Posted by : ლელა კაკაშვილი Tuesday, 20 March 2018


ქართულ-სომხური  საეკლესიო 
განხეთქილება

   602 წელს ბიზანტიაში სამეფო გადატრიალება მოხდა. სპარსეთის შაჰის ხოსრო II-ის სიმამრი კეისარი მავრიკიოსი მისავე სარდალმა ფოკამ ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ ფოკა გახდა კეისარი. სპარსეთის შაჰს ხელსაყრელი მომენტი დაუდგა სპარსეთისათვის ფრიად მძიმე 591 წლის საზავო პირობების დარღვევისათვის. ასე, რომ  სიმამრისათვის, ტახტიდან ჩამოგდებული ბიზანტიის იმპერატორ მავრიკის გამო “შურისძიების” საბაბით, ირანის შაჰმა არ დააყოვნა და ბიზანტიის საზღვრებში შეიჭრა. ასე დაიწყო სპარსეთ-ბიზანტიის უკანასკნელი ომი, რომელიც 604-628 წწ-ში მიმდინარეობდა.
    როგორც ვიცით ირანსა და ბიზანტიას შორის დადებული 50 წლიანი ზავი (562 წ)ბევრად ადრე დაირღვა. ამის მიზეზი 571 წ დაწყებული ქართლისა და სომხეთის დიდი აჯანყება იყო. ქართლში აჯანყებას მეთაურობდა  გურგენი. იგი ვახტანგ გორგასალის შვილიშვილი (ასულის წული) იყო. გურგენ ბაგრატიონი დედით გორგასლიან-ფარნავაზიანთა კლაჯული შტოს წარმომადგენელი, მამით კი, ოძრხის ერისთავთა ბივრიტიან-ბაგრატიონთა საგვარეულოდან იყო. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ბიზანტიას. კეისარმა მათ დახმარება აღუთქვა და ასევე შეპირდა, დამარცხების შემთხვევაში შეეფარებინა აჯაყების მოთავეები და მათი ნათესავები. 
   დიდგვაროვანთა მოთხოვნით ბიზანტიის კეისარმა ქართლის აჯანყების მეთაურს გურგენს კურაპალატის ტიტული მიანიჭა და ქართლის უმაღლეს ხელისუფლად სცნო. ასეთ მმართველს “ერისთავთ-მთავარი” ანუ “ერისმთავარი” ან “დიდი ერისთავი” ეწოდებოდა. ერისმთავრის უფლებები ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ შეზღუდული იყო. მაგალითად: ერისთავები საერისთავო ქვეყანას მემკვიდრეობით გადასცემდნენ და ერისმთავარს მისი წართმევის უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ერისმთავრობის დაწესება ქართლში მართვა-გამგეობის ორგანიზაციის თვალსაზრისით ქართული სახელმწიფოს აღდგენას ნიშნავდა.
   მაგრამ VII საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავარი იძულებული გახდა, კვლავ ირანის შაჰის უზენაესობა ეღიარებინა. ირანელებმა ამ დროს ქართლის უშუალო დაპყრობა ვერ შეძლეს და ისევ ნაცად ხერხს მიმართეს: დაიწყეს ქართლის დიდაზნაურთა გადაბირება და ბიზანტიაში ოფიციალურად აღიარებული დიოფიზიტური მრწამსის საპირისპიროდ მონოფიზიტობისათვის მხარის დაჭერა.
   როგორც ვიცით, სომხეთი, რომელიც ქართლზე მეტად განიცდიდა ირანის პოლიტიკურ გავლენას, მხარს უჭერდა მონოფიზიტურ მრწამსს, რაც ბიზანტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ამიტომ სომხეთის ეკლესიამ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ქართლის ეკლესიაზე თავისი გავლენა გაევრცელებინა. საქმე ისაა, რომ სომხეთის კათალიკოსი სამხრეთ კავკასიაში მონოფიზიტობის აღიარებული მეთაური იყო. ქართლის მონოფიზიტობაზე გადასვლის შემთხვევაში ქართლის კათალიკოსი მას უნდა დამორჩილებოდა.
   ქალკედონის კრების შემდეგ დაირღვა კავკასიის ქვეყნების სარწმუნოებრივი ერთიანობა. სომხეთში მონოფიზიტობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ იყო ცდები მოეწვიათ კავკასიის საერთო საეკლესიო კრება. 506 წელს ქ, დვინში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო ქართლის კათალიკოსი და 22 ეპისკოპოსი. სარწმუნოებრივი ერთიანობის აღდგენა შეუძლებელი გახდა. ასე, რომ კავკასიაში ირანულმა რელიგიურმა პოლიტიკამ სომხეთის ეკლესიას ქართლის ეკლესიის საქმეებში ჩარევისათვის კარგი საბაბი გამოუჩინა. 
   ყველაფერი იმით დაიწყო რომ ცურტავის ეპისკოპოსი მოსე (წარმოშობით სომეხი) სომხეთში გაიქცა და ქართლის კათალიკოსი კირიონი დიოფიზიტობაში დაადანაშაულა. მოსემ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მას ქართველები დევნიდნენ. მოსეს დაცვა თავს იდო სომხეთის კათალიკოსმა.
   ქართლის ეკლესიის დიოფიზიტობა სომხური ეკლესიისათვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა ბიზანტიასთან ომში სპარსეთის წარმატებები ქართლის ეკლესიის მონოფიზიტობაზე გადასაყვანად ხელსაყრელ დროდ მიიჩნიეს. 
   ქართულ და სომხურ ეკლესიას შორის გაიმართა დიდი კამათი, რომლის შესახებ ცნობები სომხურმა საეკლესიო მიმოწერათა კრებულმა ანუ “ეპისტოლეთა წიგნმა” შემოგვინახა. სომხური ეკლესია ქართლის კათალიკოსს კირიონს რწმენის დამახინჯებაში სდებდა ბრალს. კირიონი კი პასუხობდა,  რომ ქართლის ეკლესიას თავისი მრწამსი არ შეუცვლია და ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადახვევაში სომხურ ეკლესიას ადანაშაულებდა. სომხურმა ეკლესიამ თავისი მიზნის მისაღწევად ყველა გზას მიმართა. პირველ რიგში ის შეეცადა ქართველ მღვდელმთავრებს შორის განხეთქილება შეტანა და ისინი კირიონისათვის დაეპირისპირებინა. როდესაც ეს ცდა ამაო აღმოჩნდა, სომხურმა ეკლესიამ ქართლის ერისმთავარ ადარნასეს და ქართველ წარჩინებულებს მიმართა. მათ მან ქართველ და სომეხ წარჩინებულთა შორის ახლო ნათესაური კავშირები შეახსენა, რომელსაც საეკლესიო განხეთქილება დიდ ზიანს მოუტანდა. ასეთი მიმართვის მიუხედავად, ქართლის ერისმთავარმა ადარნასემ და ქართველმა წარჩინებულებმა მაინც კირიონ კათალიკოსს დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ სომხურმა ეკლესიამ თავისი ზრახვები ვეღარ დამალა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ქართლს სპარსეთის შაჰის რისხვით დაემუქრა. 
   როგორც ვხედავთ პოლიტიკური სიტუაცია ქართლისათვის საზიანო იყო. მონოფიზიტობის უკან ირანი იდგა. დიოფიზიტური ბიზანტია კი ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდა და მისი დახმარების იმედი ქართლს არ შეიძლება ჰქონოდა. კირიონმა შესანიშნავად გაართვა თავი შექმნილ მდგომარეობას: 
1. დაიცვა დიოფიზიტობა;
2. საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს გამოეყენებინა მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა.
   იმხნად სპარსეთის შაჰს სამხრეთ კავკასიისათვის არ ეცალა და ქართველ-სომეხთა საეკლესიო დავაში ვერ ჩაერა. მაშინ სომხეთის ახლად დანიშნულ კათალიკოსს აბრაამს ქართლის ეკლესიის დამორჩილების იმედი გადაეწურა და 608 წელს “საყოველთაო ეპისტოლე” (წერილი-მიმართვა) გამოსცა. “ეპისტოლემ “ სომხებს ვაჭრობის გარდა ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ეს აკრძალვა ალბანელებზეც ვრცელდებოდა.  “საყოველთაო ეპისტოლე” სომეხი მონოფიზიტების სრულ მარცხს ნიშნავდა. ქართული ეკლესია მართლმადიდებლურ მრწამსზე დარჩა და თავისი დამოუკიდებლობაც შეინარჩუნა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -