Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
დემეტრე I ( 1125 _ 1156 წწ)
დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი უფროსი ვაჟი დემეტე I ავიდა. დემეტრეს სამეფო გვირგვინი დავით მეფემ ჯერ კიდევ სიცოცხლეში დაადგა. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების შემდეგ ის მეფედ ხელმეორედ აკურთხეს. დემეტრეს ხელმეორედ მეფედ კურთხევნის სცენა გამოხატულია ზემო სვანეთში, ლატალში მაცხვარიშის (მაცხოვარის) ეკლესიის კედელზე. ფრესკაზე მეფეს ერისთავები აბამენ ხმალს, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს. დემეტრე მეფის ფრესკას თან ერთვის წარწერა: “ხმალს აბმენ დავითის ერისთავნი”.
დემეტრე I-ს მემკვიდრეობით ერგო მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული სახელმწიფო. მართალია ამ დროისათვის ერთიანი სელჩუკთა სახელმწიფო აღარ არსებობდა, მაგრამ საქართველოს სამხრეთის საზღვრებთან წარმოიშვა რამდენიმე მაჰმადიანური სამფლობელო: ხლათის სასულთნო შაჰ_არმენთა დინასტიით სათავეში, არზრუმის საამირო, რუმის სასულთნო და აზერბაიჯანში _ ელდიგუზების საამირო.
დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველო თავს იკავეებდა აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებისაგან და ძირითადად დავით აღმაშენებლის მიერ დატოვებული საზღვრების დაცვას ცდილობდა. უფრო მეტიც, დემეტრე I-ს, თითქმის გამფებისთანავე კვლავ ხმლით ასაღები გაუხდა დმანისი და ხუნანი. 1126 წელს საქართველო იძულებული გახდა ფადლონ II-ისათვის გადაეცა ქალაქი ანისი, სამაგიეროდ ფადლონმა საქრთველოს მეფის ყმადნაფიცობა იკისრა.
საქართველოს სამეფომ მთლიანად ვერ შეინარჩუნა შარვანიც, რომელიც 1129-1130 წლებში ორად გაყვეს. მისი ერთი ნაწილი უშუალოდ შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო მეორე ნაწილში აღდგა შარვნშაჰის ხელისუფლება, რომელიც ასევე საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა.
საკმაოდ დაიძაბა ვითარება ქვეყნის შიგნითაც. 1130 წელს დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო მისმა უმცროსმა ძმამ ვახტანგმა ანუ ცვატამ. დემეტრემ თავისი ძმა სასტიკად დასაჯა _ თვალები დასთხარა.
საქართველოს გაძლიერებას ვერ ურიგდებოდნენ მაჰმადიანი მფლობელები. ურჩობის გზა დაადგა საქართველოს ყმადნაფიცი განძის ამირაც. 1139 (1138 წ) წლის 30 სექტემბერს რანსა და ადარბადაგანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქი განძა დაანგრია. ქართველებმა ამით ისარგებლეს და შეტევაზე გადავიდნენ. დემეტრე მეფემ ქალაქი განძა აიღო და მისი რკინის კარიბჭე გელათის მონასტერს შესწირა. ეს კარი დღესაც გელათში ინახება. მასზე არაბული წარწერაა, რომელიც კარების გამოჭედვის თარიღად ჰიჯრით 455 ანუ 1139 წ. ასახელებს. კარებზე მეფე დემეტრეს ბრძანებით ამოკვეთილი წარწერაცაა: “მეფემან დიმიტრი რანი დაარბია და ეს კარი იქიდან მოიტანა მისი მეფობის მეცამეტე წელს, დასაბამითგან 6743 (1139 წ.)”.
დემეტრე მეფე მუსლიმი ქვეშერდომების მიმართ სახელოვანი მამის, დავით აღმაშენებლის შემწყნარებლურ პოლიტიკას აგრძელებდა. “მე ვნახე აქ ისეთი პატივისცემა მუსლიმებისა, რაც მათ ბაღდადშიც არ ექნებოდათ” _ წერს აღფრთოვანებული არაბი ავტორი ალ-ფარიკი. ამიტომაც იყო, რომ ცნობილი შარვანელი პოეტი ხაკანი საქართველოს მეფეს მეორე “ისკანდერს” ანუ “ალექსანდრე მაკედონელს” უწოდებს:
დემეტრეს მეფობის ბოლო წლები სამეფო ოჯახში დაპირისპირებით აღინიშნა. დემეტრეს ორი ვაჟი ჰყავდა, უფროსი დავითი და უმცროსი გიორგი. მეფე გიორგი უფლისწულს ანიჭებდა უპირატესობას და უფროსი ვაჟი დავითი არ უყვარდა. შესაძლოა ამის მიზეზი იყო ის, რომ დავითს ტახტის დაუფლება მამის სიცოცხლეშივე სურდა და ეს დემეტრესათვისაც ცნობილი იყო. 1150 წელს დავითი მამის წინააღმდეგ პირველად აჯანყდა, მაგრამ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, პატივმოყვარე და ურჩ უფლისწულს ტახტისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. 1154-1155 წლებში დავითმა თავის მიზანს მაინც მიაღწია: დემეტრე იძულებული გახდა ტახტი საძულველი შვილისათვის დაეთმო და ბერად აღკვეცილიყო. მეფე ბერად დავით გარეჯის მონასტერში შევიდა. XIX ს-ის ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, მისი ბერობის სახელად დამიანეს მიიჩნევს. ორივე ეს ცნობა არაა სწორი. ამ შემთხვევაში უფრო სანდოა XVII ს-ის ერთი გულანის მინაწერი, რომლის მიხედვით დემეტრე I ბერად გელათის მონასტერში ჩანს და მას დანიილი ეწოდება.
ბერად აღკვეცილი მეფე ღვთის მორჩილს სულაც არ წააგავდა. ის ტახტის დაბრუნებისაკენ მიილტოვდა და თანამედროვე ცნობით, ღმერთს უღირსი შვილის დასჯას შესთხოვდა. მართლაც დავით V მხოლოდ ექვსი თვე იმეფა და გარდაიცვალა. ზოგიერთი ცნობით, მას სიცოცხლე საწამლავმა მოუსწრაფა. შვილის სიკვდილისთანავე დემეტრე ტახტზე დაბრუნდა და თავისი უმცროსი ვაჟი გიორგი თანამოსაყდრედ აკურთხა. ამის შემდეგ დემეტრეს დიდხანს არ უცოცხლია. 1156 წელს იგი ბელტის ციხეში (ბებრის ციხე მცხეთასთან) გარდაიცვალა. დემეტრეს ცხედარი დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს და საქართველოს მეფეთა ახალ საძვალეში, გელათის მონასტერში დაკრძალეს.
საინტერესოა ვიცოდეთ, რომ დემეტრე მეფე თავისი სახელოვანი მამის დავითის მსგავსად შესანიშნავი პოეტი იყო. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ლექსი “შენ ხარ ვენახი”.