Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 23 March 2018
გიორგი I
(1014 - 1027 წწ )
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეეგ ტახტზე ავიდა მისი 12 წლის ვაჟიშვილი გიორგი I (1014 - 1027). მეფის მცირეწლოვნობით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და ეს მხარე კვლავ ჩამოაშორეს ერთიან საქართველოს. კახეთ-ჰერეთის მეფე გახდა კვირიკე დიდი. გიორგი I-ს შეეძლო დაეწყო ბრძოლა კახეთ-ჰერეთის ხელახლა შემოსაერთებლად, მაგრამ მეფემ საქართველოსათვის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე აირჩია. ეს იყო ბიზანტიის იმპერია.
X საუკუნეში ბიზანტიის იმპერიას გაურთულდა მდგომარეობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც მას დაუპირისპირდა ბულგარეთის ძლიერი სამეფო. ბასილი II-ეს ოცდაათწლიანი ომი დასჭირდა ბულგარელების დასამარცხებლად. იმპერატორი მათ წინააღმდეგ საშინელ სისასტიკეს იჩენდა. მისი ბრძანებით თვალები დასთხარეს 15 ათას ბულგარელს, მხოლოდ ყოველ მეასეს დაუტოვეს ცალი თვალი და ასე გააბრუნეს უკან. ბასილი II-ეს ამის გამო ეწოდა ბულგართმმუსვრელი.
ასეთი ძლიერი და სასტიკი მოწინააღმდეგე აირჩია გიორგი I-მა. მან ისარგებლა იმით, რომ ბასილი II ბულგარელებს ებრძოლა და ძალით დაიკავა იმიერ ტაო _ რომელიც დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელო იყო. 1018 წელს, ბულგარელებთან გამარჯვების შემდეგ, ბასილი II საართველოსაკენ გამოემართა. გიორგი I შეეცადა ბიზანტიის წინააღმდეგ კოალიცია შეექმნა. იგი დაუკავშირდა ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმს, მაგრამ ეს უკანასკნელი მალე უგზო-უკვლოდ გაქრა. სანადიროდ წასული სულთანი სასახლეში არ დაბრუნებულა, ის ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერსად იპოვეს. ცხადია, რომ ალ-ჰაქიმი მოკლეს და ამ საქმეში ბიზანტიელთა ხელიც ერია.
ბიზანტიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გიორგი I-ის მოკავშირეები გახდნენ ანისი მეფე იოანე-სუმბატი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გიორგიმ გაამეფა და ვასპურაკანის მეფე სენექერიმი, რომელიც გიორგი I-ის სიმამრი იყო (გიორგი I-ს ცოლად ჰყავდა სენექერიმის ასული მარიამი).
ბასილი II-ემ გიორგი I-ს დაკავებული ტერიტორიების დატოვება მოსთხოვა. გიორგი I-მა უარი განაცხადა და ბიზანტიის იმპერატორი საქართველოსაკენ დაიძრა. ასე დაიწყო ბიზანტია-საქართველოს ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1021-1023 წლებში.
ქართველებმა რამდენჯერმე მოახერხეს ბიზანტიელთა დამარცხება. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა შირიმთან 1021 წელს. ამ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი იყო ზარალი. შირიმთან ბრძოლაში პირადად მონაწილეობდა მეფე გიორგი I-იც. ბასილი იმპერატორი გაქცევასაც აპირებდა, მაგრამ ქართველებმა ვერ გამოიყენეს შექმნილი ვითარება და ახალ ბრძოლას გაერიდნენ. ამან ბიზანტიელებს გონზე მოსვლის და სულის მოთქმის საშუალება მისცა. ისინი დაედევნენ უკუქცეულ ლაშქარს და გზადაგზა მოაოხრეს ქართული პროვინციები. აქ დაიხოცნენ ქართველი სარდლები, რატი ლიპარიტის ძე და ხურცი.
ბასილი II თრიალეთიდან უკან გაბრუნდა და ზამთარი ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად გაატარა. დაიწყო მოციქულთა გაცვლა-გამოცვლა საზავო ხელშეკრულების დასადებად. გიორგი I დროის მოგებას ცდილობდა და მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ამასობასი ბიზანტიაში ნიკიფორე ქსიფესა და ნიკიფორე ფოკას აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებს ურთიერთობა ჰქონიათ გიორგი I-თან. ბასილი II-ემ დაამარცხა მეამბოხეები და ფოკას მოკვეთილი თავი გიორგის გამოუგზავნა.
1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა საქართველოსათვის მძიმე ზავი დაედო, რომლის თანახმად ბიზანტიელებმა დაიკავეს იმიერ ტაო, ასევე დავით კურაპალატის სამფლობელოს ტაო ანუ ამიერ ტაო, კოლა-არტაანი და ჯავახეთი, ანუ ე.წ. დავით III კურაპალატის ქვეყანა. ამასთან ერთად, სამი წლით მძევლად უნდა წარყვანათ გიორგი I-ის ვაჟი, მცირეწლოვანი ბაგრატი.
1027 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა გიორგი I. მეფე დაკრძალეს ქუთაისში.