Posted by : ლელა კაკაშვილი
Saturday 21 April 2018
18 ბრიუმერის გადატრიალება
1799 წლის ოქტომბერში ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა კარგად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა. პარიზში ის ჩაერთო დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. 1799 წლის 9 ნოემბერს, რევოლუციური კალენდრით 18 ბრიუმერს, ნაპოლეონი შეიჭრა დირექტორიის სხდომათა დარბაზში, სადაც მან სახელმწიფო გადატრიალება და დირექტორიის დამხობა მოახერხა. ამ მოვლენას ეწოდება 18 ბრიუმერის გადატრიალება.
კონსულობის პერიოდი
18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ფორმალურად სამი კონსულის ხელში გადავიდა, ფაქტიურად კი ძალაუფლებას “პირველი კონსული” _ ნაპოლეონ ბონაპარტი ახორცილებდა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისას ნაპოლეონმა, ყოფილმა იაკობინელმა, რევოლუციონერმა და რესპუბლიკელმა პირველმა კონსულმა განაცხადა: ”მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!”.
1799 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ნაპოლეონის მიერ ნაკარნახევი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მთელი ძალაუფლება 10 წლის ვადით არჩეულ პირველ კონსულს ენიჭებოდა. დანარჩენი ორი კონსული მხოლოდ სათათბირო ხმით სარგებლობდა. პირველი კონსული _ ნაპოლეონ ბონაპარტე თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდა.
საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია შემოიფარგლა მთავრობის კანონპროექტების დამტკიცებით. თვით წარმომადგენლობითი ორგანოს, სენატის, შემადგენლობასაც პრაქტიკულად ნაპოლეონი ადგენდა. მოსამართლეებს, მოხელეებსა და ოფიცრებს პირადად პირველი კონსული, ნაპოლეონი, ნიშნავდა.
ბონაპარტისათვის მაინც მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა, ამიტომ შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი. სწორედ ამ სახალხო პლებისციტმა 1802 წელს, თითქმის ერხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის “სამუდამო პირველ კონსულად” დანიშვნას. ორი წლის შემდეგ, 1804 წელს საფრანგეთი იმპერიად (პირველ იმპერიად), ხოლო ნაპოლეონი _“ფრანგების იმპერატორად” გამოცხადდა. ასევე 1804 წელს, რომის პაპმა პიუს VII-ემ ნაპოლეონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საზეიმოდ აკურთხა იმპერატორად. საფრანგეთში გაბატონდა ბონაპარტთა მემკვიდრეობითი დინასტია. სიტყვა რესპუბლიკა ხმარებიდან ამოვარდა. რევოლუციური კალენდარი გაუქმდა. 1805 წლიდან აღარ ჩატარებულა ბასტილიის აღების და რესპუბლიკად გამოცხადების ისტორიული დღეების აღმნიშვნელი საზეიმო ცერემონიალები.
პირველი იმპერია. საშინაო პოლიტიკა
1804 წელს საფრანგეთში დამყარდა ბონაპარტთა იმპერია, მაგრამ შენარჩუნებული იქნა რევოლუციის ძირითადი მონაპოვარი. კერძოდ: ძველი წოდებრივი პრივილეგიები, ფეოდალური მიწათმფლობელობა და სამართალი ისტორიას ჩაბარდა. ნაპოლეონ I-მა გააუქმა მმართველობის ყველა ორგანო, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო მისი ძალაუფლების შეზღუდვა.
ნაპოლეონი იცავდა ბურჟუაზიისა და წვრილმესაკუთრეთა ინტერესებს. მისი აქტიური მონაწილეობით 1804 წელს შემუშავებული იქნა “სამოქალაქო კოდექსი”, რომელიც კანონის წინაშე თანასწორობას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას განამტკიცებდა. (შემდეგში, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ბონაპარტე აცხადებდა: “ ჩემთვის ჭეშმარიტად სახელისა და დიდების მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი არა… ჩემი სამოქალაქო კოდექსია”). ასევე შემუშავებული იქნა სისხლის სამართლისა და კომერციული (ვაჭრობის) კოდექსები, რომლებიც ემსახურებოდნენ თავისუფალი მეწარმეების ინტერესებს და სასამართლოს წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას განამტკიცებდნენ.
ნაპოლეონმა არ გააუქმა რევოლუციის დროს შემოღებული საფრანგეთის ადმინისტრაციული დაყოფა დეპარტამენტებად, მაგრამ მოსპო ყოველგვარი თვითმმართველობა. დეპარტამენტებს მართავდნენ პრეფექტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს. ნაპოლეონმა არჩევითი თანამდებობები დანიშნული მოხელეებით შეცვალა.
საზოგადოებრივი განწყობის შესასწავლად და იმპერატორის მოწინაღმდეგე ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად შეიქმნა საპოლიციო ზედამხედველობისა და ჯაშუშობის რთული სისტემა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟოზეფ ფუშე. ჟურნალ-გაზეთები, თეატრი, ლიტერატურა მკაცრ ცენზურას დაუქვემდებარა და ფაქტობრივად მოსპო პოლიტიკური თავისუფლებები.
ნაპოლეონმა მოაწესრიგა საეკლესიო საკითხი. მან ჯერ კიდევ კონსულობის დროს, 1801 წელს, რომის პაპთან პიუს VII-სთან მიაღწია შეთანხმებას, ე.წ. კონკორდატს: ამიერიდან არქიეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს საფრანგეთის მთავრობა ნიშნავდა, პაპი კი ამტკიცებდა. მღვდლებს მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავდნენ ეპისკოპოსები. სამღვდელოება ჯამაგირს სახელმწიფო ხაზინიდან იღებდა. ამ კონკორდატით ეკლესია საერო ხელისუფლებას დაემორჩილა.
იმპერატორმა გაატარა სახელმწიფო ეკონომიკის გასაძლიერებელი ღონისძიებები: ამოაშრეს ჭაობები, გააშენეს ტყეები და ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრეწველობას. მეფაბრიკეებს შეღავათები ეძლეოდათ, შემოიღეს ტექნიკურ მიღწევათა მუდმივი გამოფენები, ჩამოაყალიბეს ვაჭრობის პალატა ანუ ვაჭრობის მთავარი სათათბირო. იმპერია დიდ ყურადღებას უთმობდა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს: შემოიღეს “ყვავილის” აცრა, აშენებდნენ საავადმყოფოებს; ხდებოდა პარიზისა და სხვა ქალაქების კეთილმოწყობა.
ეკონომიკური სიძლიერის ზრდის პარალელურად მატულობდა იმპერატორ ნაპოლეონის კარის ბრწყინვალება. “მისი უდიდებულესობის” _ ნაპოლეონის თანდასწრებით დაჯდომა იმპერატორის ძმებსაც კი ეკრძალებოდათ. ნაპოლეონის ეპოქაში მოღვაწეობდა ორი დიდი მხატვარი: ფრანგი დავიდი და ესპანელი გოია. დავიდი ნაპოლეონის თაყვანისმცემელი გახდა, გოია კი მოწინაღმდეგე. ნაპოლეონი ევროპელ მონარქებთან საგვარეულო ტოლფასოვნებისაკენ ისწრაფოდა და ძველ დინასტიებთან დანათესავებას ცდილობდა. იგი გაეყარა პირველ მეუღლეს ჟოზეფინა ბოჰარნეს, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია და იქორწინა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე მარი-ლუიზაზე, რომელთანაც შეეძინა ტახტის მემკვიდრე, ვაჟი, რომელსაც ასევე ნაპოლეონი დაარქვეს.
ნაპოლეონისათვის დამახასიათებელი დაიყო დაუშრეტელი ენერგია, უზარმაზარი ორგანიზატორული ნიჭი. ნაპოლეონის ძირითადი დასაყრდენი ძალა არმია იყო. იგი გულუხვად ასაჩუქრებდა მარშლებს, გენერლებს, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ჯარისკაცები მას აღმერთებდნენ. მისი არმია შეიარაღებითა და საბრძოლო მომზადებით, ორგანიზაციითა და დისციპლინით საუკეთესო იყო ევროპაში.