Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday, 3 March 2018




დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზები

      პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს, სკანდინავიის მკვიდრნი _ ნორმანები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელები ამერიკის კონტინენტის პირველაღმომჩენად სწორედ ნორმან ლეივ ერიქსონს მიაწერენ, ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან ევროპელებს იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ ამერიკა. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით სკანდინავიელებმაც მიივიწყეს.
XV ს დასავლეთ ევროპაში რიგმა სიახლეებმა იჩინეს თავი. ზოგ რეგიონებში ცენტრალიზებული სახელმწიფოები წარმოიშვა მაგ: პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, მეცნიერების წინსვლამ გააფართოვა ცოდნა, ახალი წარმოდგენები შეუქმნა ადამიანებს სამყაროზე.
      XV ს ბოლოს ევროპელთა წარმატებებს რამდენიმე მიზეზმა შეუწყო ხელი:
1. თურქების მიერ 1453 წ კონსტანტინოპოლის აღებამ ჩაკეტა აღმოსავლეთთან ვაჭრობის არსებული გზები და ახალი ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დააყენა დასავლეთ ევროპა. ჯვაროსნული სულით განმსჭვალულ ევროპელებს, რომლებსაც არ უნელდებოდათ სიმდიდრის მოპოვებისა და ქრისტიანობის გავრცელების სურვილი, ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ ვაჭრობა ინდოეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. თურქებმა ხელთ იგდეს აღმოსავლეთისაკენ გამავალი სავაჭრო გზები, შორეული აღმოსავლეთის ბრწყინვალე ნაწარმი და სანელებლები ევროპაში ძალიან გაძვირდა. 
2. ევროპაში გამოილია ოქრო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიედინებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, რადგან ძვირფას საქონელზე იცვლებოდა.
3. ევროპელებმა ამჯობინეს მოეძებნათ აზიასთან დამაკავშირებელი ახალი კომუნიკაციები. დაიწყო ახალი გზების, მიწების და საერთოდ სამყაროეული სიახლეების ძიება;
4. ამ სწრაფვებს ბიძგი მისცა ტექნიკურმა სიახლეებმაც, ვითარდებოდა მრეწველობა და მისი ტექნიკური მხარე; 
5. მეზღვაურებმა ხმარებაში შემოიტანეს კომპასი, რომლის სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა;
6. წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა _ კარაველებმა, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზურგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც.
7. ევროპაში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XV ს ბოლოს დაიწყე თუჯის დამუშავება, რამაც ხელი შეუწყო სრულყოფილი ზარბაზნების  ჩამოსხმასა და შესაბამისად, არტილერიის განვითარებას. XVს-დან იყენებდნენ, როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც.
8. ხმარებაში შემოვიდა საათი;
9. სრულყოფილი გახდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღიც. XVI ს გაჩნდა მძიმე თოფებიც _ მუშკეტები, რომლებიც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე.
10. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რუკების შედგენაც. მეცნიერებსა და  მეზღვაურებს შორის აღორძინდა ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლომეოსის მოძღვრება დედამიწის სფეროსებურობის შესახებ. ამ დებულების საფუძველზე ფლორენციელმა ასტრონომმა და გეოგრაფმა ტოსკანელიმ წამოაყენა მოსაზრება, რომ დასავლეთისაკენ სვლით შეიძლება აზიამდე, კერძოდ კი ინდოეთამდე ჩასვლა. თავისი აურაცხელი სიმდიდრით ინდოეთი ევროპელების ინტერესების ცენტრში მოექცა.
ამგვარმა  სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალად ახალი გზები.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -