Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 19 April 2018


გენერალური შტატების მოწვევა. 
ბასტილიის აღება

   1789 წლის მაისში ფინანსურად შეჭირვებული ლუი XVI (რაც განპირობებული იყო არსებული ეკონომიკური სისტემით, გაზრდილი სამხედრო ხარჯებითა და მოუსავლიანობით) სამეფო ხაზინის შესავსებად იძულებული გახდა ვერსალში მოეწვია საფრანგეთის წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, გენერალური შტატები, რომელიც 1614 წლის შემდეგ აღარ შეკრებილიყო. მეფე იმედოვნებდა, რომ გენერალური შტატები მას ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენდა, ე.ი. დასთანხმდებოდა გადასახადების გაზრდის საკითხში. სწორედ მონარქიის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით დათანხმდა ლუი XVI გენერალური შტატების მოწვევას.
   გენერალურ შტატებში საფრანგეთის სამივე წოდება იყო წარმოდგენილი. თავადაზნაურობას და სამღვდელოებას 300-300 დეპუტატი ჰყავდა, ხოლო მესამე წოდებას _ 600. წოდებები ცალ-ცალკე თათბირობდნენ, გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა. მესამე წოდების წარმომადგენლებმა ამ ტრადიციული წესის ნაცვლად მოითხოვეს საერთო სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება.
   ასევე დააყენეს საკითხი, რომ გადასახადები არისტოკრატიასაც გადაეხადა. ლუი XVI-ემ უარყო მათი მოთხოვნა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა არა დეპუტატთა საერთო კენჭისყრით, არამედ წოდებათა მიხედვით. მესამე წოდების დეპუტატები არ დაემორჩილნენ მეფის სურვილს. 17 ივნისს ისინი ვერსალის სასახლეში შეიკრიბნენ და თავი მთელი ფრანგი ერის წარმომადგენლად, საფრანგეთის უზენაეს ხელისუფლებად _ ეროვნულ კრებად გამოაცხადეს.
   სამეფო კარმა გადაწყვიტა ურჩი გენერალური შტატების დაშლა. 20 ივნისს, როდესაც დეპუტატები სამუშაოდ მოვიდნენ, მესამე წოდების სხდომათა დარბაზი ჩარაზული დაუხვდათ, დახურული კარების წინ, კოკისპირულ წვიმაში შეკრებილმა დაპუტატებმა სპორტულ დარბაზს შეაფარეს თავი და იქ ფეხზე მდგომებმა (რადგან დარბაზში სკამები არ იყო) დაიფიცეს არ დაშლილიყვნენ სანამ კონსტიტუციას არ შეიმუშავებდნენ. 9 ივლისს ეროვნლმა კრებამ თავი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადა და თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას _ კონსტიტუციის შემუშავებას შეუდგა.


   პარიზში კი გავრცელდა ხმები, რომ მეფე დამფუძნებელი კრების ძალის გამოყენებით  დაშლას აპირებსო. ხალხი აღშფოთდა. პარიზელებმა სტიქიურად დაიწყეს შეიარაღება და 1789 წლის 14 ივლისს მათ ბასტილიის ციხეს შეუტიეს. ბასტილია აბსოლუტიზმის სიმბოლო იყო და მისი აღებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია. 14 ივლისს პარიზელებმა იერიშით აიღეს ბასტილია. მომდევნო რამოდენიმე თვეში კი მათ მთლიანად დაშალეს ბასტილია და იქ გაჩენილ მოედანზე დადგეს ობელისკი წარწერით: “აქ ცეკვავენ!”.  14 ივლისი საფრანგეთის ეროვნულ დღედ იქცა და მას ყოველწლიურად ზეიმით აღნიშნავენ.
   როდესაც 15 ივლისს მეფე გააღვიძეს და ბასტილიის აღების შესახებ მოახსენეს, მან შესძახა:”ეს ამბოხებაა!”, მის უდიდებულესობას კი ჰერცოგმა როშფუკო-ლიანკურმა ასეთი შესწორება შეჰკადრა: _ “არა მეფეო, ეს როვოლუციაა!”. ეს მართლაც იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი. ისიც უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ბასტილიას ძალიან პატარა გარნიზონი იცავდა, ხოლო ციხეში სულ 7 პატიმარი იჯდა. ბრბომ იქვე მოკლა ციხის კომენდანტი, რითაც სათავე დაუდო გასამართლების გარეშე დასჯასა და სასტიკ ტერორს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას დიდხანს ახლდა თან.
ლუი XVI იძულებული შეიქნა ეცნო დამფუძნებელი კრება და ეღიარებინა, რომ კანონები დამფუძნებელ კრებას უნდა გამოეცა. დამფუძნებელ კრებაზე დეპუტატები თავისი შეხედულებების შესაბამისად განაწილდნენ. სხდომის თავმჯდომარის მარჯვნივ ისხდნენ ზომიერებისა და წესრიგის მომხრეები: მათ “მემარჯვენეები” უწოდეს, მარცხნივ კი ისხდნენ რადიკალური ცვლილებების მომხრეები _ ე.ი. “მემარცხენეები”. ეს ტერმინები დღემდე ამავე მნიშვნელობით გამოიყენება. დამფუძნებელი კრების დეპუტატთა შორის განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიხვეჭა ონორე გაბრიელ მირაბომ. 
   ლუი XVI იძულებული გახდა რამდენიმე დღით პარიზში ჩასულიყო, ეს ნიშნავდა, რომ მან რევოლუციის შედეგები აღიარა. მეფის და პარიზელების შეთანხმების ნიშნად სამეფო დროშის თეთრი ფერი და პარიზის გერბის წითელი და ლურჯი ფერები შეაერთეს. ამგვარად შეიქმნა საფრანგეთის სამფეროვანი სახელმწიფო დროშა, (რომელიც სახელმწიფო დროშად დამტკიცდა 1794 წელს).  
   1789 წ. ამით დასრულდა საფრანგეთში აბსოლუტიზმის ხანა და დაიწყო კონსტიტუციური მონარქიის პერიოდი.



საფრანგეთი ეროვნული კრების მოღვაწეობის პერიოდში.

   ბასტილიის აღებას საფრანგეთის პროვინციების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყო ადგილობრივი “ბასტილიების” განადგურება. გლეხები ხევდნენ და წვავდნენ ფეოდალურ უფლება-ვალდებულებათა ამსახველ სიგელ-გუჯრებს. იმდროინდელი გამოთქმით  მემამულეთათვის დადგა “დიდი შიშის” დღეები. ამ დროს ბევრმა დიდებულმა დატოვა საფრანგეთი და საზღვარგარეთ ემიგრაციაში გაემგზავრა.
   სოფლად შექმნილი მდგომარების მოწესრიგების მიზნით ეროვნულმა კრებამ 1789 წლის 4-5 აგვისტოს ღამის სხდომაზე გაუქმებულად გამოაცხადეს ფეოდალური პრივილეგიები. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საფრანგეთში ბოლო მოეღო ფეოდალურ სისტემას და ყველა ფრანგი თანასწორუფლებიანი გახდა. ასევე გაუქმდა საეკლესიო გადასახადი, მემამულის სასამართლო, გლეხთა მიწაზე ნადირობის უფლება და სხვა “პირადი” დამოკიდებულების გადმონაშთები.
   1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ გამოაქვეყნა მომავალი კონსტიტუციის შესავალი ნაწილი _ “ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია”. დეკლარაცია გაჟღენთილი იყო განმანათლებლობის სულისკვეთებით და შესაბამისად ამკვიდრებდა ბუნებრივი უფლებების პატივისცემას, ძალაუფლების დაყოფის და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. დეკლარაციის თანახმად ძალაუფლების წყაროდ ცხადდებოდა ხალხი; უქმდებოდა ფეოდალური და წოდებრივი პრივილიგიები, ცხადდებოდა ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე. ამიტომ ამ დეკლარაციის ძირითადი იდეები გამოიხატა რევოლუციის მთავარ ლოზუნგში: “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა”. ასევე ამ დეკლარაციით ყველას ენიჭებოდა სიტყვის, ბეჭვდის, კანონების მიღებაში მონაწილეობის უფლება.  ე.ი. ამ დეკლარაციის მიხედვით უქმდებოდა აბსოლუტიზმი და მყარდებოდა კონსტიტუციური მონარქია.
   ლუი XVI მერყეობდა და იგი არ აპირებდა დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკლერების დამტკიცებას. პარიზსში კი მღელვარება გრძელდებოდა. შემოდგომაზე უმუშევრობამ იმატა, თავი იჩინა სურსათის ნაკლებობამ. 
   1789 წლის 5 ოქტომბერს 20 000-მდე პარიზელი ქალი (ძირითადად ბაზრის მოვაჭრეები) ვერსალისაკენ გაემართნენ. ხალხი პურსა და მეფის ადგილსამყოფელის შეცვლას, პარიზში მის გადასვლას მოითხოვდა. მეფე სისხლისღვრას მოერიდა. 6 ოქტომბერს იგი თავისი ოჯახით და ხალხის თანხლებით პარიზში ჩავიდა. აქ მან აგვისტოს დეკრეტები დაამტკიცა.


   მეფესთან ერთად პარიზში დამფუძნებელი კრებაც გადავიდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ძველი რეჟიმის მოწინააღმდეგე დეპუტატებმა წმინდა იაკობის (ფრანგულად ჟაკობის) მონასტრის შენობაში დაიწყეს შეკრება. შეკრების ადგილის მიხედვით ამ კლუბის წევრებს იაკობინელები (ფრანგულად ჟაკობინები) უწოდეს. იაკობინელთა კლუბში რიგითი პარიზელების გაერთიანდნენ.

ვარენის კრიზისი.
 1791 წლის კონსტიტუცია.

   ლუი XVI ვერ ურიგდებოდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და ევროპელ მონაქებს დახმარება სთხოვა. მას  ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ მყოფი მეფის ძმები და ემიგრანტი დიდებულები. ლუი XVI-ემ გადაწყვიტა ემიგრაციას შეერთებოდა. 1791 წლის 21 ივნისს ლაქიის ტანსაცმელში გამოწყობილი მეფე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად პარიზიდან გაიქცა. ბელგიის საზღვართან, ვარენში, საფოსტო სადგურის უფროსმა ეტლში მჯდომი მსახური ძალიან მიამსგავსა ოქროს მონეტაზე აღბეჭდილ ლუი XVI-ის გამოსახულებას. მისი ეჭვები გამართლდა. მრავალი ათასი შეიარაღებული გლეხისა და ეროვნული გვარდიელების თანხმობით მეფე პარიზში დააბრუნეს.
   მეფის გაქცევის მცდელობა პარიზელებმა ღალატად აღიქვეს. სახალხო მოძრაობა ხელახლა აზვირთდა. ეწყობოდა დემონსტრაციები ლუი XVI-ის დამხობის მოთხოვნით. დამფუძნებელმა კრებამ მეფესთან შეთანხმება ამჯობინა, მონარქის მოწინააღმდეგებმა კი 1791 წელს (17 ივლისს) მარსის მინდორზე დემონსტრაცია მოაწყვეს. ეროვნულმა გვარდიელებმა ლაფაიეტის მეთაურობით დემონსტრანტებს ტყვია დაუშინეს. დაიღუპა რამდენიმე ათეული და დაიჭრა რამდენიმე ასეული ადამიანი. ასე მოხდა პირველი სისხლიანი შეტაკება მესამე წოდების წარმომადგენელთა შორის.
   იაკობინელთა კლუბმა დაგმო ლაფაიეტის გვარდიელების მიერ მარსის მოედანზე ჩადენილი სისხლისღვრა. მაშინ ლაფაიაეტის თანამოაზრეებმა მიატოვეს იაკობინელთა კლუბი და შექმნეს ფეიანთა კლუბი, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ემხრობოდა.
1791 წლის 13 სექტემბერს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საფრანგეთის კონსტიტუცია, რომელმაც სახელმწიფო წყობის ფორმად კონსტიტუციური მონარქია დააკანონა. მინისტრები მეფის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულები. კონსტიტუციით აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა მეფე, ხოლო საკანონმდებლოს _ ერთპალატიანი ეროვნული კრება, სადაც არჩევის უფლება ჰქონდა 25 წლის ასაკს მიღწეულ ყველა მამაკაცს, რომელიც გადასახადს იხდიდა. როგორც ვხედავთ ამ კონსტიტუციით არჩევნებში მონაწილეობისათვის დაწესდა ქონებრივი ცენზი ე.ი. ხალხის დაყოფა ქონების მიხედვით. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ამ კონსტიტუციით ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედმა მიიღო. 
   1791 წლის კონსტიტუციით შეიცვალა საფრანგეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. ისტორიული პროვინციების ნაცვლად საფრანგეთში შეიქმნა 83 დეპარტამენტი, რომელთაც შეგნებულად მისცეს მდინარეების, ან ხანდახან მთების სახელები იმ მიზნით, რომ კუთხურობა დავიწყებას მისცემოდა.
   სახელმწიფო რელიგიად რჩებოდა კათოლიციზმი, მაგრამ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია ექვემდებარებოდა არა ვატიკანს, არამედ სახელმწიფოს. საეკლესიო მიწა, რომელიც ქვეყნის ფართობის 10%-ს შეადგენდა ეროვნულ კუთვნილებად გამოცხადდა და აუქციონზე უნდა გაყიდულიყო.  სკოლა გაემიჯნა ეკლესიას და სამოქალაქო გამგებლობაში გადავიდა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -