Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018

ისლამის წარმოშობა. მუჰამედი. 

  არაბეთის ნახევარკუნძული წარმოადგენს არაბთა სამშობლოს. არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული კლიმატი განაპირობებდა იქ მოსახლეთა ცხოვრების წესს და მათ საქმიანობას. ეს ტერიტორია ძირითადად მშრალ სტეპებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. არაბთა სიმდიდრე საქონელი იყო. ისინი მისდევდნენ აქლემების, ცხენების და ცხვრების მოშენებას. აქლემი, რომელსაც უდაბნოს ხომალდს უწოდებენ, სავსებით აკმაყოფილებდა არაბთა ძირითად მოთხოვნებს, აძლევდა საკვებს: რძესა და ხორცს, ასევე მატყლს ტანსაცმლისათვის და ტყავს კარვებისათვის. არაბები თავიანთ ჯოგთან ერთად მომთაბარეობდნენ. მათ “ბედუინებს” უწოდებდნენ, რაც “უდაბნოს კაცს” ნიშნავს.არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ეგრეთწოდებული “ბედნიერი არაბეთი” ანუ იემენი, გამოირჩეოდა ნაყოფიერებით. ხოლო მეწამული ზღვის გაყოლებით გადიოდა ძველი სავაჭრო გზა ბიზანტიიდან აფრიკასა და ინდოეთისაკენ, რომელსაც “გუნდრუკის გზს” უწოდებდნენ. ამ გზაზე, რომელიც მდიდარი იყო ოაზისებით, გაჩნდა ბინადარ არაბთა დასახლებები. მათ შორის ყველაზე დიდი  ქალაქები იყო მექა და იასრიბი, შემდეგში _ მედინა. 
   მექაში იყო არაბთა უმთავრესი სალოცავი ქააბას ტაძარი, აქვე ჩამოედინებოდა წმინდა წყარო ანუ ზემზემის ჭა. ისლამური გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა (ბიბლიური აბრაამი), რომელსაც ღმერთმა ციდან ის შავი ქვა გამოუგზავნა, რომელიც მექაში მაჰმადიანთა უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. შავი ქვის თაყვანისმცემელთა სიმრავლის გამო ე.ი. ჰაჯის ანუ მომლოცველთა სიმრავლის გამო, ქალაქი მექა დაწინაურდა. განსაკუთრებით გამდიდრდა ყურეიშთა ტომი, რომელთა ხელშიც იყო ქააბას ტაძარი. 
   მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. იგი ადრევე დაობლდა და ბიძასთან გაჭირვებაში იზრდებოდა. როგორც სხვა მრავალი არაბი, მუჰამედიც თავს თხების მწყემსობით ირჩენდა, მაგრამ როცა მოიზარდა, ქარავნების გაცილება დაიწყო. ქალაქი-უდაბნო-ქალაქი მუსლიმური გადმოცემით ქრისტიანმა ბერმა ბაჰირამ მასში ამოიცნო მომავალი წინასწარმეტყველი. 24 წლის ასაკში მუჰამედი დაქორწინდა მდიდარ ქვრივ ხადიჯაზე და ვაჭარი გახდა. თუმცა მატერიალურმა კეთილდღეობამ მას სიმშვიდე არ მოუტანა. 

   40 წლის მუჰამედს ხილვები დაეწყო. მას მექასთან ახლოს გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯაბრაილი ანუ გაბრიელი, რომელმაც მოუწოდა მუჰამედს ხალხისათვის ექადაგებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება _ რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი ალაჰი. მუჰამედმა ამის შემდეგ დაიწყო ქადაგება და ავრცელებდა  თავის მოძღვრებას. მუჰამედი ამტკიცებდა, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ყოვლისშემძლე ალაჰისა., ამიტომ მოუწოდებდა მექელებს, რომ უარი ეთქვათ მრავალღმერთიანობაზე და ეწამათ ერთადერთი ღმერთი _ ალაჰი 
     მუჰამედის იდეები ახალი არ იყო. ამასვე ქადაგებდნენ იუდეველები და ქრისტიანებიც. მუჰამედი ამბობდა, რომ ალაჰი იუდეველებისა და ქრისტიანების ღმერთიცაა, მაგრამ მათ დაივიწყეს თავიანთი მოციქულებისაგან მიღებული რწმენა და დაამახინჯეს იგი. მუჰამედი იმედოვნებდა, რომ იუდეველები და ქრისტიანები მას ახალ მესიად აღიარებდნენ. ის თავის თავს “ღმერთის მოციქულს” უწოდებდა. ისლამის მოძღვრების მიხედვით მოსეც ანუ მუსა და იესო ქრისტე ანუ ისაც არიან ღვთის მოციქულები, მაგრამ მუჰამედი ღმერთის უკანასკნელი მოციქულია.
    მექის წარჩინებულმა საზოგადოებამ არ მიიღო მუჰამედის მოძღვრება. მექელების აზრით წარმართული ღვთაებების უარყოფა გამოიწვევდა მექის, როგორც რელიგიური ცენტრის დაცემას. მალე დაიწყო მუსლიმების დევნაც. თუმცა ხსნა მოულოდნელად გამოჩნდა. ქალაქ იასრიბის მცხოვრებლები შეწუხებულები იყვნენ სხვადასხვა არაბულ ტომებს შორის ომებით. მათ გაიგეს, რომ მექაში გამოჩნდა ახალი მოციქული, რომელიც ძმათა შორის მშვიდობაზე ქადაგებდა. მათ თხოვნით მიმართეს მუჰამედს, ჩასულიყო იასრიბში და მშვიდობა დაემყარებინა. სამაგიეროდ მათ უნდა მიეღოთ ისლამი.
     622 წელს მუჰამედი რამდენიმე ათეულ მიმდევართან ერთად იასრიბში გადავიდა. ეს გადასახლება ანუ “ჰიჯრა” _ მუსლიმური წელთაღრიცხვის საწყის თარიღად იქცა. მუჰამედის თანმხლებ პირებს მუჰაჯირები ანუ გადასახლებულები ეწოდათ, ხოლო იასრიბს _ მედინა ანუ წინასწარმეტყველის ქალაქი. შეიქმნა პირველი მუსლიმური თემი, რომელშიც ყველანი თანასწორნი იყვნენ. მედინაში ამ დროს ებრაელები და ქრისტიანებიც სახლობდნენ. მედინაში მუჰამედი უბრალო მქადაგებლიდან გადაიქცა თემის ლიდერად. მან გამოაცხადა პრინციპი: “არ არის ძალდატანება რელიგიაში”. ამ პრინციპის თანახმად მედინაში უნდა ყოფილიყო სრული რელიგიური შემწყნარებლობა და ყველას ექნებოდა უფლება, თავისუფლად ეღიარებინა თვისი რწმენა. თუმცა, თანდათანობით ვითარება შეიცვალა. წარმართმა არაბებმა ადვილად მიიღეს ისლამი, მაგრამ მუჰამედს სჭირდებოდა ქრისტიანებისაგან და ებრაული თემისაგან აღიარება, რასაც მან ვერ მიაღწია. ამიტომ მან აიძულა ებრაელები დაეტოვებინათ მედინა.
     630 წელს მუსლიმებმა მექა აიღეს. მუჰამედმა ახალ ტრადიციებს ჩაუყარა საფუძველი _ მუსლიმი ლოცვის დროს ქააბას მხარეს უნდა მთხვეოდა მიწას, უნდა ემარხულა მუსლიმური მთვარის კალენდრის მე-9-ე, რამადანის თვეში. მან აკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშები.
     მუჰამედი გრძნობა, რომ აღსასრული უახლოვდებოდა. 632 წელს იგი მედინადან მექაში გაემართა გამოსამშვიდობებელი ლოცვის წასაკითხად. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. მუჰამედი მედინაში გარდაიცვალა და დაკრძალულია იქვე. მოგვიანებით მის საფლავზე ააგეს მეჩეთი. ამ დროისათვის ისლამი გავრცელებული იყო თითქმის მთელ არაბეთში.
     მუსლიმებმა “წმინდა წიგნში” ანუ ყურანში, რომელიც არაბულად ნიშნავს “წაკითხვას”, თავი მოუყარეს მუჰამედის წარმოთქმულ ქადაგებებს. ეს წიგნი განსაზღვრავს მუსლიმის მთელ ცხოვრებას. ყურანი არის, როგორც წმინდა წიგნი, ასევე ისლამური სამართლის წყაროც. ყურანი შედგება 114 თავის ანუ სურასაგან. პირველი სურა არის ლოცვა, რომელსაც დღეში რამდენჯერმე წარმოთქვამს მორწმუნე მუსლიმი. ისლამი მორწმუნეებს უსიტყვო მორჩილებისაკენ მოუწოდებს. მუჰამედი მთელი არაბეთის სასულიერო და საერო მეთაურად იქნა აღიარებული. ისლამის წმინდა წიგნია ასევე “ჰადისები” ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ


ასე, რომ მუჰამედმა შექმნა არა მხოლოდ ახალი რელიგია, არამედ ასევე შექმნა ახალი სახელმწიფოს საფუძვლები და მოამზადა პირობები არაბთა მომავალი დაპყრობებისათვის.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -