირე დარტყმებით გეგმაზომიერად დაიწყეს ფრანგული არმიის განადგურება, თავად ითხოვა დაზავება, რაზეც უარი მიიღო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის კვლავ არ ითხოვდა რაიმე ტერიტორიულ დათმობებს, არამედ მხოლოდ სურდა, რომ რუსეთს შეესრულებინა კონტინენტური ბლოკადის პირობები.
კუტუზოვის გეგმით ფრანგულ არმიას თავს ესხმოდნენ რუსული ჯარები და პარტიზანები. ამას დაემატა ნაადრევად დაწყებული ყინვები. 26-28 ნოემბერს გენერალმა მდ. ბერეზინაზე გადასვლისას გადამწყვეტი შეტევა მიიტანა მოწინააღმდეგეზე. ფრანგები დამარცხდნენ. ნაპოლეონმა მიატოვა თავისი არმია და პარიზს მიაშურა.
ლაიპციგისა და ვატერლოოს ბრძოლები
1812 წლის ბოლოს პარიზში დაბრუნებული ნაპოლეონი ახალი არმიის შეკრებას შეუდგა. მალე მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ რუსეთი, პრუსია, ავსტრია და შვედეთი. 1813 წელს ლაიპციგთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და ის ისტორიაში “ხალხთა ბრძოლის” სახელით შევიდა. ნაპოლეონი დამარცხდა.
1814 წლის 31 მარტს მოკავშირეები პარიზში შევიდნენ. 1814 წელს სენატმა ნაპოლეონ ბინაპარტე იმპერატორობიდან გადააყენა, რის შემდეგაც ის გადაასახლეს კუნძულ ელბაზე. ნაპოლეონი ელბის მმართველი გახადეს და 1000 ჯარისკაცი დაუტოვეს. საფრანგეთის მეფედ ლუი XVIII (ლუი XVI-ის ძმა) გამოცხადდა. ქვეყანაში დამყარდა კონსტიტუციური მონარქია. თუმცა თავადაზნაურობა ცდილობდა სრულად აღედგინა მონარქიული ტრადიციები, მაგრამ ამას ბურჟუაზიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
1814 წელს ვენაში, ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობით მიმდინარეობდა კონგრესი, რომელსაც ევროპაში ახალი წესრიგი უნდა დაემყარებინა და საზღვრები დაედგინა. კონგრესის მიმდინარეობის დროს მონაწილე სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ნაპოლეონმა გადაწყვიტა ესარგებლა შიდა და გარე ვითარებით. 1815 წლია 1 მარტს ის 1000 კაციანი რაზმით საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გადავიდა და პარიზისაკენ სწრაფად დაიძრა. მეფის ჯარები ნაპოლეონის მხარეს გადავიდნენ. ბონაპარტე პარიზში ტრიუმფით შევიდა.
ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპის მთავარი სახელმწიფოები სასწრაფოდ გაერთიანდნენ. 1815 წლის 18 (22) ივნისს ნაპოლეონის არმია ინგლისელთა და პრუსიელთა ჯარებმა ვატერლოოსთან ბრძოლაში (ბელგიაში) გაანადგურეს. მოკავშირეების ჯარები საფრანგეთში შეიჭრნენ და პარიზი დაიკავეს. ასე, რომ ბონაპარტმა ძალაუფლება მხოლოდ 100 დღით შეინარჩუნა. ამის შემდეგ საფრანგეთსი ისევ ბურბონთა დინასტია აღდგა. ნაპოლეონი იძულებული გახდა ინგლისელებს ჩაბარებოდა. იგი შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს. (აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით), ხოლო 1840 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს პარზში_”ინვალიდთა სასახლეში, ტაძარში”. აქ მარმარილოს დაფაზე წერია მის მისერ სიცოცხლეში ნაკარნახევი ანდერძი:”მე მსურს, რომ ჩემი გვამი განისვენებდეს სენის ნაპირზე, ფრანგ ხალხს შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა”... ვატერლოოს შემდეგ ნაპოლეონს ერთხელ წამოსცდა:”რას უნდა მიმადლოდნენ ეს ადამიანები? მე ვპოვე ისინი სიღატაკეში და ვტოვებ მათ სიღატაკეში”.