Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday, 21 March 2018
საქართველო არაბთა ბატონობის ხანაში.
მურვან-ყრუს ლაშქრობა
არაბთა სახალიფოში ხაზინის ხარჯები თანდათან იზრდებოდა, შესაბამისად აუცილებელი გახდა ახალი საგადასახადო პოლიტიკის გატარება. თუ მანმადე ყველა მუსლიმი გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან, ამჯერად შემოიღეს დიფერენცირებული გადასახადი. ისლამზე ახლად მოქცეულებს უნდა გადაეხადათ უფრო მეტი, ვიდრე ძველ მუსლიმებს. გაიზარდა გადასახადები არამუსლიმანთათვისაც.
ქართლმა ამასობაში დიდი უბედურება გადაიტანა. 724 წელს არმენიის
“ვალიდ” ე.ი. ხალიფის მოადგილედ დაინიშნა ალ-ჯარაჰ იბნ აბდ ალლაჰ ალ-ჰაქიმი, ანუ მოკლედ ჯარაჰი და დაავალა ხაზარების წინნაღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება. ჯარაჰმა განაახლა “დაცვის სიგელი”, მან ხალიფას ახალი საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისად გაზარდა ჯიზია _ თუ ადრე 1 კომლი იხდიდა 1 დინარს, ახლა კომლის ნაცვლად 1 დინარს იხდიდა თითოეული ადამიანი. ჯარაჰმა დააწესა ახალი გადასახადი _ “ხარაჯა” ანუ საადგილმამულო, (მიწის), გადასახადი.
თბილისიდან ჯარაჰი ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, დაამარცხა ხაზარები და დიდი ალაფით დატვირთული უკან გამობრუნდა. ხაზარებმა საპასუხო ლაშქრობა მეორე წელსვე მოაწყვეს და პირწმინდად გაანადგურებს ჯარაჰის ლაშქარი, თვითონ არაბი სარდალიც ამ ბრძოლას შეეწირა.
არაბებსა და ხაზარებს შორის წარმოებულ ომში საშინლად აოხრდა და გაპარტახდა ქართლი, გაწყდა მოსახლეობა, დაეცა ეკონომიკა. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა ქვეყანას. გატანჯულმა მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა აჯანყების მოწყობა.
კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზარების დასამარცხებლად ხალიფამ 120 ათასიანი არმია გამოგზავნა თავისი ბიძაშვილის მერვან იბნ-მუჰამედის სარდლობით, რომელიც სისატიკით და დაუნდობლობით იყო ცნობილი. მას ქართველებმა “მურვან-ყრუ” შეარქვეს. ეს ლაშქრობა იყო ქართველი ხალხისათვის გამოტანილი სასტიკი სასჯელი, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა.
735 წელს მურვან ყრუ თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით საქართველოში შემოვიდა. აიღო და დაანგრია აღმოსავლეთ საქართველოს უამრავი ციხე და ქალაქი, მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ამოხოცა. მურვან ყრუ დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა, სადაც ასევე დიდი ნგრევა და აოხრება შეიტანა. როგორც ძველი ქართველი ისტორიკოსი წერს:”შემუსრნა ყოველი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქვეყნისანი”. მოსახლეობა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ბრძოლებში თავი გამოიჩინეს არგვეთის მთავრებმა: დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა, მაგრამ ისინი არაბებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით დახოცეს. მათ გმირობასა და სამშობლოსათვის თავდადებას საგანგებო აგიოგრაფიული თხზულება მიეძღვანა:”დავით და კონსტანტინეს მარტვილობა”, რომელიც მოგვითხრობს, რომ მურვანი, რომელიც თვალს ადევნებდა ბრძოლას, მოიხიბლა მათი გარეგნობითა და ვაჟკაცობით, დატყვევებულ მთავრებს ისლამის მიღება, სამსახური და სამაგიერო დიდება შესთავაზა, მაგრამ მათ სჯულის ღალატს, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო, სიკვდილი არჩიეს. ისინი დაკრძალულნი არიან მოწამეთას მონასტერში.
ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ III იძულებული გახდა თავის ოჯახთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. სწორედ მას გადაჰყვა კვალდაკვალ მურვან ყრუ, რომელმაც აიღო და დაანგრია ეგრისის დედაქააქი, სამგალავნიანი ციხეგოჯი, ასევე აიღო ცხუმი და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებულნი იყვნენ სტეფანოზ ერისმთავრის შვილები _ მირი და არჩილი, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონი _ სობღის ციხეში იდგა, საიდანაც გზა გადადიოდა ალან-ოსეთში.
ქართლის, ეგრისისა და აფხაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ანაკოფიასთან მურვან ყრუ დაამარცხა და უკუაქცია. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა მირი. მურვან ყრუმ დიდი ზარალი ნახა დასავლეთ საქაართველოში. მისი მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო, ამიტომ ეგრისის და ქართლის დარბევის შემდეგ იგი გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, დაიმორჩილა ზოგიერთი იქაური ტომი, მაგრამ მოუვიდა ცნობა სახალიფოს ტახტისათვის ატეხილი ბრძოლის შესახებ და სასწრაფოდ გაემართა სირიისაკენ, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ ხალიფა გახდა მერვან II-ის სახელით, იგი იყო ომაიანთა დინასტიიდან უკანასკნელი ხალიფა.