Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 23 March 2018
ბაგრატ IV
(1027 - 1072 წწ)
1027 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანეს 7 წლის ბაგრატ IV(1027-1072 წწ). მეფის მცირეწლოვნობით ისარგებლეს დიდგვაროვანმა აზნაურებმა და კიდევ უფრო აიშვეს თავი. ისინი მტრის მხარეზე გადასვლასაც არ ერიდებოდნენ.
1028 წელს საქართველოში ტაო-კლარჯეთის მხრიდან ბიზანტიის ჯარი შემოიჭრა და კვლავ გაჩაღდა ბიზანტია-საქართველოს ომი. ბევრმა დიდზნაურმა მტერს უბრძოლველად გადასცა თავისი ციხე-სიმაგრე. ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდა ზოგიერთი მღვდელმთავარიც. ამ მძიმე ვითარებაში მაინც გამოჩნდნენ პატრიოტები, რომლებმაც მტრის შემოტევას სამშობლოსათვის თავგანწირვა დაუპირისპირეს. მათ შორის განსაკუთრებით ისახელა თავი ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა, რომელმაც ტბეთში (ეს მხარე შავშეთშია) ციხე ააგო, იქაური მაცხოვრებლებისაგან ჯარი შექმნა და მტერს მედგრად დაუხვდა. ამის შემდეგ მტბევარ ეპისკოპოსებს ერისთავის ხარისხიც ებოძათ.
ამ შემოსევებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლებელი გახდა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც საქართველოს მხრივ ბაგრატის დედა, დედოფალი მარიამი და მცხეთის კათალიკოსი მელქისადეკი აწარმოებდნენ. 1031 წელს დედოფალი მარიამი დიპლომატიური მისიით კონსტანტინოპოლში ჩავიდა (ამ ელჩობას მოიხსენიებენ, როგორც “დიდი ელჩობა”-ს) და დაზავებას მიაღწია. მან თავის ვაჟს კურაპალატის ტიტული მოუპოვა და იმპერატორის ძმისშვილი, ელენე, ცოლად ჩაოუყვანა. ეს ქორწინება გარკვეული დროით საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანობის გარანტია იყო. სამწუხაროდ, ელენე დედოფალი მალე გარდაიცვალა, ბაგრატ IV-ემ კი ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. ეს ქორწინებაც პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. იგი გამიზნული იყო ჩრდილოეთ კავკასიის ძალების საქართველოს სასიკეთოდ გამოყენებისათვის.
ბიზანტიის იმპერატორი რა თქმა უნდა ვერ ეგუებოდა თავისი პოზიციების დასუსტებას საქაართველოში. ამიტომ იგი ყოველგვარ ხერხს მიმართავდა, რომ ციხე შიგნიდან გაეტეხა და ქართველ დიდგვაროვან აზნაურებს საკუთარი მეფის წინაარმდეგ ამხედრებდა. ამ მხრივ თავი გამოიჩინა კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ IV ლიპარიტის ძე ბაღვაშმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლას.
ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საამიროს, რომელიც ფაქტიურად ცალკე ქალაქ-სახელმწიფოს წაარმოადგენდა. მისი ტერიტორია ნელ-ნელა იკლებდა და XI საუკუნისათვის ქალაქ თბილისითა და მისი შემოგარენით შემოისაზღვრებოდა.
თბილისისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ასევე ამჟღავნებდა ლიპარიტ IV ბაღვაშიც, რადგან კლდეკარის საერისთავო უშუალოდ თბილისის საამიროსს ტერიტორიას ესაზღვრებოდა. ბაღვაშს იმედი ჰქონდა, რომ თბილისის აღების შემდეგ ახალ სამფლობელოებს შეიძენდა.
1032 წელს ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ, თბილისიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს ამირა ჯაფარი. დატყვებულ ამირას ჩამოართვეს ბირთვისის ციხე. აქ თავი იჩინა შინაურმა უთანხმოებამ: მეფის მცირეწლოვნობით (ბაგრატი IV ამ დროს 13 წლის იყო) ისარგებლეს ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდებულებმა და მცირეწლოვან მეფეს ურჩიეს ამირას გათავისუფლება. მეფემაც ჯაფარი გაათავისუფლა და თბილისში დააბრუნა, თან ყმადნაფიცობის პირობით დაიქვემდებარა. ამან რათქმა უნდა ლიპარიტის ძე უაღრესად გაანაწყენა.
ხუთი წლის შმდეგ, 1037 წელს, ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ შესთავაზა მეფეს თბილისზე გალაშქრება. ქალაქს ალყა შემოარტყეს, რაც ორ წლიწადს გაგრძელდა, 1039 წლამდე. თბილისელთა მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. ქალაქში ისეთი შიმშილობა დაიწყო, რომ მოქალაქეები 1 ლიტრა (დაახლოვებით 300-400 გრამი) ვირის ხორცში 500 დრამას აძლევდნენ. ამირა ქალაქიდან გაქცევას, ხოლო მოქალაქეთაა ზედაფენა მეფისათვის ქალაქის გადაცემას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ბაგრატ IV-ემ ქალაქს ზავი შესთავაზა. მეფის გადაწყვეტილებაზე ალბათ იმანაც მოახდინა გავლენა, რომ გავრცელდა ხმა, რომ თითქოს ამირას დასახმარებლად დიდი ჯარი მოდიოდა. მაგრამ მთავარი მიზეზი, რათქმა უნდა, ლიპარიტის მოწინააღმდეგე ფეოდალთა მიერ მეფის გადაბირება იყო. (ფეოდალები ეწინააღმდეგებოდნენ ლიპარიტის გაძლიერებას და ამ მიზნით მეფეს იყენებდნენ) ასე, რომ ეს ზავი პირდაპირ მიმართული იყო ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ.
როგორც დავინახეთ ლიპარიტ IV ძალზედ ენერგიული და ჭკვიანი მოღვაწე იყო. ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში იგი მეფის ერთგულიც ჩანს. მაგრამ თბილისის შემოერთების ამ ორი უშედეგო ცდის შემდეგ მკვეთრად გაფუჭდა ურთიერთობა მეფესა და ლიპარიტს შორის. კლდეკარის ერისთავი მალე აშკარად აუჯანყდა მეფეს, რაც აშკარად გამოჩნდა ლიპარიტის შემდგომ ქმედებებში.
1045 წელს თბილისის ამირა ჯაფარი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. ქალაქის ხელისუფლება “ტფილელმა ბერებმა”, ე.ი. მოქალაქეთა წარმომადგენლებმა აიღეს ხელში. ისინი ეძიებდნენ ძლიერ, კანონიერ ხელისუფლებას და ამიტომ მიმართეს ბაგრატ IV-ეს, დაეკავებინა ქალაქი. სწორედ ამ დროს მეფე ანაკოფიის ციხის ალყით იყო დაკავებული, მაგრამ თავი ანება მას და თბილისისაკენ გამოემართა. “ტფილელი ბერები” საქართველოს მეფეს მორთულ-მოკაზმულნი მიეგებნენ დიღმის ველზე და ქალაქის გასაღებები მიართვეს. ბაგრატ IV დიდი ზეიმით შევიდა თბილისში. ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ ერთმა ნაწილმა არ ისურვა მორჩილება და ისანში გამაგრდა. ამაზე ადრე ბაგრატ მეფეს სომხეთის ყოფილი დედაქალაქი ანისი გადასცეს ამ ქალაქის "ბერებმა”, მაგრამ ლიპარიტის შემდგომმა მოქმედებამ მეფეს ანისიც დააკარგვინა და თბილისიც.
ბრძოლა ბაგრატ IV-სა და
ლიბარიტ IV ბაღვაშს შორის
ბაგრატ მეფის მიერ თბილისისა და ანისის დაკავებამ გააღიზიანა ლიპარიტ ბაღვაში. მან ანისის კართან შეიპყრო მეფის მიერ დანიშნული ერისთავი და აიძულა დაეტოვებინა ქალაქი, რის შემდეგაც სომეხთა კათალიკოსმა პეტროსმა ანისი ანგარებით ბერძნებს გადასცა. ბაგრატმა თბილისიც დატოვა და ლიპარიტის წინააღმდეგ გაემართა. ამის შემდეგ ატყდა დაუნდობელი ბრძოლა მეფესა და გამდგარ კლდეკარის ერისთავს შორის. ეს ბრძოლა 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ლიპარიტს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ დახმარებას უწევდა ბიზანტიის ხელისუფლება. ლიპარიტი თვითონაც ძლიერი ფეოდალი იყო და ბიზანტიის კეისარიც ენერგიულად უჭედა მას მხარს. ბიზანტია გაძლიერებულ საქართველოში ხედავდა თავის მეტოქეს, რომელიც მას აღმოსავლეთიდან განდევნას უპირებდა. ამიტომ იგი ყველა საშუალებით ცდილობდა ჩაეშალა საქართველოს გაერთიანება. აჯანყებული კლდეკარის ერისთავი ბიზანტიელი პოლიტიკოსებისათვის შესანიშნავ იარაღად იქცა. მათი დახმარების შედეგად იყო, რომ ბაგრატ მეფესთან ბრძოლაში მეტწილად ლიპარიტი იმარჯვებდა.
ლიპარიტმა ბაგრატ მეფეს ბევრი ვნება მიაყენა. თავდაპირველად ბაგრატ IV დათმობაზე წავიდა _ დაუზავდა ლიპარიტს და ურჩ ვასალს ქართლის ერისთავობა უბოძა. არც ამ ფაქტმა დააშოშმინა კლდეკარის ერისთავი. 1046 წელს, სასირეთის ჭალასთან მეფესა ლიპარიტს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელიც მეფის დამარცხებით დამთავრდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლისას მეფის მხარეზე იბრძოლდნენ ვარიაგები (რუსები ნორმანებს ვარიაგებს უწოდებდნენ, ისინი არიან სკანდინავიის მცხოვრებლები _ ვიკინგები).
1048 წელს ლიპარიტ ბაღვაში ტყვედ ჩაუვარდა თურქებს და მეფემ თითქოს მცირედად ამოისუნთქა კიდეც. ბაგრატ IV კვლავ დაიკავა თბილისი, მაგრამ ლიპარიტის ტყვეობიდან განთავისუფლებისთანავე იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა.
1054 წელს ბაგრატ IV იძულებული გახდა ლიპატითან შესარიგებლად ბიზანტიაში გამგზავრებულიყო და კეისრის შუამდგომლობა ეთხოვა. კეისარმა ბაგრატ IV და მისი ურჩი ყმა დააზავა. იმპერატორმა ბაგრატი სამ წელიწადს გააჩერა კონსტანტინოლოლში და შემდეგ უკანვე გამოისტუმრა. ბაგრატ IV-ეს მხოლოდ სახელიღა შერჩა მეფობისა, ლიპარიტი კი მთელ სამხრეთ საქართველოს მთავრად აღიარეს. მან ისარგებლა ბაგრატის საქართველოში არყოფნით და რუისში მეფედ აკურთხა ტახტის მემკვიდრე, მცირეწლოვანი გიორგი II და თავი მის მზრუნველად გამოაცხადა.
ამრიგად, საქართველოს ფაქტობრივი მართვა-გამგეობა მთლიანად ლიპარიტის ხელში გადავიდა, მაგრამ მისი ასეთი განდიდება სხვა ფეოდალებმა ვერ აიტანეს. მესხმა აზნაურებმა სულა კალმახელის მეთაურობით 1058 წელს ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ ლიპარიტი იძულებით ბერად აღკვეცა და საქართველოდან გააძევა, მაგრამ მისი ძე ივანე დაინდო, ჩამოართვა მხოლოდ კლდეკარის ერისთავობა, საგვარეულო მამულები კი შეუნარჩუნა და სპასალარადაც დანიშნა.
ბაგრატ IV-სა და ივანეს შერიგების შემდეგ საქართველოს მეფე კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ილაშქრა კახეთ-ჰერეთში, რადგან მას კახეთ-ჰერეთის საქართველოსთან საბოლოო შემოერთება ჰქონდა განსაზღვრული. მაგრამ ეს განზრახვა თურქ-სელჩუკების შემოსევებმა ჩაშალა.