Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 21 March 2018

 ომაიანთა და აბასიანთა 
სახალოფოები
    როგორც ვიცით, ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოს სათავეში ჩაუდგა მუავია, რომელიც იყო ომაინთა საგვარეულოს წარმომადგენელი და სირიის მმართველი. მუავიამდე ხალიფას თანამდებობა არჩევითი იყო, მაგრამ მან თავის მემკვიდრედ საკუთარი ვაჟი დაასახელა. ამ ფაქტმა სათავე დაუდო სახალიფოს სათავეში ერთი საგვარეეულოს _ ომაიანების მოსვლას, რომლებიც სახალიფოს მართავდნენ 661 _ 750 წლებში. მუავიამ სახალიფოს დედაქალაქი არაბეთიდან სირიაში _ დამასკოში გადაიტანა.
მუავიას გარდაცვალებისთანავე ხალიფობის პრეტენზია გაუჩნდა ალისა და ფატიმას ვაჟს, მუჰამედის შვილიშვილს ჰუსეინს, თუმცა ომაიანებმა იგი ალყაში მოამწყვდიეს, მაგრამ მუჰამედის შვილიშვილზე ხელის აღმართვა თავიდან ვერავინ გაბედა. მაშინ, რათა არც ერთ მათგანს რომ არ დაბრალებოდა ჰუსეინის მოკვლა, მეომრები ერთად ეკვეთნენ მას და ხმლებით აკუწეს. ეს დღე შიიტებისათვის გლოვის დღედ ითვლება. ამას “აშურა” ანუ თვითგვემა ეწოდება. 
   ომაიანების მმართველობის დროს ხალიფა ქვეყნის საერო და სასულიერო მეთაურად ითვლებოდა. მისი შემდგომი თანამდებობის პირი იყო ვეზირი, რომელთა უფლებები თანდათან გაიზარდა. სახალიფოს მიწებს მართავდნენ ხალიფას ნაცვლები ანუ მოადგილეები, რომლებსაც ამირა ეწოდებოდა. ამირები ძირითადად არაბული არისტოკრატიის წარმომადგენლებისაგან ინიშნებოდნენ, თუმცა, ზოგჯერ ამირები ადგილობრივი მმართველი ელიტის წარმომადგენლებიც ხდებოდნენ. არაბი მმართველები ხელს უწყობდნენ როგორც საშიანაო, ასევე საგარეო ვაჭრობას. ომაიანმა ხალიფებმა დაიწყეს ვერცხლისა და სპილენძის ფულის მოჭრა. მუავიას დროს შეიქმნა საზღვაო ფლოტი, რომელმაც არა მარტო არაბთა სამხედრო წარმატებებს შეუწყო ხელი, არამედ სახალიფოს საგარეო ვაჭრობის განვითარებასაც.
   ომაიანები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სოციალური ბარიერები არაბაბსა და არაარაბებს შორის, თუნდაც მათ ისლამი მიეღოთ. ისინი დაუშვებლად მიიჩნევდნენ არაბი ქალის ქორწინებას არაარაბ მამაკცთან, მაგრამ არა პირიქით.
  ომაიანი ხლიფები დამასკოში ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მათ გარს ეხვივნენ მეცნიერები და მწერლები, განურჩევლად სარწმუნოებისა. ერთ დროს მათ სამსახურში დიდი ადგილი ეკავა ცნობილ ქრისტიან ღვთისმეტყველ იოანე დამასკელს და მის ოჯახს.
VIII საუკუნის 20-იან წლებში არაბულ სამყაროში პირველობის პრეტენზია განაცხადეს მუჰამედისა და ალის ბიძის, აბასის შთამომავლებმა. მათ აჯანყება ერაყში დაიწყეს. აბასიდების მოსვლას ხელისუფლებაში ხელი შეუწყო:
 1.ომაიანთა დინასტიის მიერ გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკამ, რის გამოც გაიზარდა დაპყრობილი ქეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო დაპყრობილ ხალხთა გამანთავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. 
2. ომაიანთა სახალიფოს აუმხედრნენ ირანელი ფეოდალებიც. 
   ამ წინააღმდეგობით ისარგებლეს აბასიანების საგვარეულოს წარმომადგენლებმა და ერთობლივი აჯანყების შემდეგ 750 წელს ომაიანთა დინასტია დაამხეს. 
   750 წელს დაამარცხეს უკანასკნელი ომაიანი ხალიფა მურვან II, მას საქართველოში მურვან-ყრუდ იცნობენ, იგი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი მოკლეს. ხალიფები გახდნენ აბასიანები,  რომლებიც თავს მუჰამედის ბიძის _ ალ-აბასის შთამომავლად თვლიდნენ, ამიტომ ეწოდა მათ დინასტიას აბასიანები. 
   აბასიდების მმართველობის დროს არაბული სახალიფო თანდათანობით საერთო-ისლამურ საახელმწიფოდ გარდაიქმნა.  ხალიფას ტახტზე აბასის შთამომავალი აბულ-აბასი ავიდა. ამ დროიდან სახალიფოში აბასიანების საგვარეულოს მმართველობა დაიწყო, რომელიც მიმდინარეობდა 750 _ 1258 წლებში. აბულ-აბასმა ომაიანების საგვარეულო შემდგომში სრულიად ამოხოცა. გადარჩა მხოლოდ აბდურაჰმანი, რომელიც ესპანეთში გაიქცა და იქ შექმნა კორდობას სახალიფო. აბასიდებმა სახალიფოს დედაქალაქი გადაიტანეს მდ. ტიგროსზე, ძველი ბაბილონის ადგილზე აშენებულ ახალ ქალაქ ბაღდადში.
   აბასიდებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს ხალიფა ალ-რაშიდის დროს. მისი გამგებლობა ხოტბაშესხმულია ზღაპრებში “ათას ერთი ღამე”. 
აბასიდების მმართველობის დროს განხორციელებული ერთერთი ცვლილება ის იყო, რომ ყველა მუსლიმი უფლებებით არაბებს გაუთანაბრდა. ამის შედეგად სახელმწიფო ორგანოებში დაწინაურდნენ ირანელები, რომლებსაც სახელმწიფოს მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. გაიზარდა პირველი ვეზირის უფლებები. პირველად ისლამური სახელმწიფოს ისტორიაში ჩამოყალიბდა რეგულარული ჯარი სპარსული მოდელის მიხედვით.
    IX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო ბაღდადის სახალიფოს დაქვეითება. ამ დაქვეითების გამომწვევი მიზეზები შემდეგია:
1. მრვალრიცხოვანი ხალხები, რომლებიც არაბთა ბატონობის უღელქვეშ იყვნენ, იბრძოდნენ თავისუფლებისათვის.  არაბებმა ვერ შეძლეს დაპყრობილი ხალხის ერთი რელიგიის ქვეშ გაერთიანება. ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები,
2. ამას ემატება შინააშლილობები. არაბთა ხალიფების მიერ დანიშნული მოხელეები, ამირები სახალიფოსგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ.
3. მოგვიანებით კი შუა აზიიდან მოსულმა თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს სახალიფოს დიდი ნაწილი და ბაღდადის ხალიფა მარიონეტ მმართველად აქციეს. 
4. 1258 წელს მონღოლებმა ბაღდადი აიღეს და ხალიფას ნომინალურ მმართველობასაც ბოლო მოუღეს

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -