Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 1 March 2018



ბერძენ-სპარსელთა ომები


      ბერძენ-სპარსელთა ომი მსოფლიო ისტორიაში საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციების დაპირისპირების პირველი მაგალითია. ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდა ორი განსხვავებული კულტურის მქონე სახელმწიფო _ ევროპული (დემოკრატიული) საბერძნეთი და აზიური _ დესპოტური (დესპოტი ძველი აღმოსავლეთის მონათმფლობელურ მონარქიებში იყო უმაღლესი მმართველი, რომლის ხელთ იყო განუსაზღვრელი უფლებები) ირანი (სპარსეთი).
      ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოდან სპარსეთის მეფე დარიოსმა თავის უზარმაზარ სამეფოს შემოუერთა მცირე აზიის ბერძნული ქალაქებიც. საბერძნეთი მოწყდა შავიზღვისპირეთს. ფართო გასაქანი მიეცათ სპარსული ორიენტაციის ფინიკიელ ვაჭრებს, რომლებიც ცდილობდნენ ბერძნების წინააღმდეგობის დაძლევას და ზღვებზე გაბატონებას. 
ბერძნული პოლისები ეკონომიკურად შევიწროვებულნი აღმოჩნდნენ. ამიტომ იყო, რომ სპარსელების ტირანიის (თვითნებობაზე და ძალადობაზე დამყარებული მმართველობა) წინააღმდეგ აჯანყებულ მცირეაზიელ ბერძნებს მხოლოდ ქალაქი ათენი დაეხმარა, განრისხებულმა დარიოსმა თავისი ჯარი საბერძნეთში შეიყვანა.  ათენისა და სპარტის გარდა, ყველა ბერძნულმა პოლისმა სცნო სპარსელების უზენაესობა. დარიოსმა ათენის დასჯა გადაწყვიტა. 
      ასე დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომი. სწორედ დარიოსის დროს დაიწყო სპარსეთმა  პირველი სამხედრო ექსპედიციები ათენის წინააღმდეგ. ძვ.წ. 490 წელს სპარსელთა ხომალდები ათენის მახლობლად ეგეოსის ზღვის ნაპირებს მიადგნენ. ბრძოლა მარათონის ველზე გაიმართა. ეს გაშლილი ველი ყურესთან ახლოს მდებარეობდა და სპარსელთა ეტლებისათვის კარგ ასპარეზსს წარმოადგენდა. ისრებით და შუბებით შეიარაღებული 20 000 სპარსელი მეომარი დაბანაკდა მარათონის ველზე, რომელიც მხოლოდ 42 კმ-ით იყო დაშორებული ათენიდან. ამ ამბის გაგებისთანავე შეიკრიბა 11 000 ბერძენი მეომარი. ათენმა დახმარება სთხოვა სპარტას, მაგრამ მან თავისი ჯარი არ გამოგზავნა. 



        მცირერიცხოვნობის მიუხედავად სტრატეგმა მილტიადემ ბრძოლა სწორი ტაქტიკით წარმართა. მან მარათონიდან ათენისაკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. სპარსელებმა მოახერხეს ბერძენთა ფალანგის ცენტრის გარღვევა. ბერძნებმა მტერს ფალანგის კიდეებიდან შეუტიეს და შუაში მოიქციეს. სპარსელები იძულებულები იყვნენ თავიანთი ხომალდებისაკენ დაეხიათ და გაქცეულიყვნენ.
     გახარებულმა ბერძნებმა ათენში გაგზავნეს შიკრიკი, რომელსაც მათი გამარჯვების ამბავი უნდა ეხარებინა ათენელებისათვის. ამ მებრძოლმა, რომელსაც ერქვა ფიდიპიადესი, მთელი გზა მარათონიდან ათენამდე სრული აღჭურვილობით (იარაღის დაყრა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, თანაც ბერძენი ჰოპლიტი, იგივე მძიმედ შეიარაღებული ქეითი მეომარი, რომ უიარაღოდ მორბენალი დაენახათ, ნამდვილად ცუდს იფიქრებდნენ) შეუსვენებლად ირბინა. ქალაქში შესულმა მოახერხა წამოეძახა: “გიხაროდეთ ათენელებო, ჩვენ გავიმარჯვეთ!” და უსულოდ დაეცა. ამ მოავლენის აღსანიშნავად თანამედროვე ოლიმპიადაზე სპორტული შეჯიბრების ერთერთ სახეს წარმოადგენს მარათონული სირბილი, რომელიც სწორედ 42 კმ დისტანციას მოიცავს.
      მარათონის ველზე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ათენისათვის, არამედ ყველა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოსათვის. მარათონის გამარჯვებამ იმედდაკარგულ ბერძნულ პოლისებში აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად გაამწვავა ბერძნულ პოლისებში დაპირისპირება ოლიგარქიასა და დემოკრატიას შორის.
   მარათონში განცდილი მარცხის შემდეგ აქემენიდურმა სპარსეთმა გადამწყვეტი ბრძოლისათვის დაიწყო მზადება, თუმცა ამ დროს ირანში არეულობა დაიწყო. აჯანყდა ეგვიპტე და მესოპოტამია. ძვ.წ. 486 წ ირანში ტახტი დაიკავა ქსერქსემ, რომელმაც შეძლო       ირანის სამეფოს ერთიანობის აღდგენა და საბერძნეთში შესაჭრელად მოემზადა.
ძვ.წ. 481 წ სპარტის ინიციატივით კორინთოსთან მოიწვიეს საერთო ბერძნული კონგრესი, რომელსაც უნდა ემსჯელა აქემენიდების წინააღმდეგ ბერძნული პოლისების კოალიციის შექმნაზე. 31 პოლისს შორის დაიდო სამხედროო კავშირი და გადაწყდა, სპარსელებისათვის ბრძოლა გაემართათ. ამასთან ერთად კონგრესმა აკრძალა ბერძნულ პოლისებს შორის დაპირისპირება. შეიქმნა კოალიცია, რომლის წევრებსაც განესაზღვრათ გამოსაყვანი სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა. ის ქალაქი, რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა, სასტიკად უნდა დაესაჯათ. ბერძენთა სახმელეთო და საზღვაო ლაშქარს სათავეში ჩაუდგნენ სპარტელი ლეონიდასი და ევრიბიადე.
    ძვ.წ. 480 წ, სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსეს მეთაურობით დაიძრნენ საბერძნეთისაკენ. დარიოსისაგან განსხვავებით, ქსერქსემ საბერძნეთში შეჭრა სახმელეთო გზით გადაწყვიტა და აზიიდან ევროპაში ჰელესპონტის სრუტით გადაწყყვიტა გადასვლა. ამჯერად სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ პელოპონესში, თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა მოღალატემ ქსერქსეს ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან შემოუარეს. ლეონიდასმა მხოლოდ 300 სპარტანელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს უკან დახევა უბრძანა (მეფემ ასევე უკან დახევა უბრძანა ყველა ცნობილი გვარის წარმომადგენელს და მხოლოდ მათ ვისაც შვილები ჰყავდათ). მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგეების წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად დაიღუპნენ. 
    მარათონის ბრძოლის შემდეგ ომის წარმოების მეთოდთთან დაკავშირებით ერთმანეთს ათენში დაუპირისპირდა ორი სამხედრო ბანაკი. სახმელეთო ბრძოლის მომხრე ბანაკი, რომელსაც არისტიდე უდგა სათავეში, მას მიემხრო არისტიკრატია და მიწათმოქმედთა ნაწილი, ხოლო ვაჭარ-ხელოსანთა ფენა თემისტოკლეს მეთაურობით, თვლიდა, რომ სპარსელთა რიცხობრივი უპირატესობის გამო, უმჯობესი იყო ორიენტაცია საზღვაო ბრძოლაზე აეღოთ.



    თერმოპოლესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარი ათენისაკენ გაეშურა. როგორც ვიცით, სარდალ თემისტოკლეს აზრით, ათენი ვერ გაუმკლავდებოდა მტერს ხმელეთზე.. უმჯობესი იყო ბრძოლის გამართვა არა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე. ათენის მოსახლეობამ დაუჯერა სარდლის რჩევას და ქალაქი დატოვა. ქალები, ბავშვები და მოხუცები უხიფათო ადგილას გაიხიზნენ. ბრძოლისუნარიანმა მამაკაცებმა ხომალადებით მიაშურეს კუნძულ სალამინს. იქ, თემისტოკლეს ჩანაფიქრით, სპარსელებთან გადამწყვეტი ბრძოლა უნდა მომხდარიყო. დამპყრობლებმა დაცარიელებული ათენი ძვ.წ. 480 წ გაძარცვეს, დაანგრიეს და გადაწვეს.




  ქსერქსემ თავისი მრავალრიცხოვანი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელების დიდმა და მაღალმა ხომალდებმა ვიწრო სრუტე თითქმის გაავსეს. ისინი ძლივს მოძრაობდნენ. ელინთა პატარა და დაბალი ხომალდები _ ტრიერები კი სწრაფად და თავისუფლად დაცურავდნენ. ისინი მახვილი ცხვირით ეჯახებოდნენ სპარსელთა ხომალდებს და ლეწავდნენ. თემისტოკლეს გეგმის წყალობით, ბერძნებმა სპარსელთა უზარმაზარ და ძლიერ ფლოტს სძლიეს.
    დამარცხებული ქსერქსე თავისი ლაშქრის უდიდეს ნაწილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. სპარსელთა ჯარის დანარჩენი ნაწილები კი ბერძნებმა ძვ.წ. 479 წ ქალაქ პლატეასთან დაამარცხეს. ამ მარცხის შემდეგ აქემენიანთა იმპერიამ ხელი აიღო საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილებაზე. მტერი იძულებული გახდა დაეტოვებინა საბერძნეთი. რამდენიმე წელიწადში ბერძნებმა მთლიანად გაწმინდეს საბერძნეთი სპარსელებისაგან.
    ამ ომში ათენის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი ძვ.წ. 478 წელს ათენის მეთაურობით შექმნილმა სამხედრო კავშირმა, რომელიც ყველა ბერძნულ პოლისს აერთიანებდა. ამ კავშირის ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა და ყველა კუნძული და პოლისი ვალდებული იყო, ათენის ფლოტის შესანახად გარკვეული ოდენობის გადასახადი იგივე “ფოროსი” უნდა გადაეხადა. ომის დასრულების შემდეგ ხაზინამ ათენში გადაინაცვლა, ამიტომ ამ კავშირის ათენის საზღვაო კავშირი ეწოდა.
ბერძენ-სპარსელთა ომები ელინების გამარჯვებით დასრულდა ძვ.წ. 449 წელს ათენელთა გამარჯვება გაფორმდა კალიასის ზავით, რომლის მიხედვითაც:
 1.სპარსეთმა სცნო ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა. 
2.სპარსეთის ფლოტს აეკრძალა ეგეოსის ზღვაში ცურვა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -