Posted by : ლელა კაკაშვილი
Saturday 3 March 2018
ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის
იდეები
XIX საუკუნემდე გერმანია დაქუცმაცებული იყო 300-ზე მეტ სამეფოდ და სამთვროდ, რომლებსაც ფორმალურად აერთიანებდა "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია". ყველა გერმანული სახელმწიფო დამოუკიდებლად მოქმედებდა, თუმცა ყველა სამეფო-სამთავროში იყენებდნენ საერთო ლიტერატურულ გერმანულ ენას, რომელიც ეყრდნობოდა მარტინ ლუთერის მიერ XVI საუკუნის დასაწყისში გერმანულად თარგმნილ ბიბლიას. გერმანულ სახელმწიფოებში ერთმანეთის მსგავსი იყო სასამართლო სისტემა, არსებობდა ერთნაირი ტრადიციები და მათ შორის იყო მჭიდრო კულტურული კავშირები. სამეფო-სამთავროების მოსახლეობას ჰქონდა საერთო სახელი _ გერმანელი.
გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიამ თავისი არსებობა პრაქტიკულად შეწყვიტა 1806 წელს. იმპერატორის ტიტული შეინარჩუნა ავსტრიის მონარქმა, რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა და ტახტი ვენაში ჰქონდა.
1815 წელს ვენის კონგრესზე შექმნილ "გერმანული კონფედერაციას" არ ჰქონდა შინაგანი ერთიანობა, რადგანაც მისი უძლიერესი წევრები _ ავსტრია და პრუსია ერთმანეთთან მეტოქეობდნენ. 1848-1849 წლების რევოლუციის დროს გერმანულ სახელმწიფოებში მიმდინარე სახალხო გამოსვლები, რომელიც მიმართული იყო აბსოლუტიზმის წინააღმდეგ და სამოქალაქო უფლებების მხარდასაჭერად, დაუკავშირდა ეროვნულ იდეას _ ერთიანი გერმანიის შექმნის მოთხოვნის იდეას.
გერმანიის გაერთიანების შესახებ იმსჯელა 1848 წელს ფრანკფურტში გამართულმა ეროვნულმა კრებამ, რომელზედაც განიხილებოდა საკითხი თუ რა ტერიტორია უნდა მოეცვა მომავალ გერმანიას _ შეექმნათ "დიდი გერმანია" ავსტრიასთან ერთად თუ "მცირე გერმანია" ავსტრიის გარეშე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრისში გერმანული წარმოშობის მოსახლეობა 1/4-ზე ცოტა მეტი იყო, გამოითქვა აზრი, რომ "დიდ გერმანიაში" შესულიყო მხოლოდ "გერმანული ავსტრია", მაგრამ ავსტრიის იმპერატორი ამის წინააღმდეგი წავიდა და გამოსცა კანონი ავსტრიის განუყოფლობის შესახებ. საბოლოოდ კი გაიმარჯვა იდეამ "მცირე გერმანიის" შესახებ.
1861 წელს პრუსიაში გამეფდა ვილჰემ I. მან პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტის ანუ პრემიერ-მინისტრის, იგივე კანცლერის თნამდებობაზე დანიშნა გამოცდილი პოლიტიკოსი ოტო ფონ ბისმარკი (1815 - 1898 წწ), რომელსაც სჯეროდა, რომ გერმნიის გაერთიანება უნდა მომხდარიყო "ზემოდან" და არა რევოლუციით. ბისმარკმა ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება დაიწყო. მოახდინა ჯარის ძირეული რეორგანიზაცია და დაიწყო ეკონომიკის გაძლიერება.
1864 წელს პრუსიამ ავსტრიასთან ერთად ომი გამოუცხადა დანიის სამეფოს. ომის მიზანი შლეზვინგისა და ჰოლშტაინის შემოერთება იყო. დანია დამარცხდა. მას არეც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დაეხმარა, რადგან დიდ ბრიტანეთს გაძლიერებული პრუსიის სამეფო საფრანგეთის იმპერიის საპირწონედ მიაჩნდა. საფრანგეთი ამ პერიოდში ჩაეფლო მექსიკაში წამოწყებულ ავანტურაში. კერძოდ კრახით დამთავრდა სფრანგეთის ინტერვენცია მექსიკაში, იქ მონარქიისა და ტახტზე თავისი მარიონეტი მონარქის დასმის მიზნით. რუსეთის მეფე მადლობელი იყო ბისმაკისა იმის გამო, რომ პრუსია არ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ 1863 წელს აჯანყებული პოლონეთის მხარეს და რუსეთს მისცა აჯანყების ჩახშობის საშუალება. ამიტომ დანია იძულებული გახდა შერიგებოდა ამ ტერიტორიულ დანაკარგს.
პრუსიას გადაეცა შლეზვინგი, ხოლო ავსტრიას _ ჰოლშტაინი, რომელიც პრუსიის უმთავრესი კონკურენტი იყო გერმანული მიწების გაერთიანების საქმეში. 1866 წელს, მას შემდეგ რაც ბისმარკი დარწმუნდა, რომ საფრანგეთი და რუსეთი არ ჩაერეოდნენ პრუსიისა და ავსტრიის ომში, მან იტალიასთან გააფორმა სამხედრო ალიანსი. ბისმარკმა კარგად იცოდა, რომ იტალია უკმაყოფილო იყო იმით, რომ იტალიური ქალაქი ვენეცია თავის მიმდებარე პროვინციებითურთ 1859 წლის ომის შემდეგ ავსტრიას დარჩა.
1866 წლის ივნისში პრუსიის ჯარებმა ჰოლშტაინი დაიკავა. საბოლოოდ კი, 1866 წლის ივლისში სადოვას ბრძოლაში პრუსიის ჯარებმა გაიმარჯვეს. საზავო ხელშეკრულების თანახმად, ავსტრიას უნდა გადაეხადა კონტრიბუცია. ამას გარდა, ამ ზავით პრუსიამ შეიერთა: ჰანოვერი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, ნასაუ და ფრანკფურტი. ამ ახალი ტერიტორიების შემოერთების შემდეგ ჩამოყალიბდა ჩრდილო გერმანული კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ბისმარკის დაჟინებითი მოთხოვნით პრუსიამ ზავის შედარებით რბილი პირობები შესთავაზა ავსტრიას, რომელთა შორის ძირითადი იყო ავსტრიის მიერ “გერმანული კონფედერაციის” დატოვება. ამით პრუსიას გზა ეხსნებოდა გერმანულ სახელმწიფოთა შორის ჰეგემონობისაკენ. ავსტრია მძიმე მარცხის შემდეგ პრუსიისათვის ნაკლებ საშიში გახდა. 1867 წელს კი ამ იმპერიას "ავსტრია-უნგრეთი" ეწოდა.