Posted by : ლელა კაკაშვილი Friday, 16 March 2018


მსოფლიო ქრისტიანული საეკლესიო კრებები

   კონსტანტინე დიდისა და მისი მემკვიდრეების დროს ქრისტიანობა სწრაფად ვრცელდებოდა. ყოფილი წარმართების გაქრისტიანება იწვევდა მასობრივ და მწვალებლურ (ე.ი. ძირითადი რელიგიური სწავლებიდან გადაცდომა) მოძრაობათა აღმოცენებასა და გააქტიურებას. იმპერატორები ხშირად ერეოდნენ ეკლესიის საქმეებში და ამით ასევე ხშირად ხდებოდნენ მწვალებლობათა მფარველები ან მწვალებლებიც კი. მწვალებლობათა დასაძლევად, ასევე ქრისტიანული დოგმატების შესამუშავებლად და სხვა საეკლესიო საკითხების გადასაწყვეტად იმართებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები. ასეთი სულ 7 კრება შედგა.
    325 წელი _ნიკეის I მსოფლიო საეკლესი კრება _ . იგი იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ალექსანდრიელი სასულიერო პირის, არიოზის მწვალებლობის დასაგმობად მოიწვია. ასევე კრების მიზანი იყო გაეერთიანებინა ქრისტიანული თემები და ჩამოეყალიბებინა ერთიანი დოქტრინა ყველა მორწმუნეთათვის. არიოზი უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. კრების 318 ეპისკოპოსმა დაგმო ეს სწავლება, როგორც მწვალებლობა და დაამტკიცა მამისა და ძის ერთარსობის ჭეშმარიტება; კრებამ შეიმუშავა წმინდა სამების დოგმატი, დაადგინა ყველა ქრისტიანისათვის აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის სავალდებულო დღეც, ასევე შეადგინა სარწმუნოების სიმბოლოს (ე.ი. მრწამსის) პირველი შვიდი წევრი და დაადასტურა ოთხივე უმსხვილესი მიტროპოლიის (რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) ეპისკოპოსთა უპირატესობა.
   381 წელი _ კონსტანტინოპოლის II საეკლესიო კრება _ კრებამ შემოიტანა მთელი რიგი დამატებები მრწამსში. კერძოდ დაადგინეს, რომ  მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია და არსებობენ ერთობაში, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ღმერთს სამება _ ერთარსებას.
  431 წელი _ ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრება _ კრებაზე განხილული იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნესტორის ცრუსწავლება,რომელიც დაგმეს.
  451 წელი _ ქალკედონის IV საეკლესიო კრება _  ეს კრება მოწვეული იქნა კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის მწვალებლობის დასაგმობად, რომელიც ქრისტეში ორივე ბუნების (ღმრთაებრივისა და კაცობრივის) შერევას ამტკიცებდა. ამასთან ღვთაებრივი ბუნება ნთქვადა კაცობრივს (ე.წ. მონოფიზიტობაა, ბერძ. “მონოს” – ერთი და “ფიუზის” - ბუნება). ისინი დაუპირისპირდნენ მართლმადიდებლებს, რომლებიც დიოფიზიტები (ბერძ. “დიო” – ორი, “ფიუზის” – ბუნება) იყვნენ და იესოს ორ სწყისს _ ადამიანურს და ღვთიურს აღიარებდნენ. მონოფიზიტები უარყოფდნენ ქრისტეს ადამიანურ საწყისს და თვლიდნენ, რომ მასში მხოლოდ ღვთიური ბუნება იყო. კრების 630 ეპისკოპოსმა დაამტკიცა ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ორი ბუნება შეერთებულია “შეურწყმელად და შეუცვლელად”, “განუყიფლად და განუყრელად”. ე.ი. ქალკედონის კრებაზე განმტკიცდა დიოფიზიტობა. ასევე კონსტანტინოპოლი ცნეს “მეორე რომად”
  553 წელი _ კონსტანტინოპოლის V საეკლესიო კრება _ გაიმართა იმპერატორ იუსტინიანეს ინციატივით, სადაც დაიგმო ცალკეული მწვალებლობა.
680-681 წლები _ კონსტანტინოპოლის VI საეკლესიო კრება _ ამ კრებამ აღადგინა ნიკეა-კონსტანტინოპოლში დადგენილი მრწამსი _ ქრისტეში განუყოფლად ორი ბუნებისა და ორი ნების არსებობა.
  787 წელი _ VII მსოფლიო საეკლესიო კრება შეიკრიბა 787 წლის 24 სექტემბერს ქ. ნიკეაში, რომელიც გაგრძელდა ერთ თვეს. ეს კრება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო კრებაა. იგი მოიწვეული იქნა ახალი მწვალებლობის, ე.წ. ხატთმებრძოლეობის წინააღმდეგ საბრძოლველად და მის აღმოსაფხვრელად.
კრების მოწვევამდე ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავლიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატთაყვანისმცემლობას. მან მოსპო ხატები და საკულტო გამოსახულებანი. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი მის ბრძანებას წინააღმდეგობას გაუწევდა. ხატების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო შორს წავიდა ლეონის მემკვიდრე _ კონსტანტინე, კოპრონიმად წოდებული. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება და 300-ზე მეტ ეპისკოპოსს ძალდატანებით ხელი მოაწერინა დადგენილებაზე ხარების გაუქმების შესახებ. ვინც წინააღმდეგი წავიდა, სასტიკად აწამეს. მას შემდეგ რაც ტახტზე ავიდა ირინე დედიფალი, მან და მისმა შვილმა კონსტანტინემ გადაწყვიტეს, ეს საკითხი მსოფლიო კრებაზე განხილულიყო. კრებამ ჰუმანურობა გამოიჩინა და ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი კოპრონიმის დადგენილებაზე, მაგრამ აღიარა შეცდომა, ყველას ეპატია. კრებამ აღადგინა ხატთაყვანისცემა და განკვეთა მწვალებელნი, აკრძალა სიმონია, ანუ საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა, საეკლესიო ქონების გასხვისება და საეკლესიო თანამდებობებზე საერო პირების დანიშვნა.
   IX საუკუნეში დაიწყო და XI საუკუნეში დამთავრდა ქრისტიანულ ეკლესიას შორის გაყოფის პროცესი. 1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ოფიციალურად გაითიშა ორად, ე.ი. განხორციელდა “სქიზმა”. ამ ვითარების შემდეგ წარმოიშვა აღმოსავლურ-კათოლიკური ანუ მართლმადიდებლური  და დასვლურ-რომაული კათოლიკური ეკლესიები. უნდა ავღნიშნოთ, რომ II საუკუნეში ქრისტიანულ ეკლესიას ეწოდა კათოლიკური, რომელიც ბერძნულად ნიშნავს “საყოველთაოს”. 1054 წლის განხეთქილების შემდეგ კი ეს სახელწოდება _ “კათოლიკური” _ მიითვისა რომის ეკლესიამ. ბერძნულმა ეკლესიამაც შეინარჩუნა ეს სახელწოდება და ამავე დროს, აღმოსავლური ეკლესიის უპირატესობის აღსანიშნავად თავის თავს მართლმადიდებლური უწოდა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -