Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday, 8 March 2018
II ტრიუმვირატი. III სამოქალაქო ომი.
ოქტავიანე - რომის პირველი იმპერატორი
როგორც გვაახსოვს კეისრის მკვლელობამ რომში დიდი არეულობა გამოიწვია. ამასობაში სენატმა დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა შექმნილ ვითარებაში. შეთქმულთა ერთი ნაწილი ითხოვდა, რომ კეისარი ტირანად გამოეცხადებინათ. ამ გადაწყვეტილების მიღება სენატისათვის ძალიან რთული იყო. თუ კეისარს ტირანად გამოაცხადებდნენ, მაშინ გაუქმებულად უნდა გამოეცხადებინათ მისი ყველა გადაწყვეტილება, ხოლო გვამი მდინარე ტიბრში უნდა გადაეგდოთ. ეს კი რომის მოქალაქეთა დიდი ნაწილის აღშფოთებას გამოიწვევდა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კეისარმა რომის უღარიბეს მცხოვრებლებს გარკვეული თანხა უანდერძა, ასევე მოქალაქეებს დაუტოვა მდ. ტიბრის ნაპირზე გაშენებული თავისი ბაღები. გამოსავალი ციცრეონმა მოძებნა. გადაწყდა, რომ კეისარს ტირანად არ გამოაცხადებდნენ, მაგრამ არც მის მკვლელებს დასჯიდნენ. მაგრამ კეისრის დაკრძალვის დღეს, როდესაც ხალხმა დაინახა ცეზარის ხანჯლებით დაფლეთილი წამოსასხამი და გვამი, რომი მღელვარებამ მოიცვა. ხალხი ქუჩებს მოედო, რათა მკვლელები ეპოვათ, ამის გამო შეთქმულთა დიდმა ნაწილმა რომი დატოვა.
ასეთი რთული ვითარება იყო რომში, როდესაც იქ კეისრის მემკვიდრე, 19 წლის ოქტავიუსი ჩავიდა. კეისრის მკვლელობის დროს ის ილირიაში იმყოფებოდა და გარკვეული დრო დასჭირდა რომში ჩამოსასვლელად. როგორც გვახსოვს ოქტავიანე იულიუს კეისრის დის შვილიშვილი იყო, რომელიც თავის მემკვიდრედ გამოაცხადა კეისარმა. ჯარმა კეისრის მემკვიდრეს ოქტავიანეს და სარდლებს: მარკუს ანტონიუსსა და ემილიუს ლეპიდუსს დაუჭირა მხარი.
ძვ.წ. 43 წელს, ნოემბერში, ერთმანეთს შეხვდნენ: ოქტავიანე, ანტონიუსი და ლეპიდუსი. ორდღიანი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ისინი გაერთიანდებოდნენ, ძალაუფლებას გაინაწილებდნენ და ერთობლივი ძალებით შეებრძოლებოდნენ მოწინააღმდეგეებს. ასე შეიქმნა II ტრიუმვირატი. მათ რომის მმართველობა გადაინაწილეს. ანტონიუსი აღმოსავლეთის პროვინციებს მართავდა, ოქტავიანე დასავლეთის პროვინციების მმართველი იყო, ხოლო ლეპიდუსი _ აფრიკის პროვინციებს. .ფორმალურად სამივე თანასწორი იყო, მაგრამ იმის გამო რომ ანტონიუსი ალექსანდრიაში იმყოფებოდა, ხოლო ლეპიდუსი აფრიკაში, ამიტომ რომში რეალურად ოქტავიანე მბრძანებლობდა.
ტრიუმვირებმა რომი დაიკავეს, მაგრამ პროვინციებში რთული ვითარება იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთის პროვინციებში, სადაც კეისრის მკვლელები გაიქცნენ. ძვ.წ. 42 წ-ს, გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაიმართა მაკედონიაში, ქ. ფილიპისთან, ოქტავიანემ და ანტომიუსმა გაქცეულთა ჯარი დაამარცხეს. კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მთავარმა მონაწილეებმა ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს. ასე განადგურდნენ რესპუბლიკის მომხრეები და მათი ჯარები.
მიუხედავად წარმატებისა მალე II ტრიუმვირატიც დაიშალა. ლეპიდუსი ადრე ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზსს, ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის კი დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ანტონიუსი თავიდანვე ოქტავიანეში კონკურენტს ხედავდა. მათ აერთიანებდათ მხოლოდ საერთო მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთების დამარცხების შემდეგ კი მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. მალე ანტონიუსი გასცილდა ცოლს, ოქტავიანეს დას _ ოქტავიას და ცოლად შეირთო ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა. ისინი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ. რომაელები რომ ანტონიუსის წინააღმდეგ განეწყო, ამისათვის ოქტავიანემ კი ანტონიუსის ანდერძი გამოაქვეყნებინა, რომლის მიხედვითაც სახელმწოხვეჭილი რომაელი სარდალი გარდაცვალების შემდეგ კლეოპატრასთან ერთად ალექსანდრიაში დაკრძალვას ითხოვდა, კლეოპატრას რომის აღმოსავლეთ პროვინციებს ჩუქნიდა და მის შვილებს დიდ უფლებებს გადასცემდა. ამ ამბავმა უკმაყოფილება გამოიწვია რომის სენატორებს შორის, რომლებმაც ანტონიუსის დასჯა მოითხოვეს. ასე დაიწყო ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის სამოქალაქო ომი, რომელიც რომის ისტორიაში III სამოქალო ომად მოიხსენიება.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ძვ.წ. 31 წ. აქციუმის კონცხთან, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე. ბრძოლის დროს ანტონიუსს უღალატა ეგვიპტის ფლოტმა, შედეგად კი იგი დამარცხდა, ბრძოლის ველი მიატოვა და ალექსანდრიაში გაიქცა. მებრძოლები ანტონიუსის დაბრუნებას ერთი კვირა ელოდნენ, უმეთაუროდ დარჩენილებმა კი ოქტავიანეს მხარე დაიკავეს. ამის შემდეგ ოქტავიანე ეგვიპტისაკენ გაეშურა. როდესაც მისი ჯარი ალექსანდრიას მიუახლოვდა სასოწარკვეთილმა ანტონიუსმა თავი მოიკლა. კლეოპატრა შეეცადა საერთო ენა გამოენახა ოქტავიანესთან, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ოქტავიანე ეგვიპტის სამეფოს გაუქმებას და რომში ტრიუმფის დროს, მის როგორც საპატიო ნადავლის გამოყვანას აპირებდა, თავი მოიკლა.
ეგვიპტე რომის პროვინცია გახდა. რომის მხრიდან ეგვიპტის დაპყრობით დასრულდა ელინისტური ხანა, ასევე დასრულდა სამოქალაქო ომები რომში. ოქტავიანე რომის სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა. ოქტავიანე, მართალია იყო იულიუს კეისრის შვილობილი, მაგრამ ამავე დროს კლავდიუსების საგვარეულოს ეკუთვნოდა. ამიტომ რომის იმპერატორთა პირველი დინასტია იულიუს – კლავდიუსების დინასტიის სახელითაა ცნობილი.
ოქტავიანეს წინაშე დადგა არჩევანი: აღედგინა რომის ძველი რესპუბლიკური მმართველობა თუ განეგრძო კეისრის მიერ წამოწყებული ერთპიროვნული მმართველობის გზა. ერთერთი გადმოცემის თანახმად მას რჩევა თავისი ორი უახლოესი მეგობრისათვის, აგრიპასა და მეცენატისათვის უთხოვია. ოქტავიანე მართალია მრავალმხრივ გამორჩეული პიროვნება იყო, მაგრამ დიდი სამხედრო ნიჭი არ გააჩნდა, ამიტომ მის სამხედრო კამპანიებს აგრიპა წარმართავდა. რაც შეეხება მეცენატს, მას ოფიციალური თანამდებობა არასოდეს ჰქონია, თუმცა იგი ისტორიაში იმით გახდა ცნობილი, რომ დიდ მფარველობას უწევდა რომში მოღვაწე პოეტებს. სწორედ ამიტომ "მეცენატი" გახდა ზოგადი წოდება ყველა იმ ადამიანისა, ვინც უანგარო მფარველობასა და დახმარებას უწევს ხელოვნებასა თუ მეცნიერებას. ძნელი სათქმელია, მხოლოდ მეგობრების რჩევით აპირებდა თუ არა ოქტავიანე ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას. სავარაუდოდ, მას თავიდანვე ჰქონდა განზრახული ერთპიროვნული მმართველობის დამყარება და ასეც მოიქცა, თუმცა ოქტავიანეს ახსოვდა, რომ იულიუს კეისარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვისა და ერთპიროვნული მმართველობისათვის სიცოცხლეს გამოასალმეს, ამიტომ იგი რომის რესპუბლიკის გარეგნული სახის შენარჩუნებას ცხდილობდა.
მართლაც რომის სახელმწიფო წყობას კვლავ “რესპუბლიკა” ერქვა, იმართებოდა სახალხო კრებები, სენატის სხდომები, ირჩევდნენ კონსულებს, სახალხო ტრიბუნებს, მაგრამ ყველა თანამდებობას თვით ოქტავიანე ან მისი მომხრეები იკავებდნენ. ამავე დროს ოქტავიანეს ერთპიროვნულად ემორჩილებოდა არმია. სენატი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, როგორიც ოქტავიანეს სურდა. ასე, რომ ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება ოქტავიანეს ხელში იყო. ფორმალურად კი იგი იკავებდა პირველი სენატორის ანუ პრინცეპსის თანამდებობას (პრინცეპსი ლთინურად ნიშნავს “პირველი პირველთა შორის”), აქედან გამომდინარე ასეთ წყობას პრინციპატი ეწოდებოდა.
სენატს სამოქალაქო ომების ეშინოდა და ოქტავიანეს დიდი უფლებები მიანიჭა. ეს მის ტიტულში აისახა: ძვ.წ. 27 წ-დან მას ავგუსტუსი “ღვთით დადგენილი” ეწოდა. ასე დამყარდა რომის სახელმწიფოში ოქტავიანე ავგუსტუსის ერთპიროვნული მმართველობა. რომის რესპუბლიკა ახლა უკვე იმპერიამ შეცვალა.
ოქტავიანემ (ძვ.წ. 31 (27) - ახ.წ. 14 წ ) მოქნილი პოლიტიკის შედეგად ბევრი მომხრე შეიძინა. მან გაატარა ადმინისტრაციული, სამხედრო, საფინანსო და ა. შ. რეფორმები. ოქტავიანეს მმართველობის დროს გაუმჯობესდა მოსახლეობის ღარიბი ფენის ცხოვრება. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა რომის განაშენიანებას. მის დროს აღადგინეს ქუჩები, შეარემონტეს ქალაქის კანალიზაცია, დაიწყო ახალი ფორუმის მშენებლობა. საშენ მასალად აქტიურად იყენებდნენ მარმარილოს.
ავგუსტუსის მმართველობის დროს რომში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. იგი პროვინციებიდან აღებული თანხებით მდიდრულ შენობებს აგებდა. ეს იყო ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების აყვავების ხანა, ამიტომ ავგუსტუსის მართველობის პერიოდს “აყვავების ხანას” უწოდებენ. თავად ავგუსტუსს ხალხმა “სამშობლოს მამა” უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის ტიტულს კეისარიც ატარებდა, ისტორიაში როგორც რომის პირველი იმპერატორი მაინც ოქტავიანე ავგუსტუსი შევიდა. ავგუსტუსის დროიდან რომის სახელმწიფოს იმპერიას უწოდებენ, ხოლო მის მმართველს _ იმპერატორს. მიუხედავად ძალაუფლებისა და დიდებისა, ავგსტუსი უბრალოდ ცხოვრობდა. მისი სახლი სხვებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე უარს ამბობდა მბრძანებლის ტიტულზე და თავის ქვეშევრდომებს მეფედ კურთხევის, გვირგვინის დადგმის უფლებას არ აძლევად.