Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 2 March 2018



მაკედონიის სახელმწიფოს გაძლიერება
ფილიპე II (ძვ.წ. 359-336 წწ)

    პელოპონესის ომის შემდეგ საბერძნეთში დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდემ ვერ დაისადგურა. არ წყდებოდა გაუთავებელი უთანხმოებანი პოლისებს შორის, რაც მათ დასუსტებას იწვევდა. საბერძნეთის არც ერთ, ქალაქს არ შესწევდა ძალა აღედგინა ელადის ძველი დიდება და ძლიერება. ეგეოსის ზღვის აუზი და მცირე აზია სპარსეთის ხელში აღმოჩნდა. სპარტელ და სხვა ბერძენ მეომრებს სპარსელი და ეგვიპტელი მონარქები ქირაობდნენ. საბერძნეთი კრიზისიდან გამოვიდა ძვ.წ. IV საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ჩრდილოეთ საბერძნეთში ძლიერი სახელმწიფო _ მაკედონია ჩამოყალიბდა.  მაკედონიის სამეფო  გაძლიერდა ძვ.წ. IV საუკუნეში. 
   მაკედონიის მეფემ ფილიპე II-ემ (ძვ.წ. 359 - 336 წწ) თავისი სამეფოს გაძლიერების მიზნით გაატარა რეფორმები. მან მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია _ კერძდ შექმნა ძლიერი ქვეითი ჯარი _ “მაკედონური ფალანგა”. ფალანგაში მეომრები რიგებად იდგნენ. წინა რიგები თავს დიდი ტყავის ფარებით იცავდა. მეომრებს დიდი შუბები ეკავათ, ისინი ფალანგის წინ შუბების ტყეს ქმნიდნენ. თითოეული მეომარი უსიტყვოდ ასრულებდა მეთაურის ბრძანებას. უამრავი შუბითა და ფარით დაცული ფალანგა დიდ ძალას წარმოადგენდა. მას ერთი ნაკლი ჰქონდა _ სწრაფი მანევრირება უჭირდა, ამიტომ ფალანგას ზურგიდან და ფლანგებიდან მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი და ცხენოსანი ჯარი იცავდა.
   ფილიპე II-ემ გაატარა ფულის რეფორმაც. იმ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ძირითადად ბერძნული ვერცხლისა და სპარსული ოქროს მონეტები ტრიალებდა. მაკედონიის მეფემ კი მოაჭრევინა ოქროს მონეტები, რომელსაც “ფილიპიკებს” უწოდებდნენ და რომელიც სპარსულზე რამდენიმე გრამით მძიმე იყო. ამით ფილიპემ მაკედონური ფული საერთაშორისო ვალუტად აქცია.

    არმიის გაძლიერების შემდეგ ფილიპე II-ემ მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო და ბერძნული პოლისები. ომითა და ხშირად ფულითაც, ფილიპე თანდათან იერთებდა ბერძნულ ოლქებს და პოლისებს. ფილიპე მოისყიდიდახოლმე ზოგიერთ მოქალაქეს და ისინიც ქალაქის კარს უღებდნენ. ამაზე ფილიპე დაცინვით ამბობდა: ოქროთი დატვირთული სახედრით რომელ ქალაქსაც გინდა აიღებო.
   მაკედონიის მზარდი გავლენის გამო საბერძნეთში ორი პოზიცია ჩამოყალიბდა: პრომაკედონური და ანტიმაკედონური: 1)პრომაკედონური დაჯგუფების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მაკედონიის მეთაურობით შეიძლებოდა შექმნილიყო ერთიანი ბერძნული კავშირი, რომელიც წარმატებით დაუპირისპირდებოდა სპარსეთს. 2)ანტიმაკედონური პოზიციის მეთაური იყო ცნობილი ორატორი და მხედართმთავარი _ დემოსთენე. ისინი ფილიპეში თავისუფლებისა და დემოკრატიის მტერს ხედავდნენ, ხოლო მაკედონელებს არაელინ ბარბაროსებს უწოდებდნენ.

   ფილიპე II-ემ ათენელებისა და თებელების კოალიციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა გამართა ძვ.წ. 338 წელს ქერონეასთან. მაკედონიის ჯარმა სძლია ბერძნებს. ფილიპე II-ემ ბერძნული პოლისები გააერთიანა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა. გამონაკლისს სპარტა შეადგენდა, რომლის მმართველობის ვერც დამარცხება და ვერც მოსყიდვა მაკედონიის მეფემ ვერ მოახერხა. მაგრამ ფილიპე II-ემ ბერძნებს დაუსახა მიზანი _ სპარსელებზე შურსძიება. ეს იდეა აიტაცა და გარკვეული მოდიფიკაციით გამოიყენა მისმა ვაჟიშვილმა _ ალექსანდრე მაკედონელმა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -