Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 21 March 2018
კარლოს დიდი
(768-814 წწ)
კაროლინგების დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო პიპინ მოკლეს შვილი კარლოს დიდი.
მთელი თავისი მმართველობა კარლოს დიდმა ომებში გაატარა. აღმოსავლეთში კარლოს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანული მოდგმის ტომებმა _ საქსებმა, კარლოსმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც 30 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ საქსების დამორჩილებით და მათი გაქრისტიანებით დასრულდა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ფრანკთა მეფის ლაშქრობა ესპანეთში არაბების წინააღმდეგ. უკან დაბრუნებისას, პირინეის მთებზე გადმოსვლისას, კარლოსს უეცრად ერთერთ ხეობაში ჩასაფრებული ბასკეთის ჰერცოგი დაესხა თავს. ფრანკთა მეფე და მისი არმია მხედართმთავარ როლანდის (რომელიც კარლოს დიდის დისშვილი იყო) სიმამაცემ გადაარჩინა, რომელმაც თავისი რაზმით მეფის ჯარის უკანდახევა უზრუნველყო. როლანდი და მისი მეომრები ბრძოლაში დაიღუპნენ. მომდევნო წელს კარლოსმა ააოხრა ბასკეთი, ხოლო მისი ჰერცოგი _ სიკვდილით დასაჯა. ეს ამბავი საფუძვლად დაედო ცნობილ ფრანგულ ეპოსს ”სიმღერა როლანდზე”.
მამის მსგავსად კარლოს დიდის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იტალია იყო. მან ლანგობადების სამეფო გაანადგურა და მისი ტარიტორიები თავის სახელმწიფოს შემოუერთა.
800 წელს კარლოსი დაეხმარა რომის პაპ ლეონ III-ეს, რომელიც რომიდან მოწინააღმდეგეებს გაექცა. კარლოსი პირადად ჩავიდა რომში და სასულიერო პირებისა და ფრანკი და რომაელი დიდგვაროვნების კრება მოიწვია. ამ კრებაზე გამოცხადდა, რომ პაპის გასამართლების უფლება არავის ჰქონდა. ამით სასულიერო პირები ეკლესიაში რომის პაპის პირველობას ადასტურებდნენ. სამაგიეროდ, იგივე 800 წელს, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო წირვის დროს რომის პაპმა კარლოსს “იმპერატორის” ტიტული უბოძა. კარლოსი ამით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ იმპერატორის ტიტული მაინც მიიღო.
კარლოსის უკმაყოფილება პაპის საქციელით უსაფუძვლო არ იყო, რადგან შემდგომში პაპებმა ეს ფაქტი არაერთხელ გამოიყენეს არგუმენტად საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას. ხელსაყრელ შემთხვევაში ისინი ყოველთვის მოხერხებულად სვამდნენ კითხვას: “განა საიმპერატორო გვირგვინი პაპის მიერ არ იყო ნაბოძები და განა ის, ვინც უბოძებს უფრო მაღლა არ დგას იმაზე, ვინც ნაბოძებს მიიღებს?”. ფაქტიურად ამით ისინი ამბობდნენ, რომ სასულიერო (პაპის) ხელისუფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე საერო (სამეფო) ხელისუფლება.
რომის პაპის მიერ კარლოსის იმპერატორად კურთხევის შემდეგ, კარლოს დიდი იწოდებოდა რომის იმპერატორად. ამ ფაქტს კონსტანტინოპოლში მტრულად შეხვდნენ, ვინაიდან აქამდე იმპერატორის ტიტულს მხოლოდ ბიზანტიელი მონაქები ფლობდნენ. მოგვინებით იმპერატორის ტიტულის ლეგიტიმურობის გასამყარებლად კარლოსმა კვლავ წამოიწყო მოლაპარაკებები ბიზანტიის სამეფო კართან. საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ კარლოსი ბიზანტიის სასარგებლოდ, უარს იტყოდა ვენეციაზე და დალმაციაზე, ხოლო ბიზანტის იმპერატორი მას იმპერატორად აღიარებდა.
კარლოს დიდმა განახორციელა სხვადასხვა რეფორმები. მანქვეყანა დაიყო სამხედრო ერთეულებად _ საჰერცოგოებად და საგრაფოებად. გრაფი, რომელიც იმ დროს წოდება კი არა, თანამდებობა იყო, თავის საგამგებლო ოლქში მეთაურობდა ლაშქარსა და სასამართლოს, ასევე კრეფდა გადასახადებს. სასაზღვრო ოლქებს ეწოდა _ მარკები, ხოლო მათ მმართველებს _ მარკგრაფები.
კარლოსმა ამ პერიოდში სკანდინავიური ტომების _ ნორმანების _ ზღვიდან თავდასხმებისაგან თავის დასაცავად მდინარეების შესართავებთან შექმნა ფლოტი.
“კაროლინგური აღორძინება”.
ფრანკთა იმპერიის დაშლა
მიუხედავად იმისა, რომ კარლოს დიდმა მოწიფულ ასაკში ისწავლა წერა-კითხვა, ის საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და კარგად ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. კარლოსი დიდ ყურადღებას უთმობდა განათლების საკითხებს. მან გამოსცა სპეციალური განკარგულება სამონასტრო სკოლების შექმნის შესახებ. მისივე ბრძანებით ყველა თავისუფალი მოქალაქის შვილს უნდა მიეღო აუცილებელი განათლება. შეიქმნა სწავლულთა წრე, რომელსაც აკადემია უწოდეს. თავად კარლოსიც აკადემიის წევრი იყო. ამ გარდა ამისა კარლოსის ბრძანებით შეადგინეს ფრანკული ენის გრამატიკა, შეაგროვეს გერმანული სიმღერები.
კარლოსის დროს ფილოსოფიური აზროვნებისა და კულტურის განვითარებას ისტორიკოსები “კაროლინგურ აღორძინებად” მოიხსენიებენ.
ცხოვრების უკანასკნელი წლები კარლოსმა თავის საყვარელ ქალაქში აახენში გაატარა, სადაც 814 წელს გარდაიცვალა 72 წლის ასაკში.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ჯანმრთელობაშერყეულმა კარლოს დიდმა დიდებულების წინაშე თავის შვილს, ლუდოვიკოს თავისი ხელით დაადგა ფრანკთა სამეფოს გვირგვინი ლიდოვიკო ისტორიაში ცნობილი გახდა ლუდივუკო ღვთისმოსავის სახელით. ლუდოვიკო ღვთისმოსავმა კი ფრანკთა იმპერიის მართვა-გამგეობა თავის სამ შვილს გაუყო.
.843 წელს ლუდოვიკოს მემკვიდრეებმა ქალაქ ვერდენში იმ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლითაც იმპერია 3 ნაწილად გაიყო: კარლოს მელოტს იმპერიის დასავლეთი ნაწილი ერგო, ლუდოვიკო გერმანელს აღმოსავლეთის სამფლობელოები, ხოლო ლოთარს _ შუა ნაწილი, რომელიც განლაგებული იყო ამ უკანსაკნელთა მიწებს შორის, მასვე ერგო იტალიის სამფლობელოები.
ასე ჩამოყალიბდა დასავლეთ ფრანკთა სამეფო, რომელსაც მოგვიანებით საფრანგეთი ეწოდა, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო _ გვიანდელი გერმანია და მესამე _ იტალია.