Posted by : ლელა კაკაშვილი
Friday, 23 March 2018
ბაგრატ III _ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
მართალია, პიროვნებები არ ქმნიან ისტორიას, მაგრამ ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის კვალს ამჩნევენ ისტორიული პროცესების განვითარებას. X საუკუნის 70-ან წლებში ასეთი პიროვნებები იყვნენ: ივანე მარუშის ძე _ რომელიც იყო აფხაზთა მეფის მიერ ქართლში დანიშნული ერისთავი, დავით III ტაოელი (კურაპალატი), ბაგრატ ბაგრატიონი ( მომავალი მეფე ბაგრატ III).
ივანე მარუშის ძემ კარგად იცოდა, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეეძლო საქართვეელოს გაერთიანება, ჰქონდა საამისო ძალაც და ავტორიტეტიც იყო დავით კურაპალატი. სწორედ მას მიმართა დიდმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა, ქართლის ერისთავმა ივანე მარუშის ძემ ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების გეგმით _ შიდა ქართლი დავითს ან თვითონ დაეკავებინა, ან ხელი შეეწყო მისი შვილობილის, ქრთველთა მეფის ჩამომავლის, ბაგრატ ბაგრატიონისათვის დაეკავებინა საქართვეელოს ტახტი.
ივანე მარუშის ძის ეს გეგმა ითვალისწინებდა ბაგრატიონთა საგვარეულოს მნიშვნელობას იმდროინდელი საქართველოს ისტორიაში. მისი პროგრამა შიდა ქართლში ამ საგვარეულოს დამკვიდრებას მიიჩნევდა კანონზომიერად, რისი სისრულეში მოსაყვანადაც ბაგრატ ბაგრატიონი წარმოადგენდა შესაბამის კანდიდატურას, რადგანაც ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე იყო: მამის ხაზით ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის კანონიერი მემკვიდრე, ხოლო დედის ხაზით უშვილოდ დარჩენილი, ძმათაშორის ბრძოლაში თვალდამწვარი "აფხაზთა მეფის" _ თეოდოსის ტახტის მემკვიდრე. მაშინ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ბაგრატი ამავე დროს ტაოს მეფის დავით კურაპალატის შვილობილი და მისი მემკვიდრე იყო, რადგან დავითს შვილი არ ჰყავდა.
დავით III კურაპალატს უფლება ჰქონდა შიდა ქართლზე, მაგრამ არავითარი ლეგიტიმური უფლება არ გააჩნდა დასავლეთ საქართველოზე. შექმნილ ვითარებაში მან პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები დააყენა და მხარი დაუჭირა ივანე მარუშის ძის ამ შემოთავაზებას. თავის მხრივ ჩანს, რომ ივანე მარუშის ძე კარგად იყო ინფორმირებული მახლობელ აღმოსავლეთსი არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. მან კარგად იცოდა, რომ სახალიფოს დაშლა დაწყებული იყო. ასეთ ვითარებაში სახალიფო საქართველოსათვის ვეღარ იბრძოლებდა.
დავით ტაოელმა სათანადოდ შეაფასა ივანე მარუშის ძის წინადადება და თავისი ლაშქრით დაიძრა შიდა ქართლისაკენ. კახელებმა ეს, რომ გაიგეს გამოიყვანეს უფლისციხეში მყოფი მათი ერისთავი და შიდა ქართლი დატოვეს. 975 წელს დავით კურაპალატი ჯარით შიდა ქართლში შევიდა, დაიკავა უფლისციხე, მოიწვია ადგილობრივი დიდგვაროვნები და თავისი ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა. მან შეკრებილებს მიმართა, რომ, ბაგრატი არის ქართლისა და აფხაზეთის მემკვიდრეობითი მფლობელი და მისი მემკვიდრეც, მათ ბაგრატის მორჩილება უბრძანა, თავისი თავი კი “თანაშემწედ” გამოაცხადა.
რადგან ბაგრატი მაშინ ჯერ სრულწლოვანი არ იყო დავითმა მის მეურვეებად დედა _ გურანდუხტი და მამა _ მეფე გურგენი გამოაცხად. დავითმა რამდენიმე ხანი შიდა ქართლში დაჰყო და შემდეგ ტაოს გაემგზავრა.
როგორც კი დავით III გაიგულეს, უბატონობას მიჩვეულმა ქართლის დიდაზნაურობამ მოიწვიეს კახელები. მათ კი შეიპყრეს ბაგრატი და მისი დედ-მამა და უფლისციხეში კვლავ კახთა ერისთავი დასვეს. საქმეში ისევ ივანე მარუშის ძე ჩაერია, რომელმაც ეს დავით კურაპალატს შეატყობინა. დავითი უფლისციხისაკენ დაიძრა. ამ ამბის გაგებისთანავე კახელებმა გაანთავისუფლეს ტყვეები, დავითს ბოდიში მოუხადეს და წავიდნენ.
დასავლეთ საქართველოს ამ დროს უსინათლო თეოდოსი განაგებდა, ქვეყანაში წესრიგი არ იყო. ივანე მარუშის ძემ და ადგილობრივი ფეოდალების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა დავითს ბაგრატის დასავლეთ საქართველოში გამეფების წინადადებით მიმართეს. მართალია დავით III-ემ ბაგრატი დასავლეთ საქართველოს სამეფოს კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ ამჯერად ის თავს იკავებდა. რატომ, ძნელი სათქმელია, არ არის გამორიცხული, რომ ამას თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ აპირებდა. ასევე ძნელი სათქმელია, რატომ აჩქარდა ივანე მარუშის ძე, მაგრამ ჩანს, რომ “აფხაზეთის” საკითხი გადადებას აღარ ითმენდა.
უფლისციხის ე.წ. თავყრილობიდან სამი წლის შემდეგ, 978 წელს დავით კურაპალატი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, გადააყენა თეოდოსი და უკვე სრულწლოვანი ბაგრატ ბაგრატიონი “აფხაზთა” ე.ი. დასავლეთ საქართველოს მეფედ აკურხა. ბაგრატის გამეფებას და საქართველოს გაერთიანებას, ჩანს მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. დიდგვაროვანი აზნაურები შიშობდნენ, რომ ერთიანი საქართველოს მეფის ხელისუფლების განმტკიცებით მათ თვითნებობას ბოლო მოეღებოდა. დავითიცა და ბაგრატიც დათმობას არ აპირებდნენ. 980 წელს ბაგრატმა სასტიკად დაამარცხა შიდა ქართლის ძლიერი ფეოდალები ტბელები და შესაბამისად დასაჯა ისინი. ასევე დაიმორჩილა უძლიერესი ერისთავი რატი ბაღვაში.
1001 წელს გარდაიცვალა დავით III. ბაგრატ III-ეს, ჩანს იმედი ჰქონდა, რომ მემკვიდრეობით მიიღებდა დავით კურაპალატის სამფლობელოს, მათ შორის იმ მიწა-წყალსაც, რომელიც ბასილი II-ემ დავით კურაპალატს აჯანყებული სკლიაროსის წინააღმდეგ დახმარებისათვის გადასცა, მაგრამ ბასილმა თვითონ დაიკავა ეს მიწები და საზღვართან მისულ ბაგრატ III-ს მხოლოდ “კურაპალატის” ტიტული უბოძა, ხოლო მამას - გურგენს მაგისტროსობა. ალბათ იმპერატორი მამა-შვილს შორის შუღლის ჩამოგდებას აპირებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ბაგრატი ამჯერად მოერიდა ბიზანტიასთან ომის გამართვას. მითუმეტეს, რომ შეთანხმებით ეს მიწები დავითს მხოლოდ თავის სიცოცხლეში ჰქონდა ნაბოძები და იმპერატორის “წყალობა” მადლობით მიიღო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კურაპალატის ტიტულის ბოძებით ბიზანტიამ ფორმალურად აღიარა ბაგრატის ხელისუფლება. ბაგრატ III-ის ეს ნაბიჯი გონივრული იყო, რადგან ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი და ძლიერ ბიზანტიათან ბრძოლა მას ამჯერად არ შეეძლო.
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი და მის მფლობელობაში არსებული შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი ბაგრატს მემკვიდრეობით გადაეცა. მაგრამ კლარჯეთის ნაწილს მისი ნათესავები, არტანუჯელი კლარჯი ბაგრატიონები ფლობდნენ და მაინცდამაინც მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ბაგრატ III-ემ გვარის მეთაურები დააპატიმრა, ციხეში გამოკეტა, ხოლო ვინც მოასწრო ბიზანტიაში გაიქცა. ამრიგად ქართული მიწების დიდი ნაწილი უკვე მის ხელისუფლებაში იყო.
ცალკე მხოლოდ კახეთ-ჰერეთი დარჩა. დაახლოვებით 2 წლის ბრძოლის შემდეგ, 1010 წელს, ბაგრატმა დაატყვევა ბოჭორმის ციხეში გამაგრებული კახთა მეფე კვირიკე და კახეთ-ჰერეთიც ერთიან საქართველოს შემოუერთა. ბაგრატის სკიპტრის ქვეშ უკვე თითქმის მთელი საქართველო იყო გაერთიანებული გარდა თბილისისა და მისი შემოგარენისა.
საქართველოს გაერთიანება და ბაგრატის ასეთი გაძლიერება საფრთხეს უქმნიდა მეზობელ განძის ამირა ფადლონს, რომელიც ხშირად ესხმოდა თავს კახეთსა და ჰერეთს. ბაგრატ III დაუკავშირდა სომეხთა მეფეს, რომლის მოსახლეობასაც ასევე ავიწროვებდა ფადლონი და ერთობლივად დაამარცხეს მტერი. ფადლონი იძულებული შეიქნა ზავი ეთხოვა და თავი საქართველოს ყმად და მოხარკედ ეცნო.
ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში, საიდანაც გადმოასვენეს და დაკრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის მონასტერში.
მეფე ბაგრატ III-ის მოღვაწეობა მრავალმხრივაა შესანისნავი: მან მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, დაამარცხა ქვეყნის ერთიანობის მოწინააღმდეგენი და შეზღუდა დიდგვაროვან ფეოდალთა თვითნებობა. ერისთაობა დაუბრუნდა თავის ძველ შინაარსს ე.ი. მოხელეობას. ბაგრატის მიერ დანიშნული ერისთავები იყვნენ საერისთაოთა გამგებელი მოხელენი ე.ი. მოსაკარგავენი და არა სენიორ-მფლობელები. ბაგრატ III-ემ თანმიმდევრობით დაუქვემდებარა ერთაინ სამეფოს მანამდე ცალკე მყოფი ქართული ქვეყნები. ეს გაერთიანება წარმოადგენდა ცენტრალიზებული ტიპის სახელმწიფოს.
ბაგრატ III იწოდებოდა:”მეფე აფხაზთა (ე.ი. დასავლეთ საქართველოს), ქართველთა (ე.ი. ქართლისა და მესხეთისა), რანთა (ე.ი. ჰერეთის) და კახთა”. ეკონომიკურმა აღმავლობამ და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებამ აუცილებელი გახადა მონეტის მოჭრა. ბაგრატმა მოჭრა ქართული მონეტა ქართულ-არაბული წარწერით. არაბული წარწერა აუცილებელი იყო, რათა მას აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ჰქონოდა გასავალი. მის სახელს უკავშირდება ერთიანი საქართველოს პირველი საკანონმდებლო ძეგლის “ბაგრატ კურაპალატის სამართლის” შექმნა. მის დროს ჩატარდა მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი სამუშაოები. აშენდა: ხახული, ნიკორწმინდა, ბედია და სხვა. ქუთაისში აიგო დიდებული ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, რომლის მშენებლობა დასრულდა 1003 წელს. ბაგრატის ტაძარი დიდი ზეიმით აკურთხეს, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.