Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday, 21 March 2018
ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის.
დავით III კურაპალატი
ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პროცესი იწყება ახალი ქართული სამეფო-სამთავროების შექმნით. ესაა გაერთიანებისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი, რადგან ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლას აწარმოებდნენ სწორედ ეს სამეფო-სამთავროები. მართლია ისინი იბრძოდნენ ერთმანეთის მიწა-წყლის დაუფლებისათვის, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, საქმე ქვეყნის გაერთიანებისაკენ მიდიოდა. ეს გაერთიანებისათვის ბრძოლის მეორე ეტაპია. ამ ეტაპზე ბრძოლა ძირითადად შიდა ქართლის დაუფლებისათვის მიმდინარეობდა, რადგან შიდა ქართლი იყო ქვეყნის შუაგული, მეურნეობრივად და კულტურულად დაწინაურებული მხარე, სადაც გადიოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის გზები. ასე, რომ ქართული ქვეყნების გაერთიანებისათვის ბრძოლაში ჰეგემონობა იმ სამეფო-სამთავროს ეკუთვნოდა, რომელიც ფლობდა შიდა ქართლს.
შიდა ქართლისათვის ბრძოლაში უპირატესობა ჯერ კახეთის სამთავრომ იგდო ხელთ, შემდეგ კი დასავლეთ საქართველომ _ კერძოდ, შიდა ქრთლს განაგებდა აფხაზთა მეფის მიერ დანიშნული ერისთავი. მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა X საუკუნის 70-იანი წლებისათვის, მას შემდეგ, რაც აფხაზთა სამეფო შედარებით დასუსტდა, ეს კი განაპირობა ტახტისათვის ძმათა შორის ბრძოლამ. ამით ისარგებლა ქართველთა ანუ ტაო-კლარჯეთის სამეფომ.
ქართველთა სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა დავით III კურაპალატის დროს (961 - 1001 წწ). დავითს ბიზანტიის იმპერატორისგან მინიჭებული ჰქონდა "ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატის" ტიტული. კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორების კარზე რთ-ერთი უმაღლესი საკარისკაცო ტიტული იყო, რომელსაც აძლევდნენ ქართველთა მთავრებს. ამით ბიზანტიის იმპერტორი ხაზს უსვამდა თავის უზენაესობას საქრთველოს ამ ნაწილზე. დავით III-ს დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ სომხეთში და ბიზანტიაშიც.
976 - 979 წლებში ბიზანტიის საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყდა მცირე აზიის სამხედრო არისტოკრატიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბარდა სკლიაროსი. ბიზანტიის ლაშქრის სარდალმა, ბარდა ფოკამ მცირეწლოვანი იმპერატორის ბასილი II-ის დედას თეოფანას ურჩია, რომ დახმარებისათვის მიემართა დავით III ბაგრატიონისათვის. მათ დავითთან შუამდგომლობა სთხოვეს ათონის მონასტერში ბერად შემდგარ იოანეს _ იგივე, ყოფილ თორნიკე ერისთავს. დავით III-ეს დახმარებისათვის ბიზანტია პირდებოდა დიდ ტერიტორიებს: არზრუმს, ბასიანის ოლქებს და რამდენიმე სომხურ ოლქს. ამ პროვინციებს ბიზანტია დავით III-ეს აძლევდა მხოლოდ მის სიცოცხლეში.
დავით III-ემ ბიზანტიას 12 000-იანი ცხენოსანი ლაშქრი მიაშველა თორნიკე ერისთავისა და ჯოჯიკის მეთაურობით, რომლემაც დაამარცხა ბარდა სკლიაროსის ჯარი და გადაარჩინა ბასილი II ტახტის დაკარგვას. დავით ბგრატიონს ბიზანტიამ დანაპირები აუსრული, სათანადოდ დააფასა ასევე თორნიკე ერისთავის დამსახურებაც და ათონის ქრთველთა მონასტერს გადასცა სოფლები და მიწები, რა თქმა ქართველთა მხრიდან დიდი დახმარებისათვის.
987 წელს ბარდა სკლიაროსი ხელმეორედ აჯანყდა. მის წინააღმდეგ ბრძოლა ბასილი II-ემ ბარდა ფოკას დაავალა. იმავე წელს ფოკა და სკლიაროსი შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე იმპერატორის წინააღმდეგ, მაგრამ ბარდა ფოკამ მოატყუა მისდამი მინდობილი სკლიაროსი და დაატყვევა ის და ახლა თვითონ დაუპირისპირდა იმპერატორს.
დავით III კურაპალატმა ახლა ბარდა ფოკას მხარი დაუჭირა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბარდა ფოკა დავითს შეპირდა გამარჯვების შემთხვევაში მას ე.ი. დავით III-ეს მემკვიდრეობით გადასცემდა ბიზანტიის იმპერატორის მიერ ადრე დროებით ბოძებულ ქვეყნებს, მაგრამ 989 წელს ბარდა ფოკას აჯანყება მარცხით დამთავრდა. დავით III კურაპალატი იძულებული იყო პატიება ეთხოვა ბასილი II-თვის. ერთ-ერთი ისტორიკოსი გვამცნობს, რომ თითქოს დავითმა პირობა მისცა ბასილი II-ეს, რომ მისი ე.ი. დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამფლობელო ბიზანტიის ხელში გადავიდოდა.
ბიზანტიასთან განცდილი მარცხის მიუხედავად, დავით III განაგრძობდა ბრძოლას თავის სამეფოს გასაფართოვებლად. იგი მიზნად ისახავდა ქართველთა სამეფოს მოსაზღვრე პროვინციებიდან მაჰმადიანი მფლობელების განდევნას, მაჰმადიანი მოსახლეობის აყრას და ამ მხარეების ქრისტიანი ქართველებითა და სომხებით დასახლებას. მან თავის სამეფოს შეუერთა სომხეთის სამეფოს დიდი ნაწილი. ასე, რომ დავით III სამფლობელოს სამხრეთის საზღვარი ვანის ტბამდე აღწევდა.
დავით კურაპალატი იყო ეროვნული მასშტაბის დიდი მოღვაწე. მის დროს ტაოში აიგო ბანას, ხახულის, ოშკის და სხვა დიდებული ტაძრები, აღსდგა არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. მის დროს ხახულის, ოშკის, ტბეთის და სხვა ცენტრებში მიმდინარეობდა კულტურული საქმიანობა, თარგმნიდნენ და ამრავლებდნენ წიგნებს. დავითი ამით არ კმაყოფილდებოდა და ათონელ ბერებს უკვეთავდა წიგნებს საქართველოში გამოსაგზავნად.