Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018

კოლხეთის (ეგრისი) სამეფო

   კოლხეთი, როგორც ანტიკური წყაროებიდან ჩანს წარმოადგენდა ტერიტორიას პიტიუნტიდან (იგივე ბიჭვინთიდან) აფსაროსამდე (ეს იყო ქალაქი მდინარე ჭოროხის შესართავთან) კოლხების გარდა ამ რეგიონში ცხოვრობდნენ სხვა ტომებიც, მაგრამ ჰეგემონები სწორედ კოლხები ყოფილან. გეოგრაფიული დასახელება - “კოლხეთი” ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობითაც იხმარებოდა და აღნიშნავდა იმ ქვეყანას, რომელიც კოლხებს ემორჩილებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენი ისტორიკოსი, “ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტე კოლხებს ამსგავსებდა ეგვიპტელებს. იგი მათი მსგავსება-ნათესაობის სამ კრიტერიუმს გამოყოფდა:
1. ორივე შავგვრემანები არიან; 
2. ორივე სელს ერთნაირად ამუშავებენ 
3. მხოლოდ ეგვიპტელები, კოლხები და ეთიოპიელები  აწარმობენ წინდაცვეთას, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ჰეროდოტე აქ აშკარად ცდება, ამ მოსაზრებას კოლხების წარმომავლობასთან არაფერი აქვს საერთო.

   ძვ.წ. VI-V სს-ებში კოლხეთი წარმოადგენდა ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ სახელმწიფოს _ მრავალრიცხოვანი ქალაქებით და ქალაქური ტიპის დასახლებებით, განვითარებული მიწათმოქმედებით და მეტალურგიით. კოლხეთში რკინის სახნისების გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდი ადგილი ეჭირა მარცვლეულის მოყვანას. არქეოლოგებმა კოლხეთში აღმოაჩინეს მრავალი ქვევრი, რაც მიუთითებს ამ ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითარების უაღრესად მაღალ საფეხურზე იდგა ოქრომჭედლობა. კოლხეთს ასევე  გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონია სხვა ქვეყნებთან.

   ამ პერიოდის კოლხეთის სათავეში კვლავ მეფე დგას. ცნობილი ისტორიკოსი და      გეოგრაფი სტრაბონი შენიშნავს, რომ კოლხეთი ერთ დროს სახელოვანი ქვეყანა იყო, რასაც მოწმობს მითი “არგონავტების” შესახებ. შემდეგ კი აიეტის მემკვიდრეებმა კოლხეთის სამეფო დაყვეს სკეპტუხიებად და ისე მართავდნენ  ქვეყანას. სკეპტუხია, სავარაუდოდ ეს იყო ტერიტორიულ პრინციპებზე შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული კოლხეთში, რომლის სათავეში იდგა სკეპტუხი, რომელიც ინიშნებოდა ადგილობრივი საგვარეულო არისტოკრატიის წარმომადგენლებისაგან.

    კოლხეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მრავლად ჩამოყალიბდა ქალაქები. ეს საზღვაო ქალაქები წარმოადგენდა შერეული ტიპის ქალაქებს. 
1. კოლხეთში არსებობდა ბერძნული ახალშენები, 
2.  ასევე ადგილობრივი დასახლებებიც.  
   კოლხეთში ყველაზე დაწინაურებული ყოფილა ბერძნული კოლონია (ახალშენი) ფაზისი. მის ასეთ დაწინაურებას ხელს უწყობდა ის დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა – კერძოდ, დიდი აბრეშუმის გზა. ეს გზა მოუყვებოდა მდინარე ამუ-დარიას, კასპიის ზღვას და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფაზისით შავ ზღვამდე და აქედან უკვე ბერძნული სამყაროსაკენ მიემართებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფაზისს გააჩნდა ვერცხლის მომპოვებელი საბადოები. 
    გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოლხეთის სანაპიროზე დაარსებული ბერძნული ახალშენები აღმოცენდა იქ, სადაც უკვე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი დასახლებები. დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში. ასე, რომ კოლხეთის სანაპიროზე შექმნილმა ბერძნულმა კოლონიებმა ვერ მოიპოვა პოლიტიკური გავლენა კოლხეთის მოსახლეობაზე, ამირომ იქცნენ ისინი ბერძნულ ახალშენებად.
    იმპორტის სახით კოლხეთში ძირითადად შემოდიოდა სხვადასხვა ფუფუნების საგნები. კოლხეთისა და გარესამყაროს ამ ინტენსიურ ურთიერთობაზე მოწმობს შავი ზღვის ბერძნულ ქალაქებში აღმოჩენილი კოლხური მონეტები _ კოლხური თეთრი, რომელიც კოლხეთში მიმოქცევაში ყოფილა ძვ.წ. VI-II საუკუნეებში. ფულის მოჭრა კოლხეთში განვითარებული სახელმწიფოს არსებობა ადასტურებს. 
    ეგრისის, იგივე კოლხეთის, მოსახლეობის შიგნით შორს იყო წასული ქონებრივი და სოციალური უთანასწორობა. აქ გვხვდება, როგორც არისტოკრატთა მდიდრული სამარხები და აკლდამები, ისე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადგილობრივი საზოგადოების რიგითი წევრების უბრალო ორმოსამარხები ორიოდე ჩატანებული თიხის ჭურჭლითა და ღარიბული სამკაულებით.
    კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ბერძნებთან ასევე წინა აზიაშიც, სადაც დაწინაურებულები იყვნენ მიდიელები და სპარსელები. ჰეროდოტე, როდესაც საუბრობს წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობაზე, აღნიშნავდა, რომ სპარსელები ცხოვრებდნენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც მეწამულს უწოდებდნენ, მათ ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ მიდიელები, მიდიელების ჩრდილოეთით კი სასპერები, სასპერებს ზემოთ კი კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე. “ეს ოთხი ხალხი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე” _ ამბობს ჰეროდოტე.
   კოლხებს თავისებური ურთიერთობა ჰქონიათ სპარსელებთან. როგორც გვახსოვს აქემენიდური სპარსეთის XIX სატრაპიის შემადგენლობაში შედიოდა კოლხეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. საკუთრივ კოლხეთი (ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია) აქემენიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში არ შედიოდა, მაგრამ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ სპარსეთში აგზავნიდა 100 ჭაბუკსა და 100 ქალწულს. ჰეროდოტეს ცნობით ეს იყო ნებაყოფლობითი საჩუქარი. ამ 200 ახალგაზრდას კოლხები, ალბათ მონებისა და ტყვეებისაგან არჩევდნენ და ამით ინარჩუნებდნენ მშვიდობიან ურთიერთობას მრისხანე მეზობელთან.
    ამრიგად, კოლხეთის სამეფო წარმოადგენდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებულ, განვითარებული კულტურის მქონე სახელმწიფოს, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან.
   როგორც დავინახეთ კოლხეთის, იგივე ეგრისის სამეფო ჩამოყალიბდა ძვ.წ. VI საუკუნეში.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -