Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday, 21 March 2018
ახალი ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება
არაბთა ორსაუკუნოვანმა ბატონობამ ძლიერ დაასუსტა საქართველო. ასეთ ვითარებაში ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება ჯერ შესუსტდა, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა. მიუხედავად არაბთა ბატონობისა, ქვეყანა მართალია შეფერხებით, მაგრამ მაინც აღმავალი გზით ვითარდებოდა. დამპყრობლებისაგან შევიწროვებული ქართლის მოსახლეობა, როგორც ვიცით, იხიზნებოდა და სახლდებოდა არაბებისათვის შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომ რეგიონებში, კერძოდ დასავლეთ საქართველოში ან მთაში.
VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში კი ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა, ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და სუსტდება არაბთა ბატონობა. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური ერთეულები:
1. კახეთის საქორეპისკოპოსო; 2. ჰერეთის სამეფო; 3. აფხაზთა სამეფო; 4. ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფო; 5. თბილისის საამირო 6. ტაშირ-ძორაკეტის ქართულ-სომხური სამეფო;
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. კახეთის საქორეპისკოპოსო _ VIII საუკუნის შუა ხანებისთვის არაბულ ქრონიკებში გახშირდა ცნობები ქართლის მთიანეთის მოსახლეობის _ წანარების აჯანყების შესახებ. წანარები ეწოდებოდა ქართლის ხევის მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარეების _ თერგის, არაგვისა და ივრის ზემო წელზე. მათ წინააღმდეგ ბრძოლა არაბებს განსაკუთრებით უჭირდათ. ადგილობრივ პირობებს შეჩვეული მთიელები წარმატებით უპირირსპირდებოდნენ დამპყრობლებს. აქვე აქ თავს აფარებდნენ არაბთა ბატონობით შევიწროვებული ქართლის ბარის მოსახლეობაც.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კახეთის სამთავრო ანუ საქორეპისკოპოსო წარმოიქმნა 787 წელს, რომლის პირველი მთავარი იყო გრიგოლი, რომელიც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. ქორეპისკოპოსის იგივე ხევისბერის ტიტული აერთიანებდა სასულიერო და საერო ხელისუფლებას. კერძოდ, იგი ხელმძღვანელობდა როგორც რელიგიურ რიტუალებს _ მაგალითად ხატობებს, ასევე ომიანობის დროს სარდლობდა სახალხო ლაშქარს. ერთიანი კახეთის შექმნის შემდეგ ხდება ქორეპისკოპოსის ტიტულის ტრანფორმაცია ანუ გარდაქმნა კახეთის მთავრად. გაერთიანებული კახეთის სამთავროს ცენტრი კი ჯერ იყო უჯარმა, ხოლო შემდეგ ცენტრმა თიანეთში გადაინაცვლა. მას შემდეგ, რაც XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე III დიდმა ჰერეთი დაიპყრო და შექმნა “რანთა და კახთა სამეფო” დედაქალაქიც თელავში გადაიტანეს. საბოლოოდ კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს დავით აღმაშენებლმა შეუერთა 1104-1105 წლებში.
2. ჰერეთის სამეფო _ სხვა პოლიტიკური ერთეულებისაგან განსხვავებით ჰერეთის სამეფო ჩამოყალიბდა არაბთა ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. 837 წელს ალბანეთში აჯანყებული ბაბექის დამარცხებაში დახმარებისათვის ხალიფამ ჰერეთის მფლობელ საჰლ იბნ-სუმბატს მთავრის ტიტული უწყალობა. შემდგომშიც არაბები საკმაოდ სწყალობდნენ ჰერეთს. ჰერეთის მმართველები პატრიკიოსის ტიტულს ატარებდნენ, ხოლო მათ 853 წლიდან მეფის ტიტულიც მიიღეს. პირველი მეფე იყო გრიგოლ ჰამამი. ჰერეთის მეფეებს სხვადასხვა წყაროები მოიხსენიებენ როგორც: ჰერთა მეფე ანუ რანთა მეფე ანუ არანშაჰი, ასევე სხვა სახელიებითაც. X საუკუნის დასაწყისში ჰერეთმა აირჩია პრობიზანტიური კურსი, რის შედეგადაც დასუსტდა არაბობა, ხოლო ჰერეთის მმართველებმა მიიღეს ბიზანტიური ტიტულები. X საუკუნის ბოლოს კი ჰერეთი კახეთის მთავარმა მიიერთა და შექნმნა ერთიანი რანთა და კახთა სამეფო.
3. აფხაზთა სამეფო _ დასავლეთ საქართველომ არათა ბატონობის სიმძიმე ნაკლებად განიცადა. აქ მოსახლებამაც სწრაფად დაიწყო მომრავლება, აქეთკენ მასობრივად მოემართებოდა აღმოსავლეთ საქართველოდან დაძრული ემიგრანტთა ტალღა. დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნეში გაძლიერდა აფხაზთა საერისთავო. მის გაძლიერებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ბიზანტია ამ დროს მარცსხ მარცხზე განიცდიდა არაბებთან ბრძოლაში და მის დასაყრდენს აფხაზეთი წარმოადგენდა. ხოლო მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ ეგრისში დამკვიდრებულმა მეფე არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის, მეფე მირის (რომელიც ანაკოფიასთან ბრძოლაში დაიღუპა) ასული მიათხოვა აფხაზთა ერისთავ ლეონს. სწორედ ამ დინასტიური ქორწინებით მოხდა აფხაზეთისა და ეგრისის გაერთიანება. უკვე VIII საუკუნის 80-იან წლებში აბაზგთა მთავარმა ლეონ II-ემ თავისი პაპის, ხაზართა ხაკანის დახმარებით შეძლო გაეერთიანებინა მთელი დასავლეთ საქართველო და იწოდა “მეფედ აფხაზთა”. მან უარი თქვა ბიზანტიის ვასალობაზეც.
ადრე აფხაზეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ხოლო X საუკუნის დასაწყისში, აფხაზითის ეკლესიამ დამოუკიდებლობას მიაღწია. ამ დროს გაუქმდა ბერძნული ეპარქიები და შეიქმნა სრულიად ახალი ეპარქიები, ისეთი როგორიცაა: ჭყონდიდის, ბედიის. საეკლესიო ენად დამკვიდრდა ქართული ენა. აფხათა მეფეები აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ, ისინი ხშირად ფლობდნენ შიდა ქართლს, სამცხის ციხეებსა და ჯავახეთსაც.
4. ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფო _ ჩამოყალიბდა IX საუკუნის დამდეგს. არაბებთან ბრძოლაში დამარცხებული ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი, შოტ ბაგრატიონი, იძულებული გახდა, ოჯახითა და მრავალრიცხოვანი ამალით გასცლოდა თბილისს. დაახლოებით 813 წელს იგი დასახლდა საგვარეულო მამულში, შავშეთ-კლარჯეთში. მან განაახლა გორგასალის მიერ დაარსებული არტანუჯი და თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ ბაგრატიონმა სწორედ არტანუჯიდან დაიმორჩილა მეზობელი თემები და შექმნა ახალი სახელმწიფო.
აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე დაიწყო მოღვაწეობა ამ მხარეში უდიდესმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. ამ ორი პიროვნების საქმიანობამ ჩაუყარა საფუძველი ტაო-კლარჯეთის სამთავროს გაძლიერებას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ აშოტ ბაგრატიონისა და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობიდან იწყება ბრძოლა საქართველოს გაერთიაანებისა და აღორძინებისათვის. ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატობის ტიტული მიანიჭა. ფორმალურად აშოტს ბიზანტია მფარველობდა, რეალურად კი, მას მხოლოდ თავისი ძალებით უხდებოდა ბრძოლა სამთავროს გაძლიერებისათვის. აშოტის დროს ამ სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა:შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. მან შეძლო შემოერთებინა შიდა ქართლიც. მაგრამ აშოტის პოლიტიკას მოწინაარმდეგეებიც ჰყავდა სამთავროს გარეთაც და შიგნითაც, როგორც სუმბატ დავითის ძე გადმოგვცემს აშოტი ღალატით მოკლეს 826 წელს.
როგორც ვიცით ბაგრატიონთა საგვარეულო წარმოშობით ისტორიუი სამხრეთქართული პროვინცია სპერიდან იყო. VIII საუკუნის ბოლოს ბაგრატიონები ქართლის მეფეთა შთამომავალ ფარნავაზიანებს დაუმოყვრდნენ. აშოტს ჰყავდა სამი შვილი: ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. მათ, ე.ი. აშოტის მემკვიდრეებმა სამეფო ორად გაყვეს და საფუძველი ჩაუყარეს ბაგრატიონთა ორ შტოს:
1. არტანუჯელი ბაგრატიონები _ რომლებიც იყვნენ ადარნასეს მემკვიდრეები;
2. ტაოელი ბაგრატიონები _ რომლებიც იყვნენ ბაგრატ I-ის შთამომავლები. აშოტის გარდაცვალების შემდეგ კურაპალატობა და ტაო-კლაჯეთის მმართველობა ბაგრატ I-ს ერგო. სწორედ ამ შტოს მემკვიდრეები არიან მომავლი ერთიანი საქართველოს მეფეები. 888 წელს ბაგრატ I-ის შვილიშვილმა ადარნასემ მიიღო “ქართველთა მეფის” ტიტული. ამ დროიდან ტაო-კლარჯეთის სამეფოს ქართველთა სამეფოც ეწოდა.
რაც შეეხება აშოტ ბაგრატიონის მესამე ძეს _ გუარამს, მან მამფალის ტიტული მიიღო. ბაგრატონთა ორ შტოს _ არტანუჯელი და ტაოელი _ შორის დინასტიური ბრძოლა კი დასრულდა მესამე თაობის დროს IX_X საუკუნეების მიჯნაზე. ტაოელმა ბაგრატიონებმა, რომელთა ცენტრი იყო _ ბანა და ოლთისი, შეინარჩუნეს ქართველთა მეფის ტიტული, ხოლო არტანუჯელმა ბაგრატიონებმა (მათ კლარჯ ბაგრატიონებსაც უწოდებენ), რომელთა ცენტრი იყო არტანუჯი, დარჩათ ერისთავთერისთავობა, მამფლობა. ისინი მხოლოდ ნომინალურად აღიარებდნენ ტაოელი ბაგრატიონების უზენაესობას. ქართველთა სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია დავით III დიდის დროს _ 961-1001 წწ.
5. თბილისის საამირო _ თბილისის საამიროს დაარსება VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ ივარაუდება, თუმცა ქართულ წყაროებში თბილისის ამირა პირველად სახელის მოუხსენიებლად, უკვე VIII საუკუნის 70-იან წლებში გვხვდება. თავდაპირველად თბილისის, იგივე ქართლის ამირების ხელისუფლებას მთელი აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. IX საუკუნის დასაწყისიდან კი, ახალი ფეოდალური სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად დაიწყო საამიროს ტერიტორიის შემცირება და ბოლოს ის თბილისით და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიის ვიწრო რკალით შემოიფარგლა.
IX საუკუნის დასაწყისიდან თბილისის ამირები იწყებენ ბრძოლას სახალიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ამირას ხელისუფლების მემკვიდრეობით დასამკვიდრებლად. IX საუკუნის დასაწყისიდანვე ხალიფა გზავნიდა დამსჯელ ექსპედიციებს თბილისის ურჩი ამირების წინააღმდეგ, მაგალითად: ბუღა თურქის ლაშრობა 853 წელს. ბრძოლა ცვალებადი შედეგებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ IX საუკუნის 80-იანი წლებიდან თბილისში დამკვიდრდნენ ჯაფარიდი ამირები, რომლებიც ფაქტიურად აღარ ემორჩილებიდნენ ხალიფებს. გარეგნული მორჩილების გამოხატულებას მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ თბილისის ამირები ერთხანს ფულს ისევ ხლიფას სახელით ჭრიდნენ.
თბილისი ამ პერიოდში კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, სადაც მუსლიმებთან და ქრისტიან ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. (კოსმოპოლიტი _ არის ადამიანი, რომელიც თავს არ აკუთვნებს არც ერთ ეროვნებას).
XI საუკუნის 60-იან წლებში თბილისი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და იქ თავისი მმართველი დასვეს ამირას სახელწოდებით. საბოლოოდ თბილისი 1122 წელს დავით აღმაშენებლმა გაათავისუფლა უცხოეთა ბატონობისაგან და ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა.
6. ტშირ-ძორაკეტის ქართულ-სომხური სამეფო _ ჩამოყალიბდა X საუკუნის მეორე ნახევარში, 978 წელს, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, რომელსაც განაგებდა ბაგრატუნთა დინასტიის განშტოება _ კვირიკიანთა საგვარეულო. სომხურ წყაროებში ამ მხარეს ეწოდება “გუგარქი”. ამ სამეფოს დედაქალაქი იყო ძველი ქართული ციხე-ქალაქი სამშვილდე, ხოლო, როდესაც ბაგრატ IV-ემ სამშვილდე აიღო, კვირიკიანებმა დედაქალაქი გადაიტანეს ლორეში. 1118 წელს, მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა ლორე აიღო და ეს მიწა-წყალი საქრთველოს შეუერთა, ტაშირ-ძორაკეტის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, თუმცა კვირიკიანები სხვადასხვა ციხესიმაგრეებში მკვიდრდებოდნენ და XIII საუკუნის შუა წლებამდე ატარებდნენ მეფის ტიტულს, მათ უწოდებენ უმიწაწყლოს.