Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 2 March 2018
პელოპონესის ომი
ბერძნულ პოლისებს შორის ყველაზე ძლიერი ათენი და სპარტა იყო. ორივე პირველობაზე ოცნებობდა და ამიტომ ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენდნენ. ამავე დროს ორივეს ჰყავდა მოკავშირეები.
ათენის “საზღვაო კავშირის”, იგივე დელოსის კავშირის წევრებს თავიანთი სამხედრო-საზღვაო ძალების გამოყვანა და მათი შენახვა ევალებოდათ. კავშირში შემავალი პოლისები თანასწორად ითვლებოდნენ და ათენს მათ შინაურ საქმეებში ჩარევა ეკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, თანდათანობით დელოსის საზღვაო კავშირში ათენმა იმპერიული ამბიციები გამოავლინა. ათენელები შემოტანილ თანხასაც თვითნებურად განაგებდნენ და მოკავშირეთა საქმეებშიც აქტიურად ერეოდნენ.
ბერძენ-სპარსელთა ომის დროს სხვა ბერძნულ პოლისებს შორის ათენის წამყვანი როლი მნიშვნელოვანწილად იმანაც გაზარდა, რომ აქ ვერცხლის მდიდარი საბადოები არსებობდა, რამაც ათენს საშუალება მისცა შეექმნა ძლიერი და დიდი სამხედრო-სავაჭრო ფლოტი. ამან განაპირობა ის, რომ თანდათანობით მთელი ეგეოსის ზღვის აუზი და მიმდებარე ტერიტორიები ათენის საზღვაო იმპერიის შემადგენელ ნაწილებად იქცა.
ათენის კავშირი ეყრდნობოდა დემოსს და ებრძოდა არისტოკრატია-ოლიგარქიას, სწორედ ამის გამო ათენს დაპირისპირება მოუხდა სამხრეთ საბერძნეთის პოლიტიკურ გაერთიანებასთან _ პელოპონესის კავშირთან, რომლის სათავეშიც იდგა სპარტა.
ათენი ხშირად ერეოდა ბერძნული პოლისების საქმეებში, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევდა. ათენის ასე გაძლიერება მიუღებელი გახდა სპარტისათვის, რომელმაც უფრო ადრე, ძვ.წ. VI საუკუნეში შექმნა პელოპონესის კავშირი. ამ კავშირის წევრი სახელმწიფოები არ შედიოდნენ ათენის საზღვაო კავშირში. პელოპონესის კავშირს არა მარტო საბერძნეთში პირველობისათვის ჰქონდა პრეტენზია, არამედ მას სურდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთისაკენაც გაევრცელებინა თავისი გავლენა.
ათენსა და სპარტას შორის ყველზე მეტად დაიძაბა ურთიერთობა ძვ.წ. 431 წელს. ამ წელს ათენსა და სპარტას შორის დაიწყო ომი, რომელიც 27 წელს მიმდინარეობდა. (დასრულდა ძვ.წ. 404 წელს). მასში ჩართული აღმოჩნდა საბერძნეთის მრავალი ქალაქ-სახელმწიფო. ომს პელოპონესის ომი ეწოდა, რადგან ეს ომი პელოპონესის კავშირმა დაიწყო.
ასე, რომ სპარტამ ომი გამოუცხადა ათენს. პელოპონესის ომი საბერძნეთში ნამდვილ სამოქალაქო ომად იქცა. ათენელებმა ზღვაზე რამდენჯერმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე, ხმელეთზე ბრძოლაზე კი უარს ამბობდნენ, რადგან სპარტელები უფრო გამოცდილები იყვნენ. ამიტომ ათენელებმა თავი შეაფარეს ქალაქის კედლებს. ქალაქის აღებაში კი სპარტელები შედარებით სუსტები იყვნენ. ათენელთა თავდაცვითმა ომმა გაამართლა, მაგრამ უეცრად მათ შორის გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია. პერიკლეს ავტორიტეტიც შეირყა. შავმა ჭირმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ამასთანავე ძვ.წ. 429 წ გარდაიცვალა ხანდაზმული პერიკლეც.
როგორც ვხედავთ, პელოპონესის ომის დროს ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. სპარტას ფინანსურად ეხმარებოდა აქემენიდური სპარსეთი, აგრეთვე სპარსეთის ზოგიერთი მოკავშირე.
საბოლოოდ, სპარტელებმა ძვ.წ. 404 წ დაიკავეს ათენი და დაამყარეს ოლიგარქიული მმართველობა. ათენი შევიდა სპარტის ჰეგემონიით არსებულ პელოპონესის კავშირში. დაიდო ზავი, რომლის პირობითაც:
1. დაიშალა ათენის საზღვაო კავშირი, ათენს აეკრძალა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება;
2. ათენელებს დაანგრევინეს პერიკლეს მიერ აგებული კედლები და პირეოსის სიმაგრეები;
3. შეუკვეცეს ფლოტში გემების რაოდენობა;
ასე დასრულდა თითქმის 28 წლიანი ომი. მართალია ძვ.წ. 403 წელს ათენში ძალაუფლება დემოკრატებმა დაიბრუნეს, მაგრამ ათენი პელოპონესის კავშირში დარჩა.
როგორც ვხედავთ პელოპონესის ომში მხოლოდ ათენი არ დამარცხებულა. დემოკრატიული ათენის, ელადის ლიდერის განადგურება მთელი საბერძნეთის მარცხი იყო. პელოპონესის ომის შემდეგ დასუსტებული აღმოჩნდა მთელი საბერძნეთი, ეს იყო ომი გამარჯვების გარეშე.
სანამ ბერძნები ურთიერთშორის ბრძოლით იყვნენ დაკავებულები, ამასობაში ნელ-ნელა ძლიერდებოდა საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე სამეფო – მაკედონია.