Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018



რეფორმაცია. მარტინ ლუთერი (1483-1546 წწ)

    პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისგან ინდულგენცია, ანუ ცოდვების მიტევების სიგელი. 1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისთვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დაევალა დომინიკანელ ბერ იოჰანეს ტეტცელს, რომელმაც ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი. 
    საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში მარტინ ლუთერმა, რომელიც იყო ვეტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსოებისათვის საჯარო ყურადღების მისაპყრობად ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი“, სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი, პაპის ინდულგენციით კი არა, მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. 
    1520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოახადა და ეკლესიიდან განკვეთა, მაგრამ ლუთერმა უგულებელყო პაპის განაჩენი. ის დარწმუნებული იყო რომ თვითონ კი არ განუდგა ეკლესიას, არამედ ეკლესია განუდგა მას. ლუთერმა უარყო პაპის, როგორც „ქრისტეს ნაცვლის“,  ლეო X-მ ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორს, კარლ V ჰაბსბურგს (1500-1558 ww) მიმართა. კარლ V-მ 1521 წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც ლუთერს უნდა უარეყო თავის მოძღვრება, რაზეც მან უარი განაცხადა. რომ არა საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც შეიფარა იგი გაrთბურგის ციხეში. სწორედ აქ თარგმნა ლუთერმა ბიბლია გერმანულად, რადგან მიაჩნდა, რომ ლათინური _ მეცნიერთა ენაა, ხოლო გერმნული _ ხალხის ენა.

    ლუთერის წამოწყებულ მოძრაობას მხარი დაუჭირეს დიდებულებისა და მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებსაც სურდათ გერმანული ეკლესიის რომის პაპის მმართველობიდან მშვიდობიანი გამოყოფა. ლუთერის მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობის მიმდევრებს ეწოდათ პროტესტანტები, ხოლო კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებულ მოძრაობას _ რეფორმაცია.
    1531 წელს ლუთერანი გერმანელი თავადები გაერთიანდნენ იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ ამ კავშირს ეწოდა შმალკალდენის კავშირი, იმპერატორმა მოახერხა მათი დამარცხება (1546-47 წწ.) და 1548 წელს აუგსბურგის თავადთა კრებაზე კათოლიკური რწმენის მთელ იმპერიაში აღდგენა გამოაცხადა, მაგრამ, როგორც ლუთერანმა ისე კათოლიკე თავადებმა, ეშინოდათ რა დამოუკიდებლობის დაკარგვის, მოძებნეს მოკავშირე საფრანგეთის მეფის სახით. „თავადთა შეთქმულება“ (1552) და ომი საფრანგეთსა და იმპერატორს შორის ნამდვილი ხსნა იყო ლუთერანობისთვის. 1555 წელს აუგსბურგში დაიდო რელიგიური ზავი, რომლის თანახმადაც ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი ქვეშემდომებისათვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ჰქონდა.
    მათი ლოზუნგი იყო "ვისიცაა ქვეყანა, სჯულიც მისია". ლუთერის მოძღვრება სწრაფად გავრცელდა ევროპაში, განსაკუთრებით გუტენბერგის გამოგონების წყალობით.


კალვინიზმი


              შვეიცარიაში რეფორმაციას სათავეში ედგა საფრანგეთიდან დევნილი ჟან კალვინი.  მან ქალაქის საბჭოსთან ერთად, შეიმუშავა ეკლესიის მოწყობის წესი. კალვინისტურ ეკლესიაში არც საკურთხეველი იყო, არც წმინდანთა გამოსახულება, არც სანთლები და არც ორღანი. კალვინის მოძღვრებით აიკრძალა ცეკვა, თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება, ძვირფასი სამოსის ტარება, თამაშები, დუქანში შესვლა და ა. შ. კალვინს მიმდევრები გამოუჩნდნენ მთელს ევროპაში. საფრანგეთში ისინი თავს ჰუგენოტებს, ინგლისში პურიტანებს, შოტლანდიაში კი პრესვიტერიანებს უწოდებდნენ. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პროტესტანტული მიმდინარეობებია ლუთერანობა, ანგლიკანობა, ბაპტისტიზმი, პრესვიტერიანელობა და ა.შ.

რეფორმაცია ინგლისში


    ინგლისის მეფე ჰენრი VIII თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ 1521 წელს მას რომის პაპმა ლეო X-ემ ანტილუთერანული პამფლეტისათვის საპატიო წოდება _ “რწმენის დამცველი” მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პაპმა ჰენრი VIII-ეს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა (1525 წ) რათა დაქორწინებულიყო ანა დე ბეილზე, მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა “ანგლიკანური ეკლესია”, რომელმაც საკუთრივ რეფორმირება უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, ედუარდ VI-ისდროს განიცადა. ედუარდ VI-ის გარდაცვალების შემდეგ დედოფალი მერი “კათოლიკედ” წოდებული ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა. დედოფალმა ელიზაბეთ I-მა (1558-1603 წწ) კი 1559 წელს აღადგინა ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. ის ნიშნავს არქიეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსებს, რომლებიც თანადროულად ლორდთა პალატის წევრებიც არიან. საეკლესიო კანონებს იღებს პარლამენტი. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისაგან შემდგარი მრწამსი კი - ძირითადად კალვინისტური.





- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -