Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 7 March 2018
ქართლის (იბერია) სამეფო
ქართლის სამეფოს წარმოქმნას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა საერთაშორისო ვითარებამაც. როგორც ვიცით ძვ.წ. IV საუკუნეში მაკედონელის მიერ აქემენიდური ირანის განადგურების შემდეგ ქართველური ტომები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ აქემენიდებს, განთავისუფლდნენ და მიეცათ დამოუკიდებელი განვითარების საშუალება. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლამ კი, შესაძლებელი გახადა შექმნილიყო ის პირობები, რომლიც ხელს შეუწყობდა სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის – ქართლის სამეფოს წარმოქმნას.
ქართული ისტორიული ტრადიცია ელინისტურ ხანას უკავშირებს ქართლის სამეფოს წარმოქმნას. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობისა და შემდგომ აქ განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს ორი ისტორიული წყარო: “ქართლის ცხოვრება” და “ მოქცევაი ქართლისაი”. თვითონ ალექსანდრეს საქართველოში არ ულაშქრია, მაგრამ აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ შესაძლოა მისი სარდლებიდან რომელიმეს ელაშქრა კავკასიაში და ეს დამპყრობელი გვიანდელ მემატიანეს ალექსანდრე მაკედონელად მიეჩნია.
“ქართლის ცხოვრების” (XI საუკუნე) მიხედვით, რომლის ერთ-ერთი ნაწილის ავტორიცაა ლეონტი მროველი _ მაკედონელის ლაშქრობამდე ქართლს მართავდნენ მამასახლისები. ყველა თემს თავისი მამასახლისი ჰყავდა, უზენაესი კი იყო მცხეთის მამასახლისი. სწორედ უკანასკნელი მცხეთელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილი იყო ფარნავაზი. “ქართლის ცხოვრებაში” მოთხრობილი ლეგენდის თანახმად, ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი და აქ მმართველოად დატოვა სარდალი აზო. დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიღუპა ფარნავაზის მამა და მცხეთის მამასახლისი სამარა. 3 წლის ფარნავაზი დედამ ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანა, სადაც გაიზარდა კიდეც. აზომ დაიმორჩილა არა მარტო ქართლი, არამედ კოლხეთიც. მოკლული მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილი ფარნავაზი ერთხელ სანადიროდ გაემართა. მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ მოუსწრო. ფარნავაზმა თავი გამოქვაბულს შეაფარა, სადაც აურაცხელ განძს წააწყდა, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად დიდხანს ეზიდებოდა სახლში ურმებით. ფარნავაზმა ამ განძით ჯარის დაქირავება გადაწყვიტა. იგი კოლხეთის (ეგრისის) მმართველ ქუჯის დაუკავშირდა და აზოს წინააღმდეგ ომში გაერთიანება შესთავაზა.
აზოს მმართველობის წინააღმდეგ ფარნავაზის ბრძოლამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. აზოს მხარეს დადგნენ პონტოელები და ბერძნები. ფარნავაზს კი ჩრდილოკავკასიელნი და სელევკიდების სამეფოს მონარქის, ანტიოქს I-ის მიერ გამოგზავნილი ჯარები ეხმარებოდნენ. ზოგიერთი ცნობით, ფარნავაზმა სამხრეთ საქართველოში ჰურთან (იგივე ქაჯთა ქალაქი), ზოგი ცნობით არტაანთან დაამარცხა აზო, მოკლა იგი და თავისი გვირგვინის ქვეშ გააერთაინა ქართლი. მას სამეფო ნიშნები სელევკიდების სამეფოს მონარქმა ანტიოქოს I-მა გამოუგზავნა.
ფარნავაზის უზენაესობა სცნო ასევე ქუჯიმაც, რის შედეგადაც კოლხეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ფარნავაზის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზეც გავრცელდა. ეს გავლენა მან დინასტიური ქორწინებით განამტკიცა. კერძოდ გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავის მოკავშირეებს _ ქუჯის და ოსთა მეფეს თავისი დები მიათხოვა ცოლად, თვითონ კი დურძუკთა მეფის ასული შეირთო ცოლად.
ყოველივე ამას ცოტა უფრო სხვაგვარად აღწერს მეორე ქართული წყარო, IX საუკუნეში შექმნილი “მოქცევაი ქართლისაი”. აქაც საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის დაპყრობაზე და აღნიშნულია, რომ ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობისას თან ჰყავდა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო, რომელსაც მცხეთაში უბოძა სამეფო ტახტი. შემდეგ აზო წავიდა არიან-ქართლში, იქიდან თავისი ხალხი წამოიყვანა და მათთან ერთად დასახლდა მცხეთაში. აზომ თან მოიტანა ორი კერპი _ გაც და გაიმ. ამ წყაროს მიხედვით აზო არის არიან-ქართლელი და არა მაკედონელი. არსებობს მოსაზრება, რომ არიან-ქართლი უნდა აღნიშნავდეს ირანის ქართლს, ანუ ქართლის იმ ტერიტორიას, რომელიც შედიოდა აქემენიდების ირანის შემადგენლობაში (სატრაპიის სახით) და დასახლებული იყო ქართული ტომებით. როგორც ვხედავთ ორივე ქართული წყარო აღწერს ერთსა და იმავე ამბავს: ბრძოლას პირველობისათვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ქართულ ტომებს შორის.
ქართლის სამეფოს რვა საუკუნის მანძილზე მართავდა ფარნავაზიანთა დინასტია. მეფესთან ერთად ქვეყნის მართვა-გამგეობაში დიდ როლს ასრულებდნენ სამეფო ოჯახის წევრები. ისინი ხშირად დიდ თანამდებობეზე ინიშნებოდნენ. ანტიკური პერიოდის ქართლში მეფობა უკვე მამიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადიოდა.
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო რეფორმების გატარება.
1. ფარნავაზმა თავისი სამეფო დაყო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად, რომელსაც ეწოდებოდა “საერისთავო”. ამ ქართულ ტერმინს უნდა შეესიტყვებოდეს ირანული “პიტიახში”,რომელიც ხშირად მოიხსენიება ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე. ფარნავაზის დროს არსებობდა 8 საერისთავო, რომლის სათავეშიც იდგა მეფის მოხელე _ ერისთავი. ფარნავაზმა ცალკე გამოყო სასპასპეტო, რომელიც ყველაზე სტრატეგიულ რეგიონს, შიდა ქართლს მოიცავდა. სპასპეტს ემორჩილებოდა ყველა ერისთავი. იგი იყო მეფის შემდგომ მეორე პირი. ერისთავების დაქვემდებარებაში იყვნენ ლაშქრის მეთაურები _ სპასალარები და ათასისთავები. ისინი აგრეთვე კრეფდნენ გადასახადებსაც. მეფესთან ერთად სამეფოს მართვაში დიდ როლს ასრულებდა სამეფო კარი. მასში შედიოდნენ დიდ მოხელეები, იგივე “სეფეკაცები”.. არქეოლოგიურ წყაროებში ამ მოხელეებისაგან იხსენიება ეზოსმოძღვარი და მხატვართუხუცესი.
2. ფარნავაზმა აღადგინა და გაამაგრა მცხეთა. არგვეთში (იმერეთში) თავისი პოზიციების გასამყარებლად ფარნავაზმა ააგო შორაპნისა და დიმნის ციხეები. ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე. ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც, რადგან აქედან მუდმივად იყო მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევების საფრთხე. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები შემდეგში კარგად იყენებდნენ: მეზობელ ქვეყნებთან დაპირისპირების შემთხვევაში მათ შეეძლოთ ამ გადმოსასვლელების გახსნა და მომთაბარეების შესევა მოწინააღმდეგე ქვეყნების ტერიტორიაზე. ამიტომ მომთაბარეთა შიშის გამო მეზობელი ქვეყნები ქართლთან თბილი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
3. ფარნავაზმა გაატარა რელიგიურ რეფორმაც. რეფორმამდე ქართლში გავრცელებული იყო ციური მნათობების (მზის, მთვარი, ვარსკვლავების) თაყვანისცემა, ამასთანავე ყველა ოხახს, გვარს, თემს თავისი კერპი ჰყავდა, მაგალითად ოჯახის მფარველი ღვთაება – კვირიას. ხოლო ბერძნული კოლონიზაციის შედეგად საქართველოში გავრცელდა ბერძნული ღვთაებებს _ ჰელიოსის (მზის ღმერთის) თაყვინისცემა, ასევე ნაყოფიერების ღვთაების _ დიონისეს თაყვანისცემა. ფარნავაზმა კი რელიგიური რეფორმის შედეგად შექმნა მთავარი კერპი _ არმაზის კულტი, რომელშიც გაერთიანებული იყო რამდენიმე ღვთაების ნიშან-თვისება. ქართველები თაყვანს სცემდნენ მთვარის (ომის) ღვთაებას, რომელიც მეომარი მამაკაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. არმაზი უნდა ყოფილიყი პროტოტიპი ძველი ხეთური მთვარი ღვთაებისა – ხეთურად “არმას” ნიშნავდა მთვარის ღვთაებას. სხვა ვერსიით არმაზის კულტში ზოროასტრიზმის, იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაების, აჰურამაზდას ნიშნები ჩანს. არმაზი მცხეთის ზემოთ, მთაზე აღმართეს. აქვე აშენდა არმაზის ციხეც. იბერიის მეფემ შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპებიც _ გაც და გაიმ. ფარნავაზს არავისთვის არ აუკრძალავს საკუთარი კერპების თაყვანისცემა, მაგრამ ყოველთა ქართველთა უმაღლეს ღვთაებად არმაზის კერპი დაადგინა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაქსაქსულ ქართველ ტომთა გაერთიანებისათვის.
4. ფარნავაზს ლეონტი მროველი მიაწერს ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართული ენის შემოღებას და ქართული დამწერლობის შექმნას. აღსანიშნავია, რომ მაშინ ქართლში ექვსი ენა გამოიყენებოდა სასაუბროდ: ქართული, სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. სწორედ ფარნავაზმა ქართულ ენას დააკისრა სახელმწიფო ენის ფუნქცია, ე.ი. ქართული დააკანონა სასაუბრო ენად.
ფარნავაზის მეფობის ხანის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. მას ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე უნდა დაეკავებინა სამეფო ტახტი. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის, მეფობდა 67 წელი და დასაბამი მისცა ფარნავაზიანთა დინასტიას.
ქართლის ანუ, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ იბერიის სამეფო ძვ.წ. III-ში საკმაოდ გაძლიერდა. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი. ამით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს და დაჩქარდა მათი კონსოლიდაცია ანუ ერთ ხალხად ჩამოყალიბების პროცესი.
როგორც ვხედავთ, ფარნავაზმა შექმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო ერთიანი ენითა და ერთიანი კულტით. მის მიერ შექმნილი სახელმწიფო მოიცავდა მთელ საქართველოს.