Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 7 March 2018



პუნიკური ომები

   იტალიის დაკავების შემდეგ რომს გაუჩნდა პრეტენზია ხმელთაშუაზღვისპირეთის ვაჭრობის გაკონტროლებისათვის. ამ დროისათვის მთელ დასავლეთ და ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთს აკონტროლებდა კართაგენი.. რომს კი თავისი მიზნის მისაღწევად (ე.ი. ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონების სურვილი) პირველ რიგში კუნძულ სიციილიის ხელში ჩაგდება სჭირდებოდა. ძვ.წ. 264 წელს რომსა და კართაგენს შორის სიცილიაზე ბატონობისათვის ხანგრძლივი ბრძოლები დაიწყო. ომი ას წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.  რომაელები კართაგენელ ფინიკიელებს პუნებს ეძახდნენ. ამიტომ ამ ომებს პუნიკური ომები ეწოდა.
   I პუნიკური ომი _ მიმდინარეობდა ძვ.წ. 264-241 წწ-ში, იგი 23 წელი გაგრძელდა. ბრძოლების დროს ხმელეთზე უპირატესობას რომაელები ფლობდნენ, ხოლო ზღვაზე – კართაგენელები. ძვ.წ. 241 წ. I პუნიკურ ომში რომაელებმა გაიმარჯვეს და საზავო ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის პირობითაც  რომმა ხელთ იგდო სიცილია, სარდინია, კორსიკა და დიდი კონტრიბუცია (გადასახადი, რომელსაც დამარცხებული უხდის გამარჯვებულს) დააკისრეს კართაგენს. რომაელები იმ ტერიტორიებს, რომლებსაც იტალიის ფარგლებს გარეთ იმორჩილებდნენ, პროვინციებს უწოდებდნენ. სიცილია, სარდინია და კორსიკა რომის პირველ პროვინციებად იქცნენ. პროვინციების მოსახლეობას რომის მოქალაქეობა არ ენიჭებოდათ. 
   II პუნიკური ომი _ მიმდინარეობდა ძვ.წ. 218-201 წწ. კართაგენი ვერ ეგუებოდა მარცხს და რევანშისთვის ემზადებოდა. სარდლობა ჰამილკარის ვაჟმა, ახალგაზრდა და ნიჭიერმა ჰანიბალმა ჩაიბარა. იგი თავისი მამაცობითა და ვაჟკაცობით აღფრთოვანებას იწვევდა მეომრებში.  ჰანიბალმა ძალიან თამამი და ეფექტური გეგმა შეიმუშავა. მან გადაწყვიტა სამხედრო მოქმედებები აპენინის ნახევარკუნძულზე გადაეტანა. ძვ.წ. 219 წ ის თავს დაესხა რომის მოკავშირეს ესპანეთში ქალაქ საგუნტომს, ეს მოქმედება გახდა საბაბი II პუნიკური ომის დაწყებისა. ჰანიბალმა შეკრიბა 40 000 კარგად აღჭურვილი მეომარი, საბრძოლო სპილოები და ესპანეთიდან იტალიისაკენ დაიძრა. ჰანიბალის ქვეითმა ჯარისკაცებმა 1900 კმ სულ ფეხით იარეს, ბევრი გაჭირვება გადაიტანეს, განსაკუთრებით ძნელი იყო ალპების გადალახვა, რომელსაც ერთი თვე მოუნდნენ. ჰანიბალმა, დარჩენილი 26 000 მებრძოლით როგორც იქნა იტალიაში ჩააღწია. კართაგენელების სრულიად მოულოდნელმა გამოჩენამ ჩრდილოეთ  იტალიაში რომაელებს გეგმები აურია. ლეგიონების აფრიკაში გაგზავნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. რომაელთა მხედრობა კართაგენელების შესახვედრად ჩრდილოეთისაკენ გაემართა. მაგრამ მან ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა სოფელ კანესთან გამართულ ბრძოლაში ძვ.წ. 216 წ. აქ კართაგენელებმა 70 000-ზე მეტი რომაელი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. კანესთან გამარჯვება ჰანიბალის მხედართმთავრული ნიჭის დადასტურებას წარმოადგენს, ხოლო ბრძოლა კი სამხედრო ხელოვნების ნიმუშად ითვლება.
    კანესთან მარცხის შემდეგ რომაელები გაურბოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და ჰანიბალის ლაშქრის გამოფიტვას ცდილობდნენ. მართლაც ჰანიბალს პრობლემები გაუჩნდა ჯარის მომარაგებასა და შევსებასთან დაკავშირებით. რომაელებმა კი ბრძოლა აფრიკაში გადაიტანეს. რომაელთა ჯარი პუბლიუს კორნელიუს სციპიონის მეთაურობით აფრიკაში შეიჭრა. ჰანიბალი იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა და აფრიკაში დბრუნებულიყო. ძვ.წ. 202 წ ქალაქ ზამასთან სციპიონმა გადამწყვეტ ბრძოლაში ჰანიბალი დაამარცხა. სციპიონმა ამ წარმატებისათვის “აფრიკელის”ზეწოდება და რომაელთა პატივისცემა დაიმსახურა. ძვ.წ. 201 წ რომაელთა გამარჯვებით დასრულდა II პუნიკური ომი. კართაგენი იძულებული გახდა რომაელებისათვის დაეთმო ესპანეთი, იგი რომის პროვინციად იქცა.  კართაგენმა ფაქტიურად დაკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი. 
   II პუნიკური ომის დასრულების შემდეგ რომი საბერძნეთის დაპყრობას შეუდგა. რომაელთა პოლიტიკამ გამოიწვია ბერძნული პოლისების უკმაყოფილება, რითაც ისარგებლა სელევკიდების მეფემ ანტიოქს III-ემ და ბერძნულ პოლისებში ჯარი შეიყვანა. გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებსა და სელევკიდებს შორის მოხდა ძვ.წ. 190 წელს მაგნეზიასთან, სადაც რომაელებმა გაიმარჯვეს. ზავით ანტიოქსს დაეკისრა კონტრიბუცია, დაპყრობილი ტერიტორიების დათმობა და ჰანიბალის გადაცემა რომისათვის, თუმცა, როგორც ვიცით ჰანიბალმა თავი მოიკლა. სელევკიდების დამარცხებით რომმა განიმტკიცა თავისი პოზიციები. მაგრამ რომს საბოლოო გამარჯვებისათვის კართაგენის საბოლოოდ განადგურება სურდა. 

   III პუნიკური ომი _ მიმდინარეობდა ძვ.წ. 149-146 წწ. პოლიტიკურად დასუსტების მიუხედავად ქალაქი კართაგენი ხმელთაშუაზღვისპირეთის კვლავაც უდიდეს სავაჭრო და სახელოსნო ცენტრად რჩებოდა. ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთადერთ სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო რომისათვის ასე თუ ისე კონკურენცია გაეწია, კვლავ კართაგენი იყო. 
რომაელებს შორის გამოირჩეოდა სენატორი მარკუს პორციუს კატონი, რომელმაც მოინახულა კართაგენი და განცვიფრებული დარჩა ამ აყვავებული ქალაქით. რომში დაბრუნებული ის სენატში ნებისმიერ საკითხზე გამოსვლას ამ სიტყვებით ასრულებდა: “სხვა მხრივ კი ვთვლი, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს!”. ძვ.წ. 149 წელს რომის ჯარი ჩავიდა აფრიკაში და კართაგენს ალყა შემოარტყა. ასე დაიწყო III პუნიკური ომი. ბოლოს ქალაქი დაეცა. გამარჯვებულებმა დამარცხებულებს სასტიკი ბედი არგუნეს. მათ ქალაქი დაანგრიეს, მისადგილზე სიმბოლურად ხნული გაავლეს და მარილი მოაბნიეს, ნიშნად იმისა, რომ აქ არასოდეს აღარაფერი იარსებებდა  და არავინ დასახლდებოდა. კართაგენის მიწა-წყალი რომის პროვინციად გამოცხადდა. ასე დასრულდა III პუნიკური ომი. პუნიკურ ომებში გამარჯვებამ რომი ხმელთაშუა ზღვის ერთადერთ მბრძანებლად აქცია. 
როგორც დავინახეთ კართაგენის განადგურების შემდეგ რომი ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში გაბატონდა. მაგრამ მან მოისურვა ხმელთაშუაზღვისპირეთის სრულად დაპყრობაც (ე.ი. აღმოსავლეთი ნაწილისაც). 
    ჯერი მიდგა მაკედონიის სამეფოზე. მაკედონიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის მხარეზე ბერძნული პოლისების გადმობირების მიზნით რომი მათ დამოუკიდებლობას შეჰპირდა. ბერძნული პოლისები რომაელებს მიემხრნენ. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ რომმა მაკედონია დაამარცხა. რომს ბერძნული პოლისებისათვის მიცემული პირობა “დაავიწყდა”, მათ ფორმალური დამოუკიდებლობა დაუბრუნა, რეალურად კი თავის გავლენის ქვეშ მოქაცია. ასე აღმოჩნდა ძვ.წ. 146 წ რომის პროვინციათა რიცხვში მაკედონია და საბერძნეთიც. 
    ძვ.წ. 133 წ. გარდაიცვალა პერგამონის მეფე, რომელმაც თავისი სამეფო სიცოცხლეშივე “რომს უანდერძა”. ასე გადაიქცა მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი რომის პროვინციად, რომელსაც სახელწოდებად “აზია” ეწოდა. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოსათვის რომი ხმელთაშუა ზღვის სამყაროს დედაქალაქად იქცა. რომში გამარჯვებული მხედართმთავრების პატივსაცემად ხშირად ზეიმი ანუ ტრიუმფი იმართებოდა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -