Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 26 March 2018


დავით IV-ის საგარეო ურთიერთობანი დიდგორის ომის წინ

   თურქ-სელჩუკებთან გადამწყვეტი ომის წინ მეფე დავითმა აქტიური დიპლომატიიური მუშაობა გააჩაღა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობის მოგვარებას. თავდაპირველად დავითი, ისე, როგორც მისი მამა-პაპა ბიზანტიურ უმაღლეს საკარისკაცო ტიტულებს _ სევასტოსი, პანიპერსევასტოსი _ ატარებდა, რაც მალე უარყო, რაკი იგი საქართველოს ბიზანტიისადმი, მართალია ფორმალურ,  მაგრამ მაინც დაქვემდებარებულ მდგომარეობას აღნიშნავდა. ასეთ ტიტულებზე უარის თქმით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიოდა, როგორც ბიზანტიის თანასწორი, დამოუკიდებელი სახელმწიფო. დავითი მაინც ცდილობდა ბიზანტიასთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას და მასთან კავშირის განმტკიცებას. ამ მიზნით მან თავისი ქალიშვილი _ კატაი ანუ ეკატერინე ბიზანტიის იმპერატორის ერთერთ ვაჟიშვილზე დააქორწინა და შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე წარმოქმნილ დინასტიურ დაპირისპირებებში.
  დავით აღმაშენებელი აქტიურ პოლიტიკას თავის უშუალო მეზობელ ქვეყნებთანაც ახორციელებდა. თავდაპირველად იგი მშვიდობიანი გზით შეეცადა მეზობელი შარვანის მაჰმადიანი შაჰის თავის მხარეზე გადმობირებას მან უფროსი ქალიშვილი _ თამარი _ შარვანშაჰის მემკვიდრეს მიათხოვა კიდეც, მაგრამ, როგორც გაირკვა, შარვანშაჰი მაინც თურქების მხარეს იჭერდა, მაშინ მეფემ 1120 წელსშარვანში გააგზავნა ლაშქარი თავისი მემკვიდრის, დემეტრეს სარდლობით, რომელმაც აიღო ქალაქი ყაბალა და  ლაშქრობა წარმატებით დააგვირგვინა. ურჩი შარვანშაჰი დაიღუპა, ხოლო ტახტზე საქართველოს მორჩილი ახალი შაჰი აიყვანეს. შარვანი საქართველოს ყმადნაფიცი გახდა.
   რაც შეეხება სომხეთს, მისი დიდი ნაწილი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და სომეხი ხალხი დავით აღმაშენებელს თავის განმათავისუფლებლად მიიჩნევდა. საქართველოს მეფემ ჩრდილოკავკასიის ხალხებისა და მთავრების დიდი ნაწილი ზოგი ნებით, ზოგი ძალით თავის ყმობაში მოაქცია. საქართველოს აქედანაც გამოჰყავდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა.
  დავით აღმაშენებელს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა თურქების წინააღმდეგ მებრძოლ ჯვაროსნებთანაც, რის დასტურიცაა ის ფაქტი, რომ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა მხარეს 100 ჯვაროსანი რაინდი იბრძოდა.

 დიდგორის ბრძოლა. თბილისის განთავისუფლება
. ბრძოლა შარვანისა და ანისისათვის
    დავით მეფემ თბილისის აღება გადაწყვიტა. თბილისი 1082 წლიდან, ბოლო ჯაფარიანი ამირას გარდაცვალების შემდეგ, ქალაქის 12 ბერის (უხუცესის) ხელში გავიდა, რომელთაგანაც თითოეული თითო თვეს განაგებდა ქალაქს. ამგვარად, თბილისმა თვითმმართველოა შეიძინა, რომლის დაკარგვასაც ის ძალზე უფრთხილებოდა, მით უფრო, რომ ქალაქს იმჟამად გაცხოველებული აღებ-მიცემობა (ვაჭრობა) ძირითადად აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებთან ჰქონდა და საქართველოს მეფის მიერ ქალაქის აღების შემთხვევაში ამ სავაჭრო კავშირების გაწყვეტისა ეშინოდა. 1120 წლისათვის დავით მეფემ თბილისს მესვეურებთან ურთიერთობაში პირველ წარმატებას მიაღწია: ქალაქი დათანხმდა დავითსათვის ყოველწლიურად ათი ათასი დინარი გადაეხადა და მეფისადმი დამორჩილების ნიშნად ქალაქის ციხეში მეფის მოლაშქრეთა სიმბოლური რიცხვი _ ციხისთავი ათი მეციხნოვნით ჩაეყენებინა. შეთანხმებით არც ერთი მხარე არ იყო კმაყოფილი. საქართველოს მეფეს თბილისის საქართველოს დედაქალაქად გადაქცევა სურდა, ხოლო ქალაქი დამოუკიდებლობას ვერ თმობდა. 
    ასეთ ვითარებაში თბილისელი მუსლიმი ვაჭრები, დავით მეფისაგან ასევე შევიწროებულ დმანისელ და განძელ ვაჭრებთან ერთად თურქ მომთაბარეებს დაუკავშირდნენ. მათ სელჩუკთა სულთნის კარზე ერთობლივი ელჩობა გაგზავნეს. წარგზავნილებმა გლოვის ნიშნად ხელები და პირ-სახე შავად შეიღებეს და სულთანს საქართველოს მეფისაგან დაცვა თხოვეს. თბილისი წინა აზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმდიდრეს ქალაქს წარმოადგენდა, ამიტომ სულთანმა მაჰმუდმა საქართველოს საგანგებოდ დასჯა გადაწყვიტა და მის ხელქვეით მყოფ მუსლიმ ამირებს ლაშქრის შეკრება უბოძა. მუსლიმთა უზარმაზარი ლაშქარი სახელმოხვეჭილი სარდლის, ბაღდადის გამგებელ,  ნეჯმ ედ-დინ ილ-ღაზის სარდლობით _ ზოგის ცნობით, ექვსასი, სხვათა ცნობით კი, სამასი ათასი ერზერუმისა და კარის (ყარსი) გავლით საქართველოში შემოიჭრა და თრიალეთს მიადგა. დავით IV მუსლიმთა ამ კოალიცურ (გაერთიანებულ) ლაშქარს 55. 600 კაციანი ლაშქარი დაუპირისპირა. ქართველების გვერდით 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ჯვაროსნული რაინდი იბრძოდა. დავით IV საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ ომში ახლად ჩამოყვანულ ყივჩაყებს ბოლომდე ვერ ენდო და მათი მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიყვანა. 
  ქართველებმა მტერი დიდგორის ველზე შემოიტყუეს. დავითმა მტერი აიძულა, გადამწყვეტი ბრძოლა მისთვის სრულიად მოუხერხებელ ადგილას გაემართა, რადგან თურქთა უზარმაზარ არმიას გაშლისა და მთელი ძალის გამოყენების საშუალება არ მისცემოდა. ბრძოლოს წინ მეფემ ქართველთა ლაშქარს სიტყვით მიმართა და თავგანწირული ბრძოლისაკენ მოუწოდა. მან თავის ლაშქარს უკანდასახები გზა დიდი მორებით ჩაახერგინა. ყველამ იცოდა, რომ გადარჩენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში იყო შესაძლებელი. ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მარხვის ხუთშაბათს მოხდა. ქართველთა ჯარს მეფის გეგმის თანახმად, 200 თავგანწირული მეომარი გამოეყო, რომელიც სელჩუკების ლაშქრისაკენ გაემართა. მტერმა მისკენ მიმავალ მეომართა მცირერიცხოვანი რაზმი მათ მხარეზე გადმოსულებად მიიჩნია და თავის რიგებში უვნებლად შეუშვა. მაშინ ქართველებმა მახვილები იშიშვლეს და მტრის ლაშქრის ცენტრს შეუტიეს. ამან სელჩუკთა რიგებში არევ-დარევა შეიტანა. იმავდროულად საქართველოს ლაშქარი მტერს ფლანგებიდან ეძგერა. დასავლეთის ფრთას თვით დავით მეფე მიუძღოდა, ხოლო სელჩუკთა ცენტრს, თურქთა ზურგიდან, მთიდან დაშვებულმა დემეტრე უფლისწულმა შეუტია. მტერმა ქართველთა ლაშქრის ერთიან შეტევას ვეღარ გაუძლო და გაიქცა. დიდგორის ბრძოლა სულ სამი საათი გაგრძელდა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. სელჩუკთა უმეტესი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, 4000 კაცი კი, ტყვედ ჩავარდა. გამარჯვებულებმა შორ მანძილზე 70 კმ სდიეს მტერს. ქართველებს უზამარზარი ნადავლი ჩაუვარდათ ხელში. თვლა არ ჰქონდა ოქროსი და ვერცხლის ნივთებს, არაბულ ცხენებს, ასურულ ჯორებს, კარვებს, ულამაზეს და უძვირფასეს ჭურჭელს, სხვადასხვა სახის საბრძოლველი იარაღს, მათ შორის ქაალქის კედლების სანგრევ მანქანებს. თვითონ ილ-ღაზი თავსი დაჭრილი და შერცხვენილი, მხოლოდ ოციოდე მხედრის ამარა დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ქართველებმა ანისის საზღვრამდე სდიეს დამარცხებულ მტერს და თიტქმის მთლიანად გაანადგურეს იგი.

   დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ არა მარტო საქართველო, არამედ მთელი სამხრეთ კავკასია იხსნა თურქ-სელჩუკთა მომტაბარე მეურნეობის, მათი სოციალური და პოლიტიკური წყობის გაბატონებისაგან. მას უფრო კონკრეტული შედეგებიც ჰქონდა. ამ გამარჯვების შედეგად სწრაფად მოისპო ყველა ის დაბრკოლება, რაც წინ ეღობებოდა საქართველოს გაერთიანებას. ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს ფარგლებში შემოსული ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიც იყო თბილისი და დმანისი.
   ამის შემდეგ თბილისის აღებას უკვე ვეღაფერი დაუდგებოდა წინ. მართლაც, 1122 წელს თებერვალში თბილისი საქართველოს მეფეს დანებდა. მეფემ გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა და ქალაქის გამგებლობა ტავის მოხელეებს ჩააბარა. დავით IV სატახტო ქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ძველი ქართველი ისტორიკოსი ამ ფაქტს სიამაყით იხსენებს: “აიღო მეფემ ქალაქი ტფილისი ... ოთხასი წელი სპარსთა (აქ იგულისხმება მუსლიმები) ხელში ნამყოფი და დაუმკვიდრა თავის შთამომავლებს სატახტო ქალაქად საუკუნოდ”. მაგრამ თბილისის წინააღმდეგობით განრსხებული მეფე თავდაპირველად  მკაცრად მოექცა თბილისის დამცველებს. მათე ურჰაელის ცნობით “... 500 კაცი ძელზე გასვა და წამებით მოაკვლევინა,” მაგრამ მეფის გულისწყრობა მალე დამცხრალა და სემდეგ, თვით მაჰმადიანი ისტორიკოსის ცნობით მუსლიმებს მთელი რიგი შეღავათები დაუწესა, კერძოდ მუსლიმებს დაუწესა ყველაზე დაბალი გადასახადი _ 3 დინარი, ებრაელები იხდიდნენ _ 4 დინარს, ხოლო ქართველები _ 5 დინარს. დავით აღმაშენებელმა მფარველობა აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებლებს, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა. 
   1123 წელს დავით მეფემ მუსლიმთა ხელში მყოფი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი დმანისიც გაანთავისუფლა. 
  სულთანი მაჰმუდი ადვილად ვერ შეეგუა საქართველოსთან მარცხ და უკვე შემდეგ წელს, 1124 წელს,  დიდი ჯარით შარვანში შემოიჭრა და მეფე დავითს მუქარის წერილი გამოუგზავნა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, რომ საქართველოს მეფემ მის დასახმარებლად წამოსული რანის ათაბაგი სასტიკად დაამარცხა, სამარცხვინოდ გაიპარა.
  სელჩუკებთან ბრძოლაში ქართველთა არნახულმა წარმატებამ სომხებს მუსლიმთა ბატონობისაგან განთავისუფლების იმედი აღუძრა. 1124 წლის აგვისტოში დავით მეფე ანისელმა სომხებმა თავიანთი თავკაცების პირით ქალაქში მოიწვიეს და შადადიანი ამირების ბატონობისაგან განთავისუფლება სთხოვეს. საქართველოს მეფე დაუყონებლივ ანისისკენ დაიძრა. ქართველებმა მუსლიმთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სელჩუკთა სამოცწლიანი ბატონობის ქვეშ მყოფი ყოფილი შირაქის სამეფოს დედაქალაქი ანისი გაანთავისუფლეს და საქართველოს შემოუერთეს. ბიზანტიელი დედოფლის კატრონიტეს მიერ აგებული ანისის ცენტრალური ტაძარი იმჟამად მეჩეთად იყო გადაკეთებული. დავით მეფემ ის კვლავ ქრისტიანული წესით აკურთხებინა და იქვე დაკრძალული დედოფლის საფლავს სამგზის ჩასძახა: “გიხაროდეს წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა შენი საყდარი უსჯულოთა ხელთაგან”. დავით მეფემ ანისის შადადიანი გამგებელი შაჰან-შაჰი აბულასვარი თავის რვა ძესთან ერთად ოჯახებიანად დასავლეთ საქართველოში გადაასახლა და საქართველოს მეფის ტიტულატურას კიდევ ერთი _ “ანისის შაჰან-შაჰის” ტიტულიც მიუმატა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -