Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 26 March 2018


თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო
     XI საუკუნეში გამოჩნდნენ ახალი ხალხი _ თურქი ტომები. თურქი ხალხი, რომლებსაც ოღუზი თურქების სახელითაც იცნობენ -მომთაბარეობდნენ ცენტრალურ აზიაში, მდინარე სირდარიის მიდამოებში, ხოლო მათ აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ თურქი ყივჩაღები, რომლებიც დაიძრნენ დასავლეთისაკენ, შეავიწროვეს ოღუზი თურქები, შემდეგ კი გადაადგილდნენ რუსეთისაკენ და ევროპისაკენ, მათ პოლოვცებისა და კუმანების სახელითაც იცნობდნენ. 
  მომთაბარე თურქული ტომების ცენტრალური აზიიდან დასავლეთისაკენ გადაადგილების მიზეზი იყო საძოვრების ნაკლებობა. თურქი ელჩები მოწინაარმდეგეებთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნავდნენ, რომ "მათ დედამიწაზე ადგილი არა აქვთ". თურქული ტომების შემოსევებს ბინადარი მოსახლეობისათვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰქონდა. ისინი ყანებსა და ბაღებს საძოვრებად აქცევდნენ, დამარცხებული მოსახლეობა კი მთებსა და ხეობებში იხიზნებოდა.
   თურქთა მსგავსი მიგრაცია არაერთხელ განხორციელდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თურქ-სელჩუკთა მიგრირება დასავლეთის მიმართულებით. სახელწოდება სელჩუკი მომდინარეობს ერთ-ერთი თურქული საგვარეულოს მეთაურის სახელისაგან, რომელმაც მოახერხა თურქი ტომების გაერთიანება. სელჩუკები დასახლდნენ ბუხარის პროვინციაში და X საუკუნეში მიიღეს სუნიტური ისლამი, რამაც მათ კონსოლიდაციას შეუწყო ხელი. თურქებისათვის სახელი თურქი იქცა მუსლიმის ექვივალენტად თურქ-სელჩუკები საკუთარი ჯარით ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმურ დინასტიას, მათ შორის თურქული წარმოშობის ღაზვეიანებს.
    X საუკუნის ბოლოს სელჩუკებმა საძოვრების ნაკლებობის გამო გეზი დასავლეთისაკენ აიღეს და დაპყრობითი ომები წამოწყეს. სელჩუკის შვილიშვილებმა თოღრულ-ბეგმა და ჩაღრი-ბეგმა გაილაშქრეს თავად ღაზვეიანების წინააღმდეგაც და ისინი ირანიდან განდევნეს. თოღრულ ბეგმა 1038 წელს დაიკავა აღმოსავლეთ ირანის ქალაქი ნიშაპური, ხოლო 1040 წელს, ღაზვეიანების დამარცხების შემდეგ, იგი გახდა  აღმოსავლეთ ირანის უდიდესი პროვინციის, ხორასანის მბრძანებელი.

   თოღრთურ-ბეგის (1038-1063 წწ) დროს სელჩუკებმა ასევე დაიპყრეს: ხორეზმი, ერაყი, ქურთისტანი და სამხრეთ კავკასიაში შეიჭრნენ. არაბთა სახალიფოს ხალიფა, იგივე ბაღდადის ხალიფა, რომელსაც ამ პერიოდში პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება დაკარგული ჰქონდა და პრაქტიკულად შიიტების მძევლად იყო ქცეული მიესალმა სელჩუკების წინსვლას დასავლეთისაკენ, რადგან იმედი ჰქონდა, რომ სელჩუკების საშუალებით საკუთარ ძალაუფლებას თუნდაც ნაწილობრივ აღიდგენდა. 1055 წელს თოღრულ-ბეგი უბრძოლველად შევიდა არაბთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში. ხალიფამ ის სულთნად აკურთხა და ორრქიანი გვირგვინი დაადგა. ხალიფამ თოღრულ-ბეგს უბოძა სულთნის ტიტული, შემდეგ კი თოღრულმა დამატებით მიიღო “აღმოსავლეთისა და დასავლეთის” ამირას ტიტულიც. ეს ტიტული მის ძალაუფლებას ფორმალურად ავრცელებდა ეგვიპტის ფატიმიანების სამფლობელოს ტერიტორიაზეც. სწორედ თოღრულ-ბეგი ითვლება “დიდ სელჩუკთა” სახელმწიფოს დამაარსებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქ-სელჩუკთა ასეთი ძლევამოსილი წინსვლა და თავბრუდამხვევი წარმატებები განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:
1.სელჩუკთა მობილობამ _ ეს იყო თვისება, რომელიც დაკარგული ჰქონდა მათ მოწინააღმდეგეებს, რომელთა თავდაცვა დამოკიდებული იყო საყრდენ პუნქტებზე, მსუბუქად შეიარაღებული და სწრაფი სელჩუკები კი ანადგურებდნენ ამ პუნქტებს და მოწინააღმდეგეს აიძულებდნენ სურსათისა და აღალის გარეშე ებრძოლათ. 
2. დიდი ქალაქების მოსახლეობა უბრძოლველად ემორჩილებოდა სელჩუკებს, რადგან მათ არ ჰქონდათ ყოფილი მბრძანებლებისაგან დახმარების მიღების იმედი, თანაც ისინი მაღალი გადასახადებისაგან ძალიან შეწუხებულები იყვნენ;
  3. მიწათმოქმედები და ვაჭრები სელჩუკებს ემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაკოტრდებოდნენ. მორჩილების აღიარებით კი ინარჩუნებდნენ სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან.

ალფ არსლანისა (1063 - 1072 წწ) და
 მალიქ შაჰის (1072 - 1092 წწ)
   სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა (1063 - 1072 წწ) და მალიქ შაჰის (1072 - 1092 წწ) მმართველობის პერიოდში. 
   1071 წელს ალფ-არსლანმა მანაზკერტის ბრძოლაში ბიზანტიელები დაამარცხა და თვით იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე ტყვედ ჩაიგდო. ამრიგად ანატოლია ღია აღმოჩნდა მომთაბარე სელჩუკების ხელში, თანაც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც უკვე მიეტოვებინა ეს მხარე. ალფ-არსლანის მთავარ დამსახურებას წარმოადგენს სწორედ ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება, რომელიც უკვე მორყეული იყო თურქთა რეგულარული თავდასხმების შედეგად. სწორედ ალფ-არსლანის სახელთანაა დაკავშირებული თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები საქართველოში,
თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს პოლიტიკური ძლიერების ზენიტად ითვლება ალფ-არსლანის შვილის, მალიქ-შაჰის სულთნობის ხანა (1072-1092 წწ). მის დროს კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს საზღვრები და დასავლეთით ხმელთაშუა ზღვას მიაღწია. სამეფო ხელისუფლება გამყარდა და ცენტრალიზებული გახდა. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნიზამ ალ-მულქის.


   ნიზამ ალ-მულქი იყო ალფ-არსლანისა და მალიქ შაჰის კარზე პირველი ვაზირი. მას მიეწეება პოლიტიკური ტრაქტატის, "სიასეთ ნამეს" (ეს იყო "წიგნი პოლიტიკის შესახებ") ავტორობა, სადაც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოს მართვის პრინციპები. ნიზამ ალ-მულქის ხელმძღვანელობით გატარდა რეფორმები სახელმწიფოს მართვის, სასამართლო, სამხედრო და კულტურულ სფეროებში. შეიქმნა სულთანისადმი დაქვემდებარებული 5 000 კაციანი გვარდია, მოგვიანებით მათი რიცხვი 10 000-მდე ავიდა. ამ გვარდიის მეომრებს, მუდმივი სამხედრო სამსახურის საზღაურად, ჯამაგირის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწები დაურიგდათ.
    ნიზამ ალ-მულქის ინიციატივით მომთაბარე თურქ-სელჩუკთა ნაწილი ირანის შიდა რეგიონებს მოაშორეს და ბიზანტიასა და საქართველოს საზღვრებისაკენ გადაასახლეს. ნიზამ ალ-მილქისავე აზრით, ერთი კაცის ხელში ორი ან რამდენიმე თანამდებობა არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან ეს ამცირებდა სამსახურით უზრუნველყოფილი ადამიანების რიცხვს.
   როგორც უკვე ავღნიშნეთ ნიზამ ალ-მულქის ინიციატივით გატარდა სასამართლო რეფორმა და მოსამართლეებად პატიოსანი და მცოდნე ადამიანები დაინიშნენ. მან შემოიღო მსტოვართა სამსახური, რადგან მიაჩნდა, რომ ქვეყნიერების ოთხივე მხარეს უნდა გაგზავნილიყვნენ ვაჭრებად, მოგზაურებად, სუფიებად, წამლების გამყიდველებად, მათხოვრებად გადაცმული მსტოვრები, რომლებიც სულთნისა და მისი მოხელეების ყურამდე მიიტანდნენ ყველაფერს, რასაც კი შეიტყობდნენ.
  გარდა სამხედრო მოქმედებებისა, სახელმწიფოს იდეოლოგიისა და პოლიტიკის განმტკიცებისათვის, ღვთისმეტყველთა და მოხელეთა მოსამზადებლად, ნიზამ ალ-მულქმა შექმნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებებლები _ მედრესეები, რომლებსაც “ნიზამიებსაც” უწოდებდნენ. მედრესეებში მასწავლებლებს სახელმწიფო ნიშნავდა ასევე სახელმწიფო აძლევდა ხელფასს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც და ამგვარად სრულ კონტოლს ახორციელებდა სასწავლო პროცესზე. მადრასეებში ამზადებდნენ ღვთისმეტყველებსა და სამართალმცოდნეებს, რომლებიც იკავებდნენ სახელწიფო თანამდებობებს. ამ მედრესეებში მოღვაწეობდნენ იმ დროის ცნობილი სწავლულები. აქვე არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკები.
   თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, არ მომხდარა ზოგიერთი თურქული ტრადიციის მოსპობა, რაც საბოლოო გახდა ამ სახელმწიფოს დასუსტებისა და განადგურების მიზეზი, კერძოდ ძალაუფლების საოჯახო კონცეფცია _ რომლის თანახმადაც ხელისუფლება შეიძლებოდა გარდაცვლილი მბრძანებლის ვაჟებს ერთდროულად გაენაწილებინათ. ამ მიზეზით გამუდმებით მიმდინარეობდა ქიშპი და ბრძოლა. ნიზამ ალ-მულქმა მოახერხა სამეფო ტახტზე ჯერ ალფ-არსლანის, ხოლო შემდეგ მისი ვაჟის მალიქ შაჰის უფლებების დაცვა. მაგრამ მალე, 1092 წელს ასისინებმა მოკლეს ვაზირი ნიზამ ალ-მულქი, რითაც დაიწყო სელჩუკთა სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი.
   XII საუკუნის ბოლოს ცენტრალური აზიიდან მოსულმა ხორეზმელებმა მთლიანად დაიკავეს ირანი და გაანადგურეს თურქების მცირე პოლიტიკური ერთეულების უდიდესი ნაწილიც. ასე, რომ სელჩუკთა საგვარეულოს ბატონობაც ისტორიას ჩაბარდა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -