Posted by : ლელა კაკაშვილი Thursday 8 March 2018





 გაიუს იულიუს კეისარი 
(ცეზარი)

    პლუტარქეს გადმოცემით ეგეოსის ზღვაში მოთარეშე მეკობრეებმა ხომალდი შენიშნეს, დაედევნენ და გემი მასზე მყოფი ეკიპაჟიანად და მგზავრებიანად მეკობრეთა ხელში აღMოცნდა. მეკობრეებმა დატყვევებულებს თავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი მოსთხოვეს. მათ ერთი ტყვე ახალგაზრდას თავისუფლება 20 ტალანტი დაუფასეს. ახალგაზრდას გასცინებია და უთქვამს: “თქვენ არ გცოდნიათ ვინ გყავთ ტყვედ შეპყრობილი და მე 50 ტალანტს მოგცემთო”. სანამ გამოსასყიდს მოიტანდნენ ახალგაზრდა მეკობრეებს დამუქრებია კიდეც “ ყველას ჩამოგახრჩობთო”. ამასობაში გამოსასყიდიც მოიტანეს და ეს ახალგაზრდა კაცი გაათავისუფლეს. იგი კი რამდენიმე გემით მეკობრეებს დაედევნა, დაეწია და მათი უმეტესობა დააპატიმრა. მეკობრეთა ქონება ნადავლის სახით დაიტოვა, ხოლო დამნაშავენი ხელისფლებას გადასცა. ამ ახალგაზრდა კაცს გაიუსი ერქვა იულიუსთა საგვარეულოდან.

   იულიუს კეისარი დაიბადა ძვ.წ. 100 წ.  იულისთა გვარის ოჯახში. როდესაც რომში სულას დიქტატურა დამყარდა, გაიუსმა რომი დატოვა, რადგან “მარადიულ ქალაქში” დარჩენა მისთვის სახიფათო იყო, ვინაიდან ის სულას ძველი მეტოქის, გაიუს მარიუსის ახლო ნათესავი იყო. სულას გარდაცვალების შემდეგ გაიუსი რომში დაბრუნდა. საკუთარი პიროვნული თვისებებისა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით მან ადვილად მოიპოვა პოპულარობა. დაუახლოვდა პომპეუსსა და კრასისს, აქტიურად მოღვაწეობდა სენატში და ნელ-ნელა სხვადასხვა თანამდებობეს იკავებდა.
  იუსლიუს კეისარი იყო კარგი ორატორი და მწერალი, ნიჭიერი სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. როგორც დავინახეთ იგი მეტად პატივმოყვარე ადამიანიც იყო. მას ერჩია ყოფილიყო “პირველი სოფელში, ვიდრე მეორე რომში”. კეისარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ახალგაზრდობიდანვე ჩაება დემოკრატიულ მოძრაობაში, იგი პოპულარობისა და სახელის მოსახვეჭად ხშირად სახალხო ნადიმებსა და სანახაობებს მართავდა. კეისარმა ხალხის დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა, რადგან ძვ.წ. 59 წელს კონსულად არჩევის შემდეგ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, კერძოდ: ვეტერანებსა და ღარიბებს მიწის ნაკვეთები დაურიგდათ.
    კონსულობის ვადის გასვლის შემდეგ იულიუს კეისარი რომის ერთ-ერთი პროვინციის _ გალიის მმართველად დაინიშნა. რომი გალიის ტერიტორიის მხოლოდ სამხრეთ ნაწილს ფლობდა, კეისარმა კი მთელი გალიის დაპყრობა გადაწყვიტა. ძვ.წ. 58-51 წწ-ში მან გალია დაიპყრო. ამ ლაშქრობის შემდეგ კეისრის ავტორიტეტი და სახელი რომის ჯარისკაცებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა.
     სენატი კეისრის განდიდებას შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს. როგორც ავღნიშნეთ სენატორები მთელს იმედებს ამყარებდნენ პომპეუსზე, რომელიც კეისარს დაუპირისპირდა. ამ დროისათვის კრასუსი უკვე გარდაცვლილი იყო. სენატმა პომპეუსი რომის ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადეა, ხოლო კეისარს ჯარის დაშლა და შინ დაბრუნება მოსთხოვა. 
   კეისარმა ყველაფერი კარგად იცოდა, რაც რომში ხდებოდა. სენატის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ თავისი ლეგიონები რომისკენ დაძრა და მდინარე რუბიკონთან მათ სიტყვით  მიმართა, რათა იგი სენატისაგან დაეცვათ. ჯარისკაცებმა მხედართმთავარს აღუთქვეს, რომ მისი ერთგულები დარჩებოდნენ. ძვ.წ. 49 წ  ზამთარი იყო. კეისარი მდინარე რუბიკონთან იდგა და ფიქრობდა რა მოემოქმედებინა: ან უარი უნდა ეთქვა ძალაუფლებაზე, ან უმაღლესი ხელისუფლება სამხედრო ძალით მოეპოვებინა. თუ კეისარი რუბიკონს ჯართან ერთად გადალახავდა, ეს სენატის დადგენილების შეუსრულებლობა და ახალი სამოქალაქო ომის დაწყება იქნებოდა. მას საბედისწერო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
   მდ. რუბიკონი იყო საზღვარი რომსა და პროვინციებს შორის. კეისარმა დიდი ფიქრის შემდეგ მტკიცედ განაცხადა “წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია” და რუბიკონი მეომრებთან ერთად გადალახა. ასე გაჩნდა გაჩნდა გამოთქმა “რუბიკონის გადალახვა”, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
   კეისარი რომისაკენ დაიძრა. დაიწყო II სამოქალაქო ომი. რომის მოქალაქეები ორ საპირისპირო მხარეს, ზოგი კეისრის, ზოგიც პომპეუსის ბანაკში აღმოჩნდა. ამიტომ ამ ომს სამოქალაქო ომი ეწოდა. 
    პომპეუსმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, რომი დატოვა და საბერძნეთში გაიქცა. კეისარმა კი 8 კვირაში მთელი იტალია დაიპყრო და პომპეუსს საბეძნეთში მისდია. გადამწყვეტ ბრძოლაში, ძვ.წ. 48 წელს კეისარმა სძლია პომპეუსს, რომელმაც ახლა ეგვიპტეს შეაფარა თავი. საბოლოოდ პომპეუსი მაინც კეისრის მსხვერპლი გახდა: ეგვიპტის მმართველმა ფარაონმა პტოლემეოსმა კეისრისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად, პომპეუსი მოაკვლევინა და მისი მოკვეთილი თავი იულუისს მიართვა. პტოლემეოსს არაფერი გამოუვიდა. კეისარმა მხარი ფარაონის სასახლიდან განდევნილ დას დაუჭირა და ეგვიპტეში, ალექსანდრიაში  დედოფლად დასვა კლეოპატრა VII.
   სანამ რომაელები ურთიერთშორის ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი, ისარგებლა მითრიდატე ევპატორის ვაჟმა ფარნაკემ, რომელიც პომპეუსის მიერ იყო ბოსფორის მმართველად დატოვილი და მამისეული სახელმწიფოს აღდგენა სცადა. კეისარი ახლა ფარნაკეს წინააღმდეგ დაიძრა. ძვ.წ. 47 წ ზელასთან მომხდარ ბრძოლაში კეისარმა ადვილად გაიმარჯვა, გამარჯვების ამბავი კი სენატს სამი სიტყვით ამცნო “VENI, VIDI, VIჩI” ანუ “მიველ, ვნახე, დავამარცხე”. გამარჯვებული კეისარი რომში ტრიუმფით დაბრუნდა და უზარმაზარი სახალხო ნადიმი გამართა. 22 000 მაგიდა 60 000 სტუმარს მასპინძლობდა. კეისარმა თითოეულ მოქალაქეს ფული, ხორბალი და ზეთი დაურიგა. 
   რომის რესპუბლიკაში იულიუს კეისრის განუსაზღვრელი უფლებები დამყარდა. მას სენატიცა და კონსულებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. კეისარი სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორად  გამოაცხადეს. ასე დამყარდა რომში კეირის მბრძანებლობა. “მბრძანებელი” ლათინურად ჟღერს როგორც “იმპერატორი”. 

   რომში იულიუს კეისრის დიქტატურა მოანიშნებდა რესპუბლიკის აღსასრულს. რომის რესპუბლიკამ 500 წელი იარსება, ხოლო კეისრის შემდეგ დაიწყო ერთპიროვნული მმართველობის ხანა. 
   სენატი ვერ ურიგდებოდა იულიუს კეისრის ერთპიროვნულ მმართველობას და მბრძანებლობას. მათ შორის იყვნენ კეისრის ყოფილი თანამოაზრეებიც და თანამებრძოლებიც. ისინი რესპუბლიკის იდეალების ერთგულები დარჩნენ. იულიუსის მმართველობით უკმაყოფილოთა ბანაკმა დაიწყო შეთქმულების მოწყობა. ეს საქმე ბრუტუსმა და კასუსმა ითავეს. ერთხელ, როდესაც კეისარი სტუმრად იყო ლეპიდუსთან, ჩვეულებრივ წამოწოლილი იყო და წერილებს ხელს აწერდა, სიტყვა ჩამოვარდა, თუ რომელი სახის სიკვდილი იყო ყველაზე უკეთესი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაასწრო კეისარმა და წამოიძახა: “მოულოდნელი!” – მოგვითხრობს პლუტარქე.

   შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ კეისარი მაშინ მოეკლათ, როცა ის სენატის სხდომაზე მივიდოდა. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, იმ დღეს იულიუსს იმ დღეს სენატში მისვლა გადაეფიქრებინა? ამიტომ  ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს, დილით მასთან სახლში ბრუტუსი მივიდა და სენატში წასვლისაკენ მოუწოდა. კეისარი ძალიან ენდობოდა ბრუტუსს, სენატისკენ მიმავალ კეისარს მოქალაქეების სხვადასხვა შინაარსის წერილებს გადასცემდნენ. ერთ-ერთმა რომაელმა მას მიაწოდა წერილი და სთხოვა, სასწრაფოდ წაეკითხა იგი. წერილში ეწერა, რომ სენატში მისი, ე.ი. კეისრის მოკვლა იგეგმებოდა. კეისარმა წერილი აიღო, მაგრამ წაკითხვა ვერ მოახერხა. ამაში ხელი სსხვა მტხოვნელებმა შეუშალეს. სენატში შესულს კი საბედისწერო წერილი გაუხსნელი ეჭირა.


   სენატში შესული კეისარი სავარძელსი ჩაჯდა. შეთქმულთა ერთი ნაწილი სავარძლის უკან დადგა, მეორე კი – მის წინ. პირველმა პუბპიუს კასკამ დაარტყა მახვილი. ჭრილობა სასიკვდილო არ იყო და კეისარი კასკასკენ შეტრიალდა, თუმცა ამ დროს სხვა შეთქმულებმაც მოიმარჯვეს მახვილები. ვერავინ გაბედა კეისრის დახმარება. ის კი თავის დაცვას ამაოდ ცდილობდა. ბოლოს, როდესაც ბრუტუსი დაინახა, კეისარმა თავზე მოსასხამი გადაიფარა და წინააღმდეგობა შეწყვიტა. ისტორიაში ეს ეპიზოდი, თავისი დრამატულობის გარდა დარჩა გაკვირვებული კეისრის მიერ წარმოთქმული სიტვებით, რომელიც ფრაზად იქცა: “და შენც, ბრუტუს?”.  სენატორები კეისარს ხანჯლებს დაუნდობლად ურტყამდნენ. 23-ე ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. 55 წლის კეისარი სიცოცხლეს გამოასალმეს. სასიკვდილოდ დაჭრილი კეისარი პომპეუსის ქანდაკებასთან დაეცა.

  კეისრიმ კვლელები მიიჩნევდნენ, რომ ტირანი მოკლეს და რესპუბლიკური მმართველობა გადაარჩინეს. ამის გამო ხალხი მათი მადლიერი იქნებოდა. თავდაპირველად რომაელები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, თუმცა, როცა გაირკვა, რომ ანდერძის თანახმად, კეისარმა ქალაქის მცხოვრებლებს საჩუქრები დაუტოვა, და როდესაც მისი დასახიჩრებული გვამი ქუჩებში ჩაატარეს ფორუმზე მისატანად, რომაელებმაც იხუვლეს და მკვლელების დასახოცად და მათი სახლების გადასაწვავად დაიძრნენ. ბრუტუსი და სხვა შეთქმულები ქალაქიდან გაიქცნენ.
  იულიუსის ანდერძის მიხედვით ისიც გაირკვა, რომ კეისარმა თავის მემკვიდრედ თავისი დის შვილიშვილი ოქტავიუსი დატოვა.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -