Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 26 March 2018

გიორგი III (1156-1184 წწ)

   გიორგი III-ის პოლიტიკის ძირითად ხაზს, წინამორბედ მეფეთა მსგავსად, მუსლიმურ ქვეყნებთან ბრძოლა შეადგენდა. მან ამ ბრძოლაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. გიორგი III ცდილობდა დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკის გაგრძელებას და თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა. მეფემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქალაქ ანისს, 1161 წლის ზაფხულში ბრძოლით აიღო და მისი მართვა საქართველოს ამირსპასალარს _  ივანე ორბელს მიანდო, თანაშემწედ კი დიდებული _ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.
  ანისის განთავისუფლებამ და საქართველოსთან შეერთებამ შეაშფოთა მუსლიმი მეზობლები. შაჰ-არმენმა და მისმა მოკავშირეებმა იმავე წელს სცადეს ანისის დაბრუნება, მაგრამ საქართველოს ლაშქარმა ეს ბრძოლაც მოიგო. 1162 წელს გიორგი III-მ ბრძოლით აიღო სომხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მდიდარი ქალაქი დვინი.
   ანისისა და დვინის დაკარგვამ მაჰმადიანთა ამირები დიდად შეაშფოთა. საქართველოს აქტიურობამ ისინი აიძულა შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისათვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალებით გაეწიათ. ანისი კვლავ ყმადნაფიცობის პირობით დაექვემდებარა საქართველოს ხელისუფლებას.
  მუსლიმი მფლობელები არაერთგზის შეეცადნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები, მაგრამ გიორგი III-ემ შეძლო მიღწეულის შენარჩუნება.
  როგორც დავინახეთ გიორგი III მტკიცე და ენერგიული მმართველი იყო და შინაური მტრების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაც იცოდა. დიდებულთა ერთ ნაწილს ეს მდგომარეობა ხელს არ აძლევდა. როგორც გვახსოვს, გიორგი III-ის გამეფებამდე ტახტზე მცირე ხნით მისი ძმა დავით V იჯდა. უდროოდ გარდაცვლილ დავითს მცირეწლოვანი ვაჟი დემეტრე იგივე დემნა დარჩა, რომელსაც იმჟამად საქართველოში არსებული ტახტის მემკვიდრეობის წესის თანახმად, სამეფო ტახტი ეკუთვნოდა, მაგრამ დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე დაბრუნებულმა დემეტრემ, უფროს შვილზე გამწარებულმა, მეფობა თავის შვილიშვილ დემნას ნაცვლად უმცროს ვაჟს გიორგის გადასცა. გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ ტახტზე ასაყვანად თავის ქალიშვილს თამარს ამზადებდა. დავით V-ის ვაჟი დემნა უფლისწული ტახტის მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ამიტომ მას უცხო ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინება არ ევალებოდა. დემნამაც ცოლად საქართველოს ამირსპასალარის ივანე ორბელის ასული მოიყავანა. ამით ივანე ორბელი, რომელიც აქამდე, როგორც დემეტრე I-ს, ისე გიორგი III-ს ერთგულად ემსახურებოდა, დიდი ცთუნების წინაშე აღმოჩნდა. თავისი სიძის ტახტზე აყვანის შემთხვევაში ის ფაქტობრივად საქართველოში მეფის შემდეგ პირველი პირი გახდებოდა. დემეტრეს გამეფებას ერთი შეხედვით, ისიც აიოლებდა, რომ საზოგადოების თვალში დემნა “დაჩაგრული” უფლისწული იყო და მას საქართველოს მთელი სამხედრო ძალები ემორჩილებოდა. 
  შეთქმულება კარგად იყო მომზადებული, მათი ლაშქარი დაახლოებით 30 000 მებრძოლს ილტვიდა. აჯანყება 1177 წ. გიორგი III-თვის მოულოდნელად დაიწყო. შეთქმულები მეფის დატყვევებას ისახავდნენ მიზნად, მაგრამ მეფემ მათი განზრახვა ადრევე შეიტყო და თბილისის ციხეში გამაგრდა. მეფესთან ერთ-ერთი პირველი ყივჩაღთა ჯარის სარდალი ყუბასარი გამოცხადდა 500 მეომრით. თანდათანობით მეფის გარშემო ერთგული დიდებულები და ლაშქარი შეიკრიბა. დრო გიორგის სასარგებლოდ მოქმედებდა. ის სულ უფრო ძლიერდებოდა. გიორგი III-ის მხარეზე შეთქმულთა ბანაკში მყოფი დიდებულებიც გადავიდნენ. დემეტრე უფლისწული და ივანე ორბელი თავის საგვარეულოსთან ერთად მეფის პირისპირ მარტონი დარჩნენ და ლორეს ციხე-ქალაქში გამაგრდნენ. გიორგი მეფემ ციხე-ქალაქს ალყა შემოარტყა. ალყით შეწუხებული შეთქმულები იძულნებულნი გახდნენ მეფეს დანებებოდნენ. თვით დემნა უფლისწული ყელზე საბელმობმული ეახლა მეფეს, რაც დანებებას და მორჩილებას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, მეფემ ის  სასტიკად დასაჯა, ამის შემდეგ, დემნა მალე გარდაიცვალა. გიორგი III ორბელთა მთელ საგვარეულოს გაუსწორდა. ცოცხალი გადარჩა ამ საგვარეულოს მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც იმჟამად ივანე ორბელის მიერ გაგზავნილები იყვნენ სელჩუკებთან დახმარების სათხოვნელად. ამბოხება 1178 წლამდე გაგრძელდა.
  აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფემ დააწინაურა თავისი ერთგული მომხრეები, რომელთაგან ზოგიერთი დაბალი სოციალური წარმოშობისა იყო. ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი გახდა ყუბასარი, ხოლო მსახურთუხუცესი _ აფრიდონი.
  დემნა უფლისწულს შეთქმულების ჩაქრობის შემდეგ, დღის წესრიგში მტკივნეულად დააყენა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი, ამიტომ 1179 წ. გიორგი III თავისი ქალიშვილი თამარი მეფედ აკურთხა. ექვსი წლის მანძილზე მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. იმავე 1179 წელს გიორგი III-ისა და თამარის ინიციატივით მოიწვიეს კრება, რომელზეც გადაწყდა, რომ სასტიკად დაესაჯათ ქვეყანაში მომრავლებული ქურდები და ავაზაკები. კრების გადაწყვეტილებით, დამნაშავეები სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ. შეიქმნა “მპარავთმძებნელთა” საგანგებო სამსახური. გატარებულმა მკაცრმა ღონისძიებებმა სათანადო შედეგი გამოიღო: ქურდობა და ყაჩაღობა საგრძნობლად შემცირდა ქვეყანაში. 
   გიორგი III-ის მეფობის ბოლო წლები ქვეყნებისათვის მშვიდობიანი გამოდგა. ამ დროს საქართველოს სიძლიერის სახელი უკვე შორის იყო გავარდნილი. საქართველოს ანგარიშს უწევდნენ როგორც მეზობელი, ისე შორეული ქრისტიანული თუ მუსლიმური სახელმწიფოები. საქართველოს სამეფო კარზე მიმოდიოდნენ და საქართველოს მეფესთან ურთიერთობისა და კავშირის დამყარებას ცდილობდნენ ელჩები ბიზანტიიდან, რომის საღვთო იმპერიიდან (გერმანიიდან), აღმოსავლეთ ირანიდან (ხორასნიდან), ერაყიდან, ეგვიპტიდან, რუმის სასულთნოდან (მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო), ხორეზმიდან (შუა აზია), რუსეთიდან, შორეული ინდოეთიდან და ჩინეთიდან. 
  1184 წლის 27 მარტს გიორგი III კახეთში სტაგირს გარდაიცავალა. მეფე გელათში დაკრძალეს. 


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -