Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 19 April 2018



საკანონმდებლო კრება.
 ომის დასაწყისი

   1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება, რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება ეწოდა. ამ ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეადგენდნენ კონსტიტუციური მონარქიის მომხრე დეპუტატები. თავდაპირველად ისინი პოლიტიკურად მერყევ დეპუტატთა დიდ ნაწილთან ერთად უპირატესობას ფლობდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო მცირე ჯგუფი _ ჟირონდისტები (ეს დეპუტატები დეპარტამენტ ჟირონდიდან იყვნენ). ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარებისაკენ.
უკიდურეს მემარცხენე პოზიციას საკანონმდებლო კრებაში იკავებდნენ რობესპიერის მომხრე იაკობინელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტერმინი “მემარცხენე” და “მემარჯვენე”, რომელიც დღევანდელ პოლიტიკაში მყარადაა დამკვიდრებული მოდის საფრანგეთის რევოლუციიდან. პირველ პარლამენტში უკიდურესად მარცხენა ადგილები დაკავებული ჰქონდათ იაკობინელებს, რომელიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი დაჯგუფება იყო. ცენტრში განლაგებულნი იყვნენ ზომიერები, ხოლო უკიდურეს მარჯვენა ადგილებზე კლერიკალები და როიალისტები მოთავსდნენ. როიალისტები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მონარქია და პრივილეგიები მაშინ, როდესაც მემარცხენეები მოითხოვდნენ სახალხო სუვერენიტეტს და რადიკალური გარდაქმნებს. 
    იაკობინელთა დეპუტატებს “მონტანიებს” ანუ მთიელებსაც უწოდებდნენ, რადგან ისინი საკანონმდებლო კრების დარბაზში ამფითიატრის ბოლო იარუსის სკამებზე (შედარებით მაღალ ადგილებზე) ისხდნენ. თავად რობესპიერი საკანონმდებლო კრებაში ვერ მოხვდა, თავის დროზე მისივე წინადადებით მიღებული კანონის გამო, რომელიც კრძალავდა დამფუძნებელი კრების ყოფილი დეპუტატების არჩევას ახალ საკანონმდებლო ორგანოში.
   საყოველთაო უკმაყოფილების პირობებში ლუი XVI ფარულად დაუკავშირდა თავის ცოლის ძმას, ავსტრიის იმპერატორს და სთხოვა სამხედრო ძალით დახმარებოდა რევოლუციის დამარცხებაში. ევროპელი მონარქები მტრულად იყვნენ განწყობილნი საფრანგეთის რევოლუციისადმი, რადგან ეშინოდათ, რომ რევოლუცია მათ ქვეყნებშიც გავრცელდებოდა.
   1791 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა ავსტრიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივი განცხადება იგივე “პილნიცის დეკლარაცია”, სადაც გაისმა ფრანგი მონარქის უფლებების აღსადგენად სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა. ამის გამო 1792 წლის აპრილში ჟირონდისტების ინიციატივით საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადა ავსტრიის იმპერატორს. ამ საყოველთაო საომარ ეიფორიას მხოლოდ ერთეულები გაემიჯნენ, მათ შორის იყო რობესპიერიც, რომელმაც საკუთარი პოზიცია მოკლე ფრაზით გამოხატა: ”არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები”.
   საფრანგეთის არმია მზად არ იყო ომისათვის და მარცხდებოდა. საფრთხე საფრანგეთის დედაქალაქსაც დაემუქრა. 1792 წლის ზაფხულში საკანონმდებლო კრებამ თანამოქალაქეებს მოუწოდა მოხალისეთა მასობრივი მობილიზაციისაკენ _”სახელმწიფო საფრთხეშია” აცხადებდა სახელმწიფო კრების მიერ გამოშვებული დეკრეტი. ავსტრიისა და პრუსიის ჯარები პარიზის განადგურებით იმუქრებოდნენ. საფრანგეთის ყოველ დეპარტამენტში იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები. ფრონტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ ამ დროს შექმნილ რუჟე დე ლილის “რაინის არმიის სიმღერას”, რომელიც დღეს საფრანგეთის ჰიმნია და ეწოდება “მარსელიოზა”.


   
 1792 წლის 3 აგვისტოს პარიზამდე მოაღწია  ცნობამ ინტერვენტთა (ინტერვენცია არის ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში: ტერიტორიის დასაპყრობად, რევოლუციური ან ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ჩასახშობად და ა.შ.) ჯარების მთავარსარდლის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის მანიფესტის შესახებ, რომელშიც იგი სამეფო ოჯახის ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში პარიზს “სრული განადგურებით” ემუქრებოდა. ხალხმა ამ მანიფესტის უკან მეფის “ღალატი” დაინახა.
     1792 წლის 10 აგვისტოს რევოლუციონერებმა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობდნენ სანკიულოტები ანუ რევოლუციურად განწყობილი ღარიბი პარიზელები, მეფის სასახლე ანუ ტიუილრის სასახლე აიღეს და ლუი XVI და მისი ოჯახი დააპატიმრეს. ამით მონარქია დაემხო საფრანგეთში

პირველი რესპუბლიკა საფრანგეთში.
ჟირონდული კონვენტი

   მეფის დატყვევების შემდეგ საფრანგეთში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელშიც ძირითადად ჟირონდისტები შევიდნენ, დაინიშნა ეროვნული კრების იგივე კონვენტის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა 21 წლის ზემოთ ყველა მამაკაცს.
1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგული რევოლუციური არმიის მიერ ვალმისთან მოპოვებული პირველი გამარჯვების მეორე დღეს, შეიკრიბა ახლად არჩეული ნაციონალური კონვენტი, რომელმაც საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან და 1792 წლის 21 სექტემბერი “ახალი ხანის” ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა, შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც.
   საფრანგეთის რევოლუცია გარდამტეხი მოვლენა იყო საფრანგეთის, ევროპისა და ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია შეცვალა რესპუბლიკანიზმმა. ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში _ აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის მმართველობის ხანიდან სამოქალაქო საზოგადოებისაკენ.
   საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში დაემხო ძველი მონარქიული რეჟიმი და “თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა” გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და რთული გზა განვლო.
  1792 წელს არჩეულ კონვენტში გაჩნდა სხვადასხვა მიმართულების პარტიები: 1. რადიკალური იაკობინელები ანუ კონვენტის “მთა”, 2. უმრავლესობა, ამ შემთხვევაში “ჟირონდისტები” და 3. პოლიტიკურად პასიური მსხვილი ბურჟუაზია, რომელსაც “ჭაობი” შეარქვეს. კონვენტში ძირითად სამუშაოს კომიტეტები ასრულებდნენ. მათ შორის მთავარი იყო “ეროვნული ხსნის კომიტეტი”.
   კონვენტს უამრავი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი: რესპუბლიკური კონსტიტუციის შემუშავება, რევოლუციური ომების წარმოება, ქვეყნის შიგნით ამბოხებების ჩახშობა, პარიზის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და მეფისა და მისი ოჯახის ბედის გადაწყვეტა. ყველა ეს საკითხი ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის დაპირისპირებას იწვევდა, მათ შორის ლუი XVI-ის გასამართლების პროცესიც.
   კონვენტის უმრავლესობა კონტრევოლუციურ ძალებთან კონტაქტის კამო მეფეს დამნაშავედ თვლიდა, მაგრამ სადავო იყო სასჯელის ზომა. ჟირონდისტებს უცხოელი მონარქების რეაქციის ეშინოდათ და არ სურდათ სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენება. მაგრამ იაკობინელებმა თავისას მიაღწიეს და 1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი მოკვეთეს ახლად გამოგონებული მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც თავის დროზე ლუი XVI-ემ გასცა პატენტი. გილიოტინას იაკობინელებმა “თანასწორობის ნამგალი” შეარქვეს. იგი დიდხანს არ გაჩერებულა. რამდენიმე თვეში მეფის ბედი გაიზიარა დედოფალმა მარია_ანტუანეტამაც.




იაკობინელთა დიქტატურა
თერმიდორიული გადატრიალება. 

    მას შემდეგ, რაც ჟირონდისტებმა მეფის სიკვდილით დასჯას მხარი არ დაუჭირეს, სანკიულოტები მათ აღარ ენდობოდნენ. პარიზელი სანკიულოტები კონვენტისაგან მოითხოვდნენ პირველ რიგში პურზე ფასის მაქსიმუმის დაწესებას. ჟირონდისტები კი ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგნი იყვნენ.
   კონვენტში, საბოლოოდ ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის დაპირისპირებაში გაიმარჯვა “მთის პარტიამ” იგივე იაკობინელემა რობესპიერის მეთაურობით. რობესპირმა სამხედრო ძალის გამოყენებით 1793 წლის 24 ივნისს კონვენტიდან გააძევა მოწინააღმდეგეები.
  უმრავლესობაში მოვიდნენ იაკობინელები და მათ ჟირონდისტების დევნა დაიწყეს. იაკობინელებმა მალევე მიიღეს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1793 წლის ივნისში დამყარდა იაკობინური დიქტატურა. რობესპირი და იაკობინელები დაუნდობლად უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს.
   1794 წელს, თებერვალ-მარტში, იაკობინელმა მიიღე კანონები, იგივე “ვანტოზის დეკრეტები”, რომელიც მოითხოვდა “რევოლუციური მტრებისათვის” ქონების ჩამორთმევას და ღარიბებს შორის დანაწილებას.
   იაკობინელების მმართველობის პერიოდი “დიდი დიქტატურის” სახელით არის ცნობილი. სექტემბერში იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი “არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ”, რომელიც ადგენდა საეჭვო პირების სიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. “საზოგადოებრივი წესრიგის მტრების” გამოვლენა და დაპატიმრება დაევალა “უშიშროების კომიტეტს”, რომელიც ექვემდებარებოდა “საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტს”. დასმენა გამოცხადდა “რევოლუციურ სიქველედ”. იაკობინელები მასობრივად აპატიმრებდნენ და სჯიდნენ “რევოლუციის მტრებს”. სიკვდილით ასევე დასაჯეს 1793 წლის ივნისში დაპატიმრებული ჟირონდისტები.
   “დიდი ტერორის” მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო. 1794 წლისათვის რობესპირსა და მისი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან _ ებერტის გარშემო გაერთიანებულმა “ულტრარევოლუციონერ” იაკობინელთა ჯგუფმა, ისე მარჯვნიდან _ დანტონმა და მისმა თანამოაზრე “ზომიერებმა”. ებერტისტები დიქტატურისა და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ, დანტონისტები კი, რობესპირს პოლიტიკის შერბილებისა და ზომიერებისაკენ  მოუწოდებდნენ. ამ შემოტევების პასუხად დიქტატურამ 1794 წლის მარტსა და აპრილში გილიოტინაზე თავი ჯერ ებერტსა და ებერტისტებს მოჰკვეთეს, ორი კვირის შემდეგ კი _ დანტონს და მის თანამოაზრეებს.
1794 წლის ივნისში სიკვდილით დასჯის პროცედურის დასაჩქარებლად რობესპირმა გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაციის შესახებ. ამ კანონით უქმდებოდა ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის ინსტიტუტი. კონვენტის წევრები შეშფოთებულები იყვნენ რობესპირის ტირანიით.
   1794 წლის 27 ივლისს ანუ 9 თერმიდორს, რობესპირი და მისი მომხრეების დააპატიმრეს. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. რობესპირი და მისი მომხრეები დაისაჯნენ მათ მიერვე დაკანონებული წესით _ გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -