Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday, 21 March 2018


არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბება.
 სუნიტები და შიიტები.


    როგორც დავინახეთ, VII საუკუნის I ნახევარში არაბთა სახელმწიფოს ანუ სახალიფოს ჩამოყალიბება სპეციფიკურია, კერძოდ _ არაბეთში რელიგია და სახელმწიფო ერთობლივად, ერთმანეთისაგან მოუწყვეტლივ იქმნება. მუჰამედი ერთდროულად იყო უზენაესი რელიგიური ლიდერიც და პოლიტიკური ხელისუფალიც. როგორც რელიგიური ლიდერი და ღმერთის მოციქული, მუჰამედი ქდაგებდა მიმდევრებს შორის, ხოლო, როგორც პოლიტიკური მეთაური, იგი გამოსცემდა კანონებს, მიჰყავდა სასმართლო პროცესები, კრეფდა გადასახადებს, აწარმოებდა ომებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
   მუჰამედის სიკვდილის შემდეგ შეკრებილ მუსლიმებს წინამძღოლი, ხალიფა ანუ “მოციქულის მოადგილე”, უნდა აერჩიათ. მათი აზრით ხალიფას მიწაზე ალაჰის ნება უნდა განეხორციელებინა. ხალიფობის კანდიდატები მუჰამედის უახლოესი ადამიანი იყვნენ : აბუ-ბექრი, რომელიც მუჰამედის საყვარელი ცოლის აიშას მამა იყო, ოსმანი _ რომელიც მექის ერთ-ერთი გავლენიანი საგვარეულოს ომაიანების წარმომადგენელი და მუჰამედის სიძე, ქალიშვილის ქმარი იყო, ალი _ რომელიც მუჰამედის გამზრდელი ბიძის შვილი და მეორე ქალიშვილის, ფატიმას ქმარი იყო, ომარი _ რომელიც მუჰამედის მეგობარი და ერთერთი მიმდევარი იყო.
   აიშას ჩარევის შედეგად ხალიფად აირჩიეს აბუ-ბექრი (632 – 634 წწ). ის მალე გარდაიცვალა და მემკვიდრედ ომარი დატოვა, რომელიც  10 წელი იყო ხალიფა (634 – 644 წწ). ომარი სპარსმა მონამ სასიკვდილოდ დაჭრა. სიკვდილამდე მან ექვსკაციანი საბჭო მოიწვია, რომელმაც ხალიფად აირჩია ოსმანი (644 – 656 წწ). ამას არ შეურიგდნენ ალის მომხრეები. მათ ჩამოაყალიბეს “შია”, რომელიც არაბულად “დაჯგუფებას”, “პარტიას” ნიშნავს. მათ ოსმანი მოკლეს. ხალიფად აირჩიეს ალი (656 – 661 წწ). ამის გამო სახალიფოში სამოქალაქო ომი დაიწყო.
   სირიის მმართველმა, ომაიანთა საგვარეულოს წარმომადგენელმა მუავიამ ალის წინააღმდეგ დაიწყო ომი. ალის სამოქალაქო ომის დასრულება სურდა, ამიტომ დათმობებზე მიდიოდა, რამაც მისი მომხრე შიიტების უკმაყოფილება გამოიწვია. შიიტებს გამოეყვნენ მისი რადიკალური ნაწილი _ ხარიჯიტები, რომლებიც ალის მოღალატედ თვლიდნენ. მთ ხალიფა მეჩეთში მოკლეს. გამარჯვებული კი მუავია დარჩა, რომელიც ხალიფა გახდა და სათავე დაუდო ომაიანების დინასტიის მმართველობას.
სწორედ ამ არეულობის დროს ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმდინარეობა ისლამში _ სუნიზმი და შიიზმი. სუნიტები პირველ ოთხ ხალიფას _ აბუ-ბექრს, ომარს, ოსმანს და ალის _ თვლიან მართლმორწმუნე ხალიფებად. სუნიტებისათვის წმინდა წიგნია “სუნაც”, რომელიც მუჰამედის ცხოვრების მაგალითებს, მის გამონათქვამებს ეფუძნება. “სუნა” ყურანის განმარტებაა და ავსებს მას.
  შიიტები, მხოლოდ მუჰამედის სისხლით ნათესავს, ალის და მის შთამომავლებს მიიჩნევდნენ მართლმორწმუნე მმართველებად. მათი აზრით უმაღლეს ძალაუფლებას ღვთაებრივი ბუნება აქვს. ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ სულიერი ლიდერების, იმამების, არჩევა არ შეიძლება, ის ღვთაებრივი ლიდერია. იმამი შუამავალია ადამიანსა და ალაჰს შორის.  
   სუნიტები ასე არ თვლიან. მათი აზრით იმამი, არა ღვთაებრივი ლიდერი, არამედ ჩვეულებრივი რელიგიური მოღვაწეა, რომელიც “სუნის” ცოდნით მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ეს დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის საუკუნეების მანძილზე გრძელდება, რაც ხშირად სისხლისმღვრელ ომამდე მიდის





- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -