Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018


არაბთა დაპყრობები

    632 წლიდან, სახალიფოს შემნის შემდეგ, არაბთა სახელმწიფომ გაფართოება დაიწყო. აბუ-ბექრის მმართველობის პერიოდში თითქმის ყველა არაბული ტომი გაერთიანდა. ისლამი არაბების დროშად იქცა. არაბებს მიერ წარმოებულ დაპყრობებს ეწოდა ურწმუნოთა წინააღმდეგ “წმინდა ომი” ანუ “ჯიჰადი”.
    ომარისა და ოსმანის დროს სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაიზარდა. არაბებმა პირველ რიგში სასანიდური ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიების დაპყრობა დაიწყეს. ამ დროს ირანიცა და ბიზანტიაც დასუსტებული იყო ერთმანეთთან ბრძოლით, რაც ხელს უწყობდა არაბთა წარმატებებს.
    ომარის მმართველობის დროს არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია, რომელიც მაშინ ირანის მფლობელობაში იყო; აიღეს ირანის დედაქალაქი ქტეზიფონი. არაბებმა ამავე დროს ბიზანტიას წაართვეს სირია, პალესტინა და ევვიპტე. ხალიფა ომარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო იუდეველთა და ქრისტიანთა წმინდა ქალაქი იერუსალიმი. მან 10 დღე დაჰყო ქალაქში და ბრძანება გასცა, რომ სოლომონის ტაძრის ადგილზე აეგოთ მეჩეთი. ეს მეჩეთი დღემდე მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ ითვლება, აქვეა დაკრძალული ხალიფა ომარიც.
   ხალიფა ოსმანმა კიდევ უფრო გააფართოვა სახალიფოს საზღვრები. მის დროს არაბებმა დაიკავეს ირანის დარჩენილი ტერიტორიაც, კავკასია და ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენამდე მიაღწიეს. ირანში სპარსელებმა სწრაფად დაივიწყეს დრომოჭმული ზოროასტრული რელიგია და ისლამი აღიარეს, ე.ი. მოხდა ირანის ისლამიზაცია და არა ასიმილაცია.
   სახალიფოში დაწყებულმა შიდა არეულობამ ხალიფა ალის დროს შეაფერხა არაბთა წინსვლა, თუმცა ხალიფა მუავიას დროს, დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა. აქ ბერბერების დამარცხების შემდეგ არაბები აირივნენ მათში და შემდეგში ისინი უკვე მავრებად მოიხსენებიან. მავრები ე.ი. არაბები და ბერბერები 711 წელს აფრიკიდან ევროპაში გადავიდნენ. სრუტეს, რომელიც მათ გადალახეს, მავრების ჯარების მეთაურის ალ-ტარიკის სახელის მიხედვით მოგვიანებით გიბრალტარის სრუტე ეწოდა. არაბებმა 20 წლის განამვლობაში თითქმის მთლიანად დაიპყრეს ესპანეთში მდებარე ვესტგოთების სამეფო. ესპანეთიდან არაბები ფრანკებს დაესხნენ თავს, მაგრამ 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში ფრანკებმა, კარლოს მარტელის მეთაურობით, დაამარცხეს და უკუაგდეს ისინი.
   აფრიკასა და ესპანეთში დაპყრობით ბრძოლებთან ერთად არაბები იბრძოდნენ ასევე ბიზანტიელების წინააღმდეგაც. მათ რამდენჯერმე სცადეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ ბიზანტიელებმა დაამარცხეს ისინი ამ დროისათვის ახლად გამოგონილი იარაღის, ე.წ. “ბერძნული ცეცხლის” საშუალებით. “ბერძნული ცეცხლი” იყო ცეცხლიანი ჭურვი, რომელიც გამოიყენებოდა შორს სატყორცნელად როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვაო ბრძოლებში. მიუხედავად ამისა არაბებმა ბიზანტიას მაინც მოგლიჯეს მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილი.
   ასე, რომ უკვე VIII საუკუნის დასაწყისში სახალიფო გადაჭიმული იყო: აღმოსავლეთით _ ინდოეთსა და ჩინეთამდე, დასავლეთით _ ატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე, სამხრეთით _ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის ბინადრობის ადგილებამდე, ჩრდილოეთით _ ევროპაში პირინეის ქედამდე.



    სახალიფოს ტერიტორიების ასეთი ზრდა და შესაბამისად, ისლამის გავრცელება გაადვილა შემდეგმა მიზეზებმა:
1. დაპყრობილი ხალხების განწყობამ _ მათ მიმართ არაბები ნაკლებად მომთხოვნი იყვნენ, ვიდრე სპარსელები და ბიზანტიელები, გამოსწორდა ებრაელთა მდგომარეობაც; ამიტომ დაპყრობილი ხალხებისათვის არაბების ბატონობა უფრო მისაღები აღმოჩნდა. თუმცა უწესებდნენ გარკვეულ შეზღუდვებსაც, მაგალითად: ტანსაცმელზე განსხვავებული ნიშანი უნდა ეტარებინათ, რელიგიური დღესასწაულები საჯაროდ არ უნდა აღენიშნათ და სხვა. სამაგიეროდ მუსლიმანური ხელისუფლება დაპყრობილ ხალხებს სიცოცხლისა და ქონების დაცვას ჰპირდებოდა.
2. დაბალმა არაბულმა გადასახადებმა _ რომელიც ბიზანტიურ და სპარსულ გადასახადებზე უფრო დაბალი იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისლამს აღიარებდა. ხოლო, ისინი ვინც ისლამს არ მიიღებდნენ, კერძოდ ქრისტიანები და ებრაელები, ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური გადასახადი _ ჯიზია; 
3. სახალიფოში არსებულმა ტოლერანტულმა რელიგიურმა პოლიტიკამ _ ე.ი. მოსახლეობას სპეციალური გადასახადების პირობით, უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინა რწმენა.
მუსლიმთათვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა:
1. ისლამის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, სადაც ისლამი იყო გავრცელებული;
2. ომის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, რომლის დამორჩილებაც აუცილებელი იყო და რომელიც ბრძოლის ველს წარმოადგენდა;
3. ზავის ტერიტორია _ ანუ ის ქვეყანა თუ ქალაქი, რომელიც არაბებს უომრად დამორჩილდებოდა და ზავის სანაცვლოდ გარკვეული სახის ხარკის გადახადას კისრულობდა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -