Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday 20 March 2018


ეგრისი VI საუკუნის პირველ ნახევარში

    ქართლში გაბატონების შემდეგ ირანის შაჰმა თავისი ხელისუფლების დამყარება დასავლეთ საქართველოშიც, ეგრისშიც მოინდომა. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ ქართლისათვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, სულ სხვაგვარად უყურებდნენ ამ ქვეყანას დასავლეთ საქართველოში. ლაზებისათვის (ანუ ეგრისისათვის) ირანი, პირველ რიგში ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და ლაზიკის შესაძლო მოკავშირედ აღიქმებოდა.
   ბიზანტიის ხელისუფლების წინაშე მწვავედ დადგა ეგრისის გამაგრების აუცილებლობა, ამიტომ ეგრისში ჯარები შეიყვანეს. ბიზანტიელთა სამხედრო ნაწილები ჩადგა შავი ზღვის სანაპირო ციხე-ქალაქებში: ფაზისში (ფოთი), სებასტოპოლისში (სოხუმი), პიტიუნტში (ბიჭვინთა). ბიზანტიელებმა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, დღევანდელი ციხისძირის ადგილას, მაღალ კლდეზე, ააგეს ქალაქი პეტრა, სადაც მდებარეობდა ბიზანტიის ადგილობრივი მმართველის ანუ სტრატეგოსის რეზიდენცია. აქვე დაბანაკებული იყო მათი მთავარი სამხედრო ნაწილები. ბიზანტიელებმა გაამაგრეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გიჯიც და ფაქტობრივად ეგრისი მთლიანად თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარეს. 
     ბიზანტიელი მოხელეები ეგრისში თვითნებობდნენ, მოსახლეობას ყვლეფდნენ. მათ მთლიანად ჩაიგდეს ხელში ეგრისის საგარეო ვაჭრობა. შემოტანილ საქონელს თვითონვე ადებდნენ ფასს და ისე ყიდულობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გასაყიდად გამოტანილ საქონელსაც თვითონ ყიდულობდნენ ასევე მათ მიერ დადებული ფასებით.რა თქმა უნდა ეს ფასები ეგრისელთათვის ზარალის მომტანი იყო, რადგან ისინი ადგილობრივი მოსახლეობის საქონელზე დაბალ ფასებს აწესებდნენ.
   ეგრისს ბიზანტიელი სტრატეგოსი განაგებდა. მათ ეგრისის მეფეს მეფობის ნიშნები მხოლოდ გარეგნულად დაუტოვეს. ასე, რომ ბიზანტიელთა ბატონობით საზოგადოების ყველა ფენა უკმაყოფილო იყო. გადაწყდა, ბიზანტიელების განდევნა, მაგრამ ეგრისელები მხოლოდ საკუთარი ძალებით ამ ჩანაფიქრს რომ ვერ განახორციელებდნენ  ესეც კარად ესმოდათ. “ჩემი მტრი მტერი, ჩემი მეგობარიაო”- ასე განსაჯეს ლაზებმა და ამიტომ დახმარებისათვის ირანის შაჰს მიმართეს.

 “დიდი ომიანობა” ეგრისში
 (542-562 წწ)

     ბიზანტიის და ირანის დაპირისპირება ეგრისში ანუ ლაზიკაში ხანგრძლვ ომში გადაიზარდა. ომმა ქვეყანას ნგრვეა და უბედურება მოუტანა.
    როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიზანტიელთა ბატონობით შეწუხებულმა ლაზებმა მათ წინააღმდეგ ომის დაწყება განიზრახეს და დახმარება ირანის შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. ირანის შაჰი შესანიშნავად ხვდებოდა თუ რაოდენ დიდ სარგებელს ნახავდა ლაზიკაში გაბატონებით. კერძოდ: 
1. ის ზურგს მოუშლიდა ქართლს 
2. მოიპოვებდა გასასვლელს შავ ზღვაზე. 
3.დასავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ ირანს შეეძლო უფრო მეტი აქტიურობით, ზღვიდანაც შეეტია ბიზანტიისათვის. 
4.ასევე ეგრისშიც იყო ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელები, სადაც იქ მცხოვრები მეომარი ტომების დაქირავება შეიძლებოდა. 
სწორედ ამიტომ შაჰი სიამოვნებით დათანხმდა ლაზების წინადადებას.
    542 წელს ხოსრო I დიდი ჯარით შემოვიდა ქართლში. შაჰი ხმას ავრცელებდა, ჰუნების წინააღმდეგ მივდივარ სალაშქროდო. ირანელების ჯარმა სწრაფად გაიარა ქართლი. საზღვარზე ირანელებს ლაზი მეგზურები დახვდნენ და დასავლეთ საქართველოში გადაიყვანეს. ხოსროსთან გამოცხადდა ლაზიკის მეფე გუბაზ II. ირანელთა და ეგრისელთა გაერთიანებული ლაშქარი პეტრას ციხისკენ დაიძრა, რომელიც ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი იყო. ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ პეტრა აიღეს. ამ დროს შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტია დიდი ჯარით ირანში შეჭრილიყო. ხოსრომ პეტრას ციხეში თავისი გარნიზონი დატოვა და თავად ირანში გაბრუნდა.
    ბიზანტიის იმპერიას მდგომარეობა გაურთულდა დასავლეთშიც. ოსტგოთებმა რამდენიმე მარცხი აგემეს ბიზანტიელებს იტალიაში. ბიზანტიას შეიძლება იტალია დაეკარგა. ასეთ ვითარებასი იმპერატორმა იუსტინიანემ დაზავება შესთავაზა ხოსროს. თავის მხრივ დროებითი შესვენება სჭირდებოდა ირანსაც, რათა უფრო განემტკიცებინა მოპოვებული პოზიციები. ამიტომ 545 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის 5 წლიანი ზავი დაიდო. 
  ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო. ხოსრო კარგად ხვდებოდა, თუ რატომ მიიწვიეს ის ლაზებმა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ თავისუფლებისმყვარე ლაზები ბიზანტიელთა უღელს ირანელთა უღელზე არ გაცვლიდნენ. შაჰს კი დასავლეთ საქართველოსი მტკიცედ უნდოდა ფეხის მოკიდება და აქედან წასვლას არ აპირებდა. ხოსრო თვლიდა, რომ არსებობდა ერთადერთი გამოსავალი: დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის აყრა და აქ ირანული ტომების ჩამოსახლება. ამ გეგმის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი მეფე გუბაზის მკვლელობა უნდა ყოფილიყო. უმეფოდ დარჩენილი ლაზების დამარცხება უფრო ადვილი იქნებოდა. 
   სწორედ ამ მისიის შესასრულებლად ირანელებმა შეარჩიეს ლაზი დიდებული ფარსანსი, რომელიც გუბაზს მტრობდა. ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ წუთებში ფარსასმა პიროვნული უკმაყოფილება დაივიწყა და გუბაზს ყოველივე მოახსენა. ირანელთა ბატონობით უკვე მთელი მოსახლეობა იყო შეწუხებული. გუბაზი მიხვდა, რომ ირანელები არაფრით ჯობდნენ ბიზანტიელებს, პირიქით, მათი ყოფნა ქვეყანაში ლაზებისათვის უფრო სახიფათო იყო. გადაწყდა ომის განახლება ირანელთა განდევნის მიზნით. დახმარება ლაზებმა ბიზანტიელებს სთხოვეს.
   ბიზანტიამ მოახერხა იტალიაში არსებული პრობლემების მოგვარება და მზად იყო ირანის წინააღმდეგ ომი განეახლებინა. 549 წელს ბიზანტიელთა ჯარი პეტრას ციხეს შემოადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა სარდალმა შეცდომა დაუშვა. ძალიან მცირერიცხოვანი რაზმი გაგზავნა ლიხის ქედის გადმოსასვლელების დასაცავად. ირანის ჯარმა ფაქტობრივად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა ლაზიკაში გადასვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს. ირანელებმა კვლავ გაამაგრეს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ირანელებმა დატოვეს ლაზიკა და ქართლში დაბრუნდნენ.
   550 წელს შაჰმა ახალი ჯარი გამოგზავნა დასავლეთ საქართველოში. ლაზებმა მოითხოვეს, რომ პირველად ისინი შებმოდნენ მტერს. გუბაზ მეფის სიტყვებით გამხნევებული ლაზები მტერს ეკვეთნენ. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა ირანელთა სარდალი. მტერი აირია, ლაზების შეტევას ვეღარ გაუძლო და დამარცხდა. ბიზანტიელები კვლავ პეტრას შემოადგნენ და ამჯერად მოახერხეს ქალაქის აღება. ბიზანტიელებმა პეტრას დაკავება აღარ მოისურვეს და ციხესიმაგრე მიწასთან გაასწორეს. ირანელთა დამარცხების მიუხედავად დასავლეთ საქართველოში ვითარება მაინც მძიმე იყო.
   ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ირანელთა სარდალმა პეტრას დანგრევის ამბავი რომ შეიტყო, გადაწყვიტა არქეოპოლისი იგივე ციხეგოჯი აეღო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასობაში, როგორც ჩანს ლაზთა ნაწილი კვლავ პროირანულ ორიენტაციას მიემხრო. ირანელთა სარდალმა გუბაზსაც შესთავაზა ირანელების მხარეზე გადასვლა. გუბაზი მაინც არ ივცლიდა პოზიციას და ბიზანტიის ერთგული რჩებოდა. ბიზანტიელები კი უნიათოდ იქცეოდნენ. ირანელებთან ბრძოლაში დამარცხებულები, ისინი ლაზთა სოფლებს არბევდნენ და აჩანაგებდნენ. ბიზანტიელთა სასტიკმა და უსამართლო მოქმედებამ ჯერ აბაზგების (550 წელს), ხოლო შემდეგ მისიმიელების (555 წელს) აჯანყება გამოიწვია.
   გუბაზმა ბიზანტიელთა სამარცხვინო საქციელი იმპერატორს შეატყობინა. ამის საპასუხოდ ბიზანტიელმა სარდლებმა 554 წელს გუბაზი ვითომდა მოსათათბირებლად ხობის წყალთან შეიტყუეს და მოკლეს. გუბაზის მკვლელობამ ლაზები სასტიკად აღაშფოთა. 
   ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. დიდებულთა ნაწილი აიეტის მეთაურობით, ირანის მომხრე იყო და ირანელთა დახმარებით ვერაგი ბიზანტიელების განდევანას მოითხოვდნენ. ბიზანტიელთაა წინააღმდეგ აღშფოთება კანონიერი და გასაგები იყო. ლაზ დიდებულთა ნაწილი ფარტაძის მეთაურობით, კვლავ ბიზანტიელთა მხარეზე დარჩენას მიიჩენვდა საჭიროდ. მისი აზრით მთავარი ის იყო, რომ როცა ქვეყანა ბიზანტიელი მეომრებით იყო სავსე, მათგან განდგომა საშიში იქნებოდა. ამასთანავე ფარტაძემ საგანგებო ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქართველები თავისი ცხოვრების წესით ბიზანტიელებთან უფრო ახლოს იდგნენ, ვიდრე სპარსელებთან, სარწმუნოებაც ერთი ჰქონდათ, სპარსელები კი სწორედ ქრისტიანობას ებრძოდნენ.
   რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ვნებათა ღელვისა საბოლოოდ მაინც სწორმა აზრმა გაიმარჯვა და ლაზები კვლავ ბიზანტიელთა მხარეზე დარჩნენ, ოღონდ ერთი პირობით:  იუსტინიანეს მეფის მკვლელები უნდა დაესაჯა. იმპერატორმა ეს პირობა შეასრულა. მეფე გახდა მოკლული გუბაზის ძმა წათე II, ხოლო გუბაზის მკვლელები საჯაროდ, ეგრისის კანონებით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. იმპერატორი მიხვდა, რომ საჭირო იყო ანგარიში გაეწია ეგრისელებისათვის და მომავლში თავი შეეკავებინა მათ საშინაო საქმეებში ჩარევისაგან.
   სომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა, თუმცა ირანიცა და ბიზანტიაც უკვე ზავისკენ იხრებოდნენ. 562 წელს  ქალაქ დარაში დაიდო 50 წლიანი ზავი.
  ომი დამთავრდა. ირანელმა დასავლეთ საქართველო ბიზანტიელებს დაუთმეს. 20 წლიანი ომი ლაზებისათვის ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. ლაზიკამ თავი ვერ დააღწია ბიზანტიელთა ვასალობას. ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის სადავო რჩებოდა სვანეთი, სადაც ირანელთა ჯარი იდგა, მაგრამ 575 წელს ისინი სვანეთიდანაც განდევნეს.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -