Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 16 March 2018




ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია
    რელიგია ადამიანთა რწმენა-წარმოდგენების ერთობლიობაა, თავდაპირველად ასეთი რწმენა-წარმოდგენები შედარებით მარტივ სახეს ატარებდა. ადამიანთა საზოგადოების განვითარებასთან ერთად ეს რწმენა-წარმოდგენები გართულდა, წერილობით, საღვთო წიგნების სახით გაფორმდა და რთულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემებად ჩამოყალიბდა. იმ რელიგიებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი მისდევს, მსოფლიო რელიგიები ეწოდება. ისინი მრავალი საუკუნის წინათ წარმოიშვნენ. ქრისტიანობის გარდა, მსოფლიოში გავრცელებულ რელიგიებს შორის უნდა დასახელდეს ინდუიზმი (ინდოეთში), ბუდიზმი (ჩინეთში, იაპინიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში), კონფუციანიზმი (ჩინეთში), იუდაიზმი (ებრაელებში), ისლამი (აზიისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში).
   ქრისტიანობა მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული რელიგიაა. იგი წარმოიშვა I საუკუნეში. ამ რელიგიას დღეისათვის დაახლოვებით ორი მილიარდი ადამიანი მისდევს. ქრისტიანობა ძველი და ახალი ერების მიჯნაზე, პალესტინაში ებრაელთა მიწაზე ჩაისახა. ებრაელებმა პირველებმა შექმნეს ერთღმერთიანი ანუ მონოთეისტური რელიგია (მონო – ბერძნულად ერთს, თეოს _ ღმერთს ნიშნავს). ის მოსე წინასწარმეტყველმა იქადაგა, რომელმაც ებრაელები ეგვიპტელთა ტყვეობიდან გამოიყვანა და სამშობლოში დააბრუნა. მოსემ თავისი მოძღვრება, რომელიც ღმერთის მიერ იყო ნაკარნახები, ხუთ წიგნად ჩამოაყალიბა. მას ხუთწიგნეული ანუ ებრაულად“თორა”ეწოდება. თორამ სხვა მოგვიანებით შექმნილ ებრაულ რელიგიურ წიგნებთან ერთად ბიბლიის პირველი ნაწილი ანუ ძველი აღთქმა შეადგინა. “ბიბლია” ძველი ბერძნული სიტყვაა და “წიგნებს” ნიშნავს. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ამავე ბერძნული სიტყვიდან წარმოსდგება “ბიბლიოთეკა”.
  ისტორიიდან ცნობილია, რომ ძვ. წ. 63 წ. ებრაელთა სახელმწიფო რომაელებმა დაიქვემდებარეს. ებრაელები დამოუკიდებლობის დაკარგვას ძალზე განიცდიდნენ და “მესიას” _ მხსნელს ელოდნენ, რომელიც მათი რწმენის მიხედვით, ღმერთს (იაღოვას) უნდა გამოეგზავნა. მართლაც უფალმა ებრაელებს და საერთოდ კაცობრიობას მხსნელად თავისი ძე იესო ქრისტე მოუვლინა. ის ქალაქ ბეთლემში ებრაულ ოჯახში გაჩნდა. მისი დედა მარიამი, შემდგომში მარიამ ღვთისმშობლად წოდებული, ებრაელთა პირველი მეფისა და წინასწარმეტყველის, დავითის შთამომავალი იყო.  ბიბლიის თანახმად, მარიამს იესო ღმერთისაგან უბიწოდ ჩაესახა. მარიამის ქმარი და იესოს აღმზრდელი მამა იოსები იყო. ქრისტემ ნათლობა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან მიიღო. ძე ღმრთისა მოწოდებული იყო ღვთის სიტყვა და ღვთის ნება ეცნობებინა ადამიანებისათვის. ებრაელებმა არ გაიზიარეს მისი მოძღვრება და არც მისი ღვთიური წარმოშობა ირწმუნეს. ებრაულმა სამღვდელოებამ ქრისტეს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ებრაელთა ქვეყნის რომაელმა გამგებელმა პილატე პონტოელმა დაადასტურა, მათ ქრისტე, როგორც პოლიტიკური დამნაშავე ისე გაასამათლეს, რის შემდეგაც ქრისტე ჯვარს აცვეს. სიკვდილით დასჯიდან მესამე დღეს ქრისტე აღდგა და ზეცაში მამა_ღმერთთან ამაღლდა.
   ქრისტიანობა ადამიანთა შორის ურთიაერთსიყვარულსა და შენდობას ამკვიდრებს, ჩაგრულებს ამქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ სასუფეველსა და სამოთხეს ჰპირდება. ქრისტიანობამ ადამიანს თანასწორობის იდეა შთაუნერგა და მოვალე მხოლოდ ღვთის წინაშე გახადა. ქრისტიანული რელიგიისათვის მიუღებელია შურისძიება, იგი მიუტევებს ყველა შეცდომილს და ასწავლის რომ მონანიებას ახლად მონათვლის ძალა აქვს მინიჭებული. მოგვიანებით მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა ცალ-ცალკე წიგნებად აღწერეს, ამ წიგნების კრებულმა ოთხთავი შეადგინა. ქრისტეს მოწაფეები ხალხს ამ წიგნების მეშვეობით “ახარებდნენ” ქრისტეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ამიტომ ოთხთავს “სახარება” ეწოდა, ხოლო მის ავტორებს _ მახარობლები. ქრისტიანული რელიგიის საღვთო წიგნების კრებულს ბიბლია ეწოდება, რომელიც შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან.
   თავდაპირველად ქრისტიანობა იუდეველთა მცირე ჯგუფმა აღიარა,თუმცა იგი სხვა პროვინციებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებშიც გავრცელდა. მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებას დიდი სირთულეები შეხვდა. პირველ რიგში ქრისტიანობას წარმართი ქურუმები და საიმპერატორო ხელისუფლება დაუპირისპირდა. ამ ახალი რელიგიის დამკვიდრებით ქურუმები თავისი გავლენისა და კეთილდღეობის დაკარგვას უფრთხოდნენ ხოლო საიმპერატორო კარი კი ამ ახალი რელიგიის მიმდევრებში სახელმწიფოში სიმშვიდის დამრღვებებს ხელავდა. მათ არ მოსწონდათ, ის რომ ქრისტიანები მხოლოდ ერთ ღმერთს აღიარებდნენ და უარყოფდნენ რომის იმპერიის ღვთაებრიობას, რითაც (იმპერატორების აზრით) ძირს უთხრიდნენ რომის იმპერიის ძლიერებას. მართალია რომის იმპერატორები შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდნენ ყველა რელიგიის, მათ შორის იუდაიზმის მიმართაც, მაგრამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე  (I-IV სს-ში) რომის იმპერატორები პერიოდულად ქრისტიანთა რბევას აწყობდნენ _ ცირკში მტაცებელ მხეცებს აგლეჯინებდნენ, ცოცხლად წვავდნენ, ჯვარს აცვამდნენ.  პირველ პერიოდში ქრისტიანები უარს ამბობდნენ იარაღის ტარებაზეც, ანუ რომაელთა აზრით, უარს ამბობდნენ სახელმწიფო ვალდებულების შესრულებაზე.

   დევნის გამო პირველი ქრისტიანები ფარულად იკრიბებოდნენ კატაკომბებში და იქ ლოცულობდნენ. კატაკომბები წარმოადგენს მიწისქვეშა ხელოვნურ ან ბუნებრივ ნაგებობეს. კატაკომბებს ადრეული ქრისტიანული თემები იყენებდნენ მათი დევნის პერიოდში, მიცვალებულის დასაკრძალად ან რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად. ასთი კატაკომბები არსებობდა _ ეგვიპტეში, სირია-პალესტინაში, მცირე აზიაში, იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, კერძოდ მალტაზე და სიცილიაში. სწორედ ამიტომ ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდს კატაკომბური ეწოდა.
ფიქრობენ, რომ ამ პერიოდშივე გაჩნდა პირველი ქრისტიანული ხატები ქრისტეს, ღვთისმშობლისა და მოწამეთა გამოსახულებებით, _ ბერძნულად “ეიკონ”, გამოსახულებას ნიშნავს. ქრისტიანთა დევნის დროს მრავალმა ქრისტიანმა, მათ შორის მოციქულებმაც, მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე.
    I საუკუნეს მოციქულთა ეპოქას უწოდებენ ანუ ეს ის ეპოქაა, როდესაც მოციქულები მსოფლიო ქადაგებისათვის გაეშურნენ. სახარების მიხედვით ქრისტეს 70 მოწაფე ჰყავდა, მათ შორის 12 რჩეული მისი მუდმივი თანამგზავრი იყო.იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდეგ თავისი მოციქულები სულიწმინდით აღავსო სიბრძნითა და ძალით, დააწყვილა ერთმანეთთან დაახლოვებით ორ-ორი მოწაფე და წინასწარვე მიავლინა იმ ადგილებში, სადაც თავად აპირებდა მისვლას. მოციქულები ძირითადად ქადაგებდნენ ცათა სასუფეველის შესახებ, მათი მიზანი იყო მიემზადებინათ ხალხი მესიანისტური (მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინი) იდეისათვის, მოეწოდებინათ წესრიგისაკენ, ხოლო ყველაფერი ეს უნდა გაეკეთებინათ უბრალოდებით. სწორედ ამ უბრალოებისა და სიკეთით უნდა გაერჩიათ ისინი სხვა ცრუ მქადაგებლებისაგან.
   ქრისტიანობა იქადაგეს ქრისტეს უშუალო მოციქულებმა. გადმოცემის თანახმად ქრისტეს მოწაფეები _ თომა ქადაგებდა ინდოეთსა და სპარსეთში, ანდრია _ კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი _ ეგვიპტეში. პირველ ქრისტიანებს დევნიდნენ, დასცინოდნენდ და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ.
   64 წელს იმპერატორ ნერონის ფარული ბრძანებით რომი გადაწვეს. ხანძრის გაჩენა ნერონმა ქრისტიანებს დააბრალა და სამაგალითოთ დასაჯა: ისინი მხეცებს დააგლეჯინეს და შემდეგ აკუწეს.  ქრისტეს მოციქულები _ პეტრე და პავლეც 64 წელს აწამეს რომში. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ასე გაგრძელდა კონსტანტინე დიდის მეფობამდე.
რომის იმპერიაში ქრისტიანთა დდევნამ ყველაზე მწვავე ხასიათი დიოკლეტიანეს იმპერატორობის ხანაში მიიღო, მან 303 წელს გამოსცა ბრძანება მთელი იმპერიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ღვთისმსახურების აკრძალვის შესახებ. ეკლესიებს ანგრევდნენ, მღვდლებს აიძულებდნენ საჯაროდ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. ამ დროს (303 წელს) ეწამა რომაელთა ჯარის სარდალი წარმოშობით კაბადოკიელი (აღმოსავლეთ მცირე აზია) გიორგი, რომელიც თავისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ წმინდანად შეირაცხა. წმინდა გიორგი საქართველოში განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემით სარგებლობს.  მის სახელზე ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტი ეკლესიაა აგებული. 
    ქრისტიანთა რბევის შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა _ უამრავი ქრისტიანის მოწამებრივმა სიკვდილმა ქრისტიანობის გავრცელებას უფრო შეუწყო ხელი. IV საუკუნის დამდეგს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უკვე არსებობდნენ ქრისტიანული თემების ზედამხედველები _ ეპისკოპოსები, ისინი განაგებდნენ ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს რომის პროვინციებში, ხოლო როგორც უკვე ვიცით კონსტანტინე დიდმა მილანის ედიქტით ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად გამოაცხადა, ხოლო შემდეგ სახელმწიფო რელიგიად.
   გამოჩენილი ღვთისმეტყეველები ცდილობდნენ ქრისტიანობის პრესტიჟის დაცვას ებრაელი და წარმართი მოწინააღმდეგეებისაგან. ე.ი. ეწეოდნენ ქრისტიანობის აპოლოგიას. აპოლოგია ნიშნავს დაცვას, გამოსარჩლებას და წარმოადგენს სასულიერო ლიტერატურის დარგს, რომელიც  მიზნად ისახავს რელიგიის, ვისიმე ან რისიმე დაცვას, გამართლებას, გამოსარჩლებას. აპოლოგეტიკა განსაკუთრებით გაიფურჩქნა კაბადოკიელი მამების შრომებში.
   მოციქულთა დროის შემდეგ დაწინაურდა რომის ეკლესია, რადგან იგი იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა, ამიტომ ძველი ეკლესიის ცენტრი გახდა. ქალაქი რომი იყო ასევე მოციქულების _ პეტრესა და პავლეს ქადაგებისა და მოწამებრივი აღსასრულის ადგილი, ამიტომ ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა.
 რომის ასამდე პროვინციაში ქრისტიანულმა ეკლესიამ სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ საქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქის ეპისკოპოსები _ პროვინციის არქიეპისკოპოსს ე.ი. მთავარ ეპისკოპოსს. არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. თავიდან არსებობდა 5 საპატრიარქო _ რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. ეს საპატრიარქოები გადმოცემით თვით იესო ქრისტეს მოციქულებს დაუარსებიათ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -