Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday, 7 March 2018


რესპუბლიკის დამყარება. სახელმწიფო წყობა. 
პლებეები იბრძვიან უფლებებისათვის.

     “რესპუბლიკა” ლათინური სიტყვაა: “რეს” ნიშნავს საქმეს, “პუბლიკუს” Kკი - სახალხოს, საერთოს. რესპუბლიკა იგივე “სახალხო საქმე” არის სახელმწიფო მმართველობის ერთერთი ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია არჩევითი ორგანოს არსებობა. რესპუბლიკა წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში მონარქიის საპირისპიროდ. რომის რესპუბლიკაში არჩევნებში მონაწილეობდნენ მოქალაქე მამაკაცები. ქალებსა და მონებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.
     როგორც ავღნიშნეთ, ძვ.წ. 509 წელს, რომში მონარქია შეიცვალა რესპუბლიკური წყობით. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა სახალხო კრება და სენატი. სახალხო კრება იღებდა კანონებს და ირჩევდა ყველა დონის მოხელეს. კენჭისყრა მიმდინარეობდა ცენტურიების მიხედვით მიხედვით.
სენატი ამზადებდა სახალხო კრებაზე გამოსატან საკითხებს (კანონებს), ზედამხედველობდა მათ აღსრულებას, გამოსცემდა შესაბამის დოკუმენტებს. სენატი ზედამხედველობდა ხაზინასაც, წყვეტდა ომის და ზავის საკითხებსაც. სენატორების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა.
     რომის რესპუბლიკაში აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდნენ მაგისტრები, ე.ი. მაგისტრები იყვნენ  საჯარო მოხელეები, რომლებიც ახორციელებდნენ უმაღლეს ხელისუფლებას. მათ ირჩევდა სახალხო კრება და ამტკიცებდა სენატი.
       უმაღლეს მაგისტრებს კონსულები წარმოადგენდნენ. ასე, რომ რომის რესპუბლიკაში მეფე  ორმა კონსულმა შეცვალა, რომლებსაც ირჩევდნენ ერთი წლის ვადით. ისინი მოქმედებდნენ თანასწორი უფლებებით, რაც განაპირობებდა მათ კოლეგიალობას და გამორიცხავდა ძალაუფლების უზურპაციას (ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება, მიტვისება) რომელიმე მათგანის მიერ. კონსული იყო უმაღლესი სამოქალაქო პირი და ომის დროს მთავარსარდალიც, ასევე განაგებდა ფინანსებსაც. კონსულები იწვევდნენ სახალხო კრებასა და სენატს, რომლებსაც თავად თავმჯდომარეობდნენ. კონსულები ომის დროს ჯარს მთავარსარდლობდნენ. დიდი საფრთხისა და საშიშროების ჟამს, მაგალითად ომის დროს, ერთ-ერთ კონსულს სენატის წინადადებით შეეძლო დაენიშნა დიქტატორი. ექვსი თვის განმავლობაში მთელი ძალაუფლება დიქტატორის ხელში იყო. მას კონსულებიც კი ემორჩილებოდნენ. იგი სარგებლობდა განუსაზღვრელი უფლებებით. რომის რესპუბლიკაში თავდაპირველად, კონსულებად და დიქტატორებად მხოლოდ პატრიციებს ირჩევდნენ. 
   რომაელი მოქალაქე კონსულის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ შეეძლოთ აერჩიათ ცენზორად. ცენზორის ფუნქციებში შედიოდა თვალყურის დევნება ადათების დაცვისათვის, მოქალაქეთა გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში, ზნეობრივი ნორმების დარღვევისათვის დასჯა.
   კონსულების მოადგილეებს პრეტორები ეწოდებოდათ, რომელთა მოვალეობა იყო რომში წესრიგის დაცვა. 
კვესტორი _ პასუხისმგებელი იყო ხაზინაზე, 
ედილი კი - ქალაქის სამსახურებზე.

   მოხელეთა შორის არსებობდა გარკვეული იერარქია. თანამდებობის დაკავება შეიძლებოდა 1. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ და 2. შედარებით დაბალ თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ. თანამდებობის პირი ემორჩილებოდა მხოლოდ კანონს, ხალხს და სენატს.
  რომში მაგისტრატები სახელმწიფოს უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ, რომის რესპუბლიკაში უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენლებს წინ სპეციალურად გამოყოფილი პირები მიუძღოდნენ. მათ ხელში ეჭირათ ფასცია. იგი რომის მოხელეების უმაღლესი თანამდებობრივი და მართლმსაჯულების აღსრულების ნიშანი იყო. ფასცია წარმოადგენდა ტყავის ქამრით შეკრულ წკეპლების კონას, რომელშიც ცული იყო ჩარჭობილი. 
   ძვ.წ. 490 წ.-დან, ე.ი. V საუკუნიდან პლებეები ყოველწლიურად ირჩევდნენ სახალხო ტრიბუნებს. ტრიბუნი იყო თანამდებობის პირი, რომელიც პლებეების ინტერესებს იცავდა. თუ ტრიბუნი კონსულის ან სენატის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა იგი წარმოთქვამდა ერთადერთ სიტყვას “ვეტო”- ე.ი. ვკრძალავ. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ან ბრძანება ვეღარ შესრულდებოდა. პლეები თავიდან ირჩევდნენ 2 სახალხო ტრიბუნს, შემდეგში კი 10-ს.
    პლებეების ბრძოლა უფლებებისათვის ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. უკვე ძვ.წ. III საუკუნიდან მათ შეეძლოთ ნებისმიერი თანამდებობა დაეკავებინათ, გამხდარიყვნენ სენატის წევრები და კონსულები, მიეღოთ სათემო მიწის ნაკვეთები. რომში აიკრძალა სავალო მონობა. პატრიციებისა და პლებეების უფლებები გათანაბრდა.
    ძვ.წ. III საუკუნიდან რომმა დაიწყო ბრძოლა ხმელთაშუაზღვისპირეთში ძალაუფლების გასავრცელებლად. მათ აწარმოეს ორი ილირიული ომები და ხელში ჩაოგდეს ადრიატიკის სანაპირო. ასევე აწარმოეს სამი მაკედონური ომი და დაიმორჩილეს ბალკანეთი. კელტებთან ომის შემდეგ კი დაასრულა ჩრდილოეთ იტალიის დაპყრობა.
რომი ცდილობდა დამორჩილებული ხალხები დაეყო და გაეთიშა, რათა ისინი ერთობლივად ვერ აღმდგარიყვნენ რომის წინააღმდეგ. “გათიშე და იბატონე” _ ასეთი იყო სენატის ძირითადი პოლიტიკა დაპყრობილი ხალხების მიმართ. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -