Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
გიორგი II (1072-1089 წწ).
“დიდი თურქობა”
ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მეკვიდრე გიორგი II ავიდა. უკვე 1073 წელს დიდმა ფეოდალებმა: ნიანია ქვაბულის ძემ, ივანე ლიპარიტის ძემ და ვარდან სვანთა ერისთავმა ისარგებლეს მეფის ახალგაზრდობით და გამოუცდელობით და ქვეყანა დააქუცმაცეს. ნიანიამ ქუთაისი დაიპყრო და საჭურჭლე ანუ ხაზინა ჩაიგდო ხელში, ვარდანმა სვანები ააჯანყა და ეგრისს შეესია. გიორგი II-ემ სხვა გამოსავალი ვერ ნახა, თანაც ძალის გამოყენებას მოერიდა და წყალობით ანუ დიდი საბოძვარით დააწყნარა ამბოხებულები. დიდგვაროვანი ფეოდალების ურჩობა არც ამის შემდეგ არ შეწყვეტილა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა კლდეკარის ერისთავი ივანე ბაღვაში, იმ ლიპარიტის შვილი, რომელმაც ასე გაუმწარა სიცოცხლე ბაგრატ IV-ეს.
თავისი მეფობის დასაწყისში გიორგი II-ემ შეძლო გარკვეული წარმატებებისათვისაც მიეღწია. მან ფარცხისთან დაამარცხა სულთნის ლაშქარი. ასევე ისარგბლა ბიზანტიის იმპერიის არასახარბიელო მდგომარეობით და დაიბრუნა წართმეული ანაკოფია, რომელიც აფხაზეთის მთავარი ციხე იყო.
გიორგი II-ეს დიდად გაუმართა ხელი გრიგოლ ბაკურიანის ძემ. გრიგოლი იყო ტაოს მკვიდრის, ერისთავთერისთავთ ბაკურიანის შვილი. იგი იყო XI საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკოსი, ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დომესტიკოსი, ატარებდა სევასტოსის ტიტულს.
გრიგოლი ბაკურიანის ძე ფლობდა კარის ანუ ყარსის ციხეს, რომელიც 1073 წელს გიორგი II-ეს გადასცა. ეს ყოველივე ასე განხორციელდა: როგორც ავღნიშნეთ ბიზანიელებმა 1074 წლის ზავით თურქ-სელჩუკებს მცირე აზიის უდიდესი ნაწილი დაუთმეს. ამ ზავის თანახმად სელჩუკების ხელში უნდა გადასულიყო იბერიის თემი (იგივე იმიერ ტაო) და ყარსის სამეფო. გიორგი II-ეს ტაოში ეახლა იბერიის თემის გამგებელი გრიგოლ ბაკურიანის ძე და იმიერ ტაოს ციხეები და ყარსის სამეფო გადასცა. საქართველომ დაიბრუნა ასევე ანაკოფიის ციხეც. ამით საქართველოს სამხრეთი საზღვრების საგრძნობლად გაფართოვდა, რაც საქათველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. გრიგოლ ბაკურიანის ძის სახელს უკავშირდება 1083 წელს პეტრიწონის ქართველთა მონასტრის (ბულგარეთი, დღევანდელი ბაჩკოვო) დაარსება, თვითონ დიდი დომესტიკოსი პაჭანიკებთან ბრძოლაში გარდაიცვალა 1086 წელს, დაკრძალულია პეტრიწონში
ქართველთა მიერ კარის იგივე ყარსის დაკავებამ თურქთა სულთნის მალიქ შაჰის რისხვა გამოიწვია. მან დიდი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში. სელჩუკებმა აიღეს კარი, თავს დაესხნენ ჯავახეთში მდგარ მეფეს და დაამრცხეს იგი. მთელ საქართველოს მოედო მარბიელი ჯარი, რომელმაც დაუნდობლად მოაოხრა ქვეყნის დიდი ნაწილი. ეს მოხდა 1080 წელს. ქართველი ისტორიკოსის ცნობით დაიწყო “დიდი თურქობა”, რამაც აურაცხელი უბედურება მოუტანა საქართველოს. სელჩუკებმა ამ პერიოდიდან წესად შემოირეს ყოველწლიურად შემოსევა საქართველოში. ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას. განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იყო თურქული ტომების ჩამოსახლება. ისინი სამეურნეოდ ვარგის მიწებს საძოვრებად აქცევდნენ. ნადგურდებოდა სოფლის მეურნეობა.
გავიხსენოთ, რომ თურქთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ირანში შექმნილი სიტუაციაც მომთაბარე თურქების სიჭარბისაგან ქვეყნის გაწმენდის მიზნით მალიქ შაჰმა და ნიზამ ალ-მულქმა მომთაბარე თურქები ბიზანტიისა და საქართველოსაკენ გამორეკეს.
საქართველოს საკუთარი სამხედრო ძალით ვითარების გამოსწორება უჭირდა. არსაიდან იყო ხსნა. ბიზანტიასაც რეალურად არაფერი შეეძლო, რადგან ისიც დასუსტებული იყო და მისი აღმოსავლეთი პროვინციებიც თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი.
გიორგი II ხედავდა ამ მძიმე მდგომარეობას როგორც საქართველოში, ისე მეზობელ ქვეყნებში და ცდილობდა გამოსავალი მოენახა, რათა ქვეყანა საბოლოო განადგურებისაგან გადაერჩინა.
გიორგი II-ემ 1083 წელს მოიწვია დიდებულები და მათთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა ხლებოდა სულთან მალიქ შაჰს. ეს გაბედული გადაწყვეტილება იყო და ალბათ ერთადერთი სწორი გზაც შექმნილ ვითარებაში. ერისა და ქვეყნის გადარჩენის მიზნით საქართველოს სულთნის ყველა მოთხოვნა უნდა შეესრულებინა. გიორგი II-ემ
1) ყოველწლიური ხარკი იკისრა იმ პირობით, რომ მის სამეფოში მალიქ შაქი აღკვეთდა თურქთა მარბიელი რაზმების თარეშს;
2) მალიქ შაჰმა ასევე უწყალობა გიორგი II-ეს კახეთ-ჰერეთი და ჯარიც გამოატანა.
თავის მხრივ კახეთის მეფე აღსართანიც ეახლა სულთანს, გამუსლიმანდა და სულთნის მფარველობაც მიიღო.
გიორგი II სელჩუკთა ლაშქრით ვეჟინის ციხეს შემოადგა კახეთში. ალყა შემოდგომიდან დაზამთრებამდე გაგრძელდა. თოვლი მოვიდა თუ არა, გიორგი II-ემ მიატოვა ისინი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, თურქებმა კი საშინლად მოაოხრეს კახეთის ტერიტორია. ასე, რომ გიორგი II-ემ ვერც კახეთი შემოიერთა და ვერც სელჩუკები განდევნა ქვეყნიდან.
მომთაბარეთა თარეში კვლავ გრძელდებოდა. ამას თან დაერთო დიდი სტიქიური უბედურება. 1088 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელიც პერიოდულად თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ისედაც აოხრებული ქვეყანა კიდევ უფრო გაპარტახდა. ყოველივე ამან კი ისეთი აზრი შემნა, რომ თითქოს სამეფო კარი და საქართველოს მეფე გიორგი II ცოდვილნი იყვნენ და ღმერთმაც ამიტომ მოუვლინა ამისთანა უბედურება საქართველოს.
საქართველოს მეფის ხელისუფლება ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოს ფარგლებს ვერ სცილდებოდა. აღმოსავლეთ საქართველო კი სელჩუკებს პრაქტიკულად საძოვრებად და სანადირო ადგილებად ჰქონდათ გადაქცეული.
შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაში, 1089 წელს, სამეფო კარზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოეშორებინათ გიორგი II ქვეყნის მართვისაგან და ტახტზე აეყვანათ მისი 16 წლის ძე დავით IV. გიორგი II ამის შემდეგ კიდევ თითქმის 20 წელი იცოცხლა.