Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018


არაბთა ბატონობის დამძიმება. 
ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

    მურვან-ყრუს ლაშქრობათა შემდეგ არაბებმა ქართლში ფეხი მტკიცედ მოიკიდეს. ქვეყნის მმართველად თავისი მოხელე _ ამირა დააყენეს, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო. თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ ქალაქებსი, მაგალითად რუსთავში, დმანისში და ა. შ. არაბთა ჯარი იდგა, რომლის უფროსები თბილისის ამირას ემორჩილებოდნენ. თბილისის ამირა ქართლში ახორციელებდა სამხედრო, სასამართლო და ადმინისტრაციულ მმართველობას. რაც შეეხება ქართლის ერისმთავრის ხელისუფლებას, არაბებმა ამ ეტპზე იგი არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარს მხოლოდ საარაბო ხარკის აკრეფა და ლაშქრის გამოყვანა ევალებოდა. ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველო უშუალოდ არაბთა იმპერიის, სახალიფოს ნაწილს წარმოადგენდა.
    VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბთა ურელი საგრძნობლად დამძიმდა, რასაც მათ წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლის გააქტიურება მოჰყვა. 70-იან წლებში არაბთა წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება სომხეთში, რომლებსაც ქართველებიც ეხმარებოდნენ. დამარცხებული სომხები თავშესაფარს ქართლში პოულობდნენ. აჯანყებულ სომხებთან კავშირის გამო ხალიფამ 772-773 წლებში ბაღდადში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე, რომელიც სამი წლის განმავლობაში საპყრობილეში ჰყავდა. მართალია ამჯერად არაბებმა ნერსე ქართლში დააბრუნეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ის ისევ დაიბარეს ბაღდადში. ნერსემ კარგად იცოდა რაც ელოდა და აღარ ეახლა ხალიფას. მან თავისი ოჯახი დასავლეთ საქართველოსი გაგზავნა, თვითონ კი ხაზართა ხაკანთან გაემგზავრა, იმ იმედით, რომ ხაკანი მას დახმარებას აღმოუჩენდა საერთო მტრის, არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ჩანს, მათ შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ხაზარებმა თავი შეიკავეს არაბების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისაგან. ამიტომ ნერსე ერისმთავარი თვითონაც, თავის ამალითურთ დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
    როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, არაბებმა დასავლეს საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდეს. მათ არც საქართველოს მთიან ზოლზე მიუწვდებოდათ ხელი. არაბების ძალაუფლება ძირითადად ქართლის ცენტრალურ თემებზე _ ქვემო და შიდა ქართლზე ვრცელდებოდა. ისინი დროდადრო აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს. ხალხი ქართლის ცენტრალური თემებიდან დასავლეთ საქართველოში გარბოდა ან მთას აფარებდა თავს და იქიდან ებრძოდა დამპყრობლებს. არაბებს მძიმე მდგომარეობას უქმნიდნენ ხაზარებიც, რომელთა წინააღმდეგაც არაბებმა ვერაფერი გაახერხეს. მათი ლაშქრობები ხაზარეთში დიდი მსხვერპლითა და, როგორც წესი, მარცხით მთავრდებოდა.


იდეოლოგიური ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ

   ქართველი ხალხი ხმალთან ერთად იდეოლოგიური საშუალებებითაც იბრზოდა დამპყრობელთა წინააღმდეგ. ქართველი პატრიოტი მორვაწეები ხალხს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ, ისინი მათ პატრიოტულ სულიკვეთებას უღვიძებდნენ და არაბთა წინააღმდეგ ბრძოლებში თავდადებულ, დაღუპულ პირებს წმინდანებად რაცხდნენ. მათ მოწამებრივ სიკვდილს საგანგებოდ აღწერდნენ და ეკლესიაში შეკრებილ ხალხს მათი ხსენებისათვის დაწესებულ დღეს უკითხავდნენ. ეს კი დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებად გაისმოდა. ასეთი მოწოდების დანიშნულება ჰქონდა არგვეთის მთავრების _ დავით და კონსტანტინეს წამების, ერისმთავარ არჩილის მორვაწეობის და მოწამებრივი სიკვდილის, ქრისტიანობისათვის თავდადებული მიქაელ-გობრონის მოწამებრივი სიკვდილის, განსაკუთრებით კი იოანე საბანის ძის მიერ აბო ტფილელის მიერ ქრისტიანობისათვის თავდადების აღწერას.
   აბო წარმოშობით არაბი იყო, სჯულით მაჰმადიანი, რომელიც არაბთა ტყვეობაში მყოფ ნერსე ერისმთავარს დაუახლოვდა და უკვე განთავისუფლებულს თან წამოჰყვა ქართლსი. აბო გაეცნო და იწამა ქრისრიანობას. ამის გამო არაბებმა ის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. 786 წლის 6 იანვარს მას თავი მოჰკვეთეს, ცხედარი დაწვეს და ფერფლი მტკვარსი გადაყარეს.
   ეს კონკრეტული ხასიათის მოვლენა ნიჭიერმა მწერალმა, იოანე საბანისძემ კარგად გამოიყენა ქართველთა ეროვნული სულისკვეთების გასააქტიურებლად. საბანისძის მიზანი იყო, ამ მაგალითით, კერძოდ, როდესაც თვით დამპყრობელი ერის წარმომადგენელი სწირავდა თავს ქრისტიანული სარწმუნოებისათვის, შეერცხვინა და გაემხნევებინა ყველა ის, ვინც, როგორც მწერალი იტყოდა: “შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.”
   არაბების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა VIII საუკუნის ბოლოს და IX საუკუნის დასაწყისში. ყველაზე მძიმეედ ქართლის ბარის ცენტრალურ თემებში მიმდინარეობდა. ამ დროს არაბებმა გააუქმეს ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი _ აშოტ ბაგრატიონი, 813 წელს არაბებთან კონფლიქტის გამო ქართლიდან გაიხიზნა. არაბებმა ქართლის ფეოდალური არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოჟლიტეს. დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლამ ამ დროისათვის საერთო-სახალხო ხასიათი მიიღო.
   არაბთა პარალელურად ქართლს ხაზარებიც არბევდნენ, რადგან ქართლი არაბებისათვის იყო ხაზართა წინააღმდეგ ბრძოლის ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში, რადგან არაბები ქართლიდან ახორციელებდნენ თავის დამსჯელ ექსპედიციებს ხაზარტა წინააღმდეგ. 764 წელს ქართლს ხაზარები დაესხნენ თავს. მათ წინააღმდეგ გამოილაშქრა არაბთა სარდალმა, რომელმაც ქართლიც დაარბია. ამ ბრძოლის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ქართველი მემატიანე მოგვითხრობს ქართლის ერისმთავრის დის, შუშანის ტრაგიკულ ისტორიას: ქართლის ერისმთავარს, ჯუანშერს, სილამაზით განთქმული და, შუშანი ჰყოლია. მისი სილამაზის შესახებ ხაზართა ხაკანსაც გაეგო და ჯუანშერთან მოციქული მიაგზავნა, რათა შუსანი ცოლად ეთხოვა, სამაგიეროდ ერისმთავარს არაბთა წინააღმდეგ დახმარებას დაჰპირდა. მაგრამ ქართლის ერისმთავრის დედამ და დამ წარმართი ხაკანის წინადადება არ მიიღეს და უარი შეუთვალეს. შეურაცხყოფილმა ხაკანმა გამოგზავნა დიდი ლაშქარი ბლუჩანის სარდლობით, რომელმაც შეიპყრო ჯუანსერი და შუშანი. მაგრამ შუშანმა წარმართის ცოლობას სიკვდილი ამჯობინა. ბეჭდიდან ამოაგდო თვალი და ამ ბეჭედში შენახული საწამლავი დალია. შუშანი გარდაიცვალა. განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი ცხენებს გააგლეჯინა. ჯუანშერი კი სამი წლის პატიმრობის შემდეგ გამოუშვა სამშობლოში.
   როგორც დავინახეთ ვერანაირმა დამსჯელმა ლაშქრობებმა ვერ ააღებინა ხელი ქართველებს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაზე. VIII საუკუნის ბოლოს კი არაბთა ბატონობა ნელ-ნელა შეირყა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -