Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018

"საღვთო რომის იმპერიის" ჩამოყალიბება

    843 წელს ფრანკთა ერთიანი იმპერია სამ სახელმწიფოდ დაიშალა. სამივე სახელმწიფოში მმართველები კარლოს დიდის შთამომავლები იყვნენ, თუმცა, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში კაროლინგების დინასტიის წარმომადგენლები აღარ მეფობდნენ. აქ, 919 წელს, შიდა დაპირისპირებების შემდეგ, ადგილობრივმა წარჩინებულებმა მეფედ გამოაცხადეს საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხი, რომელიც "ჰაინრიხ ფრინველთმჭერის" ზედმეტი სახელითაა ცნობილი. დაიწყო საქსონიის დინასტიის მმართველობა. სწორედ ჰაინრიხის მეფედ არჩევის შემდეგ გაჩნდა ევროპის რუკაზე ახალი სახელმწიფო _ გერმანია, რომელიც აერთიანებდა ძირითადად გერმანულ მიწებს: ფრანკონიას, ბავარიას, შვაბიას, საქსონიას და სხვა. მოგვიანებით მას ლოთარინგიაც შეუერთდა.
    ჰაინრიხ I-ის სიკვდილის შემდეგ გერმანიის სამეფო ტახტზე ვიდა მისი შვილი ოტო I-ი მის დროს შეიქმნა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანთა ჯარი, რომლის საშუალებითაც X საუკუნის შუა ხანებში მან რამდენჯერმა დაამარცხა უნგრელთა ჯარები, რის შედეგადაც შეწყდა მათი თავდასხმები ევროპაზე.
   უნგრელებზე გამარჯვების შემდეგ ოტო I ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი გახდა. მან ორჯერ ილაშქრა იტალიაში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. (ოტო I-მა სამხრეთ იტალიის დაპყრობა ვერ შეძლო). მეორე ლაშქრობის დროს ოტომ გადაწყვიტა, კარლოს დიდის მსგავსად ჩასულიყო რომში და იმპერატორის გვირგვინი დაედგა თავზე. მის განზრახვას ფრანკთა მეფემ ხელი ვერ შეუშალა. 962 წლის 1 თებერვალს ოტო I ჯარის თანხლებით ჩავიდა რომში, სადაც პაპმა ის იმპერატორად აკურთხა. 
    ასე შეიქმნა ახალი იმპერია, რომელიც მოიცავდა გერმანულ მიწებს და ჩრდილოეთ იტალიას. ამ იმპერიას ეწოდა "რომის საღვთო იმპერია" და მომდევნო რვანახევარი საუკუნე იარსება. XVI საუკუნეში მას ეწოდა "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია". ყველა შემდგომი იმპერატორი იმპერატორის ტიტულის მისაღებად რომში ჩადიოდა.
გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია არსებობდა 962 წლიდან XIX საუკუნემდე, კონკრეტულად 1806 წლამდე.




დაპირისპირება  საერო ხელისუფლებასა 
და პაპებს შორის

    ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსებს სასულიერო პირები ირჩევდნენ. ბარბაროსთა შემოსევების პერიოდში კი სამეფო ხელისუფლებამ აქტიური ჩარევა დაიწყო ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში.
   ვითარება განსაკუთრებით გართულდა გერმანიის მეფის ოტო I-ის დროს, რომელმაც იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ფეოდალური საზოგადოების დაქუცმაცებულობა დაამკვიდრა ეპისკოპოს-მთავრის წოდება. მან ეპისკოპოსებსა და აბატებს უბოძა მიწის დიდი ფართობები და მიანიჭა სრული იურიდიული უფლებები იმ მოსახლეობაზე, რომლებიც იქ სახლობდნენ. სწორედ ამ გზით ოტომ დასაყრდენი ეკლესიაში ჰპოვა.
   იმპერატორად კურთხევის შემდეგ ოტო I პაპის არჩევნებშიც ერეოდა: მან გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ახლად არჩეულ პაპს იმპერატორის დასტური უნდა მიეღო და მისი ერთგულების ფიცი უნდა დაედო. ასევე ოტო I და მისი მემკვიდრეების დროს თანდათან დამკვიდრდა ისეთი საეკლესიო წესი, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსებსა და აბატებს უნდა დაეცვათ ცელიბატი, რომელიც ითვალისწინებდა საეკლესიო პირებისათვის დაქორწინების აკრძალვას (ეს აკრძალვა კათოლიკური ეკლესიის მღვდელთმსახურებზე დღესაც ძალაშია), ანუ ოჯახი არ უნდა ჰყოლოდათ და ამიტომ კანონიერ მემკვიდრესაც ვერ დატოვებდნენ. სასულიერო პირის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანამდებობა ვაკანტური ანუ თავისუფალი, დაუკავებელი რჩებოდა. მეფე არ ჩქარობდა ასეთი ვაკანსიების შევსებას და ახალი ეპისკოპოსის ან აბატის დანიშვნას, რადგან გადასახადები უხელმძღვანელოდ დარჩენილი ეპარქიიდან ან სააბატოდან პირდაპირ სამეფო ხაზინაში მიდიოდა.
   ასე, რომ X საუკუნეში ეკლესია ფაქტიურად იმპერიის მორჩილი იარაღი გახდა. ასეთი ვითარება ას წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.
   საერო ხელისუფლების ეკლესიაზე ასეთი გაბატონების წინააღმდეგ გამოვიდნენ ცალკეული სასულიერო პირები და მთელი მონასტრებიც კი. მათ შორის გამოირჩეოდა საფრანგეთის აღმოსავლეთით, ბურგუნდიაში მდებარე კლიუნის მონასტერი. ისინი გამოდიოდნენ საერო პირების, იმპერატორების, მეფეების ხელში ინვესტიტურის და სიმონიის (თანამდებობეით ვაჭრობა) გადასვლის გამო. ინვესტიტურა წარმოადგენდა მაღალი რანგის საეკლესიო თანამდებობდებზე დანიშვნის უფებას. 
   ბრძოლა კლიუნიელების გამარჯვებით დასრულდა. იმდროინდელმა რომის პაპმა ისარგებლა 1056 წელს ტახტზე აყვანილი იმპერატორის ჰაინრიხ IV-ის მცირეწლოვნობით (ის ექვსი წლის იყო) და მონარქიის ხარჯზე ეკლესიის გაძლიერება დაიწყო. 1059 წელს მოწვეული იქნა ლატერანის საეკლესიო კრება, რომელზედაც დადგინდა რომის პაპის არჩევის წესი, რომელიც დღემდე ძალაშია:  ლატერანის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით პაპის არჩევის უფლება მხოლოდ კარდინალებს მიენიჭა, ხოლო აკრძალა რომელიმე საერო ხელისუფლისაგან ნებისმიერო საეკლესიო ღირსების მიღება.
   ამგვარად, ეკლესიას კვლავ დაუბრუნდა თავისუფლება. მაგრამ კარდინალების მიერ არჩეულმა პაპმა გრიგოლ VII-ემ არჩევისთანავე, რომის კრებას უკანონოდ გამოაცხადებინა საერო ხელისუფლების მიერ გაცემული ინვესტიტურები.  ამან ეპისკოპოსების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ პაპი განკვეთეს და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადეს, ამიტომ უკმაყოფილო პაპმა ამის საპასუხოდ იმპერატორ ჰაინრიხ IV-ეს ტახტი წაართვა და ქვეშევრდომნი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცისაგან გაათავისუფლა. 
   ჰაინრიხ IV-ს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მალე ის იძულებული გახდა ეცნო დამარცხება რომის პაპთან ბრძოლაში. 1077 წლის იანვარში მცირე ამალის თანხლებით იმპერატორი გადავიდა ალპებზე და ჩრდილოეთ იტალიაში, კანოსას ციხე-დარბაზში მყოფ პაპს ეახლა. პაპმა თავიდან არ მიიღო ის და ციხე-დარბაზის წინ 3 დღეს ალოდინა ფეხშიშველი და მშიერი მონარქი. ბოლოს პაპმა მოწყალება მიიღო და მუხლებზე მდგომ იმპერატორს ცოდვა შეუნდო. ფრაზა "კანოსაში წასვლა" ამის შემდეგ საერო მმართველის უკიდურესად დამცირებას ნიშნავს.
   შეთანხმების მიღწევა მხოლოდ 1122 წელს მოხერხდა პაპსა და იმპერატორ ჰაინრიხ V-ეს შორის. მათი შეთანხმება ცნობილია ვორმსის კონკორდატის სახელით. ამიერიდან ინვესტიტურის უფლებას სასულიერო და საერო ხელისუფლება ინაწილებდა. ახლა უკვე გერმანიაში ეპისკოპოსი უნდა აერჩიათ იმპერატორის თანდასწრებით, მაგრამ მას უნდა მოეხდინა მხოლოდ საერო ინვესტიტურა, რაც მიწის გადაცემას მოიცავდა. სასულიერო ინვესტიტურას კი _ ბეჭდისა და კვერთხის გადაცემას _ ახორციელებდა. 
   პაპის ხელისუფლებამ უმაღლეს სიძლიერეს მიაღწია ინოკენტი III-ის დროს, როდესაც პირველად გამოცხადდა, რომ პაპი ქრისტეს მოადგილე ანუ ვიკარადია დედამიწაზე. 
   XIII საუკუნის ბოლოსათვის, ევროპაში ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან ერთად ეცემა პაპის გავლენა. საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზმა შეძლო პაპის რეზიდენციის რომიდან საფრანგეთში, ავინიონში გადატანა და პაპის სრული დამორჩილება. ამ ფაქტს ეწოდება "ავინიონის ტყვეობა". პაპების პროფრანგულმა პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში, რასაც შედეგად  მოჰყვა რომში მეორე პაპის არჩევა. ორი პაპის არსებობამ დასავლეთის საქრისტიანოში დიდი საეკლესიო განხეთქილება ანუ სქიზმა გამოიწვია. ევროპის სახელმწიფოთა ნაწილი, _ იტალია, გერმანია, ინგლისი _ რომის პაპს მიემხრო, ავინიონის პაპს კი მხარს საფრანგეთი უჭერდა.
   საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრის მიზნით კონსტანცაში მოიწვიეს საეკლესიო კრება 1414-1418 წლებში, რომელმაც აირჩია ახალი პაპი და ბოლო მოუღო საეკლესიო განხეთქილებას. ერთიანი კათოლიკური ეკლესიის ერთადერთი მეთაურის რეზიდენციად კვლავ რომი იქცა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -