Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
თურქ-სელჩუკთა ლაშქრობები საქართველოში
კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შემოიჭრნენ და დაიკავეს იმ დროისათვის ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი. თავდაპირველად ბიზანტიელები წარმატებით ებრძოდნენ თურქებს, მაგრამ, როგორც ვიცით, მანაზკერტის ბრძოლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. კეისარი თურქებმა ტყვედ იგდეს. ბიზანტიას ისღა დარჩენოდა საზავო ხელშეკრულება გაეფორმებინა სელჩუკებთან. 1074 წლის ხელშეკრულებით ბიზანტიამ თავისი აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო.
საქართველოში სელჩუკები პირველად ალფ არსლანის მმართველობის ხანაში გამოჩნდნენ. თავდაპირველად ალფ არსლანმა საკუთარი ვაჟი გამოგზავნა დასაზვერად, ხოლო 1064 წელს, თავად ჩაუდგა სათავეში უზარმზარ ლაშქარს და სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა, აიღო ახალქალაქი და სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას და მოარბია: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი და თრიალეთი. სელჩუკთა ამ პირველი შემოსევის შედეგად სამხრეთ საქართველომ დიდი ზარალი განიცადა თურქთა სისატიკის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო.
პირველი შემოსევის შედეგად ალფ არსლანის ლაშქარიც ძალიან დაზარალდა, ამიტომ მან ბაგრატ IV-ეს მშვიდობა და დამოყვრება შესთავაზა. მართლაც, ბაგრატმა მას თავისი დისწული მიათხოვა, ცოტა ხნით ადრე კი თავისი ქალიშვილი მართა, ბიზანტიის ტახტის მემკვიდრეზე დააქორწინა. მძიმე განსაცდელის ჟამს საქართველოს მეფე ცდილობდა, დინასტიური ქორწინებით განემტკიცებინა ქვეყნისა და თავისი მდგომარეობა, იგი ცდილობდა ორივე პოტენციურ მტერთან, ბიზანტიასთან და სელჩუკებთან, შეენარჩუნებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა. თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა: საქართველოში შემოიჭრა ალფ-არსლანის მოკავშირე ანისის გამგებელი აბულ სავარი. მას დავალებული ჰქონდა დაეცვა სელჩუკთა პოზიციები და ამ მიზნით ანისის მიმდებარე ქვეყნებში ელაშქრა. ამის საპასუხოდ ბაგრატ IV-ემ ირანში გაილაშქრა და ბარდავი დაარბია
XI საუკუნის 60-იან წლებში თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა საგრძნობლად შეასუსტა ბიზანტიის პოზიციები. ამგვარმა ვითარებამ ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების დათბობა გამოიწვია. იმპეატორმა კონსტანტინე X დუკამ ბაგრატიონთა საგვარეულოსთან დანათესავება გადაწყვიტა და თავისი შვილისათვის საცოლედ ითხოვა ბაგრატ IV-ის ასული მართა, ბიზანტიაში მარიამად წოდებული.
მართა ბაგრატ IV-ისა და ბორენა დედოფლის ასული იყო. იგი 1065 წელს ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე X დუკას ვაჟმა მიხეილმა, რომელიც შემდეგ იმპერატორი გახდა მიხეილ VII-ის სახელით. დედოფლობაში მართას მარიამი უწოდეს. ბიზანტიის სამეფო კარზე გადატრიალების შედეგად ტახტზე ავიდა ნიკიფორე III ბოტანიატე. მარიამი ახლა ამ ახალ იმპერატორს გაჰყვა ცოლად იმ პირობით, რომ მისი ვაჟი _ კონსტანტინე პორფიროგენეტი ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდებოდა. იმპერატორმა კი აზრი შეიცვალა, ამიტომ მარიამ დედოფალმა მხარი ახლა დაუჭირა ბოტინაიტეს წინააღმდეგ შეთქმულებას, რომლის სათავეში ალექსი და ისააკ კომნენოსები იდგნენ. ალექსი კომნენოსმა მარიამთან შეთანხმების საფუძველზე კონსტანტინე პორფიროგენეტი ტახტის მემკვიდრეს გამოაცხადა, მაგრამ პირობა დაარღვია. მალე კონსტანტინე პორფიროგენეტი გარდაიცვალა და მარიამ დედოფალიც ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლას.
1068 (1067) წელს ალფ არსლანი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გამოემართა. მისი მხარე დაიჭირეს ბაგრატ IV-სადმი მტრულად განწყობილმა აღსართან კახთა მეფემ და სომეხთა მეფე კვირიკემ. სელჩუკთა მარბიელმა ლაშქარმა სასტიკად მოაოხრა ქართლი და ზემო იმერეთი. ბაგრატ IV-ემ ზავი ითხოვა, სულთანმა კი ზავის პირობად ხარკის დადება მოითხოვა, რაც საქართველოს მეფემ არ მიიღო. სელჩუკთა ლაშქარმა ვერ გაუძლო მკაცრ ზამთარს და დატოვა ქვეყანა. მანამდე კი თბილისი და რუსთავი განძის (განჯა დღევანდელ აზერბაიჯანშია) ამირა ფადლონს გადასცა, მაგრამ ბაგრატ IV-ემ თავისი ცოლის ძმის, ოსთა მეფე დორღოლოლის დახმარებით ფადლონი დაამარცხა. ეს დიდი წარმატება იყო ბაგრატისათვის, რადგან არც სულთან ალფ არსლანს შესწევდა ძალა კიდევ ერთი სადამსჯელო ლაშქრობის მოწყობისათვის. ის მოციქულებსა და ძღვენს უგზავნიდა საქართველოს მეფეს და კვლავ ხარკს ითხოვდა, მაგრამ ბაგრატიც დიპლომატიურად მოქმედებდა _ ისიც ძღვენსა და მოციქულებს უგზავნიდა სულთანს და ხარკს არ კისრულობდა. მოხარკეობაზე უარის თქმით ბაგრატ IV საქართველოს დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.
ასე გაგრძელდა 1072 წლამდე. ამ წელს საქართველოს მეფე ბაგრატ IV და სელჩუკთა სულთანი ალფ არსლანი გარდაიცვალნენ.
უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად ბაგრატ IV-ის ასეთი დიპლომატიური ქმედებებისა, სელჩუკთა მეორე ლაშქრობის შემდეგ, როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან იწყება მომთაბარე თურქების ჩამოსახლება ქართულ მიწებზე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა ქვეყნისათვის. საქართველო სულ მარტო აღმოჩნდა ძლიერი მტრის წინააღმდეგ.