Posted by : ლელა კაკაშვილი
Tuesday, 20 March 2018
ერისმთავრობის დაწესება ქართლში.
ბაგრატიონები.
დასავლეთ საქართველოში განცდილმა მარცხმა, ბუნებრივია შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოშიც. თავის დროზე მეფობის გაუქმებას ქართლში დიდად შეუწყო ხელი დიდაზნაურთა მოღალატურმა საქციელმა. მათ თავიანთი კონკრეტული მიზნები ამოძრავებდათ. დიდაზნაურებს სურდათ სამუდამოდ დაუფლებოდნენ იმ მიწებს, რომლებიც მეფისაგან დროებით, სამართავად ჰქონდათ მიცემული. მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდაზნაურებს ბუნებრივ მოკავშირეებად ირანელები მოევლინენ. ქვეყნის შიგნით არსებულმა ამ წინააღმდეგობამ ირანელებს საკუთარი ზრახვების აღსრულება გაუადვილა. ახლა, როცა ქართლში მეფე აღარ იყო და დიდაზნაურებს მიწების უმეტესი ნაწილი ხელში ჰქონდათ ჩაგდებული, მათთვის მიუღებელი გახდა ირანელთა ბატონობა. ისინი მზად იყვნენ აჯანყებულიყვნენ დამპყრობლების წინააღმდეგ.
571 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო სომხეთში. შემდეგ წელს (572 წ) ქართველები ადგილობრივი ერისთავის გუარამის ანუ გურგენის მეთაურობით მიეშველნენ სომხებს. აჯანყების ხელმძღვანელებს კარგად ესმოდათ, რომ მარტო საკუთარი ძალებით ირანელთა განდევნას საბოლოოდ ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ დახმარების თხოვნით მიმართეს ბიზანტიას. კეისარი აჯანყებულთა თხოვნას კმაყოფილებით შეხვდა. ბიზანტიის იმპერატორი დიდი ხანია ზავის დარღვევას აპირებდა და მხოლოდ საბაბს ეძებდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართველებმა, ბიზანტიელთა თანადგომით ქართლი თანდათან გათავისუფლდა ირანელთა ბატონობისაგან და სახელმწიფოებრიობა აღიდგინა.
ქართლის ერისთავები ქვეყნის მართვა-გამგეობას თავიანთი შეხედულებებით შეუდგნენ. ძველებურად მეფობის აღდგენა მათ აღარ სურდათ, ამიტომ ერისთავებმა და დიდაზნაურებმა ქართლის უმაღლეს ხელისუფლად აირჩიეს არა მეფე, არამედ ერისმთავარი, იგივე ერისთავთა მთავარი ანუ “პირველი თანასწორთა შორის”, იგივე, “უპირველესი ერისთავთა შორის”, რომლის ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად.
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქართლის მეფის ხელისუფლებისაგან. თუ ქართლში მეფობის გაუქმებამდე ქართლის ერისთავები მეფის მოხელე-გამგებლებად ითვლებოდნენ, რომლებიც მეფეს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლო გამოეცვალა კიდეც, მეფობის გაუქმების შემდეგ, სპარსეთის შაჰებმა ქართლის ერისთავებს მათი საგამგებლო მხარეები მემკვიდრეობით დაუმტკიცეს, ახლა კი
1. ერისმთავრისაგან ქართლის ერისთავებმა მტკიცე პირობა მიიღეს, რომ ეს ახალი მმართველი არ წაართმევდა მათ საერისთავოების მემკვიდრეობით მართვის უფლებას.
2. ერისმთავარს არ შეეძლო ურჩი ერისთავების გადაყენება და დასჯა. ეს პირობები ბიზანტიის იმპერატორმა დაამტკიცა.
3. მემატიანის გადმოცემით, ერისმთავრებმაც ვერ იკადრეს ანუ ვერ შეძლეს მეფის სახელის მიღება, რადგან ამის უფლებას მას არ აძლევდნენ არც ბიზანტიელები, არც ირანელები და არც საკუთარი ერისთავები.
4. ქართლის დიდაზნაურებს ისეთი ხელისუფალი აწყობდათ, რომელიც მათ შორის მხოლოდ პირველი იქნებოდა და არა შეუზღუდავი მონარქი.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ერისმთავარი მაინც ქვეყნის მმართველოდ ითვლებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ირანი და ბიზანტია საუკუნეთა მანძილზე ერთმანეთს ებრძოდნენ ქართლსი გაბატონებისათვის, ამგრამ ამ საკითხში სრულ თანხმობაში იყვნენ, კერძოდ ისინი თვლიდნენ, რომ ქართლში არ უნდა ყოფილიყო ძლიერი ერთპიროვნული ხელისუფალი.
ქართლის წარჩინებულებმა პირველ ერისმთავრად აირჩიეს ერისთავი გუარამი ანუ გურგენი, რომელიც აჯანყებისას ქართველებს მეთაურობდა. იგი იყო ქართლის ძველი სამეფო გვარის, ბაგრატიონთა შთამომავალი. ეს აქტი ბიზანტიის იმპერატორმაც ცნო და გურგენ ერისმთავარს თავისი საკარისკაცო ტიტული კურაპალატობა მიანიჭა.
ბაგრატიონთა გვარი წარმოშობით ძველი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციიდან სპერიდან ანუ ისპირიდანაა (ეს პროვინცია ახლა თურქეთის შემადგენლობაშია). ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, გურგენი ვახტანგ გორგასალის ერისთავის, ბივრიტიანის შთამომავალი იყო. მან საფუძველი დაუდო ბაგრატიონთა დინასტიას. ასე რომ, გუარამი სახელმწიფოს სათავეში მდგომ პირველ ბაგრატიონად ითვლება.
სპერიდან წამოსულ ბაგრატიონთა ერთი შტო საქართველოში დამკვიდრდა, ხოლო მეორე _ სომხეთში. სომეხი ბაგრატიონები, მიუხედავად მათი ქართული წარმოშობისა, ისინი მოღვაწეობით და ეროვნული თვითშეგნენბით სომხები იყვნენ. სომეხმა ბაგრატუნებმა, როგორც მეფეებმა არსებობა შეწყვიტეს XIII საუკუნიდან.
ქართველი ბაგრატიონები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად გამოდიან VI საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ, როდესაც ერისმთავრად გუარამ ბაგრატიონი აირჩიეს. IX საუკუნეში, აშოტ I ბაგრატიონის ხანაში უკვე ცნობილი იყო თეორია ბაგრატიონების ღვთიური წარმომავლობის შესახებ. ის საგანგებოდ დაუმუშავებია სუმბატ დავითის ძეს თავის თხზულებაში “ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა”, რომელიც შევიდა “ქართლის ცხოვრებაში” და რომელშიც წარმოდგენილია ბაგრატიონთა გენეოლოგიის სქემა ადამიდან მოყოლებული. “მეფეთა ცხოვრების” მიხედვით, ბაგრატიონები _ დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლები არიან და მათი ხელისუფლება ღვთის მიერაა დადგენილი. უფლის ჩამომავალ სოლომონს შვიდი ძმა ჰყავდა, რომლებიც წამოვიდნენ პალესტინიდან, მოინათლნენ და ამდენად, ქრისტიანულ ქვეყანაში მეფობის უფლება ჰქონდათ. აქედან ოთხი მოვიდა ქართლში, რომელთაგან ერთმა მიიღო ერისთაობა და ის ბაგრატიონთა მამამთავარია, მას კეისარმა უბოძა კურაპალატობაც.
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება კიდევ უფრო ჩამოყალიბებულ სახეს იღებს გურგენის მემკვიდრის სტეფანოზ I-ის (591-604/5 წლები) დროს. 591 წელს სტეფანოზ I-ის სახელზე მოჭრილ მონეტაზე თვით სტეფანოზის სახელი მთლიანადაა ამოკვეთილი, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართლს ამ დროისათვის ირანელებისაგნ სრული დამოუკიდებლობისთვის მიუღწევია. ასევე მონეტაზე ჩნდება ჯვრის გამოსახულებაც. სტეფანოზ I-ის დროს მიმდინარეობდა არაგვისა და მტკვრის შესართავთან, მცხეთის პირდაპირ აღმართულ დიდ კლდეზე დიდებული ტაძრის მშენებლობა, რომელიც ისტორიაში მცხეთის ჯვრის სახელითაა ცნობილი. ტაძრის ფასადზე გამოქანდაკებულნი არიან სტეფანოზ I და მისი ოჯახის წევრები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით, რაც ბიზანტიასთან ურთიერთობის მიმანიშნებელია. ქართლი ამ დროს ბიზანტიის მოკავშირედ ითვლებოდა და სარწმუნოებრივადაც ბიზანტიურ დიოფიზიტობას აღიარებდა.
როგორც ვხედავთ, მართალია მცირე ხნით, მაგრამ მაინც ქართლი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან VII საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავარი იძულებული გახდა კვლავ ირანის უზენაესობა ეცნო.