Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday, 26 March 2018
თამარ მეფე (1184-1213 წწ).
თამარის მეფედ კურთხევა
თამარს მამის გარდაცვალება 1184 წელს, თბილისში მოხსენდა. გიორგი მეფის და, თამარის აღმზრდელი მამიდა რუსუდანი კი, სამშვილდეში იმყოფებოდა. თბილისში ჩამოსულ რუსუდანს მგლოვიარე თამარი დახვდა და ორივენი დიდი ამალით ისნის სასახლისაკენ გაემართნენ. ცენტალურ დარბაზში მაღალი სამეფო ტახტი ცარიელი იდგა. იქვე ელაგა გიორგი III-ის სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და პორფირი (წითელი სამეფო მოსასხამი), მისი საბრძოლო საჭურველი. გიორგი III მთელმა საქართველომ დაიტირა. უამინდობის გამო მისი ცხედარი ჯერ მცხეთაში დაკრძალეს, ხოლო შემდგომ, იმავე წელს გელათის მონასტერში გადაასვენეს.
სიძნელეებმა გიორგი III-ის გარდაცვალებისთანავე იჩინა თავი. დიდგვაროვნებმა საეჭვოდ გახადეს თმარის ტახტზე ერთმმართველად ასვლა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობდა ქალის მიერ ტახტის დაკავების პრეცენდენტი. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო გამეფებული, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს. როგორც ჩანს ისინი შეეცადნენ თამარის სამეფო კარის პოლიტიკისათვის თავისი გავლენა მოეხვიათ თავს.
თამარის ხელმეორედ მეფედ კურთხევა დიდგვაროვან ფეოდალთა მიერ მათი გავლენის დემონსტრირება უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ საქართველოს მეფეები ცდილობდნენ დიდგვაროვანთა უფლებების შეზღუდვას. ამიტომაც ისინი შვილებს სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ აკურთხებდნენ. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ახალი მეფე მეფობას და სამეფო ნიშნებს ქვეყნის ძლიერი ფეოდალებისაგან კი არა, არამედ უშუალოდ მამისაგან იღებდა.
გარკვვეული წინააღმდეგობის შემდეგ თამარი მეორედ კურთხევაზე დაითანხმეს. ცერემონიალი ისე შესრულდა, რომ ხაზგასმული იქნა დიდგვაროვანთა უფლებები. მეფექალს გვირგვინი ქუთაისელმა მთავარეპისკოპოსმა, ანტონ საღირის ძემ დაადგა,. შესრულდა თამარ მეფისათვის, როგორც ლაშქრის მთავარსარდლისათვის, ხმლის გადაცემის ცერემონიალი. ეს მისია შეასრულა რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერმა და მასთან ერთად ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა. შემდეგ მას თაყვანი სცეს მოლაშქრეებმა _ “დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდივე სამეფოთა”. ასე, რომ დარბაზმა (სამეფო საბჭომაც) დაადსტურა თამარის გამეფების ლეგიტიმურობა.
ცერემონიალის დამთავრების შემდეგ დიდებულებმა მეფეს პრეტენზიები წამოუყენეს. მათ აღარ სურდათ სამეფო კარზე აეტანათ “მდაბიო” წარმშობის პირები, რომლებიც ორბელთა აჯანყების შემდეგ გიორგი III-ეს ჰყავდა დაწინაურებული. სამეფოს დიდებულთა ერთმა ჯგუფმა შეუტია ამირსპასალარ ყუბასარს და მსახურთუხუცესს აფრიდონს, როგორც “უგვაროებს” და კატეგორიულად მოითხოვა მათი გადაყენება. ყუბასარი დამბლადაცემული იყო და, ცხადია ვეღარ ასრულებდა ამირსპასალარის მოვალეობას. თამარი იძულებული შეიქმნა დაეთმო დიდებულებისათვის. ყუბასარი თანამდებობიდან გადააყენეს, მაგრამ სიკვდილამდე დიდი პატივი შეუნარჩუნეს, ხოლო უგვარო აფრიდონი კი “დაიმხო”. ამის შემდეგ გათავისუფლებული თანამდებობებისათვის გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა.
ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა
სრულიად მოულოდნელად, მალე, ახალი მოთხოვნა წამოაყენეს მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის მეთაურობით დიდებულთა მეორე ნაწილმაც. ამ ტიპის მოთხოვნა აქამდე სრულიად უცხო იყო საქართველოსათვის. მეჭურჭლეთუხუცესის გეგმა იმდენად თამამ პოლიტიკურ მოთხოვნებს შეიცავდა, რომ თამარმა და მისმა გარემოცვამ იგი ზოგადად სამეფო ხელისუფლების დასასრულად მიიჩნია.
შუა საუკუნეებში მეფე თავის ხელისუფლებას ახორციელებდა სამეფო დარბაზისა და სავაზიროს მეშვეობით. სამეფო დარბაზი _ მეფის სათათბირო ორგანო იყო და ქვეყნის უმთავრესი საკითხების გადასაწყვეტად სამეფო სასახლეში მეფის სურვილით იკრიბებოდა. დიდებულთა ეს ნაწილი კი, დარბაზის რეგულარულად მოწვევისაკენ მიისწრაფოდა. ამის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ დარბაზი ცალკე შენობაში შეიკრიბებოდა. ამიტომაც ამ დასის უმთავრესი მოთხოვნა დარბაზისთვის მეფის სასახლიდან ცალკე, ისნის ველზე სპეციალური კარვის დადგმა იყო.
კარავში შეკრებილნი უმთავრეს საკანონმდებლო ფუნქციას Yთავის ხელში აიღებდნენ. ეს კი, ძირითადად, ეხებოდა საშინაო პოლიტიკას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებების გამოტანას, როგორიც იყო სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე დანიშვნა-მოხსა, ქონების, მამულების, შემოსავლების, წყალობა-ბოძენა თუ შერისხვა-ჩამორთმევა და სხვა. თავის გადაწყვეტილებას კარავში შეკრებილნი მეფეს წარუდგენდნენ და მის ასრულებას დაავალებდნენ. ასე რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გადასცემოდა ახლადშექმნილ “დარბაზს”, მონარქი კი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათი გადაწყვეტილება კანონის ძალას მეფის თანხმობის გარეშე შეიძენდა. თვით ყუთლუ-არსლანი ამირსპასალარის თანამდებობას ლორეს მიღებას ლამობდა. მას აქტიურად უჭერდა მხარს დიდებულთა მძლავრი დასი და მოქალაქეთა ზედა ფენა. ცხადია, ეს მეფის ხელისუფლების შეზღუდვას გამოიწვევდა. მას ფაქტობრივად კარვის გადაწყვეტილების შესრულებათა რჩებოდა.
შუა საუკუნეების მონარქისათვის ეს წარმოუდგენელი იყო. მეფე ღვთივკურთხეულად ითვლებოდა და მისი უფლებების შეზღუდვა არ შეიძლებოდა. ეს თანამედროვეებსაც მშვენივრად ესმოდათ. ამიტომაც ამბობს აღშფოთებული თამარის მემატინაე: ყოველივე ეს ხომ “პატრონის (თამარის) ხელმწიფობის (ე.ი. შეუზღუდავი ხელისუფლების) დასასრულს ნიშნავდაო”. ყუთლუ-არსლანის დასი ფაქტობრივად პარლამენტის მსგავსი დაწესებულების ჩამოყალიბებას მოითხოვდა.
ასეთი წოდებრივ-წარმომადგენლობითი საკანონმდებლო დაწესებულებების შექმნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყო. პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებისა და მეფე-სუვერენის უფლებების შეკვეცის ყუთლი-არსნალისეულ პროგრამას ზოგჯერ ადარებენ უფრო გვიან, XIII საუკუნის დასაწყისში (1215 წ) ინგლისში შედგენილ “თავისუფლების დიდ ქარტიას”, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა მეფის ხელისუფლება.
თამარის ბრძანებით, ყუთლუ-არსლანი შეიპყრეს. სამეფო კარი ფიქრობდა, რომ ამით მოძრაობას ბოლოს მოუღებდა. შედეგი საწინააღმდეგო აღმოჩნდა. ყუთლუ-არსლანის მიმდევრებმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და თავიანთი მეთაურის განთავისუფლება მოითხოვეს. თუ არა და ისინი მეფის სასახლეზე გალაშქრებითაც კი იმუქრებოდნენ. თამარმა მეამბოხეებთან მოსალაპარაკებლად ორი წარჩინებული მანდილოსანი, ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატი სურამელის დედა ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი გააგზავნა. საქმე მორიგებით დასრულდა. ყუთლუ-არსლანი გაანთავისუფლეს. ამბოხებულებმა “კარვის” შექმნაზე უარი თქვეს, სამაგიეროდ, თამარი მათ ხელშუხებლობის გარანტიას აძლევდა. სამეფო კარი მცირე დათმობაზე მაინც წავიდა. სამეფო დარბაზის უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახლა უკვე მეფე უმაღლეს თანამდებობის პირებს დიდებულთა “თანადგომითა და ერთნებაობით” ნიშნავდა.
ქართველ მეცნიერთა შორის არ არის ერთიანი აზრი თავად ყუთლუ-არსლანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილის აზრით, იგი დაბალი სოციალური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, რომელიც დემნას აჯანყების შემდეგ დააწინაურა გიორგი III-ემ. ყუთლუ-არსლანს დაბალი სოციალური წარმოშობის გამო უწოდებს ისტორიკოსი ჯორს და ბიჭს (ბიჭი ნიშნავდა უკანონოდ შობილს), ყუთუ-არსლანის მომხრეები კი ძირითადად “სიმდიდრით აღზევებულნი” ანუ მესამე წოდების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო საკანონმდებლო ხელისუფლების “კარავისათვის” გადაცემა, ხოლო მეფისათვის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების სენარჩუნება. ნიკო ბერძენიშვილის აზრით კი ყუთლუ-არსლანი და მისი მომხრეებიც დიდგვაროვნები იყვნენ. მათი მოთხოვნა კი ფეოდალთა ტიპიური მოთხოვნა იყო _ შეეზღუდათ მეფის ძალაუფლება.
ამგვარად, ყუთუ-არსლანის დასის პოლიტიკური გამოსვლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გარეგნულად კომპრომისით დასრულდა. ეს კომპრომისი ხელსაყრელი იყო სამეფო ხელისუფლებისათვის და ფაქტობრივად მის საწინააღმდეგო პოლიტიკური მოძრაობის მარცხს წარმოადგენდა. სამეფო ხელისუფლების დანაწილების პროგრამა ვერ განხორციელდა.
თამარის ხელისუფლების განმტკიცება
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის შემდეგ საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად ანტონ გნოლისთავისძე დანიშნა. იგი ბრძენი და გონიერი, ამასთან თამარის ერთგული იყო. ამირსპასალარობა სარგის მხარგრძელმა მიიღო. მანდატურთუხუცესად ჭიაბერი დაინიშნა. მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერ ვარდანისძე გახდა, მსახურთუხუცესი _ ვარდან დადიანი. ამილახვრობა ებოძა გამრეკელ თორელს, რომელიც სარგის მხარგრძელის სემდეგ ამირსპასალარადაც დაინიშნა.
ასე, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა და მაღალი თანამდებობეიც გავლენიან საგვარეულოებს შორის გადანაწილდა., მაგრამ სამეფო ხელისუფლების შედარებით სისუსტის ნიშანი იყო, რომ დიდებულებმა თამარის დაუკითხავად შეარჩიეს მისთვის საქმრო. სამეფო ტახტს მემკვიდრე ესაჭიროებოდა, ხოლო ლაშქარს _ მეთაური.
კავკასიის გადაღმა, კავკასიელი ტომების, ოსებისა და ყივჩაყთა ქვეყნების ჩრდილოეთით როგორც ვიცით, რუსეთი იყო გადაჭიმული, რომელიც იმჟამად მრავალ სამთავროდ იყო დაშლილი. მათ შორის ყველაზე დიდი და ძლიერი ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო იყო. მას ბოგოლუბსკები განაგებდნენ. ქართველ დიდებულებს თამარის საქმროდ სწორედ ვლადიმირ-სუზდალის გარდაცვლილი მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟი და ახალი მთავრის ვსევოლოდის ძმიშვილი იური უნდოდათ, რომელიც იმჟამად ბიძას გაქცეული თავს ყივჩაყებთან აფარებდა. იურის პირადი თვისებებით არავინ დაინტერესებულა. ისე კი იური დიდებულებს ყოველ მხრივ აკმაყოფილებდა: ის იყო სამეფო საგვარეულოდან, გარეგნულად წარმოსადეგი, ახოვანი და კარგი მეომარი, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ საქართველოის ახლო მომავალში კეთილშობილი წარმოშობის, ჯანმრთელი ტახტის მემკვიდრე გაუჩნდებოდა, ხოლო ჯარს კარგი წინამძღოლი ეყოლებოდა. ამავე დროს იური ბოგოლუბსკი საკუთარი ქვეყნიდან გამოძევებული უფლისწული იყო. შესაბამისად, საქართველოში ის ყოველმხირვ დამოკიდებული იქნებოდა როგორც თამარ მეფეზე, ისე ამ დიდებულებზე, რომლებმაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს. ბედნიერი თანხვედრა იყო ისიც, რომ ყოველივე ზემოთქმულითან ერთად იური სარწმუნოებით ქრისტიანი იყო. ქრისტიანი უფლისწულები კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არც თუ ისე იოლად მოიძებდნებოდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თამარი იძულებული გახდა ამ მისთვის არასასურველ ქორწინებას დასთანხმებოდა. მაშინ დიდებულებმა ყივჩაყეთში სასწრაფოდ გააგზავნეს დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელი და იური ბოგოლუბსკი საქართველოში ჩამოყვანეს. იურის ქართველები “გიორგი რუსს” ან უბრალოდ “რუსს” ეძახდნენ. მატიანეებში ის ზოგჯერ “უბედურ რუსადაც” მოიხსენიება. თამარის და გიორგი რუსის ქორწილი 1185 წლის გაზაფხულზე მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ დიდებულთა ერთი ნაწილი იურის ჩამოყვანის წინააღმდეგი იყო, მათ თავიანთი კანდიდატი ჰყავდათ. ეს იყო ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკე I კომნენოსის ძე ალექსი.
თამარს და გიორგი რუსს შვილი არ შესძენიათ. თამარისთვის აშკარა გახდა, რომ გიორგი რუსთან ცოლქმრული ცხოვრების გაგრძელება მას აღარ ძალუძდა. საქართველოს მეფისათვის და საერთოდ საქართველოს სამეფო კარისათვის აუტანელი აღმოჩნდა ის ცხოვრების ნირი, რომელსაც გიორგი იყო შეჩვეული. მემატიანე მოგვითხრობს, რომ მას ჰქონდა მძიმე სიმთვარელე, რომლის დროსაც ის შეურაცხოფას აყენებდა მეფე თამარს, სასახლის მოხელეებს. განსაკუთრებით დამაღონებელი სამეფო კარისათვის იყო ის, რომ ამ ხნის განმავლობაში თამარს მემკვიდრე არ გაუჩნდა. რაც მთავარია, გიორგი რუსს ეცოტავა მეფე-ქმრის უფლებები და პოლიტიკური ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის ბრძოლა დაიწყო.
ასეთ ვითარებაში თამარმა სამეფო დარბაზისა და ახლად არჩეული პატრიარქისაგან ქმართან განქორწინების ნება ითხოვა. გიორგი რუსისადმი თამარის მიერ, წაყენებული უმთავრესი ბრალდება ცოლქმრული ღალატი იყო. “თუმცა საღმრთო სჯული გვასწავლის, რომ არ უნდა გაშორდე პირველ საწოლს, _ მიმართა თამარ მეფემ განქორწინების შესახებ განაჩენის გამოსატანად შეკრებილ დარბაზს _ მაგრამ მოთმენა იმისა, ვინც თვით არ იცავს თავის საწოლს წმინდად, ჩვენგან არ ეგების, ვინაიდან ის შემაგინებელია ღმრთის ტაძრის”. ამის შემდეგ თამარმა გიორგის შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ მე არ ძალმიძს მრუდე ხის ჩრდილის გასწორება, ამიტომ უბრალოდ დავიფერთხავ იმ მტვერს, რომელიც ამეკრო შენგან”. დარბაზმა და კათალიკოსმა თამარ მეფეს ქმართან განშორების ნება დართო. ამის შემდეგ გიორგი დიდი ქონებით და პატივით, ზღვით კონსტანტინეპოლში გაამგზავრეს.
ცოტა ხნის შემდეგ თამარმა მეორედ 1189 (ან 1188) წელს იქორწინა ოსთა მეფის, ჯადრონის ვაჟზე, დავით სოსლანზე, რომელიც საქართველოში მისივე მამიდის, რუსუდანის კარზე იყო აღზრდილი. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, დავით სოსლანი მამით ოსთა მეფეთა ეფრემიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, ხოლო დედის მხრიდან კი _ ბაგრატიონთა საგვარეულოს. მიაჩნდათ, რომ ის იყო ბაგრატ IV-ის ნახევარძმის დემეტრეს შთამომავალი.
კონსტანტინოპოლში გადახვეწილმა გიორგი რუსმა მისი მომხრე დიდებულების დახმარებით 1191 წელს სცადა საქართველოში შემოჭრა, მაგრამ თამარის ლაშქარმა ადვილად დაამარცხა ამბოხებულთა ჯარი. დატყვევებული გიორგი რუსი და მისი მომხრეები იმდროისათვის მიღებული წესების საწინააღმდეგოდ მკაცრად არ დაუსჯიათ. გიორგი ისევ გააძევეს ქვეყნიდან, ბევრ ამბოხებულს კი აპატიეს, თუმცა დიდი ფეოდალების დიდმა ნაწილმა დაკარგა ადრინდელი თანამდებობები.
1193 წელს გიორგი რუსმა კვლავ სცადა საქართველოში შემოჭრა. ამჯერად ის ჰერეთის მხრიდან გამოჩნდა. გიორგი რუსს მხარი აღარავინ დაუჭირა და იგი ადვილად დაამარცხეს.
ამგვარად, თამარმა მოახერხა მძაფრი პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევა და მეფობა “დააწყნარა”, მაგრამ ეს მოწინააღმდეგეთა ბრძოლით დამარცხების გარდა, გარკვეული დათმობებითაც მოხდა. ამ შინაგანი გამარჯვების სემდეგ გაძლიერებულმა საქართველოს სამეფო კარმა აქტიურად მიხედა საგარეო პოლიტიკას.