Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 20 April 2018



დირექტორია

   რობესპიერის (ანუ იაკობინელების) დიქტატურის დასრულების შემდეგ, როგორც ავღნიშნეთ, ძალაუფლება გადავიდა კონვენტის “ცენტრის” ზომიერი პოლიტიკური ძალების ხელში. ამჯერად კანონმდებლობას საკუთრივ უმრავლესობა განსაზღვრავდა და არა იაკობინელების თუ ჟირონდისტების ცალკეული ფრაქციები. ამჯერად იაკობინელებიც და ჟირონდისტებიც საკანონმდებლო ორგანოში (იგივე კონვენტში) უმცირესობას წარმოადგენდნენ.
   1795 წელს ზომიერმა “ცენტრმა” შეიმუშავა ახალი კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით საარჩევნო უფლება კვლავ შეიზღუდა ასაკობრივი და ქონებრივი ცენზით, მაგრამ ამავე დროს დაშვებული იქნა ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის უფლება პლებისციტის ანუ სახალხო გამოკითხვის ფორმით. 1795 წლის კონსტიტუციის თანახმად საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა ხუთკაციანი “დირექტორია”, რომელსაც ირჩევდა საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა _ იგივე “უხუცესთა საბჭო”.
   იაკობინელთა დიქტატურის დამხობის მუხედავად, საფრანგეთში მაინც დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იყო. იზრდებოდა პურის ფასი, დირექტორის მუდმივად უტევდნენ მონარქისტები, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაც კი სცადეს. შეთქმულება მოაწყვეს უკიდურესად მემარცხენე ეგალიტარისტ ბაბეფის მომხრეებმა. (ფრანგულად “ეგალიტე”-ნიშნავს თანასწორობას. ბაბეფი და მისი მომხრეები მოითხოვდნენ “ჭეშმარიტ თანასწორობასა და საკუთრების უარყოფას”). დირექტორიამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა. თერმიდორიანულმა მთავრობამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად არმია გამოიყენა, ამან კი განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა სამხედრო ელიტას
    დირექტორიის მმართველობის დროს სამოქალაქო ხელისუფლება სულ უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული სამხედრო ძალაზე, მაგალითად ფინანსური კრიზისის დაძლევის საკითხში. ფულის სრული გაუფასურების პირობებში, დირექტორიას ესაჭიროებოდა ოქროსა და ვერცხლის ფული და სხვა მატერიალური რესურსები. ხაზინის შევსების მნიშვნელოვანი წყარო კი  შეიძლება გახდარიყო სამხედრო კონტრიბუციები (დამარცხებული ქვეყნების გადასახადი). მათი მოპოვება კი მხოლოდ არმიას შეეძლო.
    როგორც ვხედავთ, დირექტორია, მისი მერყევი პოლიტიკით ვერ უმკლავდებოდა შექმნილ ვითარებას. დირექტორიის გადარჩევის საშუალებას კი კონსტიტუცია არ იძლეოდა. საზოგადოება რევოლუციისათვის წერტილის დასმასა და ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბებას მოითხოვდა. საფრანგეთში სამხედრო დიქტატურის დამყარება გახდა საჭირო. “საჭიროა ერთი თავი და ერთი მახვილი, რომელიც ამ თავს დაემორჩილება” _ასე გამოხატა ჭაობის ერთერთმა ლიდერმა და დირექტორიის წევრმა სიეისესმა თერმიდორიანელთა ერთი ნაწილის აზრი. ამისათვის შესაბამისი კანდიდატურა გამოიკვეთა. ეს იყო ახალგაზრდა, 30 წლის კორსიკელი გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წწ).  სწორედ მისი წყალობით შეძლო თავის დროზე დირექტორიამ მონარქისტული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა. ამის შემდეგ ნაპოლეონი გაწეული სამსახურისათვის იტალიაში მოქმედი ფრანგული არმიის მთავარსარდალი გახდა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -