Posted by : ლელა კაკაშვილი Friday, 2 March 2018


ალექსანდრე მაკედონელი 
(ალექსანდრე დიდი)


       ფილიპე II-ეს სურდა, რომ მის ვაჟს ნამდვილი ელინური განათლება მიეღო. ამ, მიზნით ფილიპემ ალექსანდრეს აღმზრდელად მოიწვია იმხანად ყველაზე ჭკვიად და ბრძენკაცად აღიარებული ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. ალექსანდრეს მის შესახებ უთქვამს: “თუ მამაჩემმა სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ ცხოვრებისათვის ალღოს აღება მასწავლა”-ო.
         ალექსანდრე ნიჭიერი, განათლებული, გაბედული და ენერგიული ადამიანი იყო, მაგრამ ფიცხი ხასიათი ჰქონდა. იგი დიდი პატივს სცემდა ბერძნულ კულტურას. მისი საყვარელი ნაწარმოებები იყო ჰომეროსის “ილიადა”, საყვარელი გმირი კი აქილევსი.
      ძვ.წ. 336 წელს ფილიპე II გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (შეთქმულებმა მოკლეს), მაკედონიის ტახტზე 20 წლის ალექსანდრე ავიდა. მას სურდა “დედამიწის მფლობელი” გამხდარიყო, მისი მიზანი იყო: შეენარჩუნებინა ძალაუფლება საბერძნეთშიც და სპარსეთის სამეფოც დაეპყრო..
  როგორც ავღნიშნეთ ალექსანდრე მაკედონელმა მიზნად დაისახა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი პრინციპი:
1.ენობრივი ერთიანობა _ რაც მომავალ სახელმწიფოში ბერძნული ენის, ოფიციალურ ენად აღიარებას ნიშნავდა;
2.კულტურული ერთიანობა _ რაც ბერძნული კულტურის მემკვიდრეობის ფართოდ გავრცელებას და მასთან სხვადასხვა რეგიონების ტრადიციების შეზავებას გულისხმობდა;
3.პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა _ რაც გულისხმობდა მის მიერ ჩამოყალიბებული  სახელმწიფოსათვის ერთიანი მმართველობის სისტემის შექმნას;

     ეს იდეა ალექსანდრე მაკედონელს განასხვავებს ყველა სხვა დიდი დამპყრობლებისაგან და გარკვეულ წილად აქცევს დღევანდელი გლობალიზაციის იდეის წინამორბედად. 
ამ მიზნის მისაღწევად ალექსანდრე დიდის უპირველს ამოცანას წარმოადგენდა სპარსეთის იმპერიის დამარცხება და დაპყრობა. ამიტომ  ალექსანდრემ სამხედრო ოპერაციები მცირე აზიიდან დაიწყო. 
     ძვ.წ. 334 წელს, ლეგენდარული ტროას სიახლოვეს, მდინარე გრანიკთან,   ალექსანდრეს გზა გადაუღობეს აქემენიდური სპარსეთის შაჰის, დარიოს III-ის, სატრაპების მიერ სახელდახელიდ შეკრებილმა ლაშქარმა. ალექსანდრეს მებრძოლებმა პირველივე ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები. ამ გამარჯვების შემდეგ მაკედონელის არმიას თამამად უღებდა ქალაქის ჭიშკარს მცირე აზიაში სპარსელთა ბატონობა მობეზრებული მრავალი ქალაქი.
       დიდი ბრძოლა გაიმართა ძვ.წ. 333 წელს ისოსთან. ალექსანდრეს მთავარსარდლობით  ბერძნულ-მაკედონურმა ჯარმა სპარსელები დაამარცხა, თუმცა თვითონ ალექსანდრეც მსუბუქად დაიჭრა. დარიოს III-ემ თავს გაქცევით უშველა. ტყვეებს შორის სპარსეთის მეფის დედა, მეუღლე და ქალ-ვაჟიც აღმოჩნდნენ. მაკედონელი საპატიო ტყვეებს კარგად მოექცა და შესაბამისი პატივიც მიაგო. როდესაც დარიოს III სამშვიდობოს გავიდა, მან ალექსანდრეს წერილი გაუგზავნა, ოჯახის დაბრუნება და მეგობრობა შესთავაზა. ალექსანდრემ საპასუხოდ მისგან მორჩილება მოითხოვა.
     ალექსანდრემ თანმიმდევრობით დაიპყრო მცირე აზიის ქალაქები. უკვე ძვ.წ. 332 წ მან შეუტია ფინიკიას, ეგვიპტეს და ეს ქვეყნებიც დაიპყრო. სპარსელთა უღელქვეშ მყოფი ხალხები ალექსანდრეს მხსნელად მიიჩნევდნენ. ეგვიპტეში ამონის ტაძრის ქურუმებმა იგი ამონის ძედ, ღმერთის სწორად გამოაცხადეს და ფარაონად აღიარეს. 

    ეგვიპტედან ალექსანდრემ შუამდინარეთზე ილაშქრა. სპარსეთის მეფემ, დარიოს III-ემ ალექსანდრე მაკედონელს თავისი სამეფოს ნახევარი შესთავაზა. ალექსანდრემ დარიოსს  შემდეგი პასუხი გასცა: “არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდეს, დამმორჩილდი ან შემებრძოლე!”-ო. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დარიოსმა კვლავ აღუთქვა ნახევარი სამეფო, მისი პასუხი ამჯერად ასეთი იყო: “მე შენ მთავაზობ იმას, რაც უკვე შენ აღარ გეკუთვნის”. 
  ბრძოლა გაიმართა ძვ.წ. 331 წ მდინარე ტიგროსის ნაპირზე ასურეთის ძველი დედაქალაქის ნინევიის მახლობლად გავგამელას ველზე. 
    გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრემ გაიმარჯვა, დარიოსმა გაქცევით უშველა თავს. იგი თავისივე მოღალატე დიდებულმა, ბაქტრიის სატრაპმა ბესამ მოკლა, რათა ალექსანდრეს კეთილგანწყობა დაემსახურებინა. ალექსანდრეს სძულდა მშიშარა და ლაჩარი ადამიანები. იგი არ ენდობოდა მოღალატეს და პატივს სცემდა მამაც მოწინააღმდეგეს. მან დარიოსი დიდი პატივით დაკრძალა, მოღალატე დიდებული გადასცა დარიოსის ნათესავებს, რომლებმაც იგი ნაწილ-ნაწილ აკუწეს. (გავგამელას ბრძოლის დროს ალექსანდრე დიდისა და დარიოს III-ის ფრესკები აღმოჩენილია პომპეიში, არქეოლოგიური გათხრებისას).
  გავგამელას ველზე გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა ბაბილონი უბრძოლველად დაიკავა, შემდეგ სპარსეთის დედაქალაქ პერსეპოლიში შევიდა და მისი გადაწვა ბრძანა. ალექსანდრემ თავი დარიოსის კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა. სპარსეთის ტახტზე, შესაბამისად, მსოფლიო მბრძანელობაზე თავისი უფლებისათვის ლეგიტიმური ელფერის მიცემის მიზნით, ალექსანდრემ ერთდროულად დარიოს III-სა და არტაქსერქსე III-ის ქალიშვილები ცოლად შეირთო. ბერძნები უკმაყოფილონი იყვნენ მისი ასეთი “სპარსული” განწყობილებით. ამას ალექსანდრეს წინააღნმდეგ არაერთი შეთქმულება მოჰყვა. როდესღაც ძლიერი სპარსეთის სამეფო დაემხო, ალექსანდრე უზარმაზარი ტერიტორიის მბრძანებელი გახდა, ის მაკედონიას ფართობით 50-ჯერ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით _  20-ჯერ აღემატებოდა. ალექსანდრეს ტიტული იყო: მაკედონიის მეფე, ეგვიპტის ფარაონი და სპარსეთის დიდი მეფე.

   სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე დიდი შუა აზიაში შეიჭრა და სამწლიანი  ბრძოლების შემდეგ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ძვ.წ. 327 წ ალექსანდრე დიდმა ინდოეთი დალაშქრა. ძვ.წ. 326 წელს ალექსანდრემ პენჯაპის მეფე ჰიდასპესთან ბრძოლაში დაამარცხა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დამპყობთა წინააღმდეგ 200 საბრძოლო სპილო გამოიყვანა. ალექსანდრეს მეომრები თავდაპირველად დაიბნენ, რადგან მათ ეს ცხოველი მანმადე არ ენახათ. მალე ისინი გონს მოვიდნენ და ინდოელებთან პირველსავე ბრძოლაში გაიმარჯვეს.  მდინარე ინდის ხეობაში მაკედონელმა ორი დიდი სამეფო დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები მეტად ძვირი დაუჯდა. ინდოეთში ლაშქრობის დროს ალექსანდრე რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც, მაგრამ მდინარეების, ინდისა და განგს შორის მოთავსებული მიწა-წყალი თავის საბრძანებელს მაინც ვერ შემოუერთა.
   ინდოეთში ლაშქრობისას მაკედონიის მეფეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თავისი ჯარისკაცებისაგან ელოდა. ალექსანდრეს გზის გაგრძელება და ახალი მიწების დაპყრობა სურდა. ხანგრძლივი ომებისაგან ძლიერ დაღლილ-დაქანცული მისი ჯარი კი, ლაშქრობის შეწყვეტას მოითხოვდა. მის მოლაშქრეებს ლაშქრობის გაგრძელების ხალისს ისიც  უნელებდა, რომ ამ მხარეში აუტანელი ჰავა, ცუდი საკვები, ნარგვარი ავადმყოფობანი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა “გამეფებულიყო. ძლევამოსილი მეფე იძულებული იყო თავისი სარდლების რჩევებისათვის და მეომრებისათვის ანგარიში გაეწია და თავიის არმიით უკან გამობრუნებულიყო. 
   უკან დაბრუნებისას ძვ.წ. 324 წ სპარსეთის დედაქალაქ სუზაში ალექსანდრემ გრანდიოზული ქორწილით აღნიშნა თავისი ლაშქრობის დასასრულლი, როდესაც 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე. ამ ქორწინებას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, რადგან ამით იხსნებოდა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის. 
    ალექსანდრე მაკედონიაში აღარ დაბრუნებულა. ლაშქრობა დასრულდა ბაბილონში. იგი ალექსანდრე დიდმა თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად გამოაცხადა. სწორედ ბაბილონის სასახლეში ემზადებოდა ალექსანდრე მაკედონელი არაბეთში ლაშქრობისათვი, ამზადებდა ფლოტს და არმიას, მაგრამ მოულოდნელად მძიმე ავადმყოფობა (მალარია) შეეყარა და ციებ-ცხელებით შეპყრობილი ძვ.წ. 323 წელს ბაბილონში, (ზოგიერთი ცნობით) მეფე ნაბუქოდონოსორის სასახლეში ათ დღეში 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით მისმა ერთერთმა მხედართმთავარმა, პტოლემაოსმა ალექსანდრე დიდის ნეშტი ეგვიპტეში წაასვენა. დაუმარცხებელმა სარდალმა სამუდამო განსასვენებელი მისივე დაარსებულ ქალაქში – ალექსანდიაში ჰპოვა, ხოლო მის საფლავზე ასეთი შინაარსის წარწერა გაუკეთებიათ:”ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა...”, თუმცა ასიოდე წლის შემდეგ ალექსანდრეს მუმია მოუნახულებია რომის იმპერატორ კარაკალას, ამის შემდეგ ალექსანდრე დიდის საფლავის ასავალ-დასავალი არავინ უწყის... 
   ალექსანდრე მაკედონელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო შეექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მდინარე ინდამდე იყო გადაჭიმული.  

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -